- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
ბაჩანა ჩაბრაძემ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტში ფრანგული ენის განხრით. 1998 წლიდან სწავლა განაგრძო საფრანგეთში, თბილისთან დაძმობილებულ ქალაქ ნანტის უნივერსიტეტში. არის ლექსების ორი კრებულის ავტორი: "ნაცრისფერი სამყარო" (გულანი, 1992) და "მთვარის სიმთვრალე" (მერანი, 1996). ფრანგულიდან ქართულად და პირიქით ნათარგმნი აქვს 50-ზე მეტი ავტორის ნაწარმოებები. მისი ტექსტები და თარგმანები გამოქვეყნებულია სხვადასხვა პერიოდიკაში: ქართული მწერლობა, ლიტ. გაზეთი, ლიტ. საქართველო, ლიტ. პალიტრა, ახალი საუნჯე, ინდიგო, არილი, თეატრი, OIF, Phénix... იყო, პარიზში, იუნესკოს 32-ე გენერალური კონფერენციის დელეგატი. არის საერთაშორისო კლასიფიკაციის მოჭადრაკე (ELO 2243). წლების განმავლობაში მუშაობდა პარიზის "დეკარტის უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკაში. 2015 წელს, ინტელექტმა გამოსცა ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანების კრებული "ფრანგული შანსონი", რომელშიც შესულია ბრასენსის, ფერეს, ბრელის, გენსბურის და ვიანის კულტად ქცეული სიმღერების ტექსტები.
პენცენტრი: უკვე წლებია საფრანგეთში ცხოვრობთ, საფრანგეთში მიიღეთ განათლებაც. აქტიურად თარგმნით ფრანგულ პოეზიას, პიესებს, ნოველებს, წერილებს, კომიქსებს... თანამშრომლობთ ქართულ ლიტერატურულ გამოცემებთან. არის თუ არა ქართულ ენასთან ასეთი მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობა თქვენთვის სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების გზა?
ბ.ჩ: გმადლობთ, რომ ჩემს საქმიანობას გაეცანით! აბსოლუტურად, ქართულ ენასთან ურთიერთობა ჩემთვის სამშობლოსთან კავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა. მეტიც, ეს ფორმა არ არის მხოლოდ ფიზიკური დისტანცირებით გამოწვეული. ქართველად ყოფნა, ჩემთვის, უპირველესად, ქართულ ენაში ყოფნას, ენაში "ცხოვრებას" ნიშნავს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობ რეალურად. რეგულარულად ვეცნობი ჩვენი თანამედროვე მწერლების, მთარგმნელებისა თუ ფილოსოფოსების ნამუშევრებს. ელექტრონული გამოცემები ამის საშუალებას მაძლევს. მანძილი ამაში ხელს არ მიშლის, პირიქით, იგი ჩემს საქმიანობაზე ზოგადად დადებითად აისახება: იმ საქმისთვის, რასაც ორი განსხვავებული კულტურის ერთმანეთთან დაკავშირება ჰქვია, უცხოელ კოლეგებთან უშუალო კონტაქტი ძალიან მოსახერხებელია. ეს გაცვლა კი ორივე ქვეყანას უნდა წაადგეს. დიახ, ვფიქრობ, რომ პროგრესის გზა განსხვავებულ სამყაროთა ურთიერთგახსნილობაზე გადის.
ეს ასევე მოსახერხებელია ჩვენი ტექსტების საფრანგეთში გასატანად, ვინაიდან მსგავსი პროექტებისთვის, ხშირად, მხოლოდ თარგმნა არ კმარა, საჭიროა ფრანგ გამომცემლებთან აქტიური ურთიერთობაც და გამოცემაზე მათი დათანხმება.
ეს გახსნილობა კიდევ უფრო გამდინარე რომ გავხადო, ვცდილობ, სათარგმნად ავირჩიო აქამდე უთარგმნელი და რაც შეიძლება "ღია" ლიტერატურა, რომელიც ინტერპრეტაციათა მრაფალფეროვნების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, ჩემ მიერ თარგმნილი ტექსტებიდან გამოვყოფდი ორ პიესას: ალფრედ ჟარის "იუბიუს მეფეს" (არილი, დეკემბერი 2019 და მარტი 2020) და გიიომ აპოლინერის "ტირესიასის ჯიქნებს", რომელიც ახლახან ვთარგმნე და ვეცდები, მალე გამოვაქვეყნო; და გაზეთ "შარლი ებდოს" სტატიებს (ახალი საუნჯე, ნოემბერი 2015): https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=199 რომლებიც გახსნილობის განსაკუთრებულად მაღალ ხარისხს აჩვენებს, რაც დღეს ჩვენ ასე გვჭირდება. აღნიშნული პიესების გახსნილობა გამოიხატება როგორც უსაზღვრო ლინგვისტურ ინოვაციებში, ასევე კარნავალურობასა და ტოტალური სპექტაკლის იდეაში. "შარლი ებდოსი" კი – გამოხატვის თავისუფლების კბილებით დაცვაში, რაც პენცენტრის მთავარი მიზანიცაა.
პირიქითა თარგმანის (ქართულიდან ფრანგულად) მაგალითად კი მოვიყვანდი პაატა შამუგიას კრებულს "შიზოგადოება", რომლის თარგმნა ახლახან დავასრულე და იზოლაციის დამთავრებას ელოდება, რომ პარიზში გამოიცეს. ეს კრებულიც დიდი გახსნილობის მაგალითია და დარწმუნებული ვარ, გულგაშლილად მიიღებს მას ფრანგი მკითხველი.
აქვე აღვნიშნავდი ამ ურთიერთგაცვლაში ჩვენი წიგნის ეროვნული ცენტრის, მწერალთა სახლისა და ფრანგული ინსტიტუტის წვლილს, რის გარეშეც ამ პროექტების უმრავლესობა ვერ განხორციელდებოდა.
მანძილი არც ჩვენთან მიმდინარე ლიტერატურულ მოვლენებში მონაწილეობაში მიშლის ხელს, კონკურსები იქნება ეს თუ სხვა ღონისძიებები. ასე შევძელი, მაგალითად, ფაქტობრივი მონაწილე ვყოფილიყავი ბოლო წლების თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალებისა, მოწვეულ ავტორებთან გასაუბრებებისა თუ მათი ნაწარმოებების თარგმნის სახით, რაც სხვათა შორის, სხვა აქტორებთან ერთად, თქვენთან თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა, რისთვისაც მადლობას გიხდით.
ცხადია, ენაში ცხოვრება მშობლიურ "ცვრიან ბალახზე" რეალურად ვერ გაგატარებს და ისევ ენიდან წამოსულ შეგრძნებებს უნდა დასჯერდე, თუმცა დღევანდელ გლობალურ-ელექტრონულ სამყაროში ადგილსამყოფელის პრობლემა საგრძნობლად დედრამატიზირდა. აქა თუ იქ ყოფნა აღარ აღიქმება გადამწყვეტად. მთავარია საქმიანობის მიმართულება და ხარისხი. ცხადია, მე მაინც მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი სამომავლო გეგმები უშუალოდ საქართველოში განვახორციელო.
პენცენტრი: 90-იანი წლების შემდეგ საკუთარი პოეტური კრებული აღარ გამოგიციათ, თქვენი საქმიანობა ძირითადად თარგმანს უკავშირდება. რამდენად გამომდინარეობს ეს ფაქტი კონტექსტიდან? - თქვენთვის ხომ ყველაფერი, ყველა ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, ორ ენაში არსებობს.
ბ.ჩ: დიახ, კონტექსტი ყოველთვის გადამწყვეტია და ორენოვნებაც ბუნებრივად იმ საქმიანობისკენ მიბიძგებს, რომელიც ამ ორ ენას, ორ სამყაროს ერთმანეთთან დააკავშირებს. მახსენდება თანამედროვე ორენოვანი პოეტის, ლინდა მარია ბაროსის (რომელსაც ზემოთ ნახსენებ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალთან დაკავშირებით გავესაუბრე) სიტყვები: "პოეტი, რომელიც კრავს და ხსნის ერთდროულად ორი ენის კვანძებს, არის ორთავა მოტოციკლისტი, რომელიც შეუწყვეტლივ მიჰქრის ერთსა და იმავე ავტომაგისტრალ A4-ზე" (ინდიგო, ივნისი 2019): http://indigo.com.ge/articles/literature/linda-maria-barosi მოტოციკლს არ ვატარებ და ავტომობილზეც უარს ვიტყოდი, ზოგჯერ აუცილებელი რომ არ იყოს, მაგრამ A4 ფორმატის ფურცელზე ქროლასა და ენობრივი კვანძების გახსნას ვერ შეველევი. გამუდმებით მიწევს ამის კეთება და ბუნებრივია, სხვა საქმიანობისთვის დრო ნაკლებად მრჩება. უნდა ვთქვა, რომ მამის ამპლუაც ჩემი ყოველდღიურობის დიდ ნაწილს იკავებს და საკუთარ ტექტსებთან საკირკიტოდ შედარებით მცირე დროს მიტოვებს. ამიტომ ხელს ძირითადად ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროექტებს ვკიდებ. თუმცა მაქვს არაერთი ახალი პოეტური ნაწარმოები, როგორც ქართულად, ასევე ფრანგულად, რომლებსაც უთუოდ გამოვაქვეყნებ.
საავტორო პაუზა ჩემი საქმიანობის გამრავალფეროვნებამაც გამოიწვია. შესაძლებლობები ვცადე სხვადასხვა დარგში, რასაც ჩემი ინტერესების სფეროს მოდიფიკაცია მოჰყვა. დიახ, დღემდე ვიზიარებ ბორის ვიანის პათოსს: "ვიცოდეთ ყველაფერი! ვიყოთ ყველაფრის სპეციალისტები!". თავად თარგმნაც ხომ ერთგვარად ყველაფრის სპეციალისტობის მცდელობაა.
რაც შეეხება 90-იანებში გამოცემულ ჩემს ლექსების კრებულებს, ისინი მიუხედავად "საკუთარ თავში ჩაბრუნებული მზერისა" (როგორც მაშინ შენიშნა პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ ერთ-ერთი ამ კრებულის წინასიტყვაობაში), მაინც ირგვლივ არსებული სინამდვილის ანარეკლი იყო. ეს იყო რთული წლები, ბნელი, ცივი და უპერსპექტივო. თანაც ამ კრებულებზე დიდია გალაკტიონის გავლენა. მოგეხსენებათ, XX ს-ის ბოლომდე, გალაკტიონი თითქმის ყველგან იყო. მან შექმნა და თავადვე დაასრულა ახალი კონვენციური ლექსის ეპოქა, რის შემდეგაც ქართულმა პოეზიამ თავისუფალი ლექსისკენ აღო კურსი. დღეს, იქ, სადაც ქარიშხალია, დგას ვერლიბრი.
პენცენტრი: თქვენ ასევე მუშაობდით პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეთ სასურველი საქმის კეთების შესაძლებლობა? როგორ ფიქრობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გააგრძელებდით საფრანგეთში ცხოვრებას?
ბ.ჩ: დიახ პარიზის დეკარტის უნივერსიტეტის, იგივე პარი 5-ის ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში ვიმუშავე. მას დაუკავშირდა ჩემი პარიზული ათწლეულის დიდი ნაწილი, სანამ სენის სანაპიროდან ოკეანისპირა ლამაზ და ისტორიულ ქალაქ ლა-როშელში გადავბარგდებოდი, სადაც ასევე დიდი საუნივერსიტეტო კომპლექსია.
აღნიშნული ბიბლიოთეკა სოციალური მეცნიერებების ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაა საფრანგეთში. შესაბამისად, უაღრესად საინტერესო იყო ამ, წიგნებით, სტუდენტ-მასწავლებლებითა და კონფერენციებით მდიდარ დაწესებულებაში საქმიანობა, რაც სხვადასხვა ფუნქციას მოიცავდა, მათ შორის - ციფრული კატალოგების შედგენასა და ბიბლიოთეკაში შემოსატანი ახალი წიგნების შერჩევის პოლიტიკას. ამ მხრივ, ეს სამსახური საკმაოდ შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს და შორს იყო გრეგორ ზამზასეული რუტინისგან. ჩემი პირველადი საუნივერსიტეტო განათლებაც დამეხმარა ამ უზარმაზარი კატალოგების "დიუეის" კლასიფიკაციის არცთუ მწირ ლაბირინთში გზის გაკვლევაში.
რაც შეეხება საფრანგეთში ცხოვრება-არცხოვრებას (რაც სხვადასხვა, პროფესიულ თუ პირად მიზეზთა ერთობლიობის შედეგია), ეს მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდება აღნიშნულ საქმეს, რადგან იგი, პირველ რიგში, მაინც "თავის სარჩენი" სამსახური იყო, ისევე როგორც ის მრავალი სხვა საქმიანობა, რაც ამავე მიზეზით მომიხდა პარიზში, ნანტსა თუ რუანში, იქნებოდა ეს სახელმწიფო ხაზინაში საჯარო მოხელედ, ქალაქ კორდემეს ელექტრული სადგურის ერთ-ერთი საწყობის გამგედ, სპორტულ-კულტურულ ასოციაციებში ანიმატორად, თვითმმართველობის მდივნად (რისთვისაც ადმინისტრაციული კონკურსი გავიარე), ფრანგულ დაწყებით სკოლებში ჭადრაკის მასწავლებლად (რისთვისაც საფრანგეთის ჭადრაკის ფედერაციის მასწავლებლის გამოცდები ჩავაბარე) თუ სუპერმარკეტში, ბარში, რთველსა და შროშანას სათბურში მუშაობა.
თუმცა დეკარტის საბიბლიოთეკო გამოცდილება სხვა მხრივაც იყო საინტერესო. ეს სამსახური აფინანსებდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგს. მეც ვისარგებლე მომსახურე პერსონალისთვის გამოყოფილი სასპეციალიზაციო დაფინანსებით და "გაპში", რომელიც პარიზის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციული ცენტრია, გავიარე სპეციალური კურსები "სუდოკის" ციფრული კატალოგების შედგენასა და ბიბლიოგრაფიული "უნიმარკის" ფორმატში დასახელოვნებლად.
პენცენტრი: რა ხდება იზოლაციაში? რით განსხვავდება თქვენი ჩვეული ყოველდღიურობისგან პანდემიის გამო შეცვლილი ყოფა?
ბ.ჩ: ჩემთვის, პირველი და აშკარა განსხვავება ბავშვებია. დიახ, ჭირიდან იმას გამოვყოფდი, რაც მარგებელია: შინჩაკეტილობის გამო, ცხადია, შეუდარებლად მეტ დროს ვატარებ ჩემს პატარებთან, ვიდრე ჩვეულებრივ სასკოლო პერიოდში. ისეთივე წარმატებით ვთამაშობთ "დამალობანას", როგორც "მგელობანასა" და "მზარეულობანას". საპნის ბუშტებსაც ვუშვებთ, მუყაოს ქოხსაც ვაშენებთ, გიტარის კონცერტსაც ვატარებთ და თოჯინების სპექტაკლსაც ვაწყობთ. არც ჭადრაკი და სამაგიდო თამაშები გვავიწყდება. და რაც მთავარია, ვთამაშობთ გაცილებით ბევრს. დროდადრო, სავალდებულო მოწმობის შევსების შემდეგ, რაფსისა და ხორბლის მინდვრებში სასეირნოდაც გავდივართ (სხვა რა გზაა, როცა პლაჟზე გასვლა აკრძალულია). ბავშვებთან ეს ურთიერთობა ცალსახად დადებითი მომენტია, რადგან ბავშვების გახარების გარდა, ეს იძლევა მათი ყოველი მიკროპროგრესის თუ ცვლილება/სიახლის შემჩნევის შესაძლებლობას, იმ ნიუანსების შემჩნევისა, მათთან მთელი დროით ჩართულობა რომ ხდის შესაძლებელს.
საქმე ის არის, რომ თარგმანი ერთ-ერთი იშვიათი საქმიანობაა, რომელიც იზოლაციამ არათუ შეაჩერა, პირიქით, გააინტენსიურა. ამ პერიოდში, უჩვეულოდ ბევრ პროექტზე მივიღე შემოთავაზება და სამუშაოც დამიგროვდა, რისთვისაც თავის გართმევა ბავშვების პირობებში შედარებით რთულია. ამიტომ ამჟამად, დღის გარდა, ღამითაც ვმუშაობ.
ცვლილება შეეხო ჩემს საჭადრაკო აქტივობასაც. შეჩერდა საფრანგეთის ყოველწლიური საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც რეგულარულად ვმონაწილეობ. ეს პრაქტიკა ძალიან მაკლია, რადგან თავად ჭადრაკით გატაცების გარდა, ამ თამაშისგან ვიღებ წერისთვის საჭირო მუხტსა და ენერგიას. ხშირად შემიმჩნევია მსგავსება საჭადრაკო ციებ-ცხელებასა და წერის პრაქტიკას შორის: რეფლექსიის იგივე ინტენსიურობა, კომბინაციების იგივე ძიება... არაერთი ცნობილი ხელოვანი მოჭადრაკე იყო, მათ შორის, ჩემი ფავორიტი მარსელ დიუშამი და მაქს ერნსტი, ვისთვისაც "ჭადრაკის ფიგურები მეტაფიზიკური ცეკვით ეხლებიან ერთმანეთს". მოჭადრაკის პერსონაჟიც, ცვაიგის, ნაბოკოვისა და პოს ტექსტების გარდა, ბევრგან გვხვდება მსოფლიო ლიტერატურაში. მეც ვთარგმნე რამდენიმე ფრანგული ნოველა ჭადრაკის თემაზე, რომლებიც ჩემს მოჭადრაკე და ამავე დროს მწერალ ფრანგ მეგობრებს ეკუთვნით. ამ ნოველებიდან ორი 2018 წლის ივნისის "ახალ საუნჯეში" გამოქვეყნდა: https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=127 ფრანგულად თარგმნილი ჩვენი ტექსტებიდან კი, ამ თემაზე, გამოვყოფდი თემურ ჩხეტიანის ლექსის "პაიკი a2-დან" ჩემს თარგმანს, რომელიც ფრანგულ ყოველთვიურ ჟურნალ Phénix-ში გამოქვეყნდა (265 - Septembre 2016).
პენცენტრი: საფრანგეთში ვირუსი სწრაფად გავრცელდა, რამაც სიტუაციის მართვა გაართულა. დღევანდელი კრიზისი თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, მსოფლიო მომავალს უფრთხის. რა განწყობაა საფრანგეთში?
ბ.ჩ: დიახ, სამწუხაროდ, სწრაფად გავრცელდა, თუმცა ფრანგულ მთავრობასაც უთუოდ შეეძლო უფრო სწრაფად ემოქმედა და გაცილებით ადრეულად მიეღო მოსახლეობის დაცვისთვის აუცილებელი ზომები. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია მაკრონის მიერ მუნიციპალური არჩევნების არგადადება და იზოლაციის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მათი ჩატარება, რაც მასობრივი დაინფიცირების რისკს შეიცავდა. ამ მხრივ, არსებულ პროპორციებში, აშკარად უკეთ იმოქმედა ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ, რაც ძალიან მახარებს.
პანდემიამ მძლავრად შეუტია საფრანგეთს და შედეგებიც სავალალოა, თუმცა, ჩემი ზოგადი დაკვირვებით, ვერ ვიტყოდი, რომ ქვეყანა სასოწარკვეთას მოუცავს. ფრანგები საკმაოდ პრაგმატულად უდგებიან ამ სერიოზულ საკითხს და როგორც წესი, არ არღვევენ იზოლაციის სტრატეგიას, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი იარაღია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.
სამაგიეროდ, საფრანგეთის სასარგებლოდ უნდა აღვნიშნო, რომ კანონი განურჩევლად ერთნაირად ეხება ყველა მოქალაქეს, დაწესებულებასა თუ საქმიანობას, რაც ჩვენთან, რიგ შემთხვევებში, შედარებით ბუნდოვანია. ვგულისხმობ რელიგიური ინსტიტუციების მიერ კანონის ასხლეტას და პრივილეგიურობას, როცა ისინი სახელმწიფოს მიერ მიღებული საყოველთაო ზომების დაცვაზე უარს ამბობენ და ამაზე სახელმწიფოც არასათანადოდ რეაგირებს. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, არაკონსტიტუციურია, რაც ნამდვილი დემოკრატიისთვის მიუღებელია.
დიახ, ეს სცდება კოვიდ-19-ის ველს. აქ საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას: სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუციების გაუმიჯნაობას, რაც ჩემი აზრით, დიდი ხანია არის ქართული სახელმწიფოს პრობლემების უმთავარესი გენერატორი, ბევრი ჩვენი უბედურების თავიდათავი. ამ გაუმიჯნაობის შედეგია ის, რომ ხელისუფლებას რელიგიური ინსტიტუციები პოლიტიკურ რანგში ჰყავს აყვანილი და იყენებს მათ, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტს. ამ გაუმიჯნაობის შედეგია ის, რომ რელიგიური ინსტიტუციები დღემდე საჯარო სივრცეში იჭრებიან და გავლენა აქვთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გადაწყვეტილებებზე. ყოველი ხელისუფლება ამას საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებლად აკეთებს. ასეთ პირობებში, დემოკრატიასა და სეკულარიზმზე ოცნებაც ზედმეტია. ასე იქნება მანამ, სანამ არ მოხდება სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუციების სრული გამიჯვნა, რაც სოციალური და პოლიტიკური ემანსიპაციის აუცილებელი პირობაა. ეს კარგი იქნება ორივე ინსტიტუციისთვის. სახელმწიფომ უნდა დაიცვას რელიგიური უფლებები ისევე, როგორც უნდა დაიცვას მოქალაქეები სამოქალაქო დონეზე რელიგიის მანიფესტირებისგან.
სამწუხაროდ, სეკულარისტული რეფორმის გამტარებელი მთავრობა ჩვენთან ჰორიზონტზე არ ჩანს. კლასიკურ საგანმანათლებლო სისტემასაც რელიგიური ინსტიტუცია აცენზურებს. ამიტომ, რეგულარულად უნდა გაიმართოს საჯარო დისკუსიები და მოხდეს ფართო საზოგადოების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, ვირუსი კი გაქრება, მაგრამ ეს მანკიერება ისევ ჩვენთან დარჩება.
თუ ეს განხორციელდა, ჩემი აზრით, ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება, რადგან მინიმუმამდე დავა ამ ინსტიტუციების მიერ ერთმანეთით მანიპულირება და ხალხის უბედურებებზე სპეკულირება!
პენცენტრი: ქართულ ენაზე გამოცემული გაქვთ თარგმანების კრებული "ფრანგული შანსონი". რით გამოარჩევთ ფრანგულ შანსონს და მის ავტორებს? საიდან წარმოიშვა ეს სტილი და ჰგავს თუ არა ის პოეზიის საწყის, ანტიკურ ფორმას?
ბ.ჩ: კრებულში "ფრანგული შანსონი" შესულ ავტორებს გამოვარჩევდი იმით, რომ ისინი არ არიან მხოლოდ ავტორები, არამედ ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებლები, სამ ფუნქციას ითავსებენ, რაც მანამდე იშვიათობას წარმოადგენდა. ცხადია, ზუსტად ვერასოდეს გავიგებთ, ვინ შექმნა პირველად საკუთარ ტექსტზე მუსიკა და თავადვე შეასრულა იგი, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ შანსონის ფენომენი, ზოგადად, ტრუბადურებისგან, შუა საუკუნეების საფრანგეთში მოხეტიალე პოეტ-მომღერლებისგან იღებს სათავეს (რაც არ გამორიცხავს მის ანტიკურ ფესვებს). ტერმინიც "შანსონიე" ამ დროს გაჩნდა. თუმცა თვითმყოფად ჟანრად იგი გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა – XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა პარიზი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს, როცა მუსიკალური ინდუსტრია კულტურული ბაზრის დალაშქვრას იწყებდა.
მეორე თავისებურება, რითაც ფრანგული შანსონი გამოირჩევა, არის ტექსტის მხატვრული ხარისხი, ანუ ის, რომ ეს ტექსტები მელოდია-შესრულებისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ნაბეჭდი სახითაც შეიძლება არსებობდეს. დიახ, ფრანგი შანსონიეების სკოლა შთაგონებულია ფრანგული კლასიკური ლიტერატურით და განსაკუთრებით პოეზიით. იგი ბოდლერის, ვერლენისა და რემბოს მუსიკალური ლირიკის ტრადიციის უშუალო გაგრძელებაა. ზემოთ ბიბლიოთეკაზე ვილაპარაკეთ, და ეს ჟანრი საფრანგეთის საჯარო ბიბლიოთეკების მუსიკალური დოკუმენტების საკლასიფიკაციო სისტემაში აღრიცხულია, როგორც "სიმღერა ტექსტით" ანუ სასიმღერო კატეგორია, რომელიც ლიტერატურულ ხარისხზე აცხადებს პრეტენზიას. პიერ ბურდიეს აზრით, "შანსონიეები აკეთილშობილებენ მინორულ ჟანრს".
ფრანგული შანსონის მესამე დიდ მახასიათებლად გამოვყოფდი მის პოლიტიკურობას, მის სოციალურ ხასიათს, რისი პირველი აშკარა მაგალითები აღნიშნულ კრებულში შეყვანილ ავტორებზე გაცილებით ადრინდელი, ფრანგული რევოლუციის პერიოდით თარიღდება, როცა ხალხთან ერთად, სიმღერაც ამბოხდა და მონარქიაზე გამარჯვების გამოხატვის საშუალებად იქცა. მანამდე, შანსონის ხელოვნება ძირითადად აპოლიტიკური იყო. რევოლუციის პერიოდის მომღერლებმა კი ღიად დაიწყეს პოლიტიკური იდეების გაჟღერება და მას შემდეგ, საფრანგეთში, მეამბოხე სიმღერა არ შეწყვეტილა. მან გამოიარა ნაპოლეონ I-ის რეჟიმი, პარიზის კომუნა თუ მსოფლიო ომები... და იგი, არა მხოლოდ გადაურჩა ამ ქარიშხლებს, არამედ კიდევ უფრო აღორძინდა. ამას მოწმობს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, როცა შანსონი გამოკვეთილ ჟანრად იქცა და როცა მომღერლები ავტორ-კომპოზიტორებადაც მოგვევლინენ. 68 წლის ფენომენმა კი ფრანგულ პოლიტიკურ სიმღერას ახალი განზომილება შესძინა. მან იგი შეგნებულად გამომწვევი გახადა და ახალგაზრდული ამბოხის ლოკომოტივად აქცია. ამ ჟანრის პოლიტიკურობა, ფართო გაგებით, იმაში გამოიხატება, რომ იგი აკრიტიკებს ან იცავს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს და ხშირად სცდება პოლიტკორექტურობის ფარგლებს, რაც ტაბუთა მსხვრევის აუცილებელი პირობაა. მისი თემატიკა მრავალფეროვანია. იგი ამხელს რასიზმს, პოლიციურ ძალადობას, სოციალურ უთანასწორობას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მილიტარიზმს, რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას... ერთი სიტყვით, წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებაში. ბორის ვიანის შანსონები ამ ანგაჟირებულობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ვიანი თავისი ეპოქის იმ იშვიათ ავტორთაგანია, ვისაც ცენზურა შეეხო ანტიმილიტარისტული შემოქმედებისთვის: https://1tv.ge/elit/shansonebi-boris-viani/
მიხარია, რომ "ფრანგული შანსონის" შესახებ დაწერეს სხვადასხვა ქართულმა და ფრანგულმა პერიოდულმა გამოცემებმა. წიგნის პრეზენტაციებზე, თბილისსა თუ პარიზში, ერთმანეთს შეხვდნენ ქართველი და ფრანგი მკითხველები. წიგნის ეგზემპლარები გადაეცა პარიზულ ლეიბლებსა და გამომცემლობებს, რომლებმაც ჩემთან ითანამშრომლეს უფლებებთან დაკავშირებით. წიგნის ერთი ეგზემპლარი კი პარიზის ენებისა და ცივილიზაციების საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკამ, "ბულაკმა" თავის ქართულ ფონდში განათავსა, მისი ხელმძღვანელის, თამარ სვანიძის მეცადინეობით.
პენცენტრი: თქვენს პერსონალურ ბლოგში მთარგმნელთა დღესთან დაკავშირებით საუბრობთ ლიტერატურული და პოეტური თარგმანის სირთულეზე, ამ შრომის დაუფასებლობაზე. რამდენად უფრო მომთხოვნია მკითხველი და ლიტერატურული საზოგადოება მთარგმნელის მიმართ? ზოგადად, სთხოვენ თუ არა მთარგმნელებს ავტორებზე მეტ ოსტატობას, და თუ ასეა, რატომ? რა შეიძლება გააკეთოს კულტურის და საგამომცემლო სფერომ მთარგმნელების მხარდასაჭერად და თარგმანის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად?
ბ.ჩ: მკითხველი და ლიტერატურული საზოგადოება მთარგმნელის მიმართ იმდენად მომთხოვნია, რამდენადაც შეუძლია, მისი დიდი შრომა არ შეიმჩნიოს, მაგრამ მიკროსკოპული უზუსტობა არ აპატიოს მას, რომ არაფერი ვთქვათ თარგმანში "სიზუსტის" ცნების ბუნდოვანებაზე, რაც იყო კიდეც თქვენ მიერ ხსენებული ბლოგის მთავარი თემა.
აქაც გავიმეორებ, რომ თარგმანში ყოველი აქტი უნიკალურია. თუ მთარგმნელმა მოცემულ მომენტში გამოსავალი თავად ვერ იპოვა, თარგმნის სახელოსნოები მას ვერანაირად დაეხმარება. აქ იგი საკუთარი ინტუიციის ამარა რჩება და არ ითვალისწინებს მხოლოდ ლინგვისტურ წესებს, არამედ კულტურულ ელემენტებს, ტერმინის ფართო გაგებით, რადგან ყველა ენა თავისებურად ანაწევრებს, აღიქვამს და გამოხატავს სამყაროს. არ არსებობს ზოგადი წესი. გამოსავალი უნდა მოიძებნოს, ცალკეულ შემთხვევებში, ენის შესაძლებლობებისა და განსაკუთრებით იმის მიხედვით, თუ რა ინტერპრეტაციას უკეთებს პასაჟს კონკრეტული მთარგმნელი. ვინ იტყვის, რომ საუკეთესოდ ერთგული მთარგმნელიც კი ახალ ნაწარმოებს არ ქმნის და არის "სკანერი"?! ვინ მოიხელთებს იმ კოგნიტურ პროცესებს, რაც ერთი ენიდან მეორეზე ნებისმიერ რეპროდუქციას ახლავს და რომლებიც ლინგვისტიკას, ლიტერატურას, ფილოსოფიასა და კიდევ ვინ იცის, რას შორის ბარბაცებს?!
დიახ, მთარგმნელი თარგმანის სრულფასოვანი ავტორია. ამიტომ მთარგმნელების მხარდასაჭერად, ჯერ ისიც საქმე იქნება, თუ თარგმნილი ტექსტის თითოეულ აღწერაში, წარდგენაზე, სანომინაციო ჩამონათვალში, რეცენზიაში, რევიუსა თუ გადაცემაში მთარგმენლის სახელს სისტემატურად მიუთითებენ!
აღნიშნულ ბლოგში, თარგმნას, უმადურის გარდა, უსარფო საქმესაც ვუწოდებდი, რაც ცხადია, მთარგმნელის ანაზღაურების სიმცირეში გამოიხატება, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ჩვენამდე მთარგმნელს მოაქვს და სწორედ მისი დიდი შრომის წყალობით ხდება შესაძლებელი ჩვენს ენაზე ამ ტექსტის ნებისმიერი აღქმა თუ განხილვა და რაც მთავარია, წიგნების გაყიდვა. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს კულტურისა და საგამომცემლო სფეროში მეტი გულუხვობით, და რაც მთავარია, მეტი სამართლიანობით მიუდგნენ ამ საკითხს და ადეკვატური ჰონორარის გადახდის გარდა, მთარგმნელს ყოველ გაყიდულ ეგზემპლარზე (პირველივე გაყიდვიდან) გარკვეული პროცენტიც დაუტოვონ.
ადეკვატურ ჰონორარში ვგულისხმობ იმ მინიმუმს, რომლის ქვევით მთარგმნელის ანაზღაურების შემთხვევაში, ფრანგული წიგნის ცენტრი უბრალოდ უარს ამბობს პროექტების დაფინანსებაზე და ამით მთარგმნელის უფლებების დაცვას ცდილობს. ეს მინიმუმი გულისხმობს, პროზაში 1500 ასო-ნიშანზე, ხოლო პოეზიაში 25 ხაზზე, სულ მცირე 20 ევროს, რისგანაც საკმაოდ შორსაა ჩვენთან არსებული ტარიფები. არაფერს ვამბობ ანაზღაურებულ შვებულებასა და სამკურნალო შესვენების უფლებაზე.
ჩვენი მთარგმნელები ამას სავსებით იმსახურებენ, მით უმეტეს, რომ მათ, როგორც წესი, უწევთ იმაზე მეტის კეთება, ვიდრე თარგმნაა. აქ, მოსამზადებელი პერიოდის გარდა, იგულისხმება დემარშები რეპროდუქციის უფლებისთვის, რითაც უპირველესად გამომცემლობები უნდა კავდებოდნენ. რეალურად კი ისინი სწორედ მთარგმნელებს სთხოვენ უცხოელ გამომცემლებთან კონტაქტს, მათ პოვნას, უფლებების მოპოვებასა და თარგმანის გამოცემაზე მათ დათანხმებას. მთარგმნელი არ უნდა მოცდეს მსგავსი დემარშებისთვის, მით უმეტეს, თუ მას ამას არ უნაზღაურებენ. იგი ტექსტზე უნდა კონცენტრირდეს და თარგმანების საშუალო ხარისხიც შესაბამისად აიწევს.
მთარგმნელები ამას იმიტომაც იმსახურებენ, რომ მათ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ "ერთა დაახლოებასა და მათ შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების დამკვიდრებაში", როგორც აღნიშნულია გაეროს დადგენილებაში, რომლის საფუძველზე 30 სექტემბერი მთარგმნელთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ჩვენს პირობებში, ამ კარგ და საჭირო საქმეს მთარგმნელებს კიდევ უფრო ურთულებს ის ფაქტი, რომ მათ მუშაობა უხდებათ მოუმზადებელ ველზე, სადაც ხშირად, ლექსიკურ უდაბნოში უწევთ მთელი რიგი ტერმინოლოგიური ოაზისების აღმოჩენა. ამ მხრივ, ჩვენი მთარგმნელები ხშირად განსაზღვრავენ თავად ქართულ ლიტერატურულ ენასა თუ ტენდენციებს და დიდ როლს თამაშობენ მათ განვითარებაში.
პენცენტრი: როგორ ფიქრობთ, რა საზოგადოებრივი დატვირთვა აქვს დღეს პოეზიას, და რამდენად მნიშვნელოვანია კულტურისთვის პოეტური მემკვიდრეობის განახლება (მაგალითად: პოეზიის ისტორიის სწავლა, მე-20 საუკუნის ავტორების ლექსების თავიდან გამოცემა ან ხელახლა თარგმნა)?
ბ.ჩ: პოეზიის დატვირთვა, ჩემი აზრით, უპირველესად რეკრეაციულია, ანუ გართობაზე ოდნავ მეტი: ცვლილება, გადართვა, განიავება, თავის დაღწევა, განსხვავებული ატმოსფეროს შექმნა... ეს კი ის აუცილებლობაა, ეპოქას და ასაკს რომ არ ექვემდებარება. ადამიანს ის მუდამ სჭირდება. აბსოლუტურად ვეთანხმები გასული საუკუნის მეორე ნახევრის დიდ ფრანგ პოეტს, ივ ბონფუას, ვისთვისაც პოეზია იმისთვის კი არ არსებობს, რომ რაღაც მნიშვნელობები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ სიტყვებს შესძინოს ის საზრისი, რაც მათ ჩვეულებრივ ყოფაში არ გააჩნიათ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოეზია, და ზოგადად ხელოვნება, ამ სამყაროში ფაქტობრივად ერთადერთი სივრცეა, სადაც თავისუფლები ვართ. თავისუფლებას კი ვერ შეველევით.
შესაბამისად, დიახ, მნიშვნელოვანია პოეტური მემკვიდრეობის განახლება და გასული საუკუნის (და არა მხოლოდ) პოეზიის თავიდან გამოცემა.
ოდნავ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ პერიოდულად უნდა ახლდებოდეს სასკოლო პროგრამებიც. მე მომხრე ვიქნებოდი, მათში შევიდეს რაც შეიძლება ბევრი ლექსი, მეტიც, დარჩეს რამდენიმე საზეპიროც, იმ პირობით, რომ ტექსტის დამახსოვრება მოხდეს მეთოდურად და მოქნილად, რათა მისი მნიშვნელობა არ შემოიფარგლოს მეხსიერების გავარჯიშებით და ინტერპრეტაციის სამუშაოც მოიცვას. ცხადია, ეს ტექსტები უნდა იყოს მოკლე ფორმისა და დამახსოვრებადი სინტაქსის მქონე. ეს შეიძლება, იყოს განმეორებადი სტრუქტურა, ბგერითი თამაში, მუსიკალურობა... ეს გააშინაურებს ტექსტის კონსტრუქციასთან და პუნქტუაციის გამოკვეთასთან. ზოგჯერ, ლექსს სჭირდება დამახსოვრება, რომ თითოეულ მკითხველში იგი ხელახლა შეიქმნას.
ასევე ხელახლა უნდა შეიქმნას ძველი ტექსტების თარგმანებიც.
ცხადია, ეს არ ნიშნავს სიახლეების იგნორირებას. ხელოვნების ნაწარმოები არ არის აუცილებლად შედევრი, რადგან თანამედროვეა, ან - ცუდი ხარისხის, რადგან წარსულისაა. პირიქით, უამრავი შედევრია წარსულში, რომლებიც თავისთავად აწმყოსაც და მომავალსაც ეკუთვნის, და უამრავი უგემოვნო არტეფაქტია დღეს, რომლებიც წარსულს დიდხანს არ შემორჩება.
ქართულმა პოეზიამ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. იგი განახლდა და გამრავალფეროვნდა, როგორც თემატურად, ასევე ფორმის მხრივ. ახალი ტენდენციების თვალსაზრისით, თანამედროვე ფრანგი პოეტებიც, ქართველებივით, უფრო ინდივიდუალურად ვითარდებიან, ვიდრე ჟანრობრივად. ძნელია მათი სტილის რომელიმე მიმდინარეობაში მოთავსება. თუმცა ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ სოციალური თემატიკით, რაც დღევანდელ ქართულ პოეზიაშიც წინა პლანზე გამოვიდა. ეს სასიხარულოა, რადგან ვფიქრობ, რომ შთაგონება, "ცის" გარდა, ყოველდღიური პრობლემებიდან, უფლებააყრილი ადამიანებიდან, უსამართლობიდან და ქალთა კონდიციიდანაც შეიძლება მოვიდეს. ეს უკანასკნელი, როგორც თემატიკა, ცენტრალური მნიშვნელობისაა, სანამ ქალები მწირად არიან წარმოდგენილი მმართველ პოსტებზე, სანამ მათ უწევთ დომინანტ პატრიარქალურ სამყაროზე მორგება და სანამ მათ ერთსა და იმავე პოსტზე და ერთი და იმავე საქმისთვის მამაკაცებზე ნაკლებს უხდიან, მანამ ყოველგვარ თანასწორობაზე ლაპარაკი ყალბია და მანამ ვერ იქნება საზოგადოება საკუთარ თავთან პირნათელი. ლექსის, ზოგადად ხელოვნების, საშუალებით ამ უფლებების რეკლამირება მხოლოდ ხელს თუ შეუწყობს მათ მოპოვებას. ამ მხრივ, ჩემი თარგმანებიდან გამოვყოფდი ახალგაზრდა ფრანგი ავტორის, ემას შთამბეჭდავ კომიქსს "ვერ მითხარი?!", რომელიც ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ბლოგზე გამოქვეყნდა და რომელიც სახლის სამუშაოს არათანაბარ გადანაწილებასა და იმ "გონებრივ ტვირთს" ეხება, რომელიც თითქმის ყოველთვის ქალებს აწევთ:
ზოგადად, ლექსზე საუბრისას, "უნდა" ნაწილაკის გამოყენება არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მაინც ასე ვიტყოდი: პოეზია ხალხთან უნდა მივიდეს, პოეზია უნდა გახდეს უფრო და უფრო პოლიტიკური. იგი სწორედ ამგვარად გახდება მარად ინტერპრეტირებადი, მარად განახლებადი.
გმადლობთ ამ საინტერესო შეკითხვებისთვის!