ბლოგები

რა ზიანს აყენებს კულტურის სამინისტრო ქართულ მწერლობას

×
ტორესა
ავტორის გვერდი ტორესა მოსი 2024-03-18 841

როდესაც ვლაპარაკობთ ქართულ ლიტერატურაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე კულტურით თავის მოწონება ან თვითტკბობაა. ქართული ლიტერატურა, ისევე როგორც ხელოვნების სხვა მიმართულებები, გარდა მისი ძირითადი შინაგანი მნიშვნელობისა, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს და უსაფრთხოების არქიტექტურაში თავისი ადგილი უნდა ეკავოს.

ლიტერატურა, თუ მას ამ თვალსაზრისით შევხედავთ, არის ქვეყნის ამბების თხრობა გარე სამყაროსთვის. იგი აირეკლავს არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე ამბებს, პრობლემებს, ხედვის განსხვავებულ არეებს, არამედ ეროვნულ ხასიათს, ფუნდამენტურ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს, იმ იდეალებს, რომლების მიღწევისკენაც მივისწრაფვით.

ქართულმა ლიტერატურამ, ისევე, როგორც საქართველომ, რთული გზა განვლო. ეს რთული გზა, მძიმე ხვედრი კი მათ შორის მოიცავდა მის იზოლაციას გარე სამყაროსაგან. ეს მძიმე მემკვიდრეობაა, რომელიც ჯერ რუსულ იმპერიაში, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიაში ცხოვრებამ შექმნა. როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე შემდგომ საბჭოთა კავშირში ქართულ კულტურას მეორადი ეთნოგრაფიული კულტურის როლი ჰქონდა მინიჭებული. მართალია, ცალკეული ხელოვანების ხარჯზე ხშირად ვახერხებდით, ასე თუ ისე გაგვერღვია იზოლაციის კედელი, მაგრამ ეს იყო ცალკეული ეპიზოდები და გარე სამყაროს მიერ არ აღიქმებოდა, როგორც დამოუკიდებელი ქართული კულტურა. მაგალითად, ქართულ კინო, ქართულ თეატრი, ზოგადად, ქართული კულტურა, საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ  საბჭოთა კულტურის ნაწილი ითვლებოდა.

ქართული კულტურა, როგორც თვითკმარი, დამოუკიდებელი, ეროვნული კულტურა, საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად იბადება. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ 30 წელია ვარსებობთ, როგორც ერი, დამოუკიდებელი, თავისუფალი, საკუთარი თავის და ბედის განმკარგავი.

სწორედ ქართული კულტურის წარმატებაზეა დამოკიდებული, როგორ გაგვიცნობენ, რა ამბავს მოისმენენ ჩვენ შესახებ. შევძლებთ, რომ ჩვენი ამბავი, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანის გონებაში არსებობდეს? ადამიანები ამბებით აზროვნებენ. ეს არის ჩვენი ცნობიერების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ მეორეხარისხოვანია. ხელოვნება ჰყვება ამბებს, რომლებიც ადამიანებს სამუდამოდ ამახსოვრდებათ. მაგალითად, შვედეთის შესახებ მედიით მოსმენილი რაიმე ახალი ამბავი ძალიან სწრაფად გვავიწყდება, მაგრამ სამუდამოდ გვახსოვს პეპი გრძელიწინდა და ლიონებერგელი ემილი. ხელოვნებას შეუძლია ამბავი ემოციურად ჩვენთან დაკავშირებულ მოვლენად აქციოს. ასე მუშაობს ჩვენი გონება და განსაზღვრავს ჩვენ მიმართებებს ამა თუ იმ საკითხისადმი. მაგალითად, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შემდეგ, 2019 წელს გერმანიიდან ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ლიტერატურა ქმნის ამბავს, რომელთანაც ემოციურ კავშირს ამყარებ. ეს კარგად ესმით თავად გერმანელებს და ყოველწლიურად მილიონობით ევროს ხარჯავენ გერმანული ენის და კულტურის პოპულარიზაციისთვის, თუნდაც ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ხელოვნება ქმნის ლოიალურობის მაღალ ხარისხს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის შესახებაც გვიყვება.

იმის გამო, რომ 70 წლის განმავლობაში საქართველო მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს, დღეს უდიდესი ძალისხმევა გვჭირდება, რათა ჩვენ შესახებ დანარჩენ მსოფლიოს რამე გავაგებინოთ. ეს ქმნის ლიტერატურულ პროცესში ჩაბმული ადამიანების და ინსტიტუციების საერთო ამოცანას, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის შიგნით ისინი, შესაძლოა, ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ. თუკი ეს პროცესი შენთვის ცხადია, გესმის, რომ რაც არ უნდა გააკეთო ინდივიდუალურად, ცალკე აღებულ არც ერთ მწერალს, არც ერთ გამომცემელს, არც ერთ ორგანიზაციას ამ ამოცანის გადაჭრა არ შეუძლია. უფრო ცხადი რომ იყოს რას ვგულისხმობ, ასეთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. მკითხველი, რომელიც შედის წიგნის მაღაზიაში და ახალ ავტორს ეძებს, როგორც წესი, ისეთი ქვეყნებს ირჩევს, რომლის სხვა ავტორები წაუკითხავს და ზოგადად, დიდი ლიტერატურული ტრადიციის მქონე ქვეყნად მიაჩნია. მაგალითად, ახალი ფრანგი მწერალი მკითხველისთვის უფრო მარტივად საპოვნია, ვიდრე ახალი სენეგალელი მწერალი. შესაბამისად, გამომცემლები ამჯობინებენ იყიდონ ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი მწერლების საავტორო უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი ლიტერატურული ტრადიციის მქონე ქვეყანაა, ამის შესახებ მსოფლიოში ლიტერატურის მოყვარულთა და მკვლევართა მცირე ჯგუფმა თუ იცის. ჩვენ გვჭირდება დიდი, საერთო ძალისხმევა, რათა ერთდროულად გავაცნოთ მსოფლიოს როგორც ჩვენი ეს მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, ისე თანამედროვე, ცოცხალი ქართული მწერლობა. უერთმანეთოდ ეს ორი საქმე არ გამოდის.

ლიტერატურას აქვს ერთი უცნაურობა, შეიძლება წიგნი ძალიან პოპულარული იყოს საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ საზღვარგარეთ არავინ დაინტერესდეს. ხშირად ამის მიზეზი უცნობია ყველაზე კომპეტენტური მკვლევრებისთვისაც კი. ტექსტის პოპულარობა მოცემულ დროსა და სივრცეში არ ნიშნავს მის ასეთივე შედეგს სხვა დროსა და სივრცეში. ის, თუ რა შეიძლება კონკრეტულ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული გახდეს, ყველაზე უკეთ იცის იმ ქვეყანაში მომუშავე გამომცემელმა და ლიტერატურულმა აგენტმა. სწორედ ამიტომ, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, სანამ კულტურის სამინისტრო გააუქმებდა, შექმნა და ჩამოაყალიბა ის ძირითადი პრინციპები, რომელთა მიხედვითაც მიმდინარეობდა უცხო ენაზე ქართული ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემის პროცესი. ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რათა კონკრეტული წიგნის თარგმანის დაფინანსებულიყო, სწორედ უცხოელი გამომცემლის მიერ გამოხატული ინტერესი გახლდათ. დაფინანსებაზე მოთხოვნა, სწორედ უცხოელ გამომცემელს შეჰქონდა მას შემდეგ, რაც შეარჩევდა, კონკრეტულად რომელი მწერლის რომელი წიგნის გამოცემა სურდა. ეს პრინციპი უცვლელად შეინარჩუნა მწერალთა სახლმა, რაც მთარგმნელობითი პროგრამა წიგნის ცენტრის გაუქმების შემდეგ მის დაქვემდებარებაში გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ წიგნის ცენტრი, შემდეგ კი მწერალთა სახლი ქართველი მწერლებისთვის საზღვარგარეთ ლიტერატურული აგენტის ფუნქციას ასრულებდა. სწორედ წიგნის ცენტრის და შემდეგ უკვე მწერალთა სახლის ძალისხმევითა და ორგანიზებით ხდებოდა საქართველოს მონაწილეობა წიგნის საერთაშორისო ბაზრობებსა და ფესტივალებზე, უცხოელ გამომცემლებთან კავშირის გაბმა და ქართული ლიტერატურით დაინტერესება, მათი შეხვედრა ქართველ ავტორებთან, გამომცემლებთან, მთარგმნელებთან და ა.შ. ეს არის რთული, ხანგრძლივი და ძალიან კომპლექსური პროცესი.

იმისათვის, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს და ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია ინსტიტუციური მეხსიერება და კომპეტენცია. იმის გამო, რომ კულტურა ყველა ქვეყანაში საერთო ეროვნული ინტერესის გამომხატველია, და იმის გამოც, რომ კულტურული პროცესები ისახება, ვითარდება და ფუნქციონირებს ხანგრძლივი პერიოდებით, ამ პროცესების მართვა და დაგეგმვა არ შეიძლება პირდაპირ იყოს მიბმული ხელისუფლებაში პოლიტიკურ ძალთა მონაცვლეობაზე, მინისტრების ცვლილებაზე და ა.შ. ამგვარი ცვლილებები დემოკრატიული სისტემების მქონე ქვეყნებში არსებულ ინსტიტუციებს აბნევს, მათ აღარ იციან, თუ როგორ უნდა დაგეგმონ, დაამყარონ და განამტკიცონ ურთიერთობები ასეთ მოცემულობაში. ამ პროცესების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია პერსონალური კავშირების გაბმა, ნდობის ჩამოყალიბება, კომპეტენტურ ადამიანებთან ურთიერთობა და ა.შ.

ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნითაც. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებზე გავიდეთ, აუცილებელია ლიტერატურულ პროცესში ჩართულ აქტორებს − მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს ჰქონდეთ ამ პროცესისადმი ნდობა, რომ ქვეყნის გარეთ გასატანი წიგნების შერჩევა არ მოხდება მიკერძოებულად, პირადი შეხედულებების, კავშირების, პოლიტიკური თუ სხვა პრეფერენციების მიხედვით. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რაც იწერება, ყველაფერი ვთარგმნოთ და  შემდეგ ბედს მივანდოთ, ეს თარგმანი გამოიცემა თუ არა სადმე. შერჩევის პროცესი კი უკიდურესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს პროცესი არ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, მის ინტერესებთან და ამავდროულად ინტერესთა კონფლიქტში არიან. მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნა, რომელიც ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი იყო პარლამენტში, ხოლო მისი ოჯახი კონკრეტული გამომცემლობის მფლობელია (არის პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებული და აშკარაა ინტერესთა კონფლიქტიც), ავტომატურად იწვევს მთელი პროცესის მიმართ უნდობლობას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ასზე მეტი მწერალი და გამომცემელი უარს ამბობს მწერალთა სახლთან ურთიერთობაზე.

გარდა ამისა, ეს ფაქტი სფეროში მომუშავე არაერთი პროფესიონალისთვის შეუძლებელს ხდის მუშაობას, რაც აუნაზღაურებელი დანაკლისია. საქმე იმაშია, რომ სხვა სექტორებთან შედარებით ამ სფეროში მომუშავე ადამიანების შრომის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია. ლიტერატურისთვის მუშაობას ამ სფეროს სიყვარულის გამო ირჩევენ. ნებისმიერი მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრი, მარტივად საქმდება სხვა სექტორებში და ხშირად მათი შრომის ანაზღაურება ორმაგდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კულტურა ზოგადად გულისხმობს მრავალწლიან დაგეგმვას. აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანს არამარტო კარგი მენეჯერული და პროფესიული უნარები ჰქონდეს, არამედ კარგად ერკვეოდეს უამრავ ნიუანსში, რომლების სწავლას წლები სჭირდება. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ნდობას და უცხოელ გამომცემლებთან, კულტურის მენეჯერებთან თუ ბაზრობებისა და ფესტივალის ადმინისტრაციებთან პირად კავშირებს და ურთიერთობებს, რომლებიც ასევე წლების განმავლობაში მტკიცდება და ყალიბდება. მაგალითისთვის, მთარგმნელობითი პროგრამის ბიუჯეტი 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა. იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლიდან 2023 წლამდე ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ხოლო უცხოელი მთარგმნელების ჰონორარი ძირითადად ევროში ან დოლარში გაიცემა, 2023 წლისთვის ეს დაფინანსება, თითქმის განახევრებული იყო. ამის მიუხედავად, მწერალთა სახლი ახერხებდა, რომ თარგმანების რაოდენობა არ შემცირებულა. ეს სწორედ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნდობისა და კავშირების წყალობით ხდებოდა შესაძლებელი. დაუფიქრებელი და სფეროს დამაზიანებელი ცვლილებების შედეგად, არაერთმა პროფესიონალმა დატოვა მწერალთა სახლი და მათ ძალიან სწრაფად შეძლეს დასაქმებულიყვნენ კერძო სექტორსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. სფერომ ეს ადამიანები დაკარგა და მათი უკან დაბრუნება უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. ეს მნიშვნელოვნად დააზიანებს ქართული ლიტერატურის საერთაშორისოდ სწორი პოზიციონირების ამოცანას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმის გამო, რომ ლიტერატურა არაა მაღალშემოსავლიანი სფერო, ძალიან რთულია შესაბამისი კვალიფიკაციის, უნარების და გამოცდილების მქონე ადამიანების სამუშაოდ მოზიდვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთ კადრებს იპოვი, წლები დასჭირდება, რომ ამ ადამიანებმა შესაბამისი გამოცდილება დააგროვონ, საჭირო კონტაქტები გააბან და სათანადო ნდობა მოიპოვონ საერთაშორისო თუ ადგილობრივ აქტორებთან. ხელისუფლებები იცვლება, მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება 10 წელი უცვლელია, იცვლებიან მინისტრები, ლიტერატურას კი აქვს უცვლელი მიზნები და ამოცანები, რომლების მიღწევას და შესრულებას ათწლეულების მიზანდასახული შრომა სჭირდება. მინისტრების მიერ უხეში და დაუფიქრებელი, ვიწროპარტიული ინტერესებით მოტივირებული გადაწყვეტილებები კი ამ ეროვნული ამოცანების შესრულებას ხელს უშლის და აზიანებს. სამწუხაროდ, ყველა პრობლემის დაფინანსების ზრდით მოგვარება ამ სფეროში შეუძლებელია. ამის მაგალითად ის ფაქტიც გამოდგება, რომ მწერალთა სახლის ახალმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო 2023 წელს საქართველო ეროვნული სტენდით ყოფილიყო წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე,  მიუხედავად იმისა, რომ საკმარისზე მეტი ფინანსური რესურსი ჰქონდა. ეს კი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ფრანკფურტის ბაზრობამდე ორი კვირით ადრე ქართველმა გამომცემლებმა დამოუკიდებლად მოახერხეს საკუთარი სტენდის ორგანიზება, მეოთხედი ფინანსებით და ეს სწორედ წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობისა და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით შეძლეს.

შესაბამისად, ზიანი, რომელსაც კულტურის სამინისტრო თავისი არაკომპეტენტური, ხისტი, ვიწროპარტიული ინტერესებით მოტივირებული გადაწყვეტილებებით აყენებს ჩვენს საერთო, ეროვნულ ინტერესებს, მრავალი წლით აფერხებს ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულებას. საქართველოს გაქრობა საერთაშორისო პლატფორმებიდან, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მწერლების, მთარგმნელებისა თუ გამომცემლების ხმის ჩახშობა, საქართველოს წარმოჩენა, როგორც ვიწრო ეთნიკური, მეორადი კულტურის ქვეყნად, საუკეთესო საჩუქარია რუსეთისთვის, რომლისთვისაც თანამედროვე ჰიბრიდული ომის პირობებში, შესანიშნავ სივრცეს იძლევა პროპაგანდის საწარმოებლად.

იმისათვის, რომ ქართული ლიტერატურა სათანადოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბით, მნიშვნელოვანია გეგმაზომიერი, შეუფერხებელი პროცესი, რომელსაც ნდობის მქონე პროფესიონალები უძღვებიან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კულტურის სამინისტროში იაზრებდნენ, რომ მათი არაკომპეტენტური, ვიწროპარტიული ინტერესებით მოტივირებული გადაწყვეტილებებით, გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ლიტერატურულ პროცესებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რაც მრავალი წლით აფერხებს ჩვენი ეროვნული ინტერესების მიღწევას და სივრცეს აძლევს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტრებს, მათი პროპაგანდის შეუფერხებელი მუშაობისთვის.

უნდა გვესმოდეს, რომ ლიტერატურული პროცესი, მთელი ეს წლები ორიენტირებული იყო არა რომელიმე კონკრეტული მწერლის ან გამომცემლის ინტერესების დაკმაყოფილებაზე, არამედ საერთო ეროვნული ინტერესების აღსრულებაზე. ლიტერატურულ პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულნი როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი, ისე მისდამი ლოიალურად განწყობილი აქტორები და გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა შიდა პოლიტიკური ვითარების და განწყობების მიხედვით. ლიტერატურული პროცესის მთავარი მიზანი იყო გაერღვია ჯერ რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მიერ ქართული კულტურისთვის შექმნილი იზოლაციის კედელი და ამ მიზნის მისაღწევად ბოლო ათი წლის განმავლობაში კოლოსალური შრომა იქნა გაწეული. სწორედ ეს ღიაობა და მიუკერძოებლობა ქმნიდა პროცესისადმი ნდობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სწორედ ამის გამო გამოუცხადა მწერალთა სახლის ახალი, პარტიული ერთგულების ნიშნით დანიშნულ ხელმძღვანელს 100-ზე მეტმა ქართველმა მწერალმა, მთარგმნელმა და გამომცემელმა ბოიკოტი. მით უფრო, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომ 2023 წლის მარტში, ქეთევან დუმბაძემ, რომელიც მაშინ ქართული ოცნების წევრი დეპუტატი იყო პარლამენტში, ასევე ასზე მეტი ქართველი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის თხოვნის მიუხედავად, რუსული კანონის მიღებას მხარი დაუჭირა და ხმა მისცა. მან უარი თქვა ყოფილიყო პარლამენტში ქართული ლიტერატურის ხმა, საზოგადოების ხმა და იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები საკუთარი სხეულებით ცდილობდნენ წინ აღსდგომოდნენ საქართველოსთვის ევროპული მომავლის პერსპექტივის მკვლელობას, მან პარტიის ერთგულება არჩია. ბუნებრივია, ამ გამოცდილებით, არავის აქვს იმის იმედი და რწმენა, რომ ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე, ქართული ლიტერატურის საერთო ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს და პარტიულ დირექტივებს არ დაემორჩილება. გარდა ამისა, ასეთი ადამიანი ვერასოდეს შეძლებს მოიპოვოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ნდობა, რომლების წარმომადგენლების აგენტებად გამოცხადებასაც მისცა ხმა. წლების განმავლობაში, ქართული ლიტერატურისთვის მომუშავე ადამიანებს ხელისუფლების ცვლილებაც ახსოვთ და კულტურის მინისტრებისაც. ცხადია, არც თეა წულუკიანი იქნება გამონაკლისი და ვერც ქეთევან დუმბაძე შეძლებს ამ მოცემულობით დიდხანს დარჩეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად. სანერვიულო ეს არ არის, სავალალო ისაა, რომ ზიანი, რომელსაც ყოველდღიურად აყენებენ ქართული ლიტერატურის ეროვნულ ინტერესებს მარტივად არ აღმოიფხვრება და მრავალი წლით შეაფერხებს სწრაფვას, ქართულმა ლიტერატურამ საერთაშორისო ასპარეზზე დაიკავოს ის ადგილი, რომელსაც უდავოდ იმსახურებს.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები