უ - ჰ


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map


დაიბადა 1839 წლის 6 დეკემბერს სოფელ მერეთში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი) ― გარდაიცვალა 1913 3 ნოემბერს  სოფელ არბოში.

ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი.

ფურცელაძეთა გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები ყოფილან.  ანტონ ფურცელაძის აღზრდას უშუალოდ ხელმძღვანელობდა დედა, რომელმაც მომავალ მწერალს წერა-კითხვა შეასწავლა. ბავშვობის წლები ანტონმა თავის სოფელში გაატარა. ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს ანტონის სამოქალაქო სასწავლებელში მიბარება. მათ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს სახელმწიფო ხარჯზე. აქ ანტონი სამიოდე წელი დარჩა.

1854 წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა. სამხედრო სამსახურისათვის გამოუსადეგარმა მალევე დატოვა სასწავლებელი და სამშობლოში დაბრუნდა.

 მიუხედავად იმისა, რომ ანტონ ფურცელაძემ რუსეთში მხოლოდ რამდენიმე წელი დაჰყო, ამ პერიოდმა მაინც მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მის ინტელექტუალურ ცხოვრებას. კადეტთა კორპუსში ყოფნისას, ანტონ ფურცელაძის მასწავლებელთა შორის ვხედავთ არაერთ რევოლუციურად განწყობილ ადამიანს. მათი გავლენით რადიკალური განწყობილება 14 წლის ანტონ ფურცელაძესაც დაეუფლა. კადეტთა კორპუსშივე მან კარგად შეისწავლა რუსული ენა. როგორც ცნობილია, 60-იან წლებში ანტონ ფურცელაძემ მთელი რიგი სტატიები გამოაქვეყნა რუსულ ენაზე.


 რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ის ერთხანს თავის სოფელში რჩება. მალევე, ახლო ნათესავის, დავით მირზაშვილის დახმარებით, ანტონ ფურცელაძე სამსახურს შოულობს და ეწყობა დავრდომილთა თავშესაფარში გადამწერლის თანამდებობაზე. მალე ის თბილისში გადმოდის და რამდენიმე სემინარიელთან ერთად ქირაობს ოთახს კალოუბნის ქუჩაზე (ახლანდელი ფურცელაძის ქუჩა).

მისი ბინა მაშინდელი მოწინავე ახალგაზრდობის თავშესაყრელ ადგილად იქცა. ამ ახალგაზრდებმა შეადგინეს პატარა წრე. წრე მრავალი საზოგადოებრივი საკითხით იყო დაინტერესებული. წრის წევრები ამზადებდნენ და შეკრებებზე კითხულობდნენ რეფერატებს, პროგრესული მიმართულების რუსულ ჟურნალ-გაზეთებს, საზღვარგარეთულ გამოცემებს.

 1861 წელს ა. ფურცელაძე თანამშრომლობას იწყებს ჟურნალ “ცისკართან”. პირველ ხანებში, ის მეტწილად მთარგმნელობით მუშაობას ეწევა.

“ცისკარის” შემდეგ ანტონ ფურცელაძე “დროებაში” გადადის და ხდება მისი ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი. 1866 წელს ა. ფურცელაძემ “დროებაში” აქვეყნებს მოთხრობა „მართას“ რამდენიმე თავს.

 1867 წელს ანტონ ფურცელაძე ტოვებს თბილისს, მუშაობას იწყებს ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად. “დროებასთან” თანამშრომლობა მას ამის შემდეგაც არ შეუწყვეტია. აღნიშნულ ორგანოში ის აქვეყნებს კორესპონდენციებს (სათაურით “ზუგდიდამ”, “სამეგრელოდამ”), რომლებშიც ეხება სამეგრელოს მკვიდრთა საჭირბოროტო საკითხებს.

 1869 წელს იგი კვლავ თბილისში ბრუნდება. სწორედ ამ პერიოდში წერს ანტონ ფურცელაძე რომანს “მაცი ხვიტია” (1869–1870 წლები) და ტრაგედიას “დიდი მოურავი” (1899წ.).


 მათი თაოსნობით 1869 წლის მარტიდან გამოსვლას იწყებს ყოველთვიური სამეცნიერო და სალიტერატურო ჟურნალი “მნათობი”. 1872 წელს ჟურნალ “მნათობის” გამოცემა წყდება.

1873 წლიდან ა. ფურცელაძე რედაქტორობს პირველ აგრონომიულ ჟურნალს ქართულ ენაზე “გუთნის დედას”.

 1905 წელს ა. ფურცელაძე სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1911 წელს ა. ფურცელაძემ ბანკში სამსახურს თავი დაანება და მუდმივ საცხოვრებლად გადასახლდა სოფელ არბოში. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცოცხლია.

ანტონ ფურცელაძე გარდაიცვალა 1913 წლის 3 ნოემბერს, თანახმად ანდერძისა, დაასაფლავეს სოფელ მერეთში.


ანტონ ფურცელაძის სახლი

ანტონ ფურცელაძის სახლი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 29 კმ-ში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელ არბოში, წმ. გიორგის სახელობის გუმბათიან ეკლესიის მახლობლად.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შენობა სახეშეცვლილია: მთლიანად მონგრეულია ჩრდილოეთის აივანი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევდა სახლს. I სართულზე აივნის ნაცვლად გრძელი სათავსებია მიშენებული. სახლში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ცალ მხარეს გახსნილი აივნიდან. I სართულზე ჰოლი და სხვადასხვა ზომის 4 ოთახია. ერთი ოთახის კარი აივანზე გამოდის. ოთახებში ბუხრებია. ჰოლიდან ხის კიბე II სართულზე ადის, ხოლო ამ სართულის ჰოლიდან - სხვენში. II სართული I სართულის გეგმას იმეორებს. სარდაფის უმეტესი ნაწილი მარანს უჭირავს. აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამოუკიდებელი სათავსია. მარანში ზედა სართულის კაპიტალური კედლის საყრდენი აგურის ბურჯები და მასიური თაღებია. სვეტებსა და გარე კედელს შორის აგურის ორი საწნახელია. იატაკში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის 36 ქვევრი. მთავარი ფასადის მხარეს მარანში ჩასასვლელი ქვის კიბეა.

სამხრეთ ფასადზე ორივე სართულის აივანი და სიმეტრიულად განლაგებული ფლიგელები დასრულებულია აგურის პარაპეტით, რომლის კუთხეებში მცირე დეკორატიული კოშკურებია. სართულშუა გადახურვები მოწყობილია ხის კოჭებზე. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

ანტონ ფურცელაძის სახლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს დაქვემდებარებაშია.



გვერდი: 3 სულ: 3

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates