ბლოგები

ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ?

×
ავტორის გვერდი ვასო გულეური 2024-03-03 1271

საბავშვო ლიტერატურის, განსაკუთრებით კი, საბავშვო პოეზიის მიმართ დამოკიდებულება რომ არაერთგვაროვანია, ბოლო ათწლეულში ეს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. არ ვიცი, საბჭოთა მენტალობიდან შემორჩენილი გვერდითი მოვლენაა თუ თავისუფალი ქვეყნის დაკარგული თაობების პრობლემა, მაგრამ ერთი რამ ცხადია - უფროსი ასაკის ადამიანების დიდ ნაწილს არა მხოლოდ წაკითხულის გააზრება უჭირს, არამედ საკუთარი ბავშვობაც გამქრალია მათი მეხსიერებიდან.

ან, იქნებ, სწორედ იმის ბრალია, რომ საბჭოთა (და გვიანდელი, მეოცე საუკუნის ბოლოს ათწლეულებისაც) ბავშვისთვის ლექსები ბელადებზე და სახალხო ზეიმებზე უფრო ბევრი იწერებოდა, ვიდრე გაზაფხულზე, მზეზე, სიცილზე და თამაშზე? საბჭოთა მემკვიდრეობიდან მერე სხვა უკიდურესობაში გადავედით და პატრიოტიზმი შემოიჭრა ყველგან, უმეტესად კი სრულიად არასწორად და ახლა საბავშვო ლექსებში უხვად გაჩნდა სისხლი, მტერი, აჩეხა, წინაპრები და სხვა, ბავშვის გონებისთვის ჯერ სრულიად გაურკვეველი ცნებები.

რამდენიმე წლის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა - საბავშვო ბაღის მასწავლებელმა დამირეკა და მთხოვა, იქნებ გვესტუმროთო. უარი არ მითქვამს, მაგრამ მერე მკითხა - თქვენ სულ ცხოველებზე და ფრინველებზე გაქვთ ლექსები, ჩვენ გვინდა ბავშვებს პატრიოტული ლექსები ვასწავლოთ და არ გაქვთო? ცხადია, პატრიოტიზმის გაგება საბავშვო ბაღის ასაკშიც შეიძლება, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც უმეტესობას წარმოუდგენია. ჩემთვის პატრიოტიზმი სწორედ ყვავილების, ცხოველების, მზისა და ღრუბლების სიყვარულიდან იწყება. ამას კი ყველაზე უკეთ სწორედ საბავშვო ლიტერატურა ახერხებს.

საბავშვო ბაღში (და შემდგომაც, მოზრდილობამდე) ბავშვებს თამაში და ხალისი უნდათ, ბავშვებს სიცილი და გართობა სჭირდებათ.  ცხადია, იმ ბაღის მასწავლებელს ჩემი სტუმრობის სურვილი გაუქრა, რადგან მე ვუთხარი, რომ ერთი ლექსი მქონდა პატრიოტიზმზე, „მამა ჭია და შვილი ჭია“.

ამ პერიოდში თანდათან დაიწყო და მალე მასობრივი სახე მიიღო საბავშვო ლექსების თრევამ სოციალურ ქსელებში და საბავშვო ავტორების ბულინგმა.

ეს განსაკუთრებით სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილ ლექსებს ეხება, რადგან ზოგიერთი მშობელი შემთხვევით აღმოაჩენს, „რას ასწავლიან მის შვილს სკოლაში“, ვერ გამოაქვს აზრი წაკითხულიდან, მერე სადღაც ვიღაც თავისნაირის აღშფოთებულ პოსტს წაიკითხავს და - იწყება...

ერთ-ერთი ასეთი ლექსი არაჩვეულებრივი საბავშვო პოეტის, მაყვალა მრევლიშვილის გახლავთ, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს და ძალიან ვხალისობდი.

არადა, რა არ მოეწონათ მშობლებს? „ცაში გალობს კურდღელი“ - აი, ეს სახუმარო ფრაზა გახდა „დამნაშავე“. არადა, ამავე ლექსში ხოჭოს ადგას უღელი ან ნიჩბებს უსვამს ციყვი, ეტყობა, ჩვეულებრივ ამბად მიიჩნიეს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მაყვალა მრევლიშვილის სახელი ბევრი მათგანისთვის უცნობი აღმოჩნდა. დავუშვათ, ავტორი არ იცი, არც გაგიგონია. მაგრამ ნუთუ ბავშვობაში მსგავსი სახალისო ლექსები არასდროს და არსად მოუსმენიათ? წიგნებს რომ არ კითხულობდნენ და არც ახლა წაიკითხავენ, ეს ცხადია.

ამ ამბავს მალევე მოჰყვა ხმაური ჩემი ერთი საბავშვო ლექსის გამო, სადაც უმცროსი ძმა უცნაურ შეკითხვებს უსვამს უფროსს. ასეთი უცნაური შეკითხვები უყვართ ბავშვებს, თითქმის ყველა სვამს მსგავს შეკითხვებს სხვადასხვა ასაკში. მაგრამ არა, მშობლებმა აქ რაღაც საშიში და ბავშვებისთვის „გონების ამრევი“ დაინახეს. არადა, პატარა ბიჭი კითხულობს, ღამურა რომ ღამით დაფრინავს, ბეღურა ხომ დღისით დაფრინავს და დღემურა რატომ არ ჰქვიაო?

ლექსის კრიტიკა ნორმალური და მისაღებია, მაგრამ რაც ამას მოჰყვა, ეს კრიტიკა არ იყო. დაგროვილი აგრესია, სიძულვილი, ავტორის ჩაქოლვის თუ არა, ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნები... სრული ისტერია იყო და ეს ამბავი სეზონური ვირუსივით ყოველი წლის შემოდგომაზე მეორდება - სწორედ ამ პერიოდში სწავლობენ მეორეკლასელები ამ ლექსს სასკოლო სახელმძღვანელოდან.

ახლახან კი მორიგი აჟიოტაჟი ძველ ქართულ ხალხურ გამოსაჯავრებელზე ატყდა - მტირალა, მტირალა, ხბორებს ჩამოგილალავ...

ყველაზე სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს) ის არის, რომ ამ ორომტრიალში ჩაერთვებიან ხოლმე ჩვენი საზოგადოების „ცნობადი სახეები“ - პოლიტიკოსები, მათი მეუღლეები, მომღერლები... კიდევ უფრო სავალალოა, რომ მასწავლებლების არცთუ ისე მცირე ნაწილიც აქტიურად ილაშქრებს თანამედროვე (და არა მხოლოდ) საბავშვო პოეზიის წინააღმდეგ - თუ საბავშვო ლექსი პატრიოტული სულისკვეთებით არაა გაჟღენთილი (და პატრიოტობაც ძალიან ვიწროდ ესმით), ესე იგი, ბავშვებს არაფრად არგია. უფრო მეტიც, სახალისო ლექსები ბავშვებს „რყვნის, აჩლუნგებს“ - ეს მათი ტერმინებია.

რა არის ამ პრობლემის სათავე?

მე ვფიქრობ, ერთ-ერთი გაუნათლებლობაა. განათლება სულაც არ ნიშნავს დიპლომს, მით უფრო, საბჭოთა პერიოდში აღებულ დიპლომს. თუმცა, ევროპაში და ამერიკაში აღებული დიპლომიანებიც საკმაოდ არიან ხოლმე.

გაუნათლებლობასთან ერთად, საბჭოთა მენტალობა არ აძლევს ამ ადამიანებს საშუალებას, იაზროვნონ თავისუფლად და ბავშვებს შეხედონ, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებებს.

განათლებისთვის სკოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და აქ არსებულ პრობლემებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ბავშვობიდან უნდა უკითხავდნენ წიგნებს ოჯახში, ბავშვობიდან უნდა შევაჩვიოთ წიგნის კითხვას, წაკითხულის გააზრებას და თავისუფალ აზროვნებას.

არ ვიცი, ამ ნაწილს არასოდეს წაუკითხავს ქართული ხალხური პოეზიის შესანიშნავი ნიმუშები „კურდღლის სიზმარი“ ან „საბრალო დედაბრისასა“? არასოდეს წაუკითხავთ ზღაპრები, სადაც ყველაზე საოცარი ამბები ხდება? ბავშვები ხომ ამ ყოველივეს სრულიად ბუნებრივად იღებენ. ბავშვებს არ ეშინიათ დასვან შეკითხვები, არ ეშინიათ ფანტაზიისა და მათი წარმოსახვაც ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ზოგიერთი დიდისა.

თუკი ამ დიდებს არ ჰქონდათ თავისუფალი ბავშვობა (თუმცა, ბევრი სწორედ საბჭოთა წარსულს მისტირის ხოლმე), თუკი მათი ბავშვობის პერიოდი უსიყვარულო, უწიგნური და უინტერესო იყო, მაშინ გასაგებია - ისინი სწორედ ასეთი ბავშვობიდან მოდიან და ახლა მაინც უნდა სცადონ, დაუბრუნონ საკუთარ თავებს დაკარგული ბავშვობის ნაწილი და ნუ ეცდებიან, წაართვან შვილებს ის, რაც მათ არასოდეს ჰქონიათ.

და თუ მაინც გააგრძელებენ მოთქმას და ვაი-ვიშს, ეს რა ლექსებია, რას ასწავლიან ჩვენს შვილებსო, მათ ისევ ხალხური გამოსაჯავრებლით მივმართავ:

მტირალა, მტირალა,

ხბორებს ჩამოგილალავ...

 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები