Penდღიური. I დღე

ნიუ-იორკიდან გწერთ.

ამ ქალაქში პირველად აღმოვჩნდი და, ცხადია, შოკში ვარ. კისერი მტკივა, თავი სულ მაღლა მაქვს აწეული... ცათამბჯენები ნისლში იკარგება. გოლიათების პლანეტაა. 

ნიუ-იორკში ამერიკის პენ-ცენტრის და მარტინ ე. სეგალის თეატრის მოწვევით ჩამოვედი. გუშინ (საქართველოსთვის - გუშინწინ; მოგეხსენებათ, აქ სხვა დღეა) გაიხსნა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (PEN WORLD VOICES - FESTIVAL OF INTERNATIONAL LITERATURE), რომლის ფარგლებშიც წაიკითხავენ ჩემს პიესას "ცივი ჩაი". არა, არა, ქართულ ჩაიზე ნამდვილად არ დამიწერია - ეს პიესა რევოლუციაზეა (შეგახსენებთ, ბოლო ქართული რევოლუცია სწორედ ჩაის დალევით დასრულდა). 

ფესტივალის ერთი დღე რევოლუციურ (რევოლუციაზე დაწერილ) პიესებს ეძღვნება, სადაც ჩემი პიესის გარდა ეგვიპტელი ლაილა სოლიმანის "ტაჰრირის მოედნის დღიურებსა" და ნიუ-იორკელი მაიკლ ფრიდმანის "დაიპყარი WALL STREET"-ს წარმოადგნენ. პიესების კითხვის შემდეგ გაიმართება დისკუსია, სადაც ირანელი მწერალი მუჰამედ დოვლადაბადიც შემოგვიერთდება და თავისი ქვეყნის რევოლუციაზე მოგვითხრობს ამბებს. 

ჩემი პიესის კითხვა დიმიტრი ტროიანოვსკიმ დადგა და მასში მარტინ სეგალის თეატრის მსახიობები იღებენ მონაწილეობას. 

ამ ფესტივალზე ყოველთვის აქტუალური იყო პოლიტიკა, მაგრამ წელს მაინც განსაკუთრებულად პოლიტიზებულია; ნიუ-იორკში მიტინგებია - Wall Street-ს უტევენ. ყველა ეგზალტირებული და ბედნიერია. ჰელენ შოუმ (ფესტივალის მენეჯერმა) მითხრა - ხვალ უმნიშვნელოვანესი დღე გვაქვს, მუშაობა უნდა შევწყვიტოთ და Wall Street-ის "ოკუპანტებს" გამოვუცხადოთ სოლიდარობაო... 

მოკლედ, ვერ ავცდი ამ მიტინგებს. 

რა ვქნა, წავყვე? დავცხო "შავლეგო"? ჩავუტარო მიტინგზე დგომის მასტერკლასი? 

თუმცა ფესტივალის პროგრამა იმდენად საინტერესოა, ვეჭვობ, სადმე წასვლა მოვახერხო. მოხსენებებს წაიკითხავენ ჰერტა მიულერი, სალმან რაშდი და სხვები. ჩვენი მასპინძელი სწორედ ეს უკანასკნელია (რაშდი პენ-ცენტის პრეზიდენტია, თუმცა უკვე მაისის ბოლოს სხვა დაიკავებს მის ადგილს; ასეა, სამუდამო პრეზიდენტობა პენ-შიც არ გამოდის). 


თქვენს მონა-მორჩილს წილად ხვდა პატივი ლიფტში გაჭედილიყო სალმან რაშდისთან ერთად. უფრო სწორად, ეს მე მეგონა, რომ გავიჭედეთ, თორემ ლიფტი "უგრძნობლად" მიიწევდა ზევით. მართალია, რაშდის უკვე აღარავინ დასდევს მოსაკლავად (შეგახსენებთ, "სატანური ლექსების" გამო 1989 წელს აითოლა ხომეინიმ "ფატვა" გამოუცხადა მწერალს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი გაუქმდა), მაგრამ მე მაინც შევშინდი - რა იცი, ვინ გვჭედავს!


რაშდი, როგორც მოსალოდნელი იყო, საოცრად ცნობისმოყვარე და გონებამახვილი ადამიანი გამოდგა; გაგვეცნო, გვესაუბრა და თავისი წიგნებიც გვისახსოვრა. მისი მისასალმებელი სიტყვის დროს გაირკვა, რომ აქაურ მკითხველ-მწერლებსაც იგივე თემები აღელებთ, რაც ქართველ მწერალ-მკითხველებს: კითხულობენ თუ არა ახალგაზრდები (რაშდიმ თქვა, რომ ახლა ახალგაზრდები უფრო მეტს კითხულობენ, ვიდრე უფროსები); ჩაანაცვლებს თუ არა კომპიუტერი (!) წიგნს (რაშდიმ ბრძანა, რომ მთავარია კითხვა არ გეზარებოდეს, თორემ იმას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ტექსტს Kindle-ში წაიკითხავ, iPad-ში თუ "ტრადიციული წესით"), უნდა იყენებდეს თუ არა მწერალი ტექსტში უცენზურო სიტყვებს და რამდენად რთულია სექსულური სცენების აღწერა (რაშდიმ თქვა, რომ რთულია, ხოლო ლექსიკაზე, ვისაც როგორ უნდაო), კმაყოფილია თუ არა ობამას მმართველობით (ბევრი ვერაფერი გააკეთა, მაგრამ მაკკეინ-პეილინის ამერიკაში რომ გვეცხოვრა, უფრო უარესი იქნებოდაო), ხოლო მოდერატორის შეკითხვაზე (შეკითხვებს ცოტა საეჭვოდ გაპოპულარებული მწერალი ჰარი შტაინგარდი სვამდა), თუ რომელი თანამედროვე წიგნები გაუძლებენ დროს, რაშდიმ ხუმრობით უპასუხა, შენები, ალბათ, ვერ გაუძლებენო... 

მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და, ქართულ ლიტერატურულ საღამოზე მეგონა თავი. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, აქ ყველა კარგ ხასიათზეა... 

არც კი ვიცი, რა ვუწოდო ამ მდგომარეობას - სოციალური კეთილგანწყობა? ვიფიქრებ და მოგწერთ. ირიოდ დღეში პიესისა და ფესტივალის ამბებს მოგახსენებთ.  



ლაშა ბუღაძე

ბეჭდვა PDF
  • სიახლეები
  • ჩანაწერები
  • ბლოგები


"ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.

მერაბ მამარდაშვილი




ქართული სუფრის მთავარი ძალა  მეღვინეობის ორგანული ტრადიციის ქრისტიანულად მართვაში მდგომარეობს. მისი სოციალური ,,ინფრასტრუქტურა“, შელახულობის მიუხედავად, მთელ ქვეყანას მო-იცავს და ამ მხრივ ყველა პურმართალ ოჯახშიგანათლების კერა ბჟუტავს. მიდღეგრძელებია ასეთი ოჯახები!

სუფრის მართვა ჯერ თავმდაბლობას, შემდეგ ჭკუას და  ცოდნას მოითხოვს, გაძღოლისათვის  საჭირო ყველა მოწყობილობაში ჩახედულობას  და გარკვეულობას. აქ მთელი რიგი საკითხებია,  რისთვისაც გზიდან მიბრუნება ან საფრთხის ჭვრეტით მიმართულების შეცვლა, საჭირო არ იქნება.

დაწვრილებით

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა პენ–ცენტრის საიტი?




პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates