განცხადებები

პენცენტრის განცხადება მწერალ ბუდაღაშვილის საქმეზე

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2022-06-30 11334

მწერალ ზურაბ ბუდაღაშვილს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებული პროტესტის გამო სახელმწიფო ციხით ემუქრება.

საქმე ისაა, რომ ბუდაღაშვილი დააკავეს 2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამის“ საქმეზე და 8 თვით პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს 3-წლიანი პირობითი მსჯავრით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მწერალმა პროტესტი განაცხადა რუსი ჩინოსნის გამო „შეკერილი“ მსჯავრის აღსრულებაზე.

როგორც ბუდაღაშვილმა პენცენტრს უთხრა: „მას შედეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მე უარი განვაცხადე პრობაციაში გამოცხადებაზე და ხელის მოწერაზე, რომელ ვალდებულებასაც 2021 წლის 24 თებერვლამდე ვასრულებდი. პრობაციის ოფიცერს წინასწარ განვუმარტე, რომ გავრილოვის გამო პრობაციაში სიარულით თავს უხერხულად ვგრძნობდი უკრაინაში განვითარებული საზარელი ამბების ფონზე, რის შემდეგაც, დაახლოებით 4 თვის თავზე, აჭარის პრობაციის ბიურომ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვს, რომ  3-წლიანი პირობითი სასჯელი გახდეს რეალური“.

უნდა აღინიშნოს, რომ მწერალმა უარი თქვა ამნისტიაზეც, რადგან თავს დამნაშავედ არცერთ პუნქტში არ მიიჩნევს.

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს მწერლის სამართლიან პროტესტს და  დაჟინებით მოუწოდებს სახელმწიფოსა და კონკრეტულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს, გამოიტანოს კრემლის ჩინოსნის კონიუნქტურისგან დამოუკიდებელი, სამართლიანი განაჩენი.

ჩვენ თვალს მივადევნებთ სასამართლო პროცესს, რომელიც 1 ივლისს გაიმართება.

 

საქართველოს პენცენტრი

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები