განცხადებები

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილს)

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2023-12-22 7752
ამა წლის 18 დეკემბერს ლონდონში მცხოვრები ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) რუსეთის მთავრობამ ექსტრემისტად და ტერორისტად გამოაცხადა და მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
15 დეკემბერს ინტერნეტში გამოქვეყნდა პრანკერების მიერ მწერლებთან - ბორის აკუნინთან და დმიტრი ბიკოვთან ჩატარებული საუბრების დამონტაჟებული ჩანაწერები. აკუნინმა და ბიკოვმა საუბრისას დაადასტურეს, რომ უკრაინას მხარს უჭერენ და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებენ, მორალურად და მატერიალურად ეხმარებიან მათ.
ამის შემდეგ წიგნების მაღაზიებმა და ელექტრონულმა ბიბლიოთეკებმა ამ ავტორების წიგნების გაყიდვა შეწყვიტეს. გამომცემლობა „ზახაროვ“-ში, სადაც აკუნინის წიგნები იბეჭდება, ჩატარდა ჩხრეკა და თანამშრომლების „შესწავლა“ ავტორთან ურთიერთობის ფაქტის დასადგენად. მოსკოვის ე.წ. „საგუბერნიო თეატრმა“ მოხსნა მისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლები. ლიტერატურულმა ჟურნალმა „ნოვი მირ“ დაბლოკა საიტები, სადაც აკუნინის ნაწარმოებები იყო განთავსებული.
რუსეთის დუმის დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში თქვა, რომ მწერალი ბორის აკუნინი უნდა „განადგურდეს“ იმის გამო, რომ რუსეთის არმიას „კრიმინალების ხროვა“ უწოდა.
როდესაც მწერალს მისი პოზიციის გამო მმართველი რეჟიმი ექსტრემისტად და ტერორისტად აცხადებს, ეს ნიშნავს, იკრძალება თავისუფალი აზრი, თავისუფალი სიტყვა, უფასურდება და უქმდება ყველა ცივილიზებული ღირებულება, ქვეყანა ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად გარდაიქმნება. და ეს ხდება სახელმწიფოში, რომლის არმია თბილისიდან 40 კილომეტრში დგას.
მივმართავთ პენცენტრის ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში, თავისუფლების მოყვარე ადამიანებს, შემოქმედებს, მწერლებს, ხელოვანებს - გავერთიანდეთ ამ ბოროტების წინააღმდეგ, გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და დავიცვათ თავისუფალი სიტყვა.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები