მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

კაკუნი სამოთხის კარზე

×
ზაზა კოშკაძე
ავტორის გვერდი ზაზა კოშკაძე 2020-05-15 42770

(ეგზეგეზა #1)

ბიბლიას ათასობით რელიგია სწავლობს, შესაბამისად მისი ათასობით ინტერპრეტაცია არსებობს. თუმცა მის მკვლევრებს ხშირად ავიწყდებათ მთავარი -  ეს წიგნი, ისევე, როგორც ნებისმიერი რელიგიური წმინდა წიგნი, მითოსური აზროვნების გამოძახილია. მითი კი ყოველთვის წარმოშობას უკავშირდება, რადგან მითი ონტოლოგიის პოეზიაა.

წიგნების საკრალიზებით და მათი მითოსისგან გამოცალკევებით ჩვენ უარს ვამბობთ მათ მთავარ სათქმელზე, რომელსაც შეუძლია ჩვენი გონება რეალური პრობლემებისკენ მიმართოს. სწორედ ამაშია მითის ძალა - ის გვიყვება, როგორ მოვედით იქ, სადაც ვართ. ეს სათქმელი არც ისე რთული მოსახელთებელია. ამისთვის მხატვრული ტექსტის ანალიზის ელემენტარული კულტურაა საჭირო. 

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ახალი კოსმოგონიური წარმოდგენების ჩამოყალიბება იწყება. ბიბლიურ კრეაციონიზმს ჩვენში რეალური საფუძველი ლეონტი მროველმა ჩაუყარა, რომლის ვერსიითაც დედამიწაზე პირველ დემოგრაფიულ აფეთქებებს ნოეს შვილთაშვილებმა დაუდეს სათავე. კაცობრიობის დასაბამის ეს ვერსია ჩვენს მითოსურ წარმოდგენებში მთავარ ადგილს იკავებს.

საინტერესოა, რას გვიყვება სინამდვილეში ბიბლია?

ბიბლიის პირველი წიგნი, „დაბადება“, გვიყვება, როგორ გამოყარა ღმერთმა ადამი და ევა სამოთხიდან და დაწყევლა.

(დაბადება 3:17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.)

რატომ იყო ხილის ჭამა ასეთი დიდი ცოდვა? რატომ დაწყევლა ადამიანი მიწასთან მტანჯველი მუშაობით? რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩვენთან?

სინამდვილეში, ადამის და ევას ედემში უდარდელი ცხოვრება ადამიანთა აგრიკულტურულ რევოლუციამდელი ყოფის მეტაფორაა. რევოლუციამდელი ადამიანი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი და მხოლოდ იმდენ საკვებს მოიპოვებდა, რამდენსაც ფიზიკურად დაძრავდა თავის ათკაციან საპიენსების ჯოგთან წასაღებად. გამომდინარე იქიდან, რომ მალფუჭებადი პროდუქტის - ხორცის ან ხილის - შენახვის ტექნოლოგიას ჯერ კიდევ ვერ ფლობდნენ, მეტი საკვების მოპოვებას აზრი არ ჰქონდა. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ პროდუქტის მალფუჭებადობამ მაშინდელი ადამიანის ცნობიერებაში მომავლის შესაბამისი აღქმა წარმოშვა. ადამიანს მხოლოდ რამდენიმიმე დღის წარმოდგენა შეეძლო წინასწარ. ხოლო, რა მოხდებოდა ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ, ვერაფრით წარმოიდგენდა. 

შემდეგ მოხდა აგრიკულტურული რევოლუცია და ადამიანმა პირველად მოიშინაურა მცენარე. თუ მანამდელი ადამიანის ჩონჩხი ისე იყო განვითარებული, რომ მას შეძლებოდა დიდ მანძილებზე გადაადგილება, კლდეზე ცოცვა და სხვა მსგავსი გიმნასტიკა, ახლა მიწათმოქმედების დრო დადგა. ეს იმ ტიპის შრომა იყო, რომელიც სიმძიმეების აწევას და სიცხეში მიწასთან მუშაობას მოითხოვდა. ამისთვის ადამიანის ორგანიზმი მზად არ იყო და, შესაბამისად, ძალიან უჭირდა. დროთა განმავლობაში ადამიანი შეუდგა ოსტეოლოგიური გადაფორმატების მრავალსაუკუნოვან გზას. ადამიანის ხერხემალმა სერიოზული ცვლილება განიცადა შრომის წესების შეცვლის შედეგად. ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეული და მტანჯველი იყო. გაიზარდა ადრეული სიკვდილის შემთხვევები. ეს ლოგიკურიც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ამჯერად შრომა თავის გამოსაკვებად კი არ უწევდათ, არამედ მარაგის დასაგროვებლად. მარაგი კი რაც მეტია, მით უკეთესი. ამის შემდეგ გამოიმუშავა ადამიანმა შორეული მომავლის დანახვის უნარი. ანთროპოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ აგრიკულტურულმა რევოლუციამ ადამიანთა ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. შესაძლოა ისინი უკვე ხვდებოდნენ, რომ სამოთხიდან იქნენ გამოძევებული ამ საკრალურის მცენარის გასინჯვის გამო (რომელიც ანთროპოლოგიაში ხორბალია და არა - ვაშლი), თუმცა ძალიან გვიან იყო. სამყარო უკვე ჩაფლული იყო ღრმა ფეოდალიზმსა და მონათმფლობელობაში. სწორედ ამ ტანჯვას გულისხმობს ბიბლია, როცა ადამის მტანჯველ ცხოვრებას წინასწარმეტყველებს.

ასეა: აგრიკულტურულმა რევოლუციამ ის პრობლემები მოგვიტანა, რომელთაც დღემდე ვებრძვით და ვერაფერს ვუხერებთ. შრომითი ექსპლუატაცია, ომები ტერიტორიებისთვის, ეკოლოგიური კოლაფსი და სხვა. მიწა ადამიანისთვის იდენტობის ნაწილი გახდა, რადგან მასთან იყო დაკვშირებული მატერიალური კეთილდღეობა - ის, რაც ადამიანს ყოველთვის ყველაზე მეტად აინტერესებდა. კაპიტალიზმი ამ ყველაფრის ერთი ყველაზე საშიში გამოვლინებაა, რადგან თუ მოწათმოქმედებამ ადამიანი ფიზიოლოგიურად შეცვალა, კაპიტალიზმმა ლიბერალური დემოკრატიის ეპოქაში მოახერხა ადამიანის ცნობიერების შეცვლა სარეკლამო და გართობის ინდუსტრიის მეშვეობით. ადამიანი არასდროს არაფერზე ყოფილა ასე დამოკიდებული, როგორც დღესაა იმ ნივთებზე, რომლებიც საერთოდ არ სჭირდება. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთი ტრაგიკომიკური სქრინი, სადაც ადამიანი წერდა: საინტერესოა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ინგრევა იმ შემთხვევაში, როცა ადამიანები მხოლოდ იმას ყიდულობენ, რაც მართლა სჭირდებათო.  

ადვილი ამოსაკითხია, რომ მცენარესთან საკრალური ზიარების შედეგად ადამიანი ახალ და ძალიან საშიშ ცოდნას იძენს. ის შეიმეცნებს სიკეთეს - რომ დოვლათი შეიძლება დააგროვო უსასრულოდ და ბოროტებას - რომ ეს დაგროვებითი ცნობიერება მასში ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას გამოიწვევს და საბოლოოდ, გლობალურ კოლაფსამდე მიიყვანს. ეს დააშორებს მას საკუთარ შორეულ და ღვთიურ საწყისს, რომელიც მასში ცნობიერების ჩამოყალიბებას გულისხმობს, ანუ კოგნიტიურ რევოლუციას.

თუ ასე წავიკითხავთ ამ წმინდა წიგნს, გამოდის, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიმართლეს გვიყვება ჩვენზე. რეალურად, უკანასკნელი 14 000 წელია, ჩვენ სამოთხის კარზე ვაკაკუნებთ და ველოდებით, როდის გაიღება ის ჩვენთვის. მაგრამ შანსები მიზერულია, რადგან ისე გამოვიდა, რომ ჩვენ კი არ მოვიშინაურეთ მცენარე, არამედ როგორც არაერთი მეცნიერი აღნიშნავს, მცენარემ მოგვიშინაურა ჩვენ. და ის შორს ნამდვილად აღარ გაგვიშვებს.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები