PENVIRONMENT

უცნობი ადამიანების მულტიკულტურული თბილისი თვითიზოლაციის ფანჯრებიდან

×
ავტორის გვერდი გვანცა ჯობავა 2020-11-12 2501
ახლა 2020 წლის ნოემბერი დგას, მიწურული 21-ე საუკუნის, ჯერჯერობით, ყველაზე უცნაური წლის, რომელიც კორონა პანდემიის გამო, გვგონია, რომ მთლიანად გამოვტოვეთ, ჩვენი ცხოვრება გაჩერდა და ჩვენც ერთ ადგილას გავიყინეთ. ამჟამად კი, სრულიად გაუცნობიერებლად მოველით, რომ პირდაპირ 2021 წლის იანვარში გამოვიღვიძებთ და იმ წუთასვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. მიზეზი მარტივია - ახლა ომში ვართ, ომში უხილავ მტერთან, რომელსაც ამ დროისთვის შემაძრწუნებლად შთამბეჭდავი სტატისტიკა ახლავს თან - ვირუსით 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა და მილიონზე მეტი - უკვე გარდაიცვალა. 
 
მე კი ამ ტექსტს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ძველ უბანში განთავსებულ ერთ-ერთ სასტუმროში ვწერ, სადაც რვადღიან კარანტინს ვიხდი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის რვა სავალდებულო დღეს. რატომ? იმიტომ რომ ორიოდ კვირის წინ, დიდხნიანი წყვეტის შემდეგ, ისევ „გავბედე“ და საქართველოს საზღვრებს გარეთ ვიმოგზაურე, შარჯას წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე რომ მიმეღო მონაწილეობა და ახლა კი, შინ დაბრუნებული, ვალდებული ვარ რვა დღით იზოლაციაში დავრჩე იმისთვის, რომ მოვიპოვო უფლება, ისევ მოვედო თბილისის ქუჩებს, ისევ შევძლო მონატრებულ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრა. ეს ახალი წესრიგია, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ქალაქის არა, ასეთია დღეს მსოფლიო წესრიგიც (სხვათაშორისო, ზუსტად დღეს მომწერა ჩემმა კანადელმა კოლეგამ, ჩემი ფეისბუქ ამბის (სთორის) ნახვის შემდეგ - გვანცა, შენი კარანტინის ხედი ჩემსას ბევრად სჯობია - და გაიცინა. ისიც ჩემსავით სამოგზაურო „სასჯელს“ იხდის). თუმცა, ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ მთელი ამ წესების დავთრებს, რომლებსაც დღეს რეგულაციებს ვუწოდებთ - და ამასობაში, ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობებმა უკვე მათი სათავისო, ანტიდემოკრატიული ინტერესებისთვის გამოყენებაც ისწავლეს - მალე, ერთ ძალიან მშვენიერ დღეს, ყველანი, მთელი სამყარო, დავიწყების სკივრში შევინახავთ და საზეიმოდ წყალს გავატანთ. 
 
თუმცა, იქამდე ალბათ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის და რადგან ის მშვენიერი დღე ჩემი კარანტინიდანაც ამ წუთას მეტისმეტად შორეულ პერსპექტივაში თუ მოჩანს, ისევ ჩემს ტექსტს მივუბრუნდები. სასტუმროს აივანზე მოვკალათდი, ლეპტოპი პატარა მაგიდაზე მოვათავსე და თბილისური ხედის მშვენიერებას მივენდე იმ იმედით, რომ ჩემ წინ გადაშლილი ზღაპრული სანახაობა ნიშანს მაინც მომცემდა, რა და როგორ დამეწერა ამ პარადოქსებით სავსე ქალაქის შესახებ. უცნაურია, ახლა შინ არ ვარ, ე.წ. საკარანტინო სასტუმროს ბინადარი ვარ, მაგრამ ეს ხედი მთელი ჩემი ბავშვობაა - მთაწმინდა, სიონი, მეტეხი, ქართლის დედა,  აივნებიანი ძველებური სახლები, სომხური ეკლესია, ნარიყალა, მეჩეთი - ყველაფერი ნაცნობია და ჩემ თვალწინ, ერთ სიბრტყეშია განთავსებული, ზუსტად იმ განლაგებით, საზეპიროსავით რომ მოგიყვებით ნებისმიერ დროს. ამ „ნაცნობობის“ მიზეზი კი ისაა, რომ ჩემი ბავშვობის სახლიდანაც, სადაც ახლაც ვცხოვრობ, ერთ დროს ზუსტად ეს სანახაობა იშლებოდა. შემდეგ კი, ჩემს უბანსა თუ ქუჩაზე ბევრი რამ შეიცვალა, ძველი სახლები დაინგრა და მათ ნაცვლად ახალი სახლები თუ სასტუმროები აშენდა. ამიტომ ეს ხედი წლებია აღარ მინახავს, თუმცა ამ დაუგეგმავმა გადმობარგებამ კარანტინში, სადაც ჩემმა ახალმა მეზობლებმა დიდი სიყვარულით შემიფარეს, თითქოს ბავშვობაში დამაბრუნა. ერთი კია, ჩემი ბავშვობის შემდეგ ამ ხედის მწვანით შემოსილი მონაკვეთები მნიშვნელოვნად გამეჩხერებულა და ნაცვლად ამისა, სხვადასხვა მხარეს ბეტონის მასიური შენობები ამომართულა. ურბანიზაცია, ვიტყვით და მარტივი ახსნაც მსწრაფლ ნაპოვნია. 
 
მახსოვს, მძიმე 90-იან წლებში, როდესაც თბილისში შუქი წამდაუწუმ ქრებოდა და ან ჩვენგან წასული არც არასდროს ბრუნდებოდა უკან, გავხედავდით მე და ჩემი ოჯახის წევრები ჩვენი სახლის ფანჯრიდან ზუსტად ამ ხედს, გადავამოწმებდით, რომელ მხარეს ბჟუტავდა შუქი და რომელ მხარეს - არა, გონებაში რაღაც გაუგებარ გამოთვლებს გავაკეთებდით და ბოლოს დავასკვნიდით: ხედავ, კრწანისში მოსულა შუქი, ალბათ ჩვენთანაც მალე მოვა! - იმ წუთას კრწანისის რომელიღაც უბანში ანთებული შუქი ჩვენ მიერვე გამოგონილი იმედის ნაპერწკალი იყო, ხავსი, რომელსაც შეგვეძლო ყველასთვის უკითხავად მოვჭიდებოდით. თუმცა, მანამდე, არსებობდა ერთი უპირობო რიტუალი - შუქის მოსვლამდე დარჩენილი დრო რომ როგორმე გაგეყვანა, ათასამდე უნდა დაგვეთვალა. ჰოდა, მამაც სრული თავდაჯერებულობით დაგვასაქმებდა ხოლმე პატარებს: აბა, ჯერ ათასამდე დაითვალეთ და მერე შუქიც მოვა! 
 
ძველ თბილისში ცხოვრება ყოველთვის მომწონდა, თუმცა, აქ ცხოვრებას თავისი წილი სირთულეები ახლდა თან და ეს პირველ რიგში, „მოვლენათა ეპიცენტრთან“ ახლოს ყოფნას გულისხმობდა. იმ მძიმე 90-იან წლებში, მე და ჩემს დას სახლში ხშირად გვესმოდა სროლის ხმა, და ცოტა ხანში, თითქოს აღარაც არაფერი იყო ამაში არჩვეულებრივი. დილაობით კი, მამაჩვენის დიდ მუჭაში შეგროვილი ტყვიების ბღუჯაც გვინახავს საკუთარი თვალით, რომელთაც იგი წინა ღამით ქალაქში დატრიალებული მორიგი განუკითხაობის შემდეგ, დღის შუქზე მარტივად პოულობდა ხოლმე ჩვენი სახლის ეზოში მიმოფანტულს. ჩვენ მისი შეძრწუნებული თვალებიც გვინახავს, და იქ ჩამდგარი შიში მცირეწლოვანი, დაუცველი შვილების გამო. მაშინ იმგვარი ცხოვრება იყო და იმ ცხოვრებასაც თავისი წესები ჰქონდა, თუმცა, დღევანდელი ე.წ. ბიოლოგიური ომისგან განსხვავებით, ის, რაც მაშინ ჩვენს ქალაქში ხდებოდა, ჩვენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ, ამ ქალაქელებს გვესმოდა - ამას ვერ მოყვებოდი, ამას ვერ ახსნიდი, ეს უნდა გენახა. 
 
თუმცა, რაოდენ უცნაურიც და ამასთან, ძალიან დამღლელიც არ უნდა იყოს, ჩვენი ცხოვრება თითქოს წრეზე ბრუნავს, ისტორიაც დაუსრულებლად მეორდება. ჰოდა, ბოლო დღეებია, ჩემი დროებითი საცხოვრებლის აივანზე მოკალათებულს, როგორც მაშინ, წლების წინ, დღესაც ისევე ჩამესმის თბილისის გულში, პარლამენტის წინ მორიგი პროტესტისთვის შეკრებილი ათიათასობით ადამიანის გულმხურვალე შეძახილი. ჩემი მეგობრებიც იქ არიან, მაგრამ მე მათთან მისვლის, მიახლოების უფლება არ მაქვს, ამიტომ დროდადრო ჩემს ტელეფონში ვრთავ პირდაპირ ჩართვებს მოვლენათა ეპიცენტრიდან და ვფიქრობ, ნუთუ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქის ხვედრიც ასეთია, რომ სულ მუდამ უნდა დუღდეს და გადმოდუღდეს, სულ მღელვარე იყოს, სულ უფსკრულის პირას მისული, სულ გადარჩენისთვის მებრძოლი, სულ ქუჩაში გამოსული ერთი იდეით - თავისუფლება! თავისუფლება! თავისუფლება! ნუთუ ასეთია კაცობრიობის ხვედრი?! თუ მხოლოდ ჩვენ ვართ ასე, რომ ხალხს, რომელიც ჟამთა ცვლის მიუხედავად, კვლავაც დაუცხომელი გზნებით ითხოვს თავისუფლებას, ყოველთვის ვიღაც ემართლება მის წილ ამ სიკეთეს, ხან გარედან მოსული, ხან შინაური, ჩვენ შორის აღზევებული. საუკუნეები გადის, ხალხი კი თითქოს არ იცვლება, არც მათი ფუნდამენტური მოთხოვნა და სურვილი - იყვნენ თავისუფლები. და იქნებ, ეს ყველაფერი იმიტომაც ხდება, რომ სინამდვილეში, ყოველთვისაც ვიყავით და ახლაც თავისუფლები ვართ. 
 
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მძარცველებმა ჯიბეები ამოგვისუფთავონ, შესაძლოა სახლებში შემოგვივარდნენ და ჩვენი მთელი ცხოვრების ნაშრომი მიისაკუთრონ, შესაძლოა ჩვენივე მიწები გამოგვგლიჯონ ხელიდან და თან ისე, რომ შემდგომ არც გააშენონ, არც იზრუნონ მათზე, და სულ პირიქით, უსიერ  ტყეებად გადააქციონ,  მაგრამ არის რაღაც, რასაც ვერ მოიპარავ, ვერ მიისაკუთრებ - ეს მტკიცე, ურყევი, შეუბღალავი თავისუფლებაა, რომელსაც, თუ ამის ძალა და სიმტკიცე გეყო, შენ თვითონვე ბადებ შენს თავში, შენ თვითონვე ზრდი, ყოველდღიურად წყალს უსხამ და ეფოფინები და ბოლოს მასთან ერთად კვდები. იქნებ დღესაც ამიტომ დგას თბილისი, მართალია ბეტონის უამრავი „საფრთხობელით“ ერთიორად დამძიმებული და ბუღისა და კვამლის ღრუბლებში ჩაძირული, მაგრამ მაინც მხრებში გამართული და თავდაჯერებული, იქნებ იმიტომ, რომ ის, რაც მის სულში იმალება, რაც ასე მტკიცედ აქვს შესისხლხორცებული, მას ვერ მოიპარავ, მას ვერ წაართმევ, მას ვერ შებღალავ და დაამახინჯებ...  
 
ჩემი ბავშობის სახლი ძველ თბილისურ იტალიურ ეზოში დგას, სადაც ჩვენ გარდა, ოსები და სომხები ცხოვრობდნენ - ეს მეტისმეტად მულტიკულტურული გარემო გახლდათ და ზუსტად იგივე ხდებოდა სხვა მეზობელ ეზოებშიც. ოსებმა უფრო ადრე დატოვეს იქაურობა და გადასახლდნენ, აი, სომეხი ლუსიკა ბებო კი, მე და ჩემს დას ძალიან რომ გვიყვარდა, უფრო დიდხანს დარჩა ჩვენ მეზობლად. თუ საჭმელზე უარს ვამბობდით, დედა ლუსიკა ბებოსთან გვიშვებდა, იქ თითქოს საჭმელსაც სხვა გემო ჰქონდა და თან ისე ტკბილად დაამღერებდა, გვანცა ჯაააან, სოფო ჯაან, როგორ გინდოდა მისთვის რამეზე უარი გეთქვა. მერე დრო გავიდა და ბევრი პირადი ტრაგედიის შემდეგ, ლუსიკა ბებომაც დაკეტა თავისი სახლის კარი და რუსეთში გადასახლდა. შემდგომში, ხმები მოგვდიოდა, რომ მას სულ ენატრებოდა თბილისი, მაგრამ „დაბრუნება“ მხოლოდ გასულ წელს შეძლო, როდესაც ოჯახმა მისი უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად, მისი ცხედარი თბილისში ჩამოასვენა. ერთი დღით დააბრუნეს თავის ძველ სახლში და შემდეგ კი, თბილისურ მიწას მიაბარეს. წლების შემდეგ სომეხი მეგობარი გავიჩინე, ჰრიფსიმე, რომელიც გამომცემელია და ერევანში ცხოვრობს. მას ლუსიკა ბებოსავით თბილისში არასდროს უცხოვრია, მაგრამ ისე უყვარს ეს ქალაქი, თითქოს ჩვენებური იყოს. ცოტა ხნის წინაც, შარჯას წიგნის ბაზრობაზე მოვხვდით ერთად და შეხვედრისთანავე, ხმამაღლა და გარკვევით დამიმარცვლა: გვანცა, გახსენით საზღვრები, დროზე გახსენით საზღვრები, რომ შემეძლოს შაბათ-კვირას თბილისში გამოვიქცე. ხომ იცი, რომ ჩვენთვის თბილისში ჩამოსვლა დღესასწაულია. ისიც დააყოლა, სასაზღვრო პუნქტში ჩემი ნათესავი მუშაობს, ამ ზაფხულს თითქმის ყოველდღე ვურეკავდი ერთი და იგივე კითხვით, საზღვარი ხომ არ გახსნილა, საზღვარი ხომ არ გახსნილა, თითქოს ერთ დღეში რამე შეიცვლებოდაო. 
 
უყვართ თბილისი ჩვენს მეზობლებს, და ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისსაც უყვარს ისინი. თბილისს აქვს პოტენციალი იყოს კავკასიის რეგიონის ერთგვარი ჰაბი - მეგობრობის, თანამშრომლობის, თანადგომის ცენტრი, სადაც შეიკრიბებიან მეზობლები და იმსჯელებენ იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა ჩვენს რეგიონში, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე თუ ერთად ვიყოთ ძლიერები, სტაბილურები, მსოფლიო საზოგადოებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იდეა კვლავაც მიუღწეველ ოცნებად რჩება, იმიტომ რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენს ცხოვრებაში დაუსრულებლად ხელებს აფათურებს და  ცოდვა გამხელილი სჯობს, ჩვენ შორის ყოველთვის ჩნდებიან ადმიანები, რომლებიც ამ ხელის ფათურს სიამოვნებით აშველებენ საკუთარ ხელსაც. 
 
სომხეთიდან და აზებაიჯანიდან მოსულმა ბოლო ამბებმაც კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი ჩააქრო - ომი დასრულდა და რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებით, ამ ორ ქვეყანას შორის რუსი სამშვიდობოები (რაოდენ პარადოქსული სიტყვათშეთანხმებაც არ უნდა იყოს) ჩადგებიან და რამდენადაც არ უნდა ზეიმოდეს ახლა აზერბაიჯანი გამარჯვებას და სომხეთი დამარცხებაზე წუხდეს, იქ, სადაც რუსი ჯარისკაცები თავისუფლად დააბიჯებენ, სამწუხაროდ, დღეიდან ალბათ ვეღარც ბაქო დაიძინებს მშვიდად და ვეღარც ერევანი. თბილისს კი, ისედაც დიდი ხანია აღარ ახსოვს მშვიდი ძილი რას ნიშნავს და ერთ ღამეში რეგიონში მომხდარმა საგანგაშო გადალაგებამ, რა თქმა უნდა, ახალი საწუხარი გაგვიჩინა, საწუხარი საკუთარი თავისა თუ ჩვენი მეზობლების გამო... 
 
... ლუსიკა ბებოსავით ბევრი წავიდა ჩემი უბნიდან, ქალაქიდან, მათი სახლები, ეზოები დაცარიელდა, დაინგრა, მათ ნამოსახლარზე კი ახალი სახლები წამოიმართა. კარგად მახსოვს ის ოჯახიც, რომელიც ზუსტად ამ მიწაზე ცხოვრობდა, სადაც ახლა ჩემი საკარანტინო სასტუმრო დგას. მათი ეზო ჩვენს ეზოს ემიჯნებოდა, ბიჭი ჰყავდათ, რომელსაც ფსიქიკური დარღვევები ჰქონდა, ამბობდნენ ცხრა აპრილს მიტინგზე იყო, რუსმა ჯარისკაცებმა თავში რაღაც მძიმე საგანი ჩაარტყეს და მას შემდეგ ასე დაემართაო. სულ თავის ოთახში იყო, ხან მღეროდა, ხან წერდა. ზაფხულობით თბილ ქურქს ჩაიცვამდა და ისე ჩამოდიოდა ეზოში. მე და ჩემი და პატარები ვიყავით, გვეშინოდა მისი და ვემალებოდით, ის კი თვალს თუ მოგვკრავდა, ტკბილად დაგვიძახებდა ხოლმე: სოფო მზეა, გვანცა - მთვარე... 
 
სწორედ ამ ამბის გამო, ძალიან პატარამ, ღრმა ბავშობიდანვე ვიცოდი, რომ თბილისში მიტინგზე წასვლა ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ შესაძლოა სრულიად „ჩვეულებრივი“ წახვიდე და სრულიად „არაჩვეულებრივი“ დაბრუნდე იქიდან. შემდეგ კი, მთელი შენი ცხოვრება ისე გავიდეს, რომ არც არავინ იცოდეს, რომ არა ვიღაც ცნობილი სახეები, ისტორიული ფიგურები, პოლიტიკოსები, ინტელიგენცია თუ სხვა და სხვა, რომლებიც არასდროს ჩამოდიან ტელე ეკრანებიდან, არამედ შენ, სწორედ შენ, შუაგულ აგვისტოში, თაკარა მზის ქვეშ თბილისურ ეზოში ქურქით გამოსული ახალგაზრდა თბილისელი ბიჭი, არეული თვალებით, შენ, რომელიც წლების წინ მიტინგიდან სრულიად სხვა ადამიანად მობრუნებული აღარავინ მოგიკითხა, არავინ გაგიხსენა, უფრო მეტიც, ისიც კი თითქმის არავინ იცოდა, საერთოდ იყავი თუ არა იმ დღეს იქ, სწორედ შენ და არავინ სხვა, ხარ ის, ვინც იბრძოლე, უანგაროდ დათმე მთელი შენი ცხოვრება და ამ ქალაქს, ამ ქვეყანას ყველაზე მთავარი აჩუქე, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. 
 
ერთხელ ნინო ხარატიშვილმა მითხრა, რომ თბილისი, ესაა ქალაქი, სადაც საოცარი, ხშირად საზარელი ამბები პირდაპირ ქუჩაში ყრია, შენ კი, როგორც მწერალს მხოლოდ ის გევალება, რომ ისინი წამოკრიფო და მათზე წეროო. და ეს მართლაც ასეა, ამბები ყველგანაა, ყოველი ქუჩის კუთხეში და ეს ფასდაუდებელი „არქივი“ დღესაც ყოველდღიურად ივსება ახალი, ხშირად ტრაგიკული და გულისგანმგმირავი ისტორიებით. ამიტომ, როდესაც თბილისის ქუჩებში გასეირნებას გადაწყვეტთ, ყოველთვის მიიხედ-მოიხედეთ, არასდროს იცით, წინ რა დაგხვდებათ. 
 
პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები