არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ბუნებისთვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე, სოციალური გარემოსთვის.
XXI საუკუნეში ცივილიზებული სამყარო უარს ამბობს დამაზიანებელ ჰესებზე, ევროპაში ახლა ძველი კაშხლების მოშლაზე და მდინარეების ბუნებრივი დინების შენარჩუნებასა და აღდგენაზე მეტად ფიქრობენ, ვიდრე ჰესების მშენებლობაზე: ცივილიზებული სამყარო ალტერნატიულ, მზისა და ქარის ენერგეტიკაზე გადადის. ეს სასიკეთო, ჯანსაღი მიდგომა - ანუ გარემოსთვის მავნე ჰესებზე უარის თქმა - ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე უკვე იყო დეკლარირებული. „ქართული ოცნება“ სწორედ ამ დაპირებით მოვიდა, თავის საარჩევნო პროგრამაშა ჩაწერა „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“ (გვ.55).
ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხელისუფლებამ დაივიწყა თავისი დაპირება და მთელს ქვეყანაში ჰესების - მათ შორის დიდი ჰესების - მშენებლობის პროგრამა გამოაცხადა, თავისი წინამორბედის, ნაციონალური მოძრაობის მსგავსად.
რიონის ხეობაში დაწყებულია ე.წ. ონისა და ნამოხვანის ჰესების კასკადების მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. მეოთხე თვეა ადგილობრივი მაცხოვრებლები - „ხეობის გუშაგები“ - ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობენ ხეობის დატბორვას წინ აღუდგნენ. პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავიწროებენ მათ, საკუთარი მიწა-წყლიდან სურთ განდევნონ. ზეწოლის შედეგად მოსახლეობის ნაწილმა გაყიდა ადგილ-მამული და სახლ-კარი, ნაწილი კი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მზადაა შეეწიროს მშობლიური მიწის დაცვას.
ქართველ მწერლებს, ბუნებრივია, გვაღელვებს და გვაწუხებს ამ ადამიანთა ბედი, გვსურს მათი დაცვა - ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და თავისი ქვეყანა, რომელსაც გული უძგერს...
ქართველი მწერლები „ხეობის გუშაგებს“ ვუცხადებთ თანადგომასა და სოლიდარობას, ღია წერილით მივმართავთ საქართველოს მთავრობას - მოვითხოვთ გაუქმდეს ნამოხვანისა და ონის ჰესების კასკადებზე გაცემული სამშენებლო ნებართვები და მათზე დაფუძნებული ყველა სხვა დოკუმენტი, შეჩერდეს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და რეალურად, გამჭვირვალედ გაიმართოს საკითხის საერთო-სახალხო განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, საზოგადოების ჩართულობითა და უცხოელი, დამოუკიდებული ექსპერტების დაკვირვებით, გათვალისწინებულ იქნას „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პოზიცია საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე“. (იხილეთ ინტერნეტში: https://wwfint.awsassets.panda.org/downloads/wwf_position_statement_geo_11_05_2020_2.pdf )