ბლოგები

რაც ერი, ის ბერი

×
datia
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-05-17 2702

  დათია ბადალაშვილი 

 

 

ამის დაწერა იმიტომ გავბედე რომ გული მტკივა, გული მტკივა იმის გამო თუ რად იქეცით და რად აქციეთ ეს უბედური ქვეყანა. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ჩემზე იტყვით, რომ მე უღმერთო ვარ და მძულხართ. არადა, ასე საერთოდ არ არის, ერთ-ერთ თქვენგანს ჩემს გულში მამის შემდეგ ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, სწორად მისგან გავიგე, რა არის ღმერთი და სწორედ ამიტომ არ მომწონხართ თქვენ. და ისიც ვიცი, რომ თქვენთან უბრალო მღვდელს ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც ყმაგლეხს შუა საუკუნეებში.

დღეს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავთ. არადა, თქვენი და პოლიტიკოსების მიერ გაუბედურებულ ქვეყანაში ზოგი ოჯახი უცხო ქვეყანაშია გაქცეული და ვინც აქ დარჩა, ბავშვებს მშივრებს გზავნიან სკოლებში; მათი ცუდად გახდომის ეშინიათ, იმიტომ, რომ ექიმთან მისასვლელი ფული არ აქვთ და საერთოდაც, თვიდან თვემდე სასურსათო მაღაზიის მეპატრონის გულმოწყალების იმედად არიან დარჩენილი.

კვირა არ გავა, მამამ ანდა მამინაცვალმა უმწეო შვილი რომ გააუპატიუროს. კვირა არ გავა, რომ ვინმემ ცოლი რომ არ მოკლას, იმიტომ, რომ თქვენ ჩააგონეთ, ქალი კაცის უუფლებო ნივთიაო. რამდენიმე წლის წინ თქვენ ადამიანებს ტაბურეტკით  სდიეთ და თქვენს მიერ წაქეზებულმა ბრბომ ორი შვილის მამა მოკლა.. და ეს დღე  სისხლიანი სირცხვილის დღედ აქციეთ.  თქვენი გმირობის შემყურე ხალხმა ამ მართლა კარგ დღეს,  „ სხვისი საჯდომის დაცვის დღე“ დაარქვა.

გავიწყდებათ, რომ როცა დავიხოცებით ღმერთი იმას გვკითხავს, ვისთან ვიწექით და არა იმას − ვისთან იწვა პეტრე ანდა პავლე.

იმდენად გამოატვინეთ  ხალხი, როცა მუსლიმებს მათი დღესასწაული მივულოცე, პირად სივრცეში შემომივარდნენ, აქედან რამდენიმე ისეთი, რომელსაც მეოთხე კლასის შემდეგ აღარაფერი წაუკითხავს. არადა, როგორ არ უნდა მიმელოცა? აღდგომის ღამეს ქაშვეთთან მათ გვერდით ვიდექი მათ მიერ მოცემული პასქით ხელში.

გული მტკივა, რომ თქვენი ეკლესიები ხალხისგან დაიცლება, როგორც ესპანეთში და იტალიაში დაიცალა. რადგან იმდროინდელი ეკლესია  თქვენსავით გამორჩენის გამო თვალს ხუჭავდა, როცა ფაშისტები ადამიანებს ხოცავდნენ.

და ვინ დაგრჩებათ ?! მრევლი,  რომლებსაც სჯერა რომ ხელი სულ რომ არ გაანძრიონ, ღვთისმშობელი მაინც გადაარჩენთ, მრევლი,  რომელსაც სჯერა რომ მეორედ მოსვლა ამჟამინდელი პატრიარქის სიცოცხლეში მოხდება და ქართულად მოლაპარაკე მაღალი ღმერთი სამხედრო  გზით შემოვა საქართველოში. მრევლი, რომელსაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა მარტო ქართველებისაა და ვინც მართლმადიდებელი არაა, ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიწვება.

 ამ ქვეყნის სხეულზე ავთვისებიანი სიმსივნეები რომ არ იყოთ, ალბათ შემეცოდებით და გამეცინებოდა.

აქციების დროს ბავშვობს ტაძარი ჩაუკეტეთ. მაშინ აღებდით, როცა ამ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ზარბაზანს უშენდით, რადგან მან გამხილათ. სამაგიეროდ ხელი გადახვიეთ ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს, ვლადიმერ პუტინს კეთილი კაცი უწოდეთ, ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქეთ. ხმა არ ამოგიღიათ, როცა სააკაშვილი მიზანთროპად იქცა და გარაჟის სახურავებზე მალავდა მკვდრებს.

ახლა კი ხელს ხვევთ კაცს, რომელიც ჩვენს მომავალს ჰყიდის. კაცს, რომელმაც ქველმოქმედი დაირქვა, რომ უფრო კარგად გავეღლიტეთ. და რატომ ხვევთ?! იმიტომ რომ სახრავს ელოდებით, მიწას, ტყეს, მილიონებს. და ვისგან ელოდებით?! იმისგან ვინც გისმენდათ და გითვალთვალებდათ?!  ვინც დაითვალა და გაასაჯაროვა თქვენი კაცი თუ ქალი საყვარლების რაოდენობა?!  ვინც ორი კვირაა ბავშვებსა და ქალებს სცემს..

როგორ გგონიათ, ვის ხედავს ღმერთი? თქვენს გაზულუქებულ სახეს თუ იმ ბავშვების თვალებს, რომლებიც წვიმაში დგანან. რამდენი დღის წინ აღდგომა იყო, ვისაც გვჯერა, ჩვენთვის ყველაზე დიდი დღესასწაული. და ვფიქრობ, რომ ნაზარეველი დურგლის შვილს გაუმართლა, ახლა საქართველოში არ  რომ გაჩნდა, რადგან თქვენ გააკრავდით ჯვარზე, რუსების დახმარებით,  როგორც თავის დროზე ებრაელებმა გააკრეს რომაელთა დახმარებით.

მინდა გული დაგწყვიტოთ ღირსო მამებო, ბიძინა ივანიშვილს ისევე უყვარს თქვენი პატრიარქი, როგორც მე  ჭრელი გველი. მისნაირ კაცებს არც ფულში მოზიარეები უყვარს და არც ძალაუფლებაში. რომ ჰყვარებოდა ხომ არ მოგისმენდათ?

მაგრამ იცით, რომ ისევ დაგირიგებთ ფულს, რათა ამბიონზე ომახიანად თქვათ: „მიეცით კეისრისა, კეისარს!“ „გიყვარდეთ მოყვასი (ბავშვები) თქვენი“, კი გაზეპირებულად, საყველპუროდ. ვინ იცის, გულში ოცნებობთ იმ დროში დაგაბრუნათ როცა ბავშვებს სტამბოლში ჰყიდდით. ახლაც კი ჰყიდით ოღონდ უთოკოდ. რით ვერ გაძეხით?! რით ვერ ამოივსო თქვენი მუცლები?!

თუ მთავრობა შეიცვლება, თქვენ უცბად შეატრიალებთ „პლასტინკას“ და ბიძინას თავისი „ქართული კოშმარიანად“ მიწაში ჩასდებთ, რომ ახალ მთავრობას თავი მოუქონოთ.

პაპაჩემს დალევა კი უყვარდა მაგრამ ჭკვიანურ რაღაცებს ამბობდა ხოლმე: „წელიწადში ერთხელ ნეხვიც ყვავდებაო“. თქვენ რით  ვერ აყვავდით?!

ის ბავშვები, რომლებსაც საყდრის კარი ჩაუკეტეთ, რომლებსაც ურეკავენ და ემუქრებიან, ამ ქვეყნის მომავალია. ისტორიის სახელმძღვანელოს კი მომავლები წერენ. იმ სახელმძღვანელოში თქვენ ქორვაჭრებისა და მოღალატეების სახელით შეხვალთ.

საერთოდაც, ეს კვირებია ვფიქრობ თქვენს მიერ დაჭაობებულ მიწაზე ასეთი ყვავილები როგორ ამოიზარდნენ. ღმერთი არ გვწირავს, ის ღმერთი რომელიც თქვენ მიივიწყეთ და მამონაზე გაცვალეთ.

დაბოლოს რჩევა და კითხვა მაქვს თქვენთან ღირსო მამებო. გირჩევდით დაგეწერათ წიგნი სათაურით: „როგორ ვიშოვოთ მორიგი მილიონი“.  დამიჯერეთ, კარგად გაიყიდება, ბევრია აღფრთოვანებული თქვენი ფული შოვნის ალღოთი.  ჩვენ ღმერთი დაგვაკარგვინეთ  და იქნებ ფული გვაპოვნინოთ, თორემ  ჩვენ აქ ზოგჯერ, წამლის ფული არ გვაქვს.

დაბოლოს კითხვა, ღირსო მამებო:

ტაბურეტები ჩვენ უნდა წამოვიღოთ თუ თქვენ დაგვირიგებთ?! არ მაქვს და განვიცდი სარწმუნოების დაცვისას უიარაღოდ არ დავრჩე.

ცხენი  კი მყავს, ლურჯა!

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.

 

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები