- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
ჩვენ უნდა უარვყოთ თავისუფლება, რომელიც ანადგურებს სხვა თავისუფლებას.
სიმონ დე ბოვუარი
ავტორიტარულ საზოგადოებებში სიტყვის თავისუფლება ძალზე შეზღუდული და უცნაური ფორმატით არსებობს: ხშირად, მასზე საუბრობენ, როგორც პირდაპირ უფლებაზე, რომელიც მოიცავს ზედმიწევნით ყველაფერს, მათ შორის, ყველაზე ობსკურანტულ და სიძულვილის პოზიციებს, რომლებიც წარმოადგენენ თავისუფლებას, როგორც ალტერნატივას. სინამდვილეში, თუმცა - ბელარუსი ამის კარგი მაგალითია - ეს „ზედმიწევნით ყველაფერი" მოიცავს მხოლოდ იმას, რაც შეესაბამება ავტორიტარული სახელმწიფოს იდეოლოგიას.
პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ სარკასტული გამონათქვამები და გაქილიკება საქებარია, მაგრამ - არა მთავრობის; ზურგს უკან, დასავლეთის კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ არა ადგილობრივი სისტემის ან რუსეთის, ქვეყნის, რომელზეც ბელარუსი დამოკიდებულია. კარგია სიცილი ნებისმიერი სახელმწიფოს მეთაურზე, პრეზიდენტის[1] გარდა.
მოკრძალებული დემოკრატიული დიალოგის ტრადიციის არარსებობის გამო, ყველა, მათ შორის მთავრობა და პრო-დემოკრატიული ოპოზიცია, ცვლის რეალური თავისუფლების ცნებას, სიძულვილის თავისუფლების ცნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დროდადრო ერთმანეთს აკრიტიკებენ, რაც დემოკრატიული კრიტიკის განსახიერებას ჰგავს, ისინი სინამდვილეში მხოლოდ თამაშობენ დემოკრატიას. ისინი ხშირად საუბრობენ ერთად, ერთი ხმით, აძაგებენ და მარგინალიზაციას უწევენ მოქალაქეთა კატეგორიებს: გეებს, ლესბოსელებს და მთლიანად LGBT საზოგადოებას; ბოშებს, ებრაელებს, მუსლიმებს, მიგრანტებს, გარემოს დამცველებს, პაციფისტებს, ფემინისტებს, შავკანიანებს, ათეისტებს, ანარქისტებს, ბელარუსულად მოსაუბრეებს და ა.შ. ბელარუსის მთავრობისა და ოპოზიციის ამ ერთიანობასა და მსგავსებაში, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ „სიძულვილის თავისუფლება“, რაც ახასიათებს ავტორიტარიზმს.
ამ სიძულვილის თავისუფლების მაგალითია ბელარუსის რომის კათოლიკური ეკლესიის ბოლოდროინდელი ინიციატივა, რომ დაინერგოს კანონი, რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ურთიერთობებსა და „გენდერული იდეოლოგიის“[2] პროპაგანდას. ეკლესია, რომელიც გარკვეულწილად გაჯანსაღდა სახელმწიფო-სანქცირებული ათეიზმის ხანის შემდეგ, კვლავაც განიცდის პერიოდულ შეტევებს რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. მან სწრაფად დაივიწყა მისია, მიხედოს მარგინალიზებულებსა და დაჩაგრულებს, დაივიწყა საკუთარი, ბოლოდროინდელი ხვედრი თუ როგორ იდევნებოდა სახელმწიფოს დაფინანსებით. ის, მთელი მონდომებით, თავად მონაწილეობდა გეებისა და ლესბოსელების დევნაში, რომლებიც ისედაც იყვნენ დევნილები ხელისუფლების მხრიდან. ეს ამბავი, გვაჩვენებს, რამდენად ადვილია თავისუფლების დამახინჯება და რამხელა გამოწვევაა, დარჩე ობიექტური და ტოლერანტული, ავტორიტარიზმის პირობებში; რადენად სწრაფად ჩაანაცვლა სიტყვის თავისუფლება პოპულისტურმა სიძულვილის თავისუფლებამ. ეს ამბავი, ასევე, ასახავს მარგინალიზებულ ჯგუფებს შორის სოლიდარობის არარსებობას: ნაკლებად მარგინალიზებულებს ეშინიათ, რომ არ ასოცირდნენ მათზე მეტად მარგინალიზებულებთან.
ბოლოდროინდელი სიძულვილის თავისუფლების კიდევ ერთი და უაღრესად სიმბოლური გამოვლინებაა, ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის გამოკითხვა, სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის არსის შესახებ; ინტერვიუ აშშ-ში მოღვაწე ზიანონ პაზნიაკთან, ერთ-ერთ ადრეულ და ყველაზე ცნობილ ლიდერთან, რომელიც წარმოადგენს დემოკრატიული ოპოზიციის კონსერვატიულ ფრთას. მისი ჭეშმარიტად ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული და ჰომოფობიური დისკურსი, ბუნებრივია მისი აზროვნებისა და ღირებულებითი სისტემისთვის, რომელიც არასოდეს ყოფილა დემოკრატიული. ზიანონ პაზნიაკი მწვავედ აკრიტიკებდა ყველაფერს, რაც იყო საბჭოური, მაგრამ იგი არ იყო დემოკრატი: ნამდვილად არ არის აუცილებელი პირველმა, გამოიწვიოს მეორე.
დემოკრატები უბრალოდ არ იბადებიან რეპრესიული კულტურის გარემოცვის მიუხედავად. ისინი ასეთი ხდებიან დიდი ძალისხმევითა და მუშაობით. ამ ძალისხმევისა და მუშაობის დროს, ცდუნება სიძულვილის თავისუფლების მწვერვალზე გადახტომისა, ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე, სიტყვის თავისუფლებისთვის თანმიმდევრული ბრძოლა. ღირს, ყურადღების მიქცევა ამ მემარჯვენე ლიდერის ტექსტისთვის, ის აგრეთვე მაჩვენებელია ბელარუსის მთელი ოპოზიციის არადემოკრატიული და უმწეო ხასიათისა, რადგან პაზნიაკი საუბრობს ოპოზიციის მიმიდევრებისთვის. ხშირად, მათი ლიდერების სიტყვები სამწუხარო დასტურია იმისა, რომ ბელარუსის განდიდებული ტოლერანტობა ცარიელი და უსაფუძვლო სტერეოტიპია.
როგორც მწერალი, ესეისტი და სოციოლინგვისტი, მე ვმუშაობ სიტყვებთან, ტექსტებთან და ენებთან. მე მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ საუბრებსა და ნაწერებში სიზუსტის შენარჩუნება, ზუსტი სიტყვების შერჩევა, რომლებიც არ გამოიწვევს ზიანს. მე გავაცნობიერე, - დიდი ვაი-ვაგლახით - რომ ძალიან ხშირად ადამიანები, რომელთა პროფესია არის საუბარი და წერა, ზიანს აყენებენ ისედაც დასუსტებულ საზოგადოებებს. ვეჭვობ, რომ სიტყვის თავისუფლება ძირს უთხრის სხვათა უფლებებს და აყენებს მათ უფრო ნაკლებადპრივილეგირებულ მდგომარეობაში, თუმცა, მათ აქვთ უფლება ეწოდოთ თავისუფლები. ეს არ უწყობს ხელს ამ საზოგადოებების დაწინაურებას, არამედ ანადგურებს მათ.
მეშინია, რომ სანამ სიძულვილის თავისუფლება აღიარებული იქნება, როგორც სიტყვის თავისუფლების ადეკვატური შემცვლელი, ბელარუსული ოპოზიცია დარჩება მხოლოდ თითქმის დემოკრატიული ან თუნდაც ავტორიტარული, ხოლო ლუკაშენკო ან მისი მიმდევარი დიქტატორები გააგრძელებენ ძალაუფლების შენარჩუნებას.
ვლადისლავ ივანოვი, მწერალი, ესეისტი, სოციოლინგვისტი (ბელარუსი)
(მადლობას ვუხდი აიჰარ ივანოვს, რომელიც დამეხმარა ტექსტის ინგლისური ვერსიის შექმნაში.)
[1] მთავრობის მიერ სანქცირებული ბელარუსული ენის ამჟამინდელი სტანდარტით, სიტყვა პრეზიდენტი, თუ ბელარუსის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ეხება, აუცილებლად უნდა იყოს დაწერილი მთავრული ასო ბგერით P.