სიახლეები

პენცენტრმა ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიაზე (EUPL) წარადგინა თეა თოფურიას რომანი „იაკობის ჭასთან“

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2025-03-06 49

 

2025 წლის ევროკავშირის ლიტერატურულ პრემიაზე (EUPL) წარსადგენად პენცენტრის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ხათუნა ცხადაძე, ნატალია ლომოური, ივა ფეზუაშვილი, ბექა ადამაშვილი და ნინო ბექიშვილი, შეარჩია თეა თოფურიას წიგნი „იაკობის ჭასთან“ (გამომცემლობა ინტელექტი).  .

პენცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში შემოვიდა 10 წიგნი:

  1. ოლანი ბიწაძე -„მეორედ მოსვლა“ (გამომცემლობა „პალიტრა L“)
  2. ნიკოლოზ ცისკარიშვილი -„აჩრდილები“ (გამომცემლობა „პალიტრა L“)
  3. დავით ხარატიშვილი - „იყო ასეთი ქვეყანა-СССР“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)
  4. ირაკლი მეტრეველი -„ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. მიხეილ ციხელაშვილი - „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  6. კოკა ქამუშაძე -„სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  7. დავით ხარატიშვილი - „გული ფარად“ (“ჩემი გამომცემლობა”)
  8. დავით ქაშიაშვილი - „რაღა დროს ტექნოა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  9. ლაშა მილორავა - „სევდაპიცა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  10. თეა თოფურია - „იაკობის ჭასთან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

EUPL-ის მიზანია ლიტერატურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ევროპაში, სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის ტექსტების მიმართ ინტერესის გაღვივება, გამარჯვებული ავტორების შემოქმედება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება და მათ ტექსტებს საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოება სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნობს.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს გამორჩეული სამწერლო ნიჭის მქონე ახალბედა ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც მონაწილეობს ევროკავშირის დაფინანსების პროგრამაში კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის.

2018 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო ბექა ადამაშვილმა („ამ რომანში ყველა კვდება“), 2022 წელს კი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მთავარი პრიზი ერგო ივა ფეზუაშვილს („ბუნკერი“).

2023 წლამდე საქართველოში კონკურსს  „მწერალთა სახლი“  ატარებდა.

ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული  2025 წლის 16 მაისს, პრაღის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდება.

 

 

 

პარტნიორები