ბლოგები

სად არის შენი სახლი?

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-07-11 2845

ნიქო გორგილაძე 

 

ივნისის ბოლოს, ვენაში ჩასულს, პირველი, რაც თვალში მომხვდა, ტრამვაი იყო: თითოეულ მათგანს ქვიარ დროშა ამშვენებდა, იგი მიგვიძღვოდა ოდინდელ მოოქროვილ ბრწყინვალებაში, გოთიკისა და ბაროკოს ჰარმონიაში, კათედრალების, სასახლეების, წარსულის უთანასწორობაში ღია გზავნილად შრიალებდა, − რომ დღეს ყველანი თანასწორები ვართ სილამაზის, სიყვარულისა და ბედნიერებით ტკბობაში. ამ ფიქრებით მოცული ჩავედი მეტროში, როცა ბაქანზე მდგომმა დავინახე, როგორ ანიშნა ერთმა ბიჭმა მეორეს და მომაძახა: “Schwuchtel’’(“პიდარასტი’’). გამეღიმა და გავიფიქრე: ჭეშმარიტად, კონტრასტების ქალაქია!

ბელვედერის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, თამუნა სირბილაძის გამოფენა (“Not Cool but Compelling”) ვნახე, რომელიც სრულად მოიცავდა მის შემოქმედებას − როგორც ადრეული თბილისური პერიოდის ნახატებს, ასევე, გარდაცვალებამდე, ვენაში შესრულებულ ნამუშევრებს. გამოფენაზე თამუნას დას, ქეთი სირბილაძეს შევხვდი. სწორედ მან მომითხრო ბიოგრაფიული დეტალები: თამუნა სირბილაძე ცნობილი ავსტრიელი ხელოვანის, ფრანც ვესტის ცოლი იყო, რომელთან ერთადაც სხვადასხვა დარგსა და მედიუმში მუშაობდა, მათი კოლაბორაციიდან ერთ-ერთი ინსტალაცია მიმდინარე გამოფენაზეც იყო წარმოდგენილი.

ნაყოფიერ შემოქმედებით თანაცხოვრებასთან ერთად, თავს იჩენს გამოწვევაც − შენი სახელი არ დაიჩრდილოს ამავე სფეროში საქვეყნოდ აღიარებული ქმრის წინაშე, განსაკუთრებით, კაცების დომინაციის პირობებში. იქნებ, ამადაცაა, რომ სირბილაძის შემოქმედებაში ვხედავთ სრულიად სხვაგვარ ქალებს, რომლებიც მხატვარმა გამოსტაცა სტერეოტიპულ, საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ “კაცურ” აღქმებს და წარმოაჩინა ისინი არა როგორც სექსუალურად მიმზიდველი ობიექტები, არამედ შემოქმედი ქალის თვალსაწიერიდან დანახული ქალის ხატება. სხეულისა და სექსუალობის მისეული გამომსახველობა, კიდევ უფრო დაუცველად და დამზაფვრელად წარმოაჩენს ქალის ყოფას, მის სულიერ ტკივილებს, რაზეც გავლენას ახდენს არა მხოლოდ სხეულებრივი მოცემულობა, ინტიმური დეტალები, მენსტრუაცია, ეგზისტენციალური კრიზისი თუ თვითმკვლელობის მცდელობა, არამედ, ტოტალიტარული რეჟიმიც. (ქალი “წითელი ვარსკვლავისა” და “ლენინის ნათურის” ქვეშ).  გამოფენის დასასრულს, რომელიც მოიცავს ასამდე ნამუშევარს, სწორედ ამაზე ვფიქრობდი, რომ მის შემოქმედებაში მთავარ მნიშვნელობად არა ხელწერა, არამედ სათქმელი ქცეულა. სათქმელი კი, მათ შორის, აბსტრაქტულ ფორმათა მიღმა, მთელი სიმძაფრით ყვირის და თვალსაჩინოს ხდის მის ავტორს, როგორც შემოქმედს და როგორც ქალს, იმაზე უფრო დიდებულად, ვიდრე ამავე გამოფენაზე დიდ ფორმატში წარმოდგენილი ახალგაზრდა მხატვრის ფოტოპორტრეტი, რომლის დანახვაზეც ხმამაღლა აღმომხდა: “რა ლამაზია!”და ვიუხერხულე კიდეც…

2016 წელს, 45 წლის მხატვარი ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

სასაფლაოები ყოველთვის მიზიდავდა, 9 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სტიქაროსანი გავხდი, ყოველ წელს, აღდგომის შემდგომ ორშაბათს, საფლავის კურთხევაზე მიწევდა ყოფნა: აღდგომის სიხარული სევდასა და ტკივილზე იმარჯვებდა… მანამდეც, არცთუ იშვიათმა პანაშვიდებმა და წესის აგების რიტუალმა, სრულიად სხვაგვარი წარმოდგენა ჩამომიყალიბა მკვდრისა და სიკვდილისადმი − იგი ადრეულ ასაკშივე იქცა ჩემთვის ხელშესახებ და ლამის ჩვეულებრივ, თანამდევ მოვლენად. შესაძლოა, ამიტომაცაა, რომ არ დამეზარა და, პაპანაქება სიცხეში, ჩემი ბინიდან სააათნახევრის დაშორებით, ვენის ცენტრალური სასაფლაოსკენ გავეშურე. პანთეონის მთავარი ტაძრის მოპირდაპირედ, ბეთჰოვენის საფლავიდან ოცდაათიოდე მეტრში, ქმართან, ფრანც ვესტთან ერთად, თამუნა სირბილაძე განისვენებს. იგი აქაც გამორჩეულია: თუკი საფლავების უმრავლესობას გიგანტური ქანდაკებები ამშვენებს — ბიბლიური სცენებით თუ გარდაცვლილის პროფესიისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით, სირბილაძის საფლავის ქვად თავისივე ნახატის (“Andre´s Breton”) ესკიზი შეურჩევიათ… (ქეთის თქმით, ეს მამის ინიციატივა იყო). მიწაზე დადებული ეს პატარა ქვა ძლივს შევნიშნე, (ქვაზე გადატანილ შავ-თეთრ ესკიზს ხასხასა ბალახი კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს სძენდა: უკანასკნელი კავშირი არაფერსა და ბუნებას შორის), თითქოს, სამარადისო განსასვენებლიდანაც იმავეს ამბობს: მთავარია სათქმელი და არა - ფორმა… განსხვავებით მეუღლისგან, რომლის საფლავზეც ვარდისფერი პენისის მსგავსი ქანდაკება დგას, რომელიც, ვინ იცის, იქნებ, სულაც არ არის ამოვარდნილი პანთეონის საერთო კონტექსტიდან და ავსებს კიდეც იმ საყოველთაო ხელოვნურ უბიწოებასა და მისტიკას, რომლის მიღმაც დიდ არტისტებთან ერთად ათასი ჯურის მამაძაღლი განისვენებს… ვარდისფერი ფრანცის საყვარელი ფერი ყოფილა, რაც შეეხება პენისს, მსგავსი რამ სიცოცხლეშივე აღასრულა: ვენის ანტისემიტი მერის კარლ ლიუგერის ქანდაკების წინ, ორი წლის განმავლობაში იდგა მის მიერ შესრულებული პენისის მონუმენტი.

სასაფლაოდან ალბერტინას მუზეუმისკენ ერთი საათი უნდა მემგზავრა.

თამუნას საფლავზე კვლავ მომერია კარგა ხნის მიძინებული სევდა, რომელსაც, მეგონა, რომ ყოჩაღად გავექეცი მოგონებებიდან უსწრაფესი მანევრირებით, მაგრამ გზამ მაინც თავისი ქნა და მომაგონა 2019 წელს ლაიფციგის ლტოლვილთა თავშესაფარში დაწერილი ლექსი: “სად არის შენი სახლი?” თინეიჯერობიდან მოყოლებული, მშობლიურ ქალაქში, შავი ზღვის სანაპიროზე მოხეტიალეს, ალბათ ყველაზე უფრო უსაფრთხო სახლში მყოფსაც კი, გულისგამაწვრილებლად ჩამესმოდა ხმა: “სად არის შენი სახლი?” გავხედავდი დასალიერს და უცნაური სასოებით მწამდა, რომ ჰორიზონტს მიღმა იყო ჩემი სახლი, უფრო ჩემი სახლი…

გავცდი ჰორიზონტს და სახლი ისევ არა ჩანს…

არის კი სადმე, ჩვენი, უსახლოთა სახლი?! - ეს ფიქრი მიმყვა მუზეუმამდე, ჩემი საყვარელი ეგონ შილეს ნახატების წინ მდგომს, იმ პორტრეტების წინ, სტუდენტობის დროს, ჩემს თავს რომ ვხედავდი მათში, ისინიც დაკარგულები ჩანდნენ და, თითქოს, ახლაც მიდასტურებენ: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს ეს გზა და დაკარგულობა…

 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები