- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
29 ნოემბერს, ღამით, სპეციალურმა დანაყოფებმა და პოლიციამ სასტიკი მეთოდებით დაშალა რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების აქცია. მთელი ღამის განმავლობაში დასდევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ რუსთაველის მიდამოებში თავშეფარებულ აქციის მონაწილეებს.
სცემეს და დააკავეს პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის ახლა ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
დაშავებულები და ნაცემები არიან ჟურნალისტები - გურამ როგავა (ფორმულა) ალექსანდრე ქეშელაშვილი, ნათია ამირანაშვილი, (პუბლიკა), დათო ცაგარელი (რადიო თავისუფლება), მარიამ ნიკურაძე (OC Media), ნანუკა ქაჯაია, დავით ბიჭიკაშვილი, გიორგი შეწირული, ანა მდივანი, ნიკო კოკაია (ტვ პირველი), გივი ავალიანი (ნეტგაზეთი), გიორგი გოგუა (პროექტი 64) ირაკლი მანაგაძე (ექსპრესნიუსი) დავით ბეჟანიშვილი (პირველი არხი), იულია კალაბანი, JAMnews-ის რეპორტიორი (სია არასრულია)
შშს-ს ცნობით აქციაზე დაკავებულია 43 ადამიანი.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ 2028 წლამდე ჩერდება ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესი.
პენცენტრი მოითხოვს დაკავებულების, მათ შორის, პოეტ ზვიად რატიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!