ღონისძიებები

პენცენტრი და წიგნის გამომცემელთა ასოციაცია 1 ივნისს საოკუპაციო ხაზთან ბიბლიოთეკებს წიგნებს გადასცემენ

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2022-05-31 6283

საქართველოს პენცენტრი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული პრემია „თავისუფალი ლიტერას“ ფარგლებში შემოსულ საკონკურსო წიგნებს საჩუქრად გადასცემენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

წიგნები სამ სოფელში დაიდებს ბინას. მათი ნაწილი ერგნეთში, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს გადაეცემა. აგვისტოს ომის მუზეუმში მედიათეკა, 2022 წლის 2 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, სწორედ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაფუძნდა. წიგნები ასევე გადაეცემა ერგნეთის სკოლის ბიბლიოთეკასაც.

პენცენტრისა და გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენლები წიგნებს სოფელ გუგუთიანთკარშიც ჩაიტანენ და ორგანიზაცია „ასოციაცია თანხმობის“ ბიბლიოთეკას დაასაჩუქრებენ.

კიდევ ერთი საზღვრისპირა სოფელი, სადაც სტუმრობა იგეგმება, არის ნიქოზი. ნიქოზში წიგნები არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედის სხივის“ ბიბლიოთეკას გადაეცემა.

სამივე სოფლის ბიბლიოთეკაში საჩუქრად ჩატანილი წიგნებით სარგებლობა ნებისმიერი ადგილობრივისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ვიზიტის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 1 ივნისს გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრებს გამართავს საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, პაატა შამუგია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი, გვანცა ჯობავა, და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი.  შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხება ზოგადად ლიტერატურას და წიგნიერების მნიშვნელობას.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები