PENVIRONMENT

ქალაქის გულზე თუ სხეულზე

×
ავტორის გვერდი ქეთი ქანთარია 2020-11-21 1063

ბევრი წლის წინ ერთი რომანის თარგმნა დავიწყე და ერთმა ვითომ უმნიშვნელო ელემენტმა არ მომასვენა. ეგ ელემენტი ბევრი წამკითხველისთვის ალბათ შეუმჩნეველიც დარჩა, მაგრამ მე იქიდან ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწერამდე მიმიყვანა -  ,,ბართლბი, გადამწერამდე“.  ჩემი ქალაქი ჩემთვის თვალის ახელის წლებიდან აგურის კედლების ქალაქი იყო, სამ, ოთხსართულიანი სახლების გვერდითა ფასადებზე უსისტემოდ, თითის ანაბეჭდებივით სულ სხვადასხვანაირი განლაგებით იყო ამ კედლებზე ამოჭრილი დიდი და პატარა ფანჯრები და სარკმლები. როცა ივნისის ბოლო დღეები დადგებოდა და მანქანა სადგურისკენ წაგვიყვანდა, თვალებად ვიქცეოდი და გზად ამ კედლების თვალიერებით ვერ ვძღებოდი. სხვა არავისგან გამიგია ამ სარჩულ-კედლების ასეთი სიყვარული და თვალებს არ ვუჯერებდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი ორი საყვარელი მწერლისთვის რაღაც ძალიან ფუნდამენტურს ნიშნავდა ეს ყრუდ მეტყველი აგურის კედელი. მერე და მერე სხვა ქალაქებიც ავაგე ამ მანიაკალურ ძაფზე - ნამდვილად, მხვდებოდა და თქვენც გხვდებათ საოცარი ქალაქები, რომლებიც ფასადებით კი არა, ამ კედლებით გელაპარაკებიან, რომლებიც, როცა შენდებოდა, უცხო თვალის დასანახად არ იყო, ქალაქების და მისი დიდ-პატარა მფლობელების შინაგანი ლოგიკის მოხაზული იყო ეს მოყვანილობები.

რამდენიმე წლის წინ, როცა მთელი ქალაქის აქტივისტები ერთ წერტილში, გუდიაშვილის მოედანზე იყვნენ კონცენტრირებულები, კითხვა გამიჩნდა, იქნებოდა თუ არა უფრო პრდუქტიული, რომ ქალაქზე ძალადობის ერთი გამოვლინება კი არა, თვით მოძალადე ხელი გაეპროტესტებინა ამდენ ადამიანს - ძირი, და არა მის ადგილას ამოსული მხოლოდ ერთ-ერთი თავი. ეჭვი მიჩნდებოდა, რომ მეორე, მეხუთე და მეათე ამ დროს სხვაგან ჭამდა რაღაცას, და ასეც იყო, ზუსტად იმ დროს, იქვე, მაგალითად, ინგოროყვას ქუჩის დასაწყისში რამდენიმე გაუგონარი შენობა აღმოცენდა, ქუჩის ყველაზე ლამაზ სახლში მეპატრონემ თეთრი მარმარილოს კიბე „გამოიგონა“, ძველებური მესერი იმ ახალი მასალით შეცვალა, რომლის ნახვა ადრე მხოლოდ ქართულ სასაფლაოებზე  შეიძლებოდა, ახლა კი ისტორიული უბნების რაღაცისაგან შეშინებულ მოსახლეებს იცავს მესერის, გისოსის, რკინის კარის, ჩარდახის, ჟალუზის და სხვა სახით.

ქალაქებს ეს ელემენტები აგებს, ასხვავებს ან ამსგავსებს ერთმანეთს - ფასადები არ არის ისეთი საინტერესო, როგორც თვალს მიფარებული სივრცეები, ეზოები (არის სადმე ქალაქი, სადაც მესამე-მეოთხე სართულამდე ადიოდა ვაზი ხეებად და ნაყოფსაც კი გაძლევდა, ჩვენ არა, ჩიტებს), სადარბაზოები, ლითონის ნაკეთობები და ინტერიერები. სიძველეების კონსერვაციას ოდესმე მაინც ვისწავლით, ბოლოს და ბოლოს მიწასთან გასწორებული ქალაქები აუშენებიათ თავიდან ისე, რომ ძველისგან არ განსხვავდება, მაგრამ ახლა, რაკი ჩვენი ეს პროექტი თბილისს უტრიალებს, რაღაც ისეთს მინდა მივაპყრო ადამიანების ყურადღება, რაც, როცა წავა, ვეღარ აღდგება. ეს ინტერიერებია, ჩვენი ქალაქის ძველი ბინების ის ელემენტი, რაც ყველაზე დაუსჯელად ხდება ძალადობის ობიექტი.

რამდენიმე წლის წინ AIRBNB-ის საწინააღმდეგო პროტესტი გაჩნდა ევროპაში - მიჭირს თქმა, რამდენად მასშტაბური. ამას სოციალური სარჩული ჰქონდა - ევროპის ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან ქალაქებში ტურისტული ბიზნესის აღვირახსნილობა ერთეულების ხელში აგდებს ათობით ბინას, და მერე უკვე ქვეყნის და ქალაქის კანონმდებლობის იმედადღაა, რაც ამ ბინებს (ბიზნესმენს ხომ მეტწილად ისტორიული უბნების და შენობების მიმართ აქვს ინტერესი) და იმ ადამიანებს მოელით, ვინც საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში, თავის ქალაქში, თავისი უნივერსიტეტის ქალაქში ბინის დაქირავებას ვერ ახერხებს. აი, ერთი ბარსელონელი ანთროპოლოგი წერს, რომ დროებითი მცხოვრებლების სიმრავლე ისტორიულ ბინებს ,,სულს აცლის“ - არ ვიცი, სულამდე და სოციალურამდე ჩვენ ჯერ ვერ მოვმწიფდით, ჩვენთვის ჯერ უფრო აქტუალური პრობლემა უმწიფარი და უვიცი სიხარბეა, რომელიც რკინის კბილებით გვიჭამს დაუცველი და მშვენიერი ქალაქის სხეულს.

ეს ჩემი ამბავიცაა - მქონდა ბედი და დაახლოებით თხუთმეტი წელი მშვენიერ და ხელუხლებელ ძველ ბინაში ვცხოვრობდი, ჩემს შვილსაც ჰქონდა ჰქონდა ამის იღბალი - ამაში გაიზარდა: დისკომფორტში, შესაძლოა, მაგრამ იმ ელემენტებში, რისგანაც შედგებოდა მისი ქალაქი. ის ბინა წესიერ და არახარბ ადამიანებს ეკუთვნოდა, არქიტექტორებს, რომლებიც ამ გარემოს გადასარჩენად იბრძვიან და უფრო ხშირად მარცხდებიან. გამოცდილება, რომელიც ახალი ბინის ძებნისას შევიძინე, ჩემი პატარა დეპრესიის მიზეზი გახდა - ანტიდეპრესანტს ახლაც ვსვამ. არ ვხუმრობ.

ბინის ცვლა პრობლემად არასოდეს მომჩვენებია, ხანდახან მე თვითონ მშურდა ჩემი თავის, რომ ერთ გარემოსთან არ ვიყავი მიბმული, შემეძლო მოვმწყდარიყავი და ახალი ატმოსფერო მომეძებნა ჩემი ცხოვრებისთვის. ამ ყოველდღიური ექსკურსიების პერიოდში დავინახე, რომ ქალაქში ძალიან გაიშვიათებულია ბინები, რომლებშიც ისტორიის ან ესთეტიკის ნაწილი მაინც ცოცხლობს. ძველი კარ-ფანჯარა და პარკეტი მასობრივად გამოცვლილი იყო პლასტიკატის მასალით, ეს ხდებოდა თითქმის ყველგან და დაუნდობლად. გამოცდილების მეორე ტრავმული ნაწილი ორი მხარის ურთიერთდამოკიდებულება იყო სოციალური ქსელების შესაბამის ჯგუფებში. ძნელი იყო მიხვედრა, რა უფრო შემაშფოთებელი იყო, დამქირავებლების გაუგონარი პრეტენზიები თუ ბინების მფლობელების  დამოკიდებულება ადამიანების მიმართ - ეს ყველაფერი შეზავებული უზრდელობით, უხიაგობით, საბნის თავისკენ გადაქაჩვის სურვილით, და უცებ მივხვდი, რომ ამ ორ მხარეს შორისაა მოხვედრილი ქალაქი, და მისგან კიდევ დიდხანს გაგრძელდება იმ საწველი ძროხის ძერწვა, რომელსაც მხოლოდ ართმევენ და არაფერს აძლევენ. ,,ტურისტიფიკაცია“ და ჯენტრიფიკაცია კიდევ არ არის ამ ქალაქის მთავარი პრობლემა - ზომიერი პოზიციის ადამიანისათვის ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ ისტორიულ შენობებს თუ ბინებს ხანდახან გადარჩენის შანსი ან საინტერესო ფუნქცია ეძლევა კარგი მფლობელის ხელში. პრობლემა ამ „კარგი ხელის“ ნაკლებობა და სრული უკონტროლობაა ქალაქის ხელისუფლების მხრიდან, რადგან არ არსებობს არანაირი ნორმები იმის განსასაზღვრად, რის გაკეთება შეიძლება და რის არა; როგორი მასალის გამოყენება შეიძლება და როგორის - არა (და ასე შემდეგ) ქალაქის ისტორიულ ნაწილში. თუმცა, კერძო პირებზე რა ვთქვათ, როდესაც, სხვადასხვა წელს, ნაწილ-ნაწილ აღდგენილ აღამშენებლის გამზირზე, ახლა უკვე ათონელის ქუჩის მითვლით, რესტრავრაციისას შენობებს კარ-ფანჯრის სწორი პროპორციები ვერ შეურჩიეს და მეცხრამეტე საუკუნის სახლებს ტლანქი, გაუგებარი ფერის ფანჯრები „ამშვენებს.“ „ტურისტიფიკაციამდე“ ჯერ უნდა მივიდეთ, თუმცა, იქნებ ვერც მივიდეთ, იმიტომ, რომ აქაურებს უკვე გვიჩნდება კითხვა, ნეტავი რის სანახავად ჩამოვლენ ადამიანები ამ ქალაქში რამდენიმე წლის შემდეგ, უცხოელებისაგან კი უკვე გვესმის, რომ თბილისი მხოლოდ „ბაზად“ ვარგა საქართველოს მთებში მოგზაურობის წინ.

 

თბილისის ვითარებასთან შესაპირისპირებლად ყოველთვის უკრაინული ლვოვი მიტივტივდება გონებაში. ორივე ძველია და ლამაზი, ორივე არამდიდარი ქვეყნის ქალაქია, ორივეს ძალიან ეტანება ტურისტი. ამ ქალაქში ორჯერ ვიყავი ორი წლის გამოტოვებით და ორივეჯერ რამდენიმე დღით მჭირდებოდა გაჩერება,  სანამ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწევდი, შემდეგ კი უკან დავბრუნდებოდი. უცხო ქალაქში, სასტუმროში ცხოვრება ჩემთვის რაღაც ტვირთების წაშლას, გამოცდილების ნულოვან დონესთან დაბრუნებას ნიშნავს და ამით ძალიან ღირებულია, მაგრამ ლვოვივით არაძვირ და ისტორიულ ქალაქში რომელიმე ისეთი ბინის არჩევა სჯობს (მრავალთაგან), რომელიც თავისი წარსულით და ატმოსფეროთი თავბრუს გახვევს და დაუვიწყარი ხდება. ამ ორი წლის შუალედში, ძებნაში და თვალიერებაში, ბევრი ისტორიული ბინის გულდასაწყვეტი ცვლის მოწმე გავხდი - თან ეს ხდება ქალაქში, რომელსაც გერმანელ რესტავრატორებთან აქვს დადებული კონტრაქტი და ისტორიულ ცენტრს იდეალური კონსერვაცია უკეთდება.

ძალიან საინტერესო, ლამის სამეცნიერო ინტერესს იწვევდა ეს პროცესი - როგორ შემოდის სიხარბე ქალაქში და მერე მასზე ბატონებას იწყებს. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე გამომრჩა გარდატეხის მომენტი თბილისში -  იქ კი, დასავლეთ უკრაინის სხვა, უფრო პატარა ქალაქში, თვალნათლივ ვხედავდი, როგორ დაიხურა სტუდენტების კაფე „გუსტავი“ - მისი სიმპათიური შორტებიანი  მფლობელები, მაგიდასთან გიჯდებოდნენ, აღფრთოვანებულები გელაპარაკებოდნენ ძველ და ახალ წიგნებზე (ზოგის ავტორი იქ იჯდა, ლიტ.ფესტივალი იყო), გართმევდნენ ნაკლებს, ვიდრე გადასახდელი გქონდა, თავად კი ჰქონდათ დიდი გეგმები და ამ გეგმებისთვის ქილაში მუდამ შეგეძლო მეტის ჩაგდება, ვიდრე გადასახდელი გქონდა - აქ, ბრუნო შულცის მკვლელობის ადგილის გადაღმა, ძველ კაფე „ბრუნოში“ და კიდევ რამდენიმე ისეთ ადგილას, სადაც თბილისიდანვე ვემზადებოდი მისასვლელად, ერთნაირ სავარძლებიანი, მსუყე და არაფრისმთქმელი ქსელური ქსელი დამხვდა, რომლის სახელიც არ ვიცი და არც მაინტერესებს. ჩვენ ჯერ ერთ გარემოში ვცხოვრობთ, ჯერ დაუწერელი კანონების, ჯერ შეუზღუდავი„ინვესტორის“ ფეტიშის ხანაში - უკრაინა, პრინციპში, რამდენიმე წლით უკან მოგვდევს - რის გადახვევაც მეხსიერებას არ შუძლია, იქ თვალსაჩინოდ მიმდინარეობს.

რაკი მწერლებისაა ( და, ჩემსავით, მათთან მიტმასნილი პერსონების) ბლოგების ეს სერია, მეც იქით გავაგრძელებ, საითაც გულმა ან მეხსიერებამ მიკარნახა - Il fares the Land, აქვს ასეთი სიტყვები ოლივერ გოლდსმიტს, „გაუკაცურებული სოფლის“ ავტორს - უკეთურება ეუფლება/მოიცავს მიწას, მგონი ასეა ნათარგმნი ქართულად ტონი ჯატის წიგნი, რომელსაც სათაურად ამ ლექსის სტრიქონი აქვს და რომელიც, ალბათ ორნაირად შეიძლება ითქვას - სიხარბეზეა, ანდა - სიხარბისაგან თავისუფალ საზოგადოებაზე. თუ თქვენც ჩემსავით გჩვევიათ მიდებ-მოდება და აზრების დაუმთავრებლობა, იქნებ უკვე ლექსის ორგინალისკენ გაგექცათ თვალი, რასაც  მე თვითონ ახლა ვაკეთებ  და გაოცებული ვკითხულობ კიდევ ერთხელ, რა ერთნაირად მოდის უკეთურება ერთი ბატონის ხელთან ერთად, ადგილებში, რომლებისგანაც ჩვენი სიცოცხლე შედგებოდა. და ერთი ბატონი თვით ჩვენს ერთ კაცზე სახიფათოც კია, თუ მეორე პირველის მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოვლინებაა.

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები