მიხეილ გიორგის ძე ქვლივიძე


დაიბადა 1925 წლის 22 თებერვალს, ლენინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.  საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1941 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 16 წლის იყო, როცა პირველ კურსზე წარადგინეს ,,სტალინურ სტიპენდიაზე“. მეორე კურსის დასასრულს კომკავშირის რაიკომმა წარჩინებულ მოსწავლეს სწავლა შესთავაზა ,,პოლიტხელთა კურსებზე“, სადაც ეუფლებოდნენ  საბჭოთა იდეოლოგიური მუშაკის პროფესიას.

  ყველასათვის მოულოდნელად მიხეილ ქვლივიძემ მეორე კურსის დასრულებისთანავე მიატოვა უნივერსიტეტი და საფაბრიკო–საქარხნო სასწავლებელში, ე.წ. ,,ფზუ“–ში გადავიდა შეგირდად. სადაც ოთხკლასიანი განათლების მქონე ბავშვებსაც იღებდნენ.

მიხეილ ქვლივიძე ძმასთან ერთად


 სამ თვეში დაამთავრა ,,ფზუ“ № 13 თანრიგის ხარატის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო საავიაციო ქარხანაში. 1944 წელს ქარხანა თვითნებურად მიატოვა და მალულად ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.  1952 წელს სამხატვრო აკადემიის პრაქტიკებზე, მოსკოვსა და ლენინგრადში ყოფნისას დაუახლოვდა მომავალ მეუღლეს ლილი გრომეკოს. პოეტმა, პირველ შვილს  დედის სახელი, თამარი დაარქვა. ამ დროისთვის მიხეილ ქვლივიძე ასპირანტურის მეორე კურსზე ირიცხებოდა და მუშაობდა ნაშრომზე ,,ვეფხისტყაოსნის დასურათებანი“, მაგრამ დისერტაციის დაცვაზე საბოლოოდ  ხელი ჩაიქნია და ნაშრომი წიგნად გამოსცა. 1954 წელს ახალგაზრდა ოჯახი, უბინაობის, შეჭირვებული მდგომარეობის და ,,ჩინოვნიკმეშჩანური“ უსამართლობის გამო საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.  1956 წელს მათ მეორე ქალიშვილი–ნატა შეეძინათ.

            შემთხვევით, კომუნიზმის დედაქალაქის საკავშირო მწერალთა კავშირის გამგეობაში, ქართული ლიტერატურის კონსულტანტის ადგილი გათავისუფლდა და ქართული ენის მცოდნე ლიტერატორს ეძებდნენ. იქაური თანამშრომლების თხოვნით მიხეილ ქვლივიძემ განცხადებით მიმართა კონსტანტინე სიმონოვს. სიმონოვმა ქვლივიძის შესახებ თბილისს აცნობა და ირაკლი აბაშიძისაგან თანხმობა გამოითხოვა. ამ დროს აბაშიძე საქართველოს მწერალთა კავშირში პირველი მდივანი და თავმჯდომარე იყო. სამშობლოში უჯამაგიროდ დარჩენილი პოეტი მოულოდნელად  სოლიდური თანამდებობაზე აღმოჩნდა შესაბამისი ანაზღაურებით. მოსკოვურ პერიოდში მიხეილ ქვლივიძე იხსენებს ,,საბჭოთა ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს“, და ,,ლიტერატურულ დესანტს“ ,რომელიც წიგნების გავრცელების პარალელურად ავტორებს საბჭოთა კავშირში მოგზაურობის და საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციის საშუალებას აძლევდა.  ,,ლიტერატურული დესანტი“, რომელშიც მიხეილ ქვლივიძე, ბულატ ოკუჯავა და ბელა ახმადულინა შედიოდნენ, ყოფილი  კავშირის  ტერიტორიაზე მართავდა შეხვედრებს, პოეტები  თავიანთ პოეზიას კითხულობდნენ სხვადასხვა სივრცეში: ქარხნებში, ბიბლიოთეკებში, გაზეთის რედაქციებში, კოლმეურნეობებში, მუშების საერთო საცხოვრებლებში, გემებზე და ატომურ წყალქვეშა ნავში.

მიხეილ ქვლივიძემ წერა 14-15 წლისამ დაიწყო.  პირველი წიგნი 1952 წელს გამოსცა.

მისი ლექსებია: ,,მოგზაურობა ,,აღთქმულ ქვეყანაში“, ,,ჩემი თაობა“, ,,ფერწასული კაცები“, ,,მონოლოგები ქართულ სუფრასთან“, ,,მმართველი კლასი“, ,,სევდიანი ბალადა“, ,,იუდას მონოლოგი“,  ,,გრამატიკული საკვირველებანი“, ,,გიორგი შავგულიძის ხსოვნას“,, თბილისური ელეგია“ ,,პასუხი“, 1956 წლის 9 მარტის მოვლენებს მიუძღვნა ლექსი ,,პუშკინის მონოლოგი“. მოსკოვში ყოფნისას გაიცნო ნიკოლოზ ზაბოლოცკი, რომელმაც თარგმნა მიხეილ ქვლივიძის ლექსი „უშბა“.


მიხეილ ქვლივიძე დედასთან ერთად


 1962-1966 წლებში, მიხეილ ქვლივიძე იყო ერთადერთი ქართველი პოეტი, რომელიც ევროპის მწერალთა კავშირის წევრი გახდა. 1960-1965 წლებში მუშაობდა საკავშირო გამომცემლობაში ”Советский писатель’’  რედაქტორად. მიხეილ ქვლივიძის წიგნი ,,სამი წვიმა“ გამოიცა პოლონურ ენაზე. იყო ,,პოლონეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე“, ასევე ,,უნგრეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე“ პოლონეთში გამოსცა ,,ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია’’, ხოლო უნგრეთში - ,,თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია’’. თბილისში გამოსცა ,,თანამედროვე პოლონური პოეზიის ანთოლოგია“.  მიხეილ ქვლივიძეს მიუძღვნა ბულატ ოკუჯავამ  თავისი სიმღერა  песня’’ (,,Виноградная косточка’’), ,,Грузинская песня’’ .

1980 წელს გარდაიცვალა პოეტის მეუღლე. ორი წლის შემდეგ, 1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ,,მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ერთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში’’, რუსული რედაქციის გამგედ. 1982 წელს მიხეილ ქვლივიძე მეორედ დაქორწინდა, ცოლად შეირთო მედეა შალამბერიძე. 1984 წელს მათ ვაჟიშვილი - გიორგი - შეეძინათ.

პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კინოს ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია ,,ქართული ფილმის’’ სასცენარო საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ გიჟიმყრელის მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,გრიბოედოვის საჩუქარი’’. იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: ,,ნატვრის ხე’’ და ,,მონანიება’’, თ.ბაბლუანის ,,უძინართა მზე’’, ნ. ჯანელიძის ,,იავნანა’’ და მრავალი სხვა.

1992-1995 წლებში მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩამოყალიბებულ, ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტზე.

1995 წელს მიხეილ ქვლივიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2001 წელს პოეტს გადაეცა ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის. 2002 წელს გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ვაპირებ ცხოვრებას“.

2005 წლის 20 ივლისს, მიხეილ ქვლივიძე, ქართველი პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი, გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.




Additional Info

  • სახელი/გვარი: მიხეილ ქვლივიძე
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1925
  • გარდაცვალების წელი: 2005

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates