- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
მთაწმინდიდან თბილისს ვხედავთ (ნეტავ არ ვხედავდეთ ზოგიერთ უბანს), მაგრამ თბილისიდან მთაწმინდას - ვეღარ. ყოველ შემთხვევაში, შუაგულ თბილისიდან ეს ძალიან ჭირს. არადა, თბილისზე შექმნილ პოეტურ-სასიმღერო ტექსტების უმეტესობაში ხან მთაწმინდა დაჰყურებს თბილისს და ხან თბილისი შეჰყურებს მთაწმინდას. ვათვალიერებ ,,თბილისური ფოლორცს“ (ფეისბუქ-ჯგუფია ასეთი), იქ განთავსებულ ფოტოებს და ნახატებს თბილისზე. სულო და გულო, თბილისის რა ფოტოს ან ნახატს აღარ ნახავ იქ - ძველი ეპოქის, თავისთავად. ახლანდელ თბილისზე მხოლოდ გულისტკივილით თუ დადებენ რამე ახალი სიმახინჯის ფოტოს, გასაპროტესტებლად ან სამსჯელოდ. ადგილობრივი თუ ევროპელი მხატვრების თვალით დანახულ თბილისს, ზოგჯერ მინიმალისტურს... როინიშვილის თუ ერმაკოვის, ასევე სხვათა მიერ გადაღებულ ფოტოებს... სხვანაირი მისტიციზმია შენი ქალაქის ამ ნახატებში თუ ფოტოებში. როდესაც ნახულობ ,,მადათოვის კუნძულს“...ქარვასლის თეატრს... ,,ავლაბრის ხიდს“ რომელიც მხოლოდ იმ დროინდელი ტრანსპორტისთვის იყო (ურემი, ფაეტონი.) და მეტეხის ხიდს, რომელიც მხოლდ ქვეითებისთვის იყო და სახედრებისთვის, რომელსაც ხალხმა ,,ვირის ხიდი“ შეარქვა.
უცნაურია ძველი თბილისის იმ პერიოდების ურბანული გარემო, თავისებურად ლამაზი. რაც მთავარია, ამ ფოტოებით თუ ნახატებით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისი იმ დროისათვის ძალიან მშვიდი ქალაქი იყო. წყნარიც და უწყინარიც. ამ სურათებით თბილისის ფუნქციურობასაც ვიგებთ და მის დანიშნულებასაც რეგიონში. შემდეგ ვნახულობ უკვე 60-იანი წლების თბილისის ფოტოებს. შემომხვდა ვინმე დ.სმირონოვის ფოტო, რომელზეც ვხედავთ გმირთა მოედანს, ცირკის შენობას და ,,თერთმეტსართულიანს.“ ვხედავთ უშუალოდ მოედანს, სადაც მანქანები კანტი-კუნტადაა. ასევე, ფეხით მოსიარულე თუ ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგარ ძალიან ცოტა ხალხს. აქვე უცნობი ავტორის ფოტოა, ისევ 60 ანი წლების, საბურთალოს, სადაც ძალიან მცირე ნაკადია მანქანების და მოსიარულე ადამიანების...მხვდება სხვადასხვა ფოტო, ისევ იმდროინდელი გამწვანებისა. „თბილისს ხომ ყოველთვის უჭირდა ჩრდილი“ (ასე მითხრა ერთმა მხცოვანმა თბილისელმა კაცმა). შემომხვდა ფოტო, ავადსახსენებელი კომუნისტების მიერ სიმწრით გაშენებული ახალი ნარგავების,- მთაწმინდის ფერდობებზე. ჯერ კიდევ ბავშვი, შეყვარებული ვიყავი ამ ტყეზე და გულიც ზემოთ მიმიწევდა, ფუნიკულიორისკენ, საფეხმავლოთი. სკოლის პერიოდში და სტუდენტობისას ეს ტყე ბუნებრივი მეგონა, უკვე სტუდენტობისას წავიკთხე ეს ისტორია, რომ ეს ტყე არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური განაშენიანების შედეგია. ალპინისტების დახმარებით. ახლა კი ნაწილი თავისით ხმება, ნაწილი კი დეველოპერებმა გაჩეხეს მრავალსართულიანი მონსტრების წამოსაჭიმად.
ძველ ისტორიებს აღარ გავაგრძელებ თბილისზე და არც მის გამწვანებაზე. ერთი პოლიტიკოსისა არ იყოს, „აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ“, თუმცა არც სხვა რეკრეაციულ ზონებს და უბნებს უდგათ კარგი ბედი და ყოველ ჯერზე, რომელიმე სკევრთან გავლისას, უკვე შიში მაქვს, რომ რომელიმე სამშენებლო ფირმამ არ დაადგას თვალი. კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე ხე (ხეები) არ მოიჭრას და შემდეგ ოცდაათიოდე ადამიანის გასაპროტესტებელი არ გახდეს. თუმც, აპროტესტე რამდენიც გინდა... მიკვირს ადამიანებისა, ვინც ამას ეგუება, მიკვირს ადამიანებისა, ვინც სამეგობროში წუწუნებენ და აქ მთავრდებიან. მიკვირს ადამიანებისა, ვისაც ეჯავრება, მაგალითად სპორტის სასახლის უკან აშენებული ბეტონის ჯუნგლები. (ეს უკანასკნელი უბრალოდ კარგი მაგალითია, სავიზიტო ბარათი ახალი თბილისისა, თორემ თითქმის ყველა უბანში ასეთი სურათია ახალ მშენებლობებისა), მიკვირს იმ ადამიანებისაც ვინც 70 ან 80 ათასს იხდიან, რომ ჰაერის მაგივრად ბეტონი ისუნთქონ ან აივანზე გასვლისას ცხვირი სხვის საძინებელში ან სამზარეულოში გაყონ, მიკვირს თვითონ იმ ადამიანებისა, ვინც ტყე-პარკს ჩეხავს იმისათვის, რომ თვითონ იცხოვროს, არადა, ვითომ გარეუბანში იმიტომ გადის საცხოვრებლად, რომ ისუნთქოს, სუფთა ჰაერი ჰქონდეს და ამ დროს თვითონ ჭრის თავისივე სასუნთქ ხეს. (მაგ. ბაგები), მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ამ მშენებლებს, დიდ კორპორაციებს და დეველოპერებს ამ ყველაფრის უფლებას აძლევენ. ეს რატომ მიკვირს, აი, ესეც მიკვირს ჩემს თავში. მიკვირს ადამიანებისაც, ვინც ამ ყველაფერს ყოველგვარი პირადი ინტერესის გარეშე, ამინდის მიუხედავად აპროტესტებენ და მაინც არასდროს არ ტყდებიან, სულიერად არ ეცემიან და ერთ დაძახებაზე იკრიბებიან იქ, სადაც ხე იჭრება, მორიგი ბეტონის თუ შუშის „ცათამბჯენის“ საძირკველი ამოჰყავთ, ანდა პირიქით, ძველ ლამაზ შენობას ანგრევენ. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ამ ხალხზე ქილიკობს და ცინიზმით იხსენიებს ფრაზით: „კაი რა, ტყუილა ყვირიან, სისულელეა“. კიდევ უფრო მიკვირს იმ ადამიანებისა რომელთა საცხოვრებელ კორპუსს, ცხვირწინ უშენებენ უზარმაზარ, კიდევ უფრო დიდ კორპუსს და ამის გასაპროტესტებლად ერთ კაცსაც ვერ გამოიყვან ამ კორპუსიდან.
მიმიხვდით ალბათ, ბევრმა რამემ შეიძლება გაგვაკვირვოს, სამწუხაროდ, ალბათ, კიდევ წინ გვაქვს მთელი რიგი საკვირველებანი. აღარაფერს ვამბობ უამრავ მანქანაზე, მათგან შექმნილ საშიშროებაზე, რაც უკავშირდება ბანალურ ტერმინს - ჟანგბადის დაბინძურებას. ჰოდა, მიკვირს ოპტიმისტი ადამიანებისაც, ვისაც სჯერა, რომ დედაქალაქში, ამდენი მანქანის შემხედვარეს, კილომეტრიან საცობებს და ნერვებზე მოქმედ საშინელ ხმაურს, რომ ოდესმე ეშველება. ამიტომ მიკვირს ეს ყველაფერი. საკვირველებაში ცუდი არაფერია, თუ ის კარგი და სასიხარულოა, უბარლოდ, ამდენი ცუდია საკვირველი და ისიც შენს ქალაქში, რომელსაც, იცი რომ დიდი ალბათობით ვეღარ გამოასწორებ, მეტიც, ემატება და ემატება. ძველი, თუნდაც მე-18 ან მე-19 საუკუნის თბილისისგან განსხვავებით, თბილისი უფუნქციო ფუნქციონერივითაა, არის და თან არ არის....