ბლოგები

ირიბი მოქმედებიდან პირდაპირ მოქმედებამდე

×
ავტორის გვერდი ალექს ჩიღვინაძე 2024-01-29 2948

„არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!"

 

27 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა განცხადება. საგულდაგულოდ შეარჩია ფოტოც ამ განცხადებისთვის − ნათელი დღეა. უნივერსიტეტიდან ფერადი ნაჭრებია გადმოფენილი. ფოტომ უნდა შექმნას განწყობა, რომ ყველაფერი კარგად არის, როგორც იმ “კეთილსა და ძველ” დროს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ადვოკატის და ოჯახის მიმართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შესაბამის უწყებებს მიმართოს და თავდებში ჩაუდგეს აკაკი ჩიქობავას. რა თქმა უნდა, გვეხამუშება სიტყვების და წინადადებების ულაზათო შეკავშირება, მაგრამ ასევე გვიჩნდება შინაარსთან დაკავშირებული კითხვაც: განა მიმართვის გარეშე უნივერსიტეტს არ უნდა აღელვებდეს საკუთარი თანამშრომლის ბედი? ორ ახალგაზრდა მეცნიერს და მკვლევარს, აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას სრულიად დაუსაბუთებლად მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, მაშინ როცა მძიმე დანაშაულებში, მათ შორის მკვლელობაში ბრალდებულებსაც კი სასამართლო გირაოთი ათავისუფლებს. ძალიან არ გვინდა ამის დავიჯეროთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალობას სასამართლო უპირატესობად უთვლის ბრალდებულებს. აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას შემთხვევაში არც მძიმე დანაშაული იყო სახეზე, არც ამ დანაშაულის გამეორების საფრთხე ან დამამძიმებელი გარემოებები. ასევე ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლადაც მზად იყვნენ. აკაკის და გიორგის თავდებში ედგნენ პროფესორები, მაგრამ სასამართლომ განაცხადა, რომ თურმე პროფესორები თავდებებად ვერ გამოდგებიან, რომ თავდებობა სრულწლოვანი ადამიანის შემთხვევაში არც ყოფილა რელევანტური.

ამ გაუგებარ გადაწყვეტილების აპროტესტებენ სტუდენტები და უნივერსიტეტის კანცელარიას იკავებენ. და აი, ტრიბუნაზე გამოდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და “საუნივერსიტეტო ეთიკაზე” იწყებს ლაპარაკს. ამბობს, რომ თურმე ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელი ყოფილა. სინამდვილეში მიუღებელი ის არის, რომ უნივერსიტეტი საკუთარი სტუდენტების მარგინალიზაციას ახდენს. რექტორი უარობს უნივერსიტეტის კანცელარიაში შეკრებილ სტუდენტებთან შეხვედრას.  იქნებ რექტორისთვის მთავარი საზრუნავი მოსალოდნელი “ჩინ-მედლებია”?! “საუნივერსიტეტო ეთიკა” კი მხოლოდ სიტყვის მასალაა, რადგან თუნდაც ერთი სტუდენტის წუხილის, პროტესტის შემთხვევაშიც კი ეთიკა, წესით, ავალდებულებდეს რექტორს, რომ შეხვდეს და მოუსმინოს სტუდენტს, როგორი “ულტრამოსაზრებაც” არ უნდა ავრცელებდეს ის (“ულტრამოსაზრება”, როგორც მივხვდი, რექტორის მოგონილი სიტყვაა. მომწონს, სადღეგრძელოს სინტაქსს უხდება).

იმ პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაფიცვისთვის, ვისაც მართლა აღელვებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბედი და ვინც სოლიდარობას უცხადებს პატიმრობაში დატოვებულ კოლეგებს, მხოლოდ უნივერსიტეტის განცხადების ასეთი ზერელე ტექსტიც კი საკმარისი მიზეზი იქნებოდა.

პაულო ფრეიერი, წიგნში “ჩაგრულთა პედაგოგიკა” წერს, რომ როდესაც აცნობიერებ დეჰუმანიზაციის მასშტაბებს, გიჩნდება კითხვა, არის კი საერთოდ მიღწევადი ჰუმანიზაცია? და მთელი წიგნი ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის მცდელობაა. აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მოქმედებაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა იყო. რადგან ჩაგრულთა მხარეს პოლიტიკური ბრძოლა სწორედაც რომ პედაგოგიური აქტია. კი, მათ პედაგოგიურ მუშაობაში შეუშალეს ხელი. ჩათვალეთ, რომ შუა ლექციიდან აიყვანეს. მაშინ, როცა სადარბაზოს რკინის კარს ლეწავდა აღსრულების ბიურო. სამაშველო სამსახური მარინა ხატიაშვილის ბინის კარს ჭრიდა, შემდეგ კარის გარშემო ანგრევდა კედელს, რათა ძალადობრივი მეთოდებით დაეკავებინათ იქ მყოფი ადამიანები და კიდევ ერთი ოჯახი დაეტოვებინათ ქუჩაში.

კეკელიძის ბრუტალურ გამოსახლებაზე ხალხის რეაქციამ, ხელისუფლებას ხელი ააღებინა და იმავე კვირაში, ორი მიჯრით ჩანიშნული გამოსახლება გადაიდო. „მე დღეს მადლიერი ვარ, რომ აქ ვდგავარ, თქვენს გვერდით. შეიძლება, მე 24-ში სახლში დავრჩი, არ მოვიდნენ, მაგრამ მანამდე, 23-ში გამომასახლეს მარინა დეიდასთან ერთად. მინდა, ყველას ვუთხრა, როცა რამე გჭირდებათ ჩემგან, ჩემი ოჯახისგან, თქვენ გვერდით ვდგავარ ყოველთვის“ − თქვა დაჩიმ, სკოლის მოსწავლემ, ზანდუკელის 2 ნომერში, როცა აღსრულების ბიუროს ველოდებოდით. უნდა გვახსოვდეს, რომ გამოსახლება მხოლოდ დროებით გადაიდო. მალე გადეპუტატებული მევახშეები პარტიის ერთგული მევახშეების, შემომწირველების, ტენდერ-ტენდერ გამდიდრებულების გარღვეულ ტყავს კვლავ  რუდუნებით დაკემსავენ.

სამაგიეროდ ჩვენ გვერდით დადგა დაჩი, სკოლის მოსწავლე. აი, ის ,ვისი გამოსახლებაც გადაიდო და ვინც მარინა დეიდასთან ერთად გამოასახლეს. დადგნენ დაჩის მეგობრებიც. ჩვენ გვერდით დგას მაისის სტუდენტური მოძრაობა, უნივერსიტეტის მოსაწყენი კანცელარია რომ გამოაცოცხლეს. ჩვენ გვერდით დგანან მეშახტეები, ღამის მორიგეობიდან პირდაპირ აქციაზე რომ მოდიან, ისე, რომ ტანსაცმლის გამოცვლასაც ვერ ასწრებენ. ჩვენ გვერდით დგას მოძრაობა ხმა და რიონის ხეობის მოძრაობა, კინო მოძრაობა, მასწავლებლები, მუსიკოსები, მკვლევრები, კურიერები, მწერლები, დიასახლისები. ერთმანეთის გვერდით უამრავი ადამიანია, ვინც აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას თანაუგრძნობენ და აფასებენ მათ სოლიდარობას. ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ შეიძლება აღდგეს დაჩეხილი, ფრაგმენტული რეალობისგან მოშლილი კავშირები.

ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს უსამართლობაზე. იმიტომ, რომ ეს შეუქცევადი პროცესია, ვაცნობიერებთ იმას, რომ უსამართლობა კიდევ უფრო დიდ უსამართლობას ბადებს. სადღეგრძელოს ენა მეც რომ მოვიმარჯვო, მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვხარჯავდეთ ამდენ რესურსს. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის გაწირვა სიღარიბისთვის, შიმშილისთვის, დამცირებისთვის, უბინაობისთვის, არასოდეს დაგვჭირდება არც ძალოვნების ცოცხალი კედლების აღმართვა და არც განწირული პარკური უფსკრულზე.

გიორგი ხასაიამ, ვაკო ნაცვლიშვილთან, გიორგი წურწუმიასთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად, ქუთაისში, თითქმის უკვე უხსოვარ დროს "ირიბი მოქმედების თეატრი" გააკეთა. როგორც თვითონ ეძახდნენ “სწრაფი მოქმედების დასი”, რომელიც ძალაუფლების დასაშვები კრიტიკის ზღვარს მიღმა გავიდა. არ მახსენდება თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიაში ამაზე ზუსტი, კრიტიკული და რადიკალური სახელოვნებო პროექტი. მოსალოდნელიც იყო, რომ ირიბი მოქმედებიდან ამ პროექტის ავტორები პირდაპირ მოქმედებაზეც უნდა გადასულიყვნენ, “რადგან თუ ამჩნევ უსამართლობას, მისი გამოსწორების ვალდებულებაც გექმნება”.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები