ბლოგები

დაშლა გაერთიანების სახელით

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 1970-08-22 25223

ტაქტიკა ასეთია: ვამბობთ გაერთიანებას, ვგულისხმობთ დაშლას. ორი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტი - წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი გაუგებარ უწყებაში უნდა შეითრიონ, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, გააერთიანონ, რეალურად კი - დაშალონ. თუ რატომ არის ეს „დაშლა“, ამაზე ცოტა ქვემოთ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი - ამ ორმა მოვლენამ გეზი გამოკვეთა ქართველი თუ უცხოელი გამომცემლებისთვის. ქართველ მწერლებზე დღემდე წერენ გერმანულ პრესაში (ბოლო წერილი სულაც დღეს დაიწერა Deutschlandfunk-ში, კერძოდ, დოჩანაშვილის რომანზე „სამოსელი პირველი“ - სწორედ ფრანკფურტის ბაზრობისთვის ითარგმნა და წარედგინა გერმანელ მკითხველს ეს წიგნი). გარდა ამისა, წიგნის ეროვნული ცენტრი სწორედ იმით იყო სამაგალითო, რომ ფრანკფურტში იყვნენ ყველა ასაკის, ყველა პოლიტიკური ორიენტაციის, ყველა სტილისა და გაგების მწერლები, არავინ დაუწუნიათ იმის გამო, რომ ის ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ან პირიქით - მომხრე იყო, არც ვინმეს სექსუალური ორიენტაციის და რელიგიური მრწამსის გარკვევა უცდია ვინმეს. ეს არის განვითარების სწორი მოდელი.

რაც შეეხება მწერალთა სახლს, რომელიც სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ატარებს - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებამდე ეს სივრცე იყო კონიუნქტურული მწერლების, საბჭოთა, ოდიოზური ფუნქციონერების თავშესაფარი, სადაც ჩიტი ვერ შეიფრენდა, თუ რომელიმე ოფიციოზთან დაახლოებული მწერლის ახლობელი არ იყო. ამ შენობაში მოფუთფუთე ფუნქციონერები კლანისა და კორუფციის გამო არაერთხელ გაეხვივნენ სკანდალებში. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებს ეს სივრცე განიზიდავდა. ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ კი კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია: გახდა დემოკრატიული, ყველა ასაკისა და გემოვნების მწერალს შეუძლია ამ სივრცის ათვისება, საღამოს ჩატარება, მკითხველებთან შეხვედრა. მათ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე კი ჩამოდიან თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსები, უმაღლესი რანგის პოეტები და მწერლები, იგეგმება გაცვლითი პროგრამები და ა.შ. ეს არის განვითარების სწორი მოდელი.

ისმება კითხვა: თუკი არსებულ ფორმატში ასეთი წარმატებულია ეს ორი ორგანიზაცია, რატომ უნდა გადავიყვანოთ ისინი სხვა ფორმატში? იქნებ რამე უკეთესს ვთავაზობთ? მოდი, ვნახოთ, რას სთავაზობენ მათ:

სამინისტროსგან მოითხოვეს კონცეფცია იმ უწყებისა, რომელშიც უნდა „გააერთიანონ“ წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი. მაგრამ არ აქვთ. არა, არ მოგესმათ: ამ წუთამდე მათ დაწერილი არ აქვთ კონცეფცია, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ის უწყება, რომელიც უკვე დამტკიცებულია. მათი პასუხია: ეს უწყება ლიტერატურის განვითარებას მოემსახურება. წარმოიდგინეთ მშენებელი, რომელიც კორპუსს აშენებს ნახაზების გარეშე. როცა მას ნახაზს სთხოვენ, ის პასუხობს, ეს კორპუსი არქიტექტურის განვითარებას მოემსახურება! კაფკას აბსურდი მონაგონია იმასთან, რაც აქ და ახლა ქართული ლიტერატურის თავს ხდება. არაკვალიფიციურობის მეტი რა გვინახავს, ძალიან განებივრებულები ვართ ამით, მაგრამ ასეთ ფსკერზე დასვლა წარმოუდგენელია. ასეთი კომპეტენციის მქონე ხალხს უნდა ლიტერატურული პროცესის მართვა. რა საჭიროა კონცეფცია, გრძელ- და მოკლევადიანი განვითარების გეგმა, მთავარია ლოიალობა, კლანები, საახლობლო. იოლი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართოს პროცესს (და არა მწერლებს, მწერლები ისედაც დაწერენ და ასედაც) ასეთი მენეჯმენტის ხელში.

უფრო ზოგადი შეკითხვაც შეიძლება დაისვას: რატომ არის გაერთიანება პანაცეა (თუნდაც, ის მართლაც გაერთიანება იყოს და არა - „გაერთიანება“)? მაგალითად, კულტურის სამინისტრო რომ შეისრუტა განათლებისამ, იმის შემდეგ რამე უკეთესობა დაეტყო ამ სფეროს? განათლების რეფორმები გადაიფურჩქნა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სკოლებს ვუწევთ კონკურენციას? არაფერიც. კადრებიც კი არ შეუმცირებიათ, რომ ფულის დაზოგვაზე მაინც ვილაპარაკოთ. ან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ შეუერთდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იმის შემდეგ აყვავდა ეკონომიკა? პირიქით - ლარი დაბლა მიდის, პროდუქტზე ფასები - პირიქით. საქმე ისაა, რომ გააერთიანებ თუ განაცალკევებ, ორივე შემთხვევაში საჭიროა პროფესიონალიზმი. პროფესიონალიზმი კი ისეთი რამეა, მას ამ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. დღევანდელი ჩინოსნები არიან შებრუნებული მიდასები. მითოლოგიური მეფისგან განსხვავებით, რომელიც რასაც ხელს ჰკიდებდა, ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ესენი უბრალოდ ყველაფერს აქცევენ, რასაც ხელს ჰკიდებენ.

სწორედ ამ მიზეზების გამო ვამბობთ: ეს გაერთიანება არის დაშლა-დაქცევა და უკან დახევა.

საქართველოს პენცენტრი

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები