ბლოგები

სიტყვა სიტყვაა

×
ავტორის გვერდი რუსუდან რუხაძე 2024-02-14 3214

გუშინ კიდევ ერთ პეტიციას მოვაწერე ხელი.

არ დამითვლია, ბოლო წლების განმავლობაში, თანამოაზრეთა ჯგუფებში თუ ონლაინ პლატფორმებზე რამდენ მიმართვას შევუერთდი. რადგან ყველას ყველაფერი ერთნაირად არ გვაღელვებს, მეც ძირითადად იმ პრობლემებს ვეხმიანები, რომლებიც კულტურის პოლიტიკას, ლიტერატურულ პროცესებს, ქალაქის დაგეგმარებას, ადამიანთა უფლებებსა და ცხოველთა დაცვას ეხება. საკითხთან შემხებლობის გარდა, ალბათ, ხშირად იმაზეც ვფიქრობ, რომელ სფეროში უფრო მნიშვნელოვანი იქნება აზრის გამოხატვა და ძალისხმევის გამოჩენა, სად უფრო შევძლებ პოზიციის დაცვას და არგუმენტებით მსჯელობას. პეტიციის შექმნისთანავე ჩნდება ხალხი, ვინც იწყებს პროცესის შებღალვას, რომ კოლექტიური წერილების წერა საბჭოთა ეპოქის გადმონაშთი და თანამედროვე ბოლშევიზმის გამოხატულებაა. იწყებენ ხელმომწერთა გაშარჟებას, პრობლემის დაკნინებას და ციფრებით ჟონგლიორობას – ასი მწერალი, ორასი მეცნიერი, სამასი რეჟისორი...  

ამგვარი აქტივიზმის მიმართ დროდადრო უნდობლობა უჩნდებათ ხელმომწერებსაც – საერთოდ, აქვს თუ არა აზრი ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო ვერ დაიკვეხნის პეტიციების შედეგად მოტანილი ცვლილებებით, ვფიქრობ, ის მაინც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ტრადიციაა. ეს არის მშვიდობიანი და ლეგალური გზა, გამოხატო შენი სამოქალაქო პოზიცია, შეცვალო პოლიტიკური დღის წესრიგი, ხმა მიაწვდინო გადაწყვეტილების მიმღებლებს, შეაფხიზლო საზოგადოებრივი აზრი, აღმოაჩინო თანამოაზრეები და ისიც განსაზღვრო, ამა თუ იმ საკითხს ექნება თუ არა ფართო მხარდაჭერა. სოციალური მედიის ეპოქაში საკუთარი აზრის საერთო წერილით გამოხატვა  განსაკუთრებით მოსახერხებელი იმ ათასობით მოქალაქისთვისაა, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას სხვაგვარად ვერ ახერხებენ – ფიზიკურად არ შეუძლიათ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას შეუერთდნენ; ნაკლებად არიან გაწაფულები, საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად თანამედროვე სოციალური პლატფორმები გამოიყენონ; არ მიუწვდებათ ხელი, თავიანთი მოსაზრებები, თხოვნები თუ მოთხოვნები პოლიტიკოსებს საერთო მეგობრის პირით შეუთვალონ.

რა თქმა უნდა, დასახული მიზნის მისაღწევად მხოლოდ პეტიციაზე ხელმოწერა საკმარისი არ არის და ტელე თუ ონლაინ დისკუსიებში, საპროტესტო აქციებსა და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობაც აუცილებელია. თუმცა, სხვას თუ ვერაფერს შევძლებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ პეტიციაზე ხელმოწერაც უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებულია.  ყველაზე მარტივად სწორედ ასეა მოსახერხებელი აქტივისტების გამხნევება და თანამოაზრეებისთვის შემოძახება – თქვენთან ვარ! ჰაველისებურად რომ ვთქვათ, ესეც ჩვენი საერთო მორალური მინიმუმია.

დღეს ისევ ბლოგს ვწერ.

ვწერ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა ვწეროთ იმ პრობლემების შესახებ, რომელთა გადასაჭრელადაც პეტიციებს შევუერთდით და, შესაძლოა, დაუკმაყოფილებლობის განცდაც გაგვიჩნდა. თეთრი ფურცლის შიში ამ შემთხვევაში  მაინცდამაინც იმას კი არ გულისხმობს, გეყოფა თუ არა ოსტატობა, თავი მოაბა შენს სათქმელს ან თუნდაც სხვაზე უკეთ ჩამოაყალიბო, არამედ იმასასაც, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი საერთოდ უთქმელი არ დაგვრჩეს. შეიძლება ასეც ითქვას: ის, ვისაც ამბის მოყოლა და წერა შეუძლია, გარკვეულწილად ვალდებულიც არის დისკუსიის წერილობით წამოწყება  ითავოს და საერთო საქმეს ასე შეეხიდოს.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ პოლიტიკური მიმომხილველი, ტომას ფრიდმანი თავის წიგნში „გრძედები და განწყობები“ წერს, რომ მთავარია, მისი სტატიების წაკითხვის შემდეგ, მკითხველს ოთხიდან ერთი რეაქცია მაინც ჰქონდეს. პირველი: „ეს მე არ ვიცოდი,“ – თუკი ტექსტი შეიცავს ინფორმაციულ სიახლეს, მკითხველთა ნაწილისთვის ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი შეიძლება სწორედ ეს აღმოჩნდეს. მეორე: „ამ საკითხისთვის ასე არასოდეს შემიხედავს,“ – აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთები, ვისთვისაც საკითხი ნაცნობია, მაგრამ სტატიის გაცნობის შემდეგ განსხვავებული რაკურსით, ახალი პერსპექტივით აღიქვამს მოვლენებს. მესამე: „ზუსტად იმას წერ, რასაც ვფიქრობ, თუმცა არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა,“ – ხშირად ბლოგების წაკითხვის მოტივი იმ ავტორების ძიებაა, ვინც საკუთარ სიმართლეში დაგარწმუნებს და არგუმენტებითაც მოგამარაგებს. მეოთხე: „მძულხარ შენც და ყველაფერი, რასაც ემხრობი,“ – ეს ალბათ ყველაზე ძნელად მოსახელთებელი მკითხველია, რადგან ინფორმაციის წყაროს არჩევისას ყველა მაინც თანამოაზრეს ეძებს. წიგნის ავტორი ფიქრობს: „სტატიის ღირებულება იმით განისაზღვრება, თუ რამდენად სძულთ ან მოსწონთ იგი. მე ვცდილობ გამოვაფხიზლო და ზოგჯერ გავაბრაზო კიდეც ჩემი მკითხველი. ამას მხოლოდ გამოწვევისთვის არ ვაკეთებ. მსურს, რომ ნათლად გამოვხატო ის, რასაც ვგრძნობ. თუ ოდესმე ამის შემეშინდება, მაშინ ჩემს საქმეს ვეღარ გავაკეთებ.“

ფრიდმანი რეალურად პროფესიულ ეთიკასა და მედიის იმ სტანდარტულ ჩარჩოებზე საუბრობს, რომლებსაც წერისას ყველანი ვიყენებთ მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა მათ შესახებ. თუმცა, აუცილებელია ისიც გავითვალისწინოთ: როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგი, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს კონფლიქტი ადამიანებს, ინსტიტუციებს ან ღირებულებებს შორის, რა სიმწვავითაც არ უნდა აყენებდეს ავტორი ამა თუ იმ მხარის მორალურ თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს მკითხველის ადამიანური ინტერესი – მერე მე რა? ჩემთვის რა იცვლება?

ხვალ მოთხრობას მივუბრუნდები.

ბოლო დროს ზეპირსიტყვიერ ლიტერატურულ კრიტიკაში ტექსტის დასაკნინებლად  გაჩნდა სიტყვა „ენჯეო“, რაც თითქოს პლაკატურობას ან ადვოკატირებას გულისხმობს. საინტერესო დასაკვირვებელია, რა გავლენას ახდენს საზოგადოებრივი, გნებავთ, არასამთავრობო სექტორის დღის წესრიგი თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე და რამდენად განსაზღვრავს  მის მთავარ სათქმელს. ანკი რას ნიშნავს „ენჯეო“ თემა – იმას, რომ ძალადობა სიყვარულად არ წარმოაჩინო? მეამბოხე ქალი ალქაჯი არ გეგონოს? ან ეკლესიის კრიტიკა ქვეყნის ღალატად არ მიგაჩნდეს? არასამთავრობო სექტორიცა და მწერლობაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია, მათი ურთიერთზეგავლენა კი ბუნებრივი და ნებაყოფლობითია. რაც შეეხება მათ შორის იდეური თანხვედრის სამხილად წარმოჩენას, დიდწილად სწორედ ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური პროპაგანდის ნაწილია. ყველამ ვიცით, ვერც საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისგან თავის არიდება, ვერც სამწერლო რეზიდენციაში გამოკეტვა და ვერც ტელევიზორის ყურებაზე უარის თქმა მწერალს კონტექსტისგან ვერ იხსნის. ის კი სხვა ამბავია, რამდენად შეძლებს საკუთარი ხმის პოვნას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას და აღმოაჩნდება თუ არა საკმარისი შემოქმედებითი ფერმენტები, ყოველდღიურობა მხატვრულად დაამუშაოს და ცოცხალი ტექსტი შექმნას.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ისედაც გაიშვიათებული ლიტერატურული კრიტიკა მხოლოდ ცალკეული ტექსტის მხატვრულ ღირებულებას კი არა, იდეოლოგიურ გზავნილებსაც აანალიზებდეს. თუკი ბოლო წლებში დაწერილ რომანებს ყურადღებით წაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ არსებობს გამჭოლი თემები, რომლებიც თანამედროვე ავტორებს განსაკუთრებით აღელვებთ და წარმოსახვით ლიტერატურულ სალონში ლიბერალიზმის, სექსუალური იდენტობის, გენდერული თანასწორობის და ადამიანის უფლებების საკითხებზე ცხარე კამათი გაუმართავთ. მაშინ, როდესაც „ენჯეობის“ გავლენისგან თავისუფალ მხატვრულ ლიტერატურაში ნარატორთაგან ჩნდება ფრაზები – „ულტრალიბერალიზმის პიედესტალზე წამოსკუპებული მწერლები“ ან „...ფუნდამენტალისტმა ლიბერალებმა, პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება დაგახრჩონ“ – „საპასუხო“ ტექსტებში იბადებიან ეთერო, რომეო, ლორა... – პერსონაჟები, რომლებსაც აქამდე ლიტერატურული სიცოცხლის უფლება არ ჰქონდათ, ხოლო საარსებო სივრცისთვის წიგნის ყდის მიღმა ახლაც თავგამოდებით იბრძვიან.

თუ მწერლებს შორის მოდელირებულ დისკუსიას არა მხოლოდ პეტიციებითა და ბლოგებით, არამედ ინტერტექსტუალური გადაძახილებითაც ავკინძავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის საკმაოდ პლურალისტურია. ვფიქრობ, ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ეს მრავალფეროვნებაცაა და თუკი გვჯერა, რომ ჩვენი ევროპული მომავალი თანამედროვე ქართულმა ლიტერატურამაც უნდა განსაზღვროს, მაშინ ყველაზე მეტად შემოქმედებითი თავისუფლება უნდა დავიცვათ – უპირველესად კულტურის რეპრესიული პოლიტიკისგან და არა „ენჯეოებისგან“. დანარჩენი კი მაინც ინდივიდუალური არჩევანისა და პირადი ბრძოლის ამბავია, ხელმოწერით გამოხატავ შენს სათქმელს, ბლოგითა თუ სქელტანიანი რომანით. 

სიტყვა სიტყვაა.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები