თამაზ ჩხენკელი


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map


ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი და მკვლევარი, დაიბადა 1927 წლის 26 ნოემბერს თბილისში.

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

თამაზის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის ბიძას, დედის ძმას, ცნობილ ექიმსა და მთასვლელს, სოსო ასლანიშვილს, რომელიც სვანეთში გავრცელებული დაავადების, ჩიყვის წინააღმდეგ იბრძოდა და  ამასთანავე , ჟურნალ ,,შევარდენის“ რედაქტორი იყო.

თამაზის ნათლია მისივე დედის ბიძა, გაბრიელ ასლანიშვილი ქართველი კათოლიკე სასულიერო მოღვაწე 1900–იან წლებში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის პატრი იყო.  ის 1931 წელს დახვრიტეს.

თამაზ ჩხენკელი 1958 წლიდან ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.

ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი ნაშრომი ქართული ასომთავრული ანბანის გრაფიკულ და რიცხვულ სტრუქტურათა ურთიერთშესაბამისობაზე.

გამოცემული აქვს წიგნები: ,,ტრაგიკული ნიღბები“ (,, პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველას პოემებში“, ამ თემაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია), ესეების ორი კრებული – ,,პოეზია–სიბრძნის დარგი“ ( 1970 წ.),  ,,მშვენიერი მძლევარი“ (1989 წ).

1980 წელს გამოსცა ლექსების კრებული ,,მზებუდობა“;

თარგმნილი აქვს ტანის ეპოქის ჩინელი პოეტის, ბო ძიუს ლექსები (1956);

რაბინდრანათ თაგორის ,, გიტანჯალი“ (1960);

,,აღმოსავლური პოეზია“ (1966);

ა.ს.პუშკინის ,,მცირე ტრაგედიები“ ((1977) ამ ნაწარმოებს მიუძღვნა წერილი ,,ნაბიჯი მომავლის პოეტიკაში“);

1975 წელს ზურაბ კიკნაძესთან ერთად თარგმნა ჰომეროსის ,,ოდისეა“;

1978 წელს ,,ახალი ინდოეთის მოაზროვნეები“;

თარგმნილი აქვს ასევე: რუსი, ევროპელი და ამერიკელი ფილოსოფოსების, ანთროპოლოგებისა და მწერლების ცალკეული წერილები.

ა. ფ. ლოსევის რამდენიმე ნაშრომი შესულია წიგნში ,,დუმილი“ (1993)  ლოსევს შეხვდა კიდეც მოსკოვში 90 წლის იუბილეზე 1983 წელს. 1996 წელს გამოსცა ხ.ლ. ბორხესის მოთხრობები ,,ენიგმათა სარკე“.

2002 წელს 75 წლის ასაკში ბათუმში გამოიცა  ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი წიგნი ,,მწვანე ბივრიტი“, სადაც საუბარია სახელმწიფოს ანთროპოლოგიური მოწყობის საკითხებზე. აქვეა, დიდ ინტელექტუალურ პრიზმაში დახვეწილად გატარებული ეროვნული პრიორიტეტები და მაგალითად მოყვანილია მათი განხორციელების ხელშემშლელი პირობები. ამავე წიგნშია  ინტერვიუ მასთან, რომელიც  ჩაიწერა ი. მილორავამ. წიგნში შესულია წერილები: ,,ღმერთო ადიდე ერთობილი საქართველო“, ,, დედაქალაქი“, ,,გაუტეხელი მეციხოვნე“, ,,მწვანე ბივრიტი“, ,,ცოცხალი შედევრი“...

გთავაზობთ ფრაგმენტს 2001 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან:

–რა აზრი გაქვთ ჩვენს თანადროულ ყოფაზე, როგორ ფიქრობთ, საით მივდივართ? (ი. მილორავა)

-ამას წინათ ჩვენი ტელევიზიით, ერევნიდან სტუმრებულმა დიპლომატმა განაცხადა, სომხეთი მრავალეროვანი ქვეყანაა, ჩვენთან ასზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობსო. მართალიც იყო! მაგრამ ეს ასზე მეტი ეროვნების ადამიანი სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის პროცენტნახევარს შეადგენს. მრავალფეროვანია სინგაპურიც, რომლის მკვიდრი მოსახლეობა ქვეყნის მთელი მოსახლეობის ნახევარზე  ნაკლებია. სინგაპური იმიტომ ვახსენე, რომ ორი წლის წინათ, აგრეთვე, ჩვენს ტელევიზიაში დიქტორის შეკითხვას: გახდება თუ არა საქართველო შვეიცარიის მსგავსი ქვეყანაო, ამერიკელმა ასეთი პასუხი გასცა: შვეიცარიის რა მოგახსენოთ, და სინგაპურის მსგავსი ალბათ გახდებაო. პასუხმა გამაკვირვა, თუ საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობას გულისხმობდა, შვეიცარიის დონე, რომელიც სინგაპურისას არაფრით ჩამოუვარდება, ჩვენთვის სანატრელი უნდა ყოფილიყო. მაშ, რატომ სინგაპური და არა შვეიცარია?

იმიტომ ხომ არა,  რომ სინგაპურში სახელმწიფო ენაც მალაიურია და დროშაც, მაგრამ მისი მკვიდრი მოსახლეობა მხოლოდ ქვეყნის 40  პროცენტს შეადგენს, მეათედს – ევროპელები, ხოლო მეორე ნახევარს ჩინელები და ინდოელები? და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ენად მალაიურია გამოცხადებული, ფაქტიურად ურთიერთობის ენა ინგლისურია.

პასუხი აშკარად არაკომპეტენტური იყო, სხვათა შორის, შეკითხვაც, ვინაიდან თუ დიქტორმა შვეიცარია ამ ქვეყანაში ეთნიკურ ჯგუფთა ჰარმონიული არსებობის გამო ახსენა, მას უნდა სცოდნოდა, რომ შვეიცარია შექმნა გერმანულ–ფრანგულ–იტალიური კანტონების ნ ე ბ ა ყ ო ფ ლ ო ბ ი თ მ ა გაერთიანებამ, მაშინ როცა საქართველოში კომპაქტურად დასახლებული დიასპორები ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების არამც თუ სრული იგნორირების, არამედ სწორედ ამ ინტერესების საპირისპიროდ შეიქმნა...

თამაზ ჩხენკელი იყო ივანე მაჩაბელის პრემიის ლაურეატი. 2002 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

გარდაიცვალა 2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, 83 წლის ასაკში.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


Additional Info

  • სახელი/გვარი: თამაზ ჩხენკელი
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1927
  • გარდაცვალების წელი: 2010

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates