- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
გთავაზობთ PEN International-ის 24 იანვრის განცხადების თარგმანს.
„მოსალოდნელი შვიდწლიანი პატიმრობა ზედმეტად მკაცრი სასჯელია ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის. მას პოლიციელთან შელაპარაკების გამო წაუყენეს ბრალდება. ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ჟურნალისტის სამაგალითოდ დასჯას და აგრძელებს საპროტესტო დემონსტრაციებზე გამოსული იმ ჟურნალისტების, აქტივისტებისა და კრიტიკოსების დაშინებას, რომლებიც გაბედულად ცდილობენ, სიმართლე მიიტანონ ხელისუფლებამდე. მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”. მა თიდა, PEN International-ის კომიტეტის, „მწერლები ციხეში“, თავმჯდომარე.
2025 წლის 24 იანვარი: საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს წინასწარი პატიმრობიდან დამსახურებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი! - PEN International-ისა და PEN Georgia-ს ერთობლივი განცხადება დღეს გავრცელდა. ამაღლობელს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმის გამო წაყენებული ბრალდების საფუძველზე, რაც მომხდარს არ შეესაბამება.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ონლაინ გაზეთების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ -დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, პირველად 2025 წლის 11 იანვარს ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ბათუმში დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებული სტიკერი პოლიციის განყოფილების შესასვლელთან გააკრა. დაკავების მომენტში მისთვის არ მიუწოდებიათ არანაირი ინფორმაცია დაკავების მიზეზის შესახებ და მეორე დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შემდეგ, პოლიციის განყოფილების წინ პროტესტის მხარდამჭერებთან საუბრისას პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა მზია ამაღლობელის ორი თანამოაზრე, რაც გახდა ამაღლობელისა და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, დაპირისპირების მიზეზი, რა დროსაც ამაღლობელმა სილა გააწნა დგებუაძეს.
პოლიციამ ადგილზევე დააკავა ამაღლობელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე ან მთავრობის და საჯარო დაწესებულების სხვა წარმომადგენელზე), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაიყვანა რუსთავის ქალთა #5 საპყრობილეში, სადაც ის ამჟამად იმყოფება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხრა თვემდე ვადით, თუმცა შუალედურ სასამართლო განხილვას შეუძლია მისი გადახედვა. ამაღლობელის საქმის მოსმენის თარიღი 4 მარტამდე გადაიდო.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა ინფორმაცია გაავრცელა დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, რაც გამოიხატა მისთვის სახეში შეფურთხებასა და გადაჭარბებული დროით წყალსა და საპირფარეშოზე წვდომის შეზღუდვაში. მას შემდეგ, რაც დაკავებისთანავე მზია ამაღლობელის ყველა თხოვნა ადვოკატებთან გასაუბრების შესახებ უარყოფილ იქნა, მან ბრალდების შესახებ შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს (SIS) - ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაზე. აღნიშნულმა ორგანომ 20 იანვარს დაადასტურა, რომ დაიწყო ეროვნულ პროტესტთან დაკავშირებული გამოძიება. დაკავებამდე მზია ამაღლობელი არასდროს ყოფილა კანონთან დაპირისპირებული. იგი 2004 წელს ხანმოკლე ვადით დააკავეს ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რის შემდეგაც ბრალდების გარეშე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. უკანონო დაკავებაზე პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 11 იანვრიდან უარს ამბობს საკვების მიღებაზე. ამის გამო მას აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები, რაც შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს მისი პატიმრობისა და შიმშილობის გამო.
ჟურნალისტები და აქტივისტები (მათ შორის, PEN Georgia) მთელი საქართველოს მასშტაბით მოითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტის მიერ პოლიციელისთვის გარტყმულ სილას „არ ჰქონია ისეთი ძალა, რომელსაც ზიანის მიყენება შეეძლო“, ამიტომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებისთვის საჭირო სერიოზულობის პირობას. მზია ამაღლობელის დაპატიმრება მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივ პროტესტში მონაწილეთა განსხვავებული აზრის დევნის გამო. როგორც PEN International და PEN Georgia ადასტურებს, სავარაუდო გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელ საქართველოში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რასაც ძალადობრივად არბევენ სამართალდამცავები. ისინი შენიშნულნი არიან პროტესტის მონაწილეთა მიმართ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის საშუალებების გამოყენებაში, თუმცა აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია.
ასევე, ვრცელდება ცნობები კულტურის იმ მუშაკთა რეპრესიების შესახებ, რომლებმაც გაბედეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა. იუნესკოს პროგრამის „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ქსელის წევრებისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით PEN International და PEN Georgia იტყობინებიან, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან „თბილისი - იუნესკოს 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“-ს პროგრამის დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და მისი მოადგილე, ნინო კიკნაძე. PEN International და PEN Georgia მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეასრულონ ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად დაიცვან მოქალაქეთა აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები.
დამატებითი ინფორმაცია:
მზია ამაღლობელი დაიბადა 1975 წლის 12 მაისს. მან 2000 წელს დაიწყო ჟურნალისტური კარიერა და 2001 წელს მეგობართან, ეთერ თურაძესთან, ერთად ბათუმში დააარსა რეგიონული გაზეთი „ბათუმელები“. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობისა, შეეჩერებინა გაზეთის გამოცემა მისი რეგისტრაციის გაუქმებით, მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ მოახერხეს გამოცემის ხელახალი რეგისტრაცია „გაზეთი ბათუმელების“ სახელწოდებით. წლების განმავლობაში ამაღლობელი მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის, ჟურნალისტისა და რედაქტორის თანამდებობებზე და საკუთარი წვლილი შეჰქონდა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის ფორმირებაში. ამჟამად გამოცემა აერთიანებს ორ დამოუკიდებელ წარმატებულ ონლაინ-მედია საშუალებას - Netgazeti.ge-სა და Batumelebi.ge-ს, რომლებიც აშუქებენ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და კორუფციის შემთხვევებს, ავლენენ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს, რაც იწვევს ხელისუფლების წარმომადგენელთა აღშფოთებას. ასევე, მზია ამაღლობელმა, როგორც მგზნებარე აქტივისტმა, წამოიწყო პროექტი სახელწოდებით Bookmobile, რომლის ფარგლებშიც 2021 და 2022 წლებში უამრავ სოფელში წიგნები გადაეცათ ბავშვებსა და მოზარდებს და ორგანიზება გაეწია შეხვედრებს ქართველ მწერლებთან.
Note to editors:
დეტალებისთვის მიმართეთ აურელია დონდოს, საერთაშორისო PEN-ცენტრის ევროპისა და აზიის რეგიონის ხელმძღვანელს: Aurelia.dondo@pen-international.org