ბლოგები

უხილაობა ევროპაში, ხილულობა - ევროპისთვის

×
khasaia
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-06-07 2658

გიორგი ხასაია 

 

შარშან ბერლინის ერთ-ერთ აზულში გავიცანი ნინო − ახალგაზრდა  ქართველი ქალი, რომელიც კანისა და ძვლების მძიმე დაავადებას ებრძვის. იმის შემდეგ, რაც ქართულმა  სახელმწიფომ მკურნალობაზე უარი უთხრა, მე-2-ე ჯგუფის ინვალიდის  პენსიით ლიბერთი ბანკში სამწლიანი სესხი აიღო და გერმანიაში ჩაბარდა.

ჩაბარება (ჩვენთან უკვე ძალიან გავრცელებული სიტყვა)  ერთდროულად გულისხმობს გაქცევით თავის შველას, შედარებით სტაბილურ (გარანტირებულ) გარემოს და ამის სანაცვლოდ თითქმის უუფლებო მდგომარეობას. ჩაბარების შემდეგ აზულში მცხოვრები მიგრანტი ლეგალურად დიდხანს ვერ იმუშავებს, მაგრამ უმკურნალებენ და მკურნალობასთან ერთად თვეში 160 ევროს მისცემენ (ეს თანხა იზრდება აზულში გატარებულ წლებთან ერთად).  ქართველი მიგრანტი მხოლოდ თავის თავზე ვერ იზრუნებს,  ამიტომ აზულში მცხოვრები  ცდილობს, არალეგალური სამუშაო მოძებნოს. ოდნავ გამოკეთების შემდეგ, როცა უკვე ფეხზე დგომა შეეძლო, ნინომაც დაიწყო სამუშაოს ძებნა.

გერმანიაში არალეგალურად მშრომელს საათში 8 ევროზე მეტს იშვიათად უხდიან, ოფიციალურად დაკანონებული 12 ევროს ნაცვლად. ყველა დამსაქმებელი არ აიყვანს უსაბუთოს და თუ აიყვანს, გადაგდების რისკი არსებობს: თვის ბოლოს შეიძლება გითხრან, რომ ვერაფერს ვერ მიიღებ (სხვადასხვა მიზეზით − ფინანსური კრიზისი, სამუშაო ცუდად შეასრულე,  და სხვ.) და ვერც ხვეწნა, ვერც თავის შებრალება და ვერც გულის მოსვლა ვერ გიშველის - დამსაქმებელი მშვიდად გეტყვის, რომ შრომის ანაზღაურებას ვერ მიიღებ. მის აუღელვებლობას შენი უუფლებობა ასაზრდოებს: ვერ უჩივლებ, იმიტომ, რომ შენი, როგორც არალეგალი მშრომელის არსებობა სტრატეგიულ უხილაობაზე დგას. ამიტომ, ვერსად გამოჩნდები, როგორც  მშრომელი და თუ გამოჩნდები, პასუხისმგებლობა შენ დაგეკისრება.

ნინო მანქანით მოძრაობს და სპეციალური აპლიკაციის დახმარებით პოულობს ელექტროსკუტერებს. ნაპოვნ ელექტროსკუტერს ახალ (დატენილ) აკუმულატორს დაუგებს და ძველს მანქანაში შეაწყობს, რომ დასატენად წაიღოს.  მანქანიდან გადასვლამდე, ოთხივე მხარეს იხედება, რომ სადმე პოლიციელი არ იდგეს და უსაბუთოდ მუშაობაში არ გამოიჭიროს. შემდეგ აღებს მანქანის კარს და სწრაფად მიდის ელექტროსკუტერისკენ. აკუმულატორის გამოცვლისას აქეთ-იქით არ იხედება, რომ ყურადღება არ მიიქციოს, ბოლოს თავდაჯერებულად აღებს საბარგულს, დებს დამჯდარ აკუმულატორს და ისევ მანქანაში ბრუნდება. დაძაბულობა და შემჩნევის შიშით გამოწვეული სტრესი მანქანაში ჩაჯდომისთანავე ნელდება, იქამდე გამართული და თავაწეული მხრებში ოდნავ იხრება, ამოსუნთქვას ოხვრასაც ამოაყოლებს  და მომდევნო ელექტროსკუტერისკენ იძვრება. სამუშაო დღე 6, 8 ან 10 საათს გრძელდება. სამუშაო დღის ბოლოს ნინოს ძვლების ტკივილი ეწყება და მანქანიდან ძლივს გადასული, უკვე კოჭლობით უახლოვდება ელექტროსკუტერს.

სტრატეგიული უხილაობა თავისებური ნიღაბია საკუთარი არალეგალობის თუ უსაბუთობის დასაფარად.  ანთროპოლოგი ლეო ჩავესი „ჩრდილოვან ცხოვრებაზე“ საუბრობს − უსაბუთო მიგრანტები ხშირად იძულებულები არიან, დაიმალონ, ეს გულისხმობს როგორც მალულად შრომას, ისე საჯარო ხილულობისგან თავის არიდებასაც. მაგრამ უსაბუთო მიგრანტებს ყოველთვის არ შეუძლიათ ისე გამოიყურებოდნენ, ისე ჩაიცვან და თავი ისე ეჭიროთ, როგორც ეს შეუმჩნევლად დარჩენას სჭირდება.

სტრატეგიული უხილაობა, ზოგიერთის აზრით, არ გულისხმობს მხოლოდ ერთი იდენტობის თუ სახის  ჩვენებას იმისთვის, რომ მეორე და  მისი საწინააღმდეგო სახე დაიფაროს. ის ასევე მოიცავს უხილაობის ისეთ სტრატეგიულ ფორმებსაც, რაც გულისხმობს თავის ისე დაჭერას, ისეთ ჟესტებს ან ჩაცმულობას, რომ მეინსტრიმში ადვილად ჩაეწეროს.

ევროკავშირის ქვეყნებში ჩაბარებული საქართველოს მოქალაქე, იაფი, ადვილად ჩანაცვლებადი და ადვილად დეპორტირებადი სამუშაო ძალაა. ეს მიგრაცია ევროპულ ქვეყნებს (და კაპიტალებს) სამუშაო ძალის ფრაგმენტაციისა და ემიგრანტებისგან შემდგარი უმუშევართა სარეზერვო არმიის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ემიგრანტებისგან შემდგარი უმუშევართა სარეზერვო არმია მზად არის, შრომის ბაზარზე დამკვიდრებულ ანაზღაურების სტანდარტის მესამედსაც დათანხმდეს.

ევროპაში უსაბუთოდ ყოფნისთვის აუცილებელ სტრატეგიულ უხილაობას საინტერესო მიმართება აქვს აგენტების კანონის საწინააღმდეგო პროტესტის სტრატეგიულ ხილვადობასთან.

მგონია, რომ ჩვენ ერთი მხრივ,  გვაქვს სტრატეგიული უხილაობა ევროპაში, მეორე მხრივ, სტრატეგიული ხილვადობა ევროპისთვის.

აგენტების კანონის საწინააღმდეგო პროტესტი ივანიშვილს და ოცნებას აჩვენებს, რომ მასში ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა მონაწილეობს, რისი უარყოფაც უტიფარი ტყუილია (მაგ. მამუკა მდინარაძის უცნაური კალკულაცია). იმავდროულად,  ოცნებასთან ერთად, და ალბათ არანაკლებადაც, ამ სტრატეგიული ხილულობის ადრესატი ევროპაც არის. სტრატეგიული უხილავობის საპირისპიროდ, სტრატეგიული ხილულობა, საკუთარი თავის ჩვენებით ძალაუფლებისგან აღიარებას ითხოვს − როგორც საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ძალის აღიარებას. ეს აღიარება პროტესტს არ აქვს ოცნებისგან, მაგრამ აქვს ევროპისგან − თუ ოცნება უტიფრად უარყოფს ხალხის რეალურ რაოდენობას აქციებზე, ამის საპირისპიროდ ევროპელი მინისტრები და პარლამენტარები ნანახს ადასტურებენ −  „ ჩვენ თქვენ გხედავთ“, „ჩვენ თქვენი გვესმის“ − ამბობენ ისინი.

მიმდინარე აქციებზე ალაგ-ალაგ ითქვა, რომ ეს საშუალო კლასის აქციებია.  ეს აზრი არსებითად, მცდარია. ამ აქციებზე ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს დიდი რაოდენობით, რომლებიც პროტესტის გულისგულად იქცა. სახელმწიფო უნივერსიტეტები ჩვენთან კარგა ხანია საშუალო კლასის ოჯახების შვილების სწავლის ძირითადი ადგილი აღარაა და ასეთი კერძო უნივერსიტეტები გახდა. შესაბამისად, საშუალო და საშუალოზე მაღალ კლასთან ერთად, აქციებზე დგას დაბალი კლასები, რომელთა ნაწილი უკვე პროლეტარიზებულია, ნაწილი პრეკარულად დასაქმებული ან უმუშევარი. იმავდროულად, მას თავისი პოლიტიკური სხეულის და ენის არქონის გამო, საშუალო კლასის კოლექტიური გონი მართავს, სხვანაირად თუ ვიტყვით, ის საშუალო კლასის სტიქიას ემორჩილება.

საკმარისი არ არის, რომ სტრატეგიული ხილულობა (საქართველოში) და სტრატეგიული უხილაობა (ევროპაში) ერთმანეთს არ უპირისპირდება − მათ ერთმანეთი ბუნებრივად სჭირდებათ. ის, რისთვისაც ნინო ევროპაში ჩაბარდა (უფასო მკურნალობა, უმუშევრობის დაზღვევის პაროდია აზულის სოციალური დახმარების სახით, საცხოვრებლის პაროდია რკინის კონტეინერი, რომელშიც აზულიანტები ცხოვრობენ: „რკინის კონტეინერია, მაგრამ საქართველოში უსახლოდ რომ დარჩე, ვინ შეგიფარებს?“ − მეუბნება ნინო, და სხვა მინიმალური გარანტიები სჭირდება იმათ  უდიდეს ნაწილს,   ვინც ამ აქციებზე დადის. 

სტრატეგიული უხილაობა და სტრატეგიული ხილვადობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ ერთმანეთისგან ჯერჯერობით ზურგით დგას. ის, რასაც ჩვენი ხალხის ნაწილი ევროპაში სტრატეგიული უხილაობის (ანუ ნაწილობრივი დეჰუმანიზაციის და დამცირების) გავლით იღებს, სტრატეგიული ხილულობის ნაწილი აქ უნდა გახდეს.

საინტერესოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მკაფიო სურვილს, გამოხატულს აქაც და ევროპაშიც, ხილულებისთვისაც და უხილავებისთვისაც, როგორ შეხვდებოდნენ იგივე ევროპელი მინისტრები, რომლებიც პროტესტის სცენაზე იდგნენ?

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები