მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

ინტერვიუ იესპერ ბენგტსონთან:სიტყვის თავისუფლებისთვის სახიფათო დრო დგას

×
ავტორის გვერდი ნუკა ღამბაშიძე 2020-04-29 26637

შვედი ჟურნალისტი და მწერალი იესპერ ბენგტსონი შვედეთის პენცენტრის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს. იესპერი წლების განმავლობაში აშუქებდა ბუირმაში მიმდინარე მოვლენებს, გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის დოკუმენტური და ბიოგრაფიული წიგნები ბირმას ბოლოდროინდელი განვითარების შესახებ. იესპერი ასევე მუშაობდა საგამომცემლო კომპანია ატლასში და იყო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ შვედური ფილიალის ხელმძღვანელი. მუშაობდა მთავარ რედაქტორად სხვადასხვა შვედურ ჟურნალში და ასევე წერდა ყოველდღიური გაზეთისთვის Aftonbladet.

პენცენტრი: ხანგრძლივი სამწერლო და ჟურნალისტური კარიერა გაქვთ, 2018 წელს კი შვედეთის პენცენტრის ხელმძღვანელად აგირჩიეს. რა შეიცვალა ამის შემდეგ? როგორ განსხვავდება თქვენი ახლანდელი სამუშაო პროცესი და ყოველდღიურობა უწინდელისგან?

იბ: დიდად არ შეცვლილა. გარკვეულწილად ყოველთვის ვიყავი ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი, პენცენტრის ხელმძღვანელობა კი ანაზღაურებადი საქმიანობა არ არის, მოხალისეობრივია. კვლავ ვაგრძელებ ჟურნალისტურ საქმიანობას და წერას. თუმცა ყოველდღიურ საქმიანობას დაემატა პენცენტრის აქტივობები და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, თვალი ვადევნო ყველაფერს და ვიცოდე, რა ხდება ამ სფეროში.

პენცენტრი: თქვენ ასევე იყავით ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ხელმძღვანელი შვედეთში. თქვენი აზრით, რა როლი აკისრია ჟურნალიზმს მსოფლიოს გაერთიანებაში? და რამდენად მნიშვნელოვანი?

იბ: საჭოჭმანო შეკითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალიზმის ძირითადად ნეიტრალური უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა საქმე მის ამგვარ გამოყენებას ეხება, შესაბამისად, არ უნდა ეცადოს მსოფლიოს გაერთიანებას, ან პირიქით, ნაციონალიზმის გაძლიერებას, ან სხვა რამეს. მხოლოდ ფაქტები და ინფორმაცია. მეორე მხრივ, თუნდაც ის ფაქტი, რომ ჟურნალიზმი არსებობს სამყაროს აღსაწერად და გადმოსახედად, ეხმარება ადამიანებს სხვათა პერსპექტივების და გამოცდილებების გააზრებაში, და ალბათ სწორედ ეს გვაერთიანებს ჩვენ. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა. პირადად მე ყოველთვის ვცდილობ, ვეძიო ისეთი რაღაცები, რაც გვაერთიანებს და გვკრავს, და არა - პირიქით.

პენცენტრი: როგორ შეუძლია პენ ინთერნეიშენალს და პენცენტრებს სხვადასხვა ქვეყანაში იგივე როლი იქონიონ მწერლებისთვის მთელ მსოფლიოში, და ზოგადად ლიტერატურისთვის? ეს ორგანიზაციები აუქმებენ საზღვრებს, თუ პირიქით, იცავენ კულტურებისა და ხმების მრავალფეროვნებას?

იბ: პენცენტრი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა და მისი მთავარი მისია იყო ომის გამომწვევი ნაციონალისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. მწერლები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და იწყებდნენ დიალოგს, რომელსაც თავიდან უნდა აეცილებინა სისხლიანი ისტორიის გამეორება. საუკეთესო შედეგი ვერ მივიღეთ, რადგან სულ რაღაც ოცი წლის შემდეგ მორიგი ომი დაიწყო. თუმცა ეს მიზანი ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო დღეს. მწერლებს გარკვეული როლი აქვთ. ისინი ადამიანებს მსოფლიო რუკას უშლიან; აწვდიან პერსპექტივებს, ფაქტებს და შეხედულებებს, რაც ადამიანებს გამორკვევაში ეხმარება და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა სოციალური მედია მცდარ ინფორმაციას და სიძულვილის ენას აძლიერებს. ასევე ვფიქრობ, რომ პენცენტრის როლი განსაკუთრებულია ავტოქთონური ენების დაცვის პროცესში, რათა უმცირესობებმა შეძლონ და შეინარჩუნონ მკვიდრ ენაზე კომუნიკაციის უფლება. ენა ფანჯარას ჰგავს, რეალობას მისი გავლით ვუყურებთ. რაც უფრო მეტი ენა გვაქვს, მით მეტი ფანჯარაა სამყაროში (ასეც შეიძლება ითქვას, თუ ოდნავ პათეტიკურ მეტაფორას გამოვიყენებთ).

პენცენტრი: თქვენ ხშირად ამახვილებთ ყურადღებას სიტყვის თავისუფლების და მისი დაცვის მნიშვნელობაზე. არის თუ არა შესაძლებელი მკაფიო ზღვრის გავლება სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლასა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას შორის?

იბ: არა, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა რეგულაციებს, დიალოგსა და ეთიკას შორის ბალანსის დაცვის საკითხი. მუქარა და უმცირესობებზე ძალადობა ნებადართული არ უნდა იყოს. სხვა შემთხვევებში აუცილებელია თავისუფლების მაღალი ხარისხის დაცვა, რომ თითქმის ყველაფრის თქმა შეგვეძლოს. სხვა მხრივ ეს ბერკეტები ყოველთვის იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად.  ეს არ ნიშნავს რომ სიძულვილის ენის გამოყენება კარგი და მისასალმებელია. სიძულვილის ენას, თუკი ის არსებობს და იზრდება საზოგადოებაში, უმეტესად უნდა ვებრძოლოთ არგუმენტებით, დიალოგით და საზოგადოებაში მისი ალტერნატიული მოძრაობების გაძლიერებით.

პენცენტრი: თქვენი ჟურნალისტური კარიერის დიდი ნაწილი დაუთმეთ ბირმაში მიმდინარე მოვლენების და ქვეყნის თანამედროვე ისტორიის კვლევას. გამოქვეყნებული გაქვთ ორი წიგნი ბირმას დემოკრატიული მოძრაობის ლიტერის აუნგ სან სუ კიის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. რით არის მისი ამბავი განსაკუთრებული? რა შეიძლება ისწავლონ განვითარებულმა ქვეყნებმა ბირმის მაგალითზე?

იბ: ძალიან ბევრი. როცა ბირმაში პირველად ჩავედი, მივხვდი, რომ ამ ქვეყანას ბევრი და განსაკუთრებული უნივერსალური სიბრძნის შემოთავაზება შეეძლო: როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კონფლიქტი მულტიკულტურულ საზოგადოებაში? როგორ უნდა გადაურჩეს დემოკრატიული მოძრაობა აგრესიული შევიწროების ათწლეულებს? როგორ შეუძლია ხალხს ამაღლებული განწყობის შენარჩუნება ქვეყნისთვის რთულ პერიოდში (და მათ ეს მართლაც რომ შეძლეს)? რატომ არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ასე მნიშვნელოვანი? - ყველა ეს საკითხი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, და მათზე პასუხების პოვნა ბირმაში და მის ისტორიაშია შესაძლებელი.

პენცენტრი: მიმდინარე პანდემიამ შეცვალა მსოფლიოში პროცესების მიმდინარეობა და ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. რამდენად ზარალდებიან მწერლები და ზოგადად შემოქმედი ადამიანები ამ პირობებში? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ისინი?

იბ: პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია ფული. მწერლობით შემოსავლის ქონა ასეთ დროს ძალიან რთულია.  ავტორიტარი მმართველები კი ასეთ დროს მაქსიმალურად იყენებენ შესაძლებლობას და მსგავს ქაოსში ხშირად მწერლებს იჭერენ, ცვლიან კანონებს და ადვილად იხელთებენ დისიდენტებს. ასეთი ხელისუფლები აკეთებენ ყველაფერს, რაც, სავარაუდოდ, დიდი ხანია განზრახული ჰქონდათ.

პენცენტრი: რა არის ასეთ კრიზისში პენცენტრებისთვის მთავარი გამოწვევა და მათი დანიშნულება?

იბ: რადგან ნაციონალიზმი და იზოლაციონიზმი ამ პირობებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მწერლების შეხვედრების და მათი დიალოგის ხელშეწყობის თავდაპირველი იდეა აქტუალობას იბრუნებს. სიტყვის თავისუფლებისთვის ძალიან სახიფათო დრო დგას. პენმა და სხვა ორგანიზაციებმა უფრო აქტიურად უნდა იტვირთონ მოდარაჯე ძაღლების როლი, ვიდრე უწინ.

პენცენტრი: შვედეთმა COVID-19-ის ეპიდემიასთან ბრძოლის სხვებისგან განსხვავებული გზა აირჩია. სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ქვეყანას მკაცრი საგანგებო მდგომარეობა არ გამოუცხადებია. შედეგად, რიცხვებიც განსხვავებულია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოლოდინით, გავრცელების შემცირებაში ქვეყანას ჯოგური იმუნიტეტი დაეხმარება. როგორია ამ პოლიტიკაზე საზოგადოების რეაქცია?

იბ: ეს შეკითხვა პენს მაინცდამაინც არ ეხება. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების უმეტესობა ამ სტრატეგიას იწონებს. ჯერ კიდევ დაშვებულია თავისუფლად გადაადგილება და სოციალიზაცია, თუმცა მცირე დოზებით. ეკონომიკური საქმიანობა სრულად არ შეწყვეტილა. ამ მიდგომის კრიტიკაც ხშირია მათგან, ვინც თავიდანვე ცალსახად ემხრობოდა მკაცრ რეჟიმს. პრობლემა ისაა, რომ ამ ვირუსთან თანაცხოვრება დიდი ხნით მოგვიწევს, სავარაუდოდ, წელიწადზე მეტ ხანს, და საზოგადოებებს ამდენი ხნით ვერ ჩავკეტავთ. მე მგონია, რომ ქვეყნების უმეტესობა ადრე თუ გვიან შვედეთის მიერ არჩეულ სტრატეგიაზე გადაერთვება.

პენცენტრი: რამდენაც მნიშვნელოვანია ჟურნალისტური ეთიკა და რეპორტიორების როლი პანდემიის დროს?

იმ: ფაქტების გადამოწმება აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაფერი ამით იწყება და მთავრდება.

პენცენტრი: საქართველოს პენცენტრი რეგიონში ერთადერთი აქტიური პენ-ორგანიზაციაა. თქვენი აზრით, რა არის ეფექტიანი გზა იმისთვის, რომ ასეთმა ორგანიზაციამ შეძლოს წარმატებით ფუნქციონირება რეგიონული მასშტაბით? არსებობს თუ არა მსგავსი წარმატებული მაგალითები?

იბ: კარგი შეკითხვაა, მაგრამ პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, არავის შეუძლია. ყველა რეგიონი განსხვავებულია და პენი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საუკეთესო მიდგომები იპოვოს. მიხარია, რომ ამ დისკუსიის აქტიური მონაწილე ვარ.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები