penvironment

თბილისი - დაუსრულებელი წიგნი

ვცდილობ წარმოვიდგინო თბილისი, აღწერილი „უხილავ ქალაქებში“ - დაკლაკნილ და ვიწროქუჩებიანი, ჩიხებიანი, ქოხმახებიანი, აივნებიანი, ჭიშკრებიანი - ეზოებით, შუშაბანდებით, მტვრით, ხმაურით. მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის  თბილისი და დღევანდელი, რომელმაც გადაფარა, გადაშალა ის ძველი და იქცა ახალ ქალაქად. ამ ორის სინთეზი. თუ მოისურვებ იმ ძველთან მიახლოებას, უნდა გახდე მოგზაური, და იმოგზაურო საკუთარ ქალაქში, ყური უგდო ეზოებიდან მომავალ ხმებს, ნაბიჯების ხმას ქუჩებში, უნდა შეისუნთქო ჰაერი, რომელსაც შენი ქალაქი ამოისუნთქავს.

„კაცს, რომელსაც დიდხანს უვლია უკაცრიელ ადგილებში, ქალაქის სურვილი ერევა“, წერს იტალო კალვინო. ამ ზაფხულს მოგზაურად ვიქეცი. მას მერე მრავალჯერ შემოვიარე ყველა ის ადგილი, სადაც ფეხი არ დამედგა, და ის ადგილებიც, სადაც ადრეც ვყოფილვარ და ბევრი რამ არ დამინახავს და არ შემიმჩნევია.

ბევრი უთქვამთ თბილისის მულტიკულტურულობაზე, მრავალეროვნულობაზე, აღმოსავლურ და დასავლურ დინებებსა და გავლენებზე, მათ კვეთაზე. მოგზაურები, რომლებმაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის თბილისი ნახეს, საუბრობენ მის ევროპულ იერსა და სიცხოველეზე. ალექსანდრე დიუმა, რომელიც 1858 წელს ჩამოვიდა საქართველოში, წერს - „ჩვენმა მეეტლემ ერთი მთის წვერიდან დაგვანახა მოლურჯო ორთქლი, რომელშიც ძლივს გავარჩიეთ რამდენიმე პატარა თეთრი წერტილი და გვითხრა: აი, თბილისიც. ისე გამიკვირდა, თითქოს ვინმეს ეთქვას: აი, სატურნი, ან აი, მერკურიო. ჩვენ უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ თბილისი ისეთი პლანეტაა, რომელსაც ვერასდროს მივაღწევთ, მით უმეტეს, არაფერი გვაუწყებდა, თუ რომელიმე ქალაქს და განსაკუთრებით დედაქალაქს ვუახლოვდებოდით – არცერთი ხე, არავითარი დამუშავებული მიწა… სევდიანად თავი გავაქნიეთ: ნუთუ თბილისი, ეს ქართული სამოთხე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით, მხოლოდ ოცნებაში დარჩა? უნებურად ამოვიოხრეთ. მაგრამ აი, უეცრად, სიხარულისგან შევყვირეთ. გზის გადაღმა, უფსკრულის სიღრმეში ბობოქრობდა მტკვარი. მთის ფერდებზე კი იარუსებად გაშლილიყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი, დაწიოკებული ჩიტების გუნდის მსგავსი სახლებით, რომლებიც თითქოს ისე დამსხდარიყვნენ აქა-იქ, როგორც მოხვედროდათ”. იმასაც ამბობს, როდესაც თბილისში მოვდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველური ქვეყნისკენ მოვეშურებოდი, მაგრამ შევცდიო.

ემილ ლევიე, ფრანგი მოგზაური, რომელიც აქაურობას 1890-იან წლებში ეწვია, თბილისს სულაც თავის მშობლიურ პარიზს ადარებს - „მაღლიდან ქალაქი საღამოს ჟამს მშვენიერი სანახავია, ასე მგონია, ეიფელის კოშკიდან გადავცქერი გაჩირაღდნებულს პარიჟსა-მეთქი“..

რატომ ვიხსენებ უცხო ქვეყნის მოგზაურებს, ნოსტალგიაა? ფუჭი სიამაყეა? ან იქნებ მგონია, მათი სიტყვები რაღაც ისეთს შემოინახავს, რასაც ჩემი თვალი ვერ ამოიკითხავს, ვეღარსად იპოვის?

რა იდუმალი კავშირი შეიძლება იყოს ძველსა და ახალ ქალაქს შორის, ან რა აკავშირებთ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს ერთმანეთთან?

თუკი ძველი ქალაქის ფერად აივნებს, ალაყაფის ჭიშკრებს ჟანგიანი ჩუქურთმებით, აგურის კედლებს თავიანთი მდუმარებით, ამ კედლებში გაჭრილ სხვადასხვა ზომის და ფერის სარკმლებს, დახვეულ რკინის კიბეებს, კედლის მხატვრობას, უცხო ალუზიებს, სახლებს შორის გაწოლილ ჩრდილებს, საღებავაცლილ ცხაურებს, ხის რიკულებს, საგზაო ნიშნებს, მოკირწყლულ ქუჩებს, ფანჯრებიდან გამომკრთალ ლანდებს, აივანზე გადმომდგარ მოხუცებს, ეზოს წინ მოთამაშე ბავშვებს, ახალ უბნებს და ახალ შენობებს, მანქანებით გაძეძგილ ქუჩებს, ქალაქისგან მოძულებულ მდინარეს, დაპატარავებულ სკვერებს და ბაღებს - წარმოიდგენ იმ ურთიერთობის გზამკვლევად, რომელიც ადამიანებს ამ ქალაქთან აკავშირებს, დაინახავ „ურთიერთობის აბლაბუდას“, რომელიც კლავს, ჭამს მათ შორის სივრცეს.

ვინ წაიკითხავს ქალაქს, ვინ ამოიკითხავს ნიშნებს ამ ქალაქისას? ვინ მოუსმენს და დაელაპარაკება? ვინ დაუწყებს ძებნას ქალაქს და ქალაქში საკუთარ თავს? ვინ წაიკითხავს თავის ავტობიოგრაფიას? ვინ ამოკრეფს სიტყვებს და ახსნის სიმბოლოებს გახუნებული კედლებიდან, ალაყაფის კარიდან, აივნებიდან, ფილაქანიდან, საკვამურებიდან.

ის რომ ხელისგული იყოს და ჩვენ ქირომანტები, ცოტა ჯადოქრებიც, შემგროვებლები და გამფანტველები, ბუკინისტები, მკითხველები ძველი წიგნისა, რომელიც აქ არის, ჩვენ თვალწინ, ამოვიკითხავდით ამ ხელისგულზე, რომ პერსონაჟებიც ვართ ამ ძველისძველი წიგნისა და მკითხველებიც, და ის ქალაქიც, რომელშიც ვცხოვრობთ, თავადაც არის პერსონაჟი ძველისძველი ამბისა.

ქალაქი გათვლების ადგილია, იდუმალი ნიშნების, ბავშვების სიცილით და ქარში მოფრიალე კაბებით. ლაბირინთია, დახვეული კიბეებით და ჩრდილებით. თბილისი მზის და ჩრდილების შეხვედრის ადგილია.

ქალაქი, როგორც დაუსრულებელი წიგნი.

ქალაქი, როგორც მითი.

ქალაქი - პერსონაჟი.

ქალაქი - ამბავი. ქალაქი, როგორც სიყვარული, როგორც მზე, ან თვალი მოხუცისა, რომელიც აღარავის ელის.

ქალაქი, როგორც სევდა, ჩამქრალი სარკმლისა.

ქალაქი, როგორც ნაბიჯების ხმა.

როგორც მოლოდინი, რომელსაც არა აქვს დასაბამი და არა აქვს ბოლო. უსიყვარულო ქალაქი და ზოგჯერ, იშვიათად, მზის გულზე, სურვილით ატანილიც.

ნიკოს კაზანძაკისს თბილისი შიშველი, ვნებიანად გაწოლილი ქალისთვის შეუდარებია. მერე თითქოს ქალაქს ვნება დაუცხრა. თუკი ისევ მოვინდომებთ თბილისის ქალად წარმოდგენას, ის დღეს უკვე დამცხრალი, უვნებო ქალია.

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

ამავე კატეგორიაში





პარტნიორები