PENVIRONMENT

ვერ ივიწყებენ თბილისის ქუჩები...

×
ავტორის გვერდი დათო ქარდავა 2020-11-24 7113

“თქორავს. ცა მოღრუბლულია. გოლოვინის პროსპექტზე ხალხი უხალისოდ მიდის-მოდის კალოშებითა და ქოლგებით. მივდივარ ლორის-მელიქოვის ქუჩისკენ, სადაც ახლა საჯარო ბიბლიოთეკაა. მივაღწიე გოლოვინის პროსპექტზე ვაჟთა პირველი გიმნაზიის მაღალ კედელს, რომელიც ახლანდელი მაღაზიების ადგილას იყოს ამოყვანილი. პროსპექტზე ჩემ წინ მიდის კაცი. ვფიქრობ, ვინ არის ეს ძველნაბდიანი კაცი, რომელსაც წუღები აცვია და თეთრი შალის წინდები მოუჩანს, თავზე ბოხოხი ხურავს  და მხრებზე აქლემის ყელის ფერის ყაბალახი აქვს გადმოგდებული. ყველა ჩემი ნაცნობი, რომელიც შორიდან, მგონია, მე მიცინის, თურმე, მე ვერც კი მამჩნევს, უცინის ჩემ წინ მიმავალ ძველნაბდიანს და სალამსაც იმას აძლევს. ძველნაბდიანი კი მიდის ნელა, აუჩქარებლად და თვითონაც ყველას სალამით უპასუხებს.

მე გადავდივარ ქაშვეთის ქუჩისკენ. ვხედავ: ნაბდიანი ახლაც ჩემ წინ მიდის. ცხენის ტრამვაის წკარა-წკური გააქვს, ცოტა ხნით გვაჩერებს ორივეს. ტრამვაიდან ნაბდიანს მხიარულად, სიცილით უკრავენ თავს ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი, ორი ჩვენი დიდი არტისტი. ვფიქრობ, ვინ უნდა იყოს ეს კაცი...”

ეს კაცი... ეს თბილისი... ეს გარემო... სადღაც იქვე ქაშუეთის ქუჩაზე, ბუკინისტ სოსიკო მერკვილაძესთან, ალბათ, აკაკიც სტუმრობს... ეს კაციც, ალბათ, ილიას „ივერიიდან“ ბრუნდება, სადაც „ხურჯინით თუ მაფრაშით“ თავისი ლექსები მიჰქონდა ხოლმე...

ეს კაცი ვაჟაა, ვაჟა-ფშაველა, რომელთან შეხვედრის მცირე ეპიზოდს, იმ დროსა და გარემოს,  ნამდვილი ძეგლი დაუდგა მწერალმა ნინო ნაკაშიძემ 1946 წელს გამოცემულ მოგონებებში... 

ილიას, აკაკის და ვაჟას  შემოქმედება, საზოგადოებრივი ღვაწლი და დანატოვარი იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ გიჩნდება განცდა, თითქოს, ისინი არც არსად წასულან და დღესაც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ: გველაპარაკებიან წიგნებიდან თავიანთი ტექსტებით, გვიყურებენ მათი პორტრეტები ყველა კულტურული დაწესებულების კედლებიდან და ქუჩაში გამოსულიც იოლად შესაძლებელია, მათი სახელობის გამზირზე ან რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში აღმოვჩნდეთ, ან სულაც მათი ძეგლების ჩრდილში დავდგეთ. ასეა, ვაჟას, ილიას და აკაკის გარეშე დღესაც ისევე წარმოუდგენელია თბილისის ქუჩები, როგორც XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, როცა ილია თავისი „ივერიითა“ და „საადგილმამულო ბანკით“ ტფილისის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში ტრიალებდა, როცა ქუთაისიდან ჩამოსული აკაკის მასპინძლობისთვის მზად იყო ლამის ყველა რედაქცია და სასტუმრო, როცა  ჩარგალიდან „ხურჯინით თუ მაფრაშით“ ჩემოსული ვაჟა, ვიდრე ნაწერებს ჩამოარიგებდა, თავის უმცროს ძმასთან, სანდროსთან რჩებოდა ვერაზე...

ძეგლის ამბავში, ამ დიდი სამეულიდან, ყველაზე მეტად  (ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში) აკაკის გაუმართლა. ილია აკაკიზე რვა წლით ადრე გარდაიცვალა. წესით, საქართველოსა და თბილისის საზოგადოებას მისი ხსოვნის უკვდავყოფაზე ადრევე უნდა ეზრუნა, გარკვეულწილად იზრუნა კიდეც, როცა მისი საფლავის მოწყობა-დაპროექტება წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ ნიკოლაძეს დაავალა, თუმცა ახალგაზრდა მოქანდაკემ ილია ჭავჭავაძის საფლავზე, არა მწერლის ბიუსტი ან ძეგლი, არამედ მგლოვიარე დედა - „მწუხარე საქართველო“ დადგა. ტფილისის ქუჩებს ილიას ძეგლი არც მომდევნო წლებში ეღირსა. 1921 წლიდან, ქართველთა უსახსრობასა და თავმოუბმელობას დაემატა ბოლშევიკებისა და პირადად ფილიპე მახარაძის მტრული დამოკიდებულება ილიასადმი, რომელიც მხოლოდ 1934 წლიდან შეიცვალა, როცა ჯერ 1934 წელს მალაქია ტოროშელიძემ (როგორც ჩანს, სტალინის დავალებით) მწერალთა პირველ ყრილობაზე შეასხა ხოტბა ილიას, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ გაზეთ „პრავდის“ (N244) ფურცლებზე  XIX საუკუნის მეორე ნახევრის ნაციონალურ-რევოლუციური (!) მოძრაობის მოღვაწე უწოდეს.

აკაკის კი ტფილისის გუბერნიაშიც სწყალობდნენ, პირველ რესპუბლიკაშიც და საბჭოთა საქართველოშიც, ამიტომ  გასაკვირი არაა, რომ ქართველთაგან პირველს მას დაუდგეს ქალაქში ძეგლი და არა რუსთაველს ან რუსების მიერ დიდად დაფასებულ გენერალ გრ. ორბელიანს.

1915 წელს, აკაკის გარდაცვალებისთანავე, იაკობ ნიკოლაძემ ქვისგან გამოთალა მწერლის ბიუსტი, რომელიც 7 წლის შემდეგ, 1922 წელს დადგეს თბილისის ოპერის სკვერში. 1955 წლიდან „ქვის აკაკი“ „ბრინჯაოს აკაკიმ“ შეცვალა, თუმცა შეიცვალა მხოლოდ მასალა, არ შეცვლილა ზომა, რომელიც ადამიანის ნატურალურ ზომებისგან მცირედით თუ განსხვავდება, რის გამოც ქვეითადმოსიარულეებს არ უჭირთ პოეტის (ქუთუთოების დამბლით შეცვლილი) მზერისთვის თვალის გასწორება და ყოველ ჯერზე მოქანდაკის ოსტატობით აღფრთოვანება ისე, როგორც თავის დროზე აღფრთოვანდა გერონტი ქიქოძე, როცა დაწერა:

„ვისაც მოხუცი აკაკი წერეთელი სიცოცხლეში უნახავს, დამეთანხმება, რომ მის ბიუსტში დიდი ოსტატობით გადმოცემულია არა მარტო სახის ნაკვთები, არამედ ის მიუწვდომელი რაღაც, რასაც სახის იერი ეწოდება. ძნელია, ვინმე მოქანდაკეს იმის გამო შეედავოს, რომ აკაკი წერეთლის მკერდი გატიტვლებულია ჰომეროსის დროინდელი რაფსოდივით. ამით თითქოს ხაზგასმულია ის, რაც ზეისტორიული იყო ქართველ პოეტში.“

აკაკის არა მხოლოდ პირველობის გამო გაუმართლა. აკაკი თბილისელი მოქანდაკეების ყველაზე საყვარელი ნატურაა. 1922-წიდან 1990 წლამდე თბილისში აკაკი წერეთლის 4 სკულპტურა დაიდგა: იაკობ ნიკოლაძისა უკვე ვთქვით, თსუ-ს ეზო-სავანეში ვალენტინ თოფურიძის ბრინჯაოს აკაკი - 1957 წ, რუსთაველის გამზირზე სკულპტურული კომპოზიცია „ილია და აკაკი“ (ვალენტინ თოფურიძე, შოთა მიქატაძე) - 1958 წ და წერეთლის გამზირზე ბიძინა ავალიშვილის აკაკი  - 1990 წ.

"ილია და აკაკი! ამ ორ სახელს მუდამ ერთად ახსენებს ქართველი ხალხი. ამ ბუმბერაზთა სახელები ჩვენი ეროვნული კულტურის, სამშობლოსადმი თავდადებული სიყვარულის სიმბოლოდაა ქცეული. მოქანდაკეებმაც არ დააშორეს ერთმანეთს ჩვენი მგოსნები და აი სულ მალე ილიასა და აკაკის ძეგლი "გამოვა" მძერწავის სახელოსნოდან და დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე აღიმართება, პირველი სკოლის წინ“, - წერდნენ 1957 წელს გამოსული გაზეთები. ამავე წელს ფოტოგრაფმა ო. თურქიამ გადაიღო სკულპტურულ კომპოზიციაზე მუშაობის პროცესი, რომელშიც ჩართული იყვნენ მოქანდაკეები: შოთა მიქატაძე, გია ჯაფარიძე და ვალენტინ თოფურიძე.

თოფურიძისა და მიქატაძის „ილია და აკაკი“ ძალიან ჰგავს ზუსტად 100 წლით ადრე, 1857 წელს ვაიმარში, საზეიმო ვითარებაში გახსნილ გოეთესა და შილერის სკულპტურულ კომპოზიციას. ბედის ირონიით, აკაკიც ისევე ბევრად მაღალი იყო ილიაზე, როგორც შილერი გოეთეზე (სხვაობა 21 სმ), მაგრამ ქართველმა მოქანდაკეებმაც, ერნსტ რიტშელის (Ernst Rietschel) მსგავსად, კომპოზიციის ორივე წევრი ერთი სიმაღლისა ჩამოასხეს. გარდა ამ სახალისო დეტალისა, „ილია და აკაკის“ სკულპტურულმა კომპოზიციამ ასევე შვა ურბანული ლეგენდა, რომელიც თავისი მასშტაბით, მართალია, ბევრად ჩამოუვარდება ალექსანდრ პუშკინის პეტერბურგისა და სელმა ლაგერლოფის კარლსკრონას ბრინჯაოს მხედრების გაქანებას, მაგრამ მათზე ბევრად სახალისო ნამდვილად არის. საუბარია ხელჯოხზე, რომელსაც აკაკის ბრინჯაოს სკულპტურა ეყრდნობა და, რომელიც, თითქოსდა, ღამის განმავლობაში ილიას სკულპტურას გადაეცემა სულის მოსათქმელად.

საინტერესოა კომპოზიციაზე მუშაობის ისტორიაც, რომელიც ჟურნალ „დროშის“ 1980 წლის N12-შია მოთხრობილი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტის, მიხეილ ყვარელაშვილის მიერ. სწორედ მიხეილ ყვარელაშვილი ასრულებს „აკაკის აკვანში“ იუბილარი პოეტის როლს და სწორედ ასეთი იერით პოზირებდა ის სკულპტურაზე მუშაობის დროსაც. საქმე ის არის, რომ გრიგოლ მხეიძეს, „ქართული ფილმის“ გრიმიორს, აკაკის ყველა ინვენტარი შეუნახია: ტანისამოსი, წვერ-ულვაში და წარბებიც კი.

„გრიგოლ მხეიძემ კვლავ ჩამიტარა ის პროცედურა, რაც კინოფილმ „აკაკის აკვანში“. გამკრიჭა, გამიკეთა აკაკისეული გრიმი, ჩამაცვა აკაკის ტანსაცმელი“, - იხსენებდა მიხეილ ყვარელაშვილი, - „დამაყენეს ორმეტრიან დაზგაზე, რომელზეც ილიას და აკაკის თიხაშელესილი კარკასები იდგა. მე აკაკის კარკასთან დავდექი და მოვემზადე, ხოლო ილიას კარკასთან ჩემთვის უცნობი პიროვნება, სახელად ნიკო დადგა. ილიას ქანდაკებაზე შოთა მიქატაძე მუშაობდა, აკაკიზე - ვალენტინ თოფურიძე.  ქანდაკებაზე მუშაობას 26 სეანსი დასჭირდა. ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა მომენტი, რომ მე ჩუმად ვმდგარიყავი... ჩემს სიმღერაში ხშირად მოქანდაკეებიც ჩაერთვებოდნენ ხოლმე, კარგი ტრიო გამოგვდიოდა“.

ერთხელ ასე აკაკის გრიმით გამოსულ მომღერალს ტაქსისტმა ფული არ გამოართვა, რას ამბობ, მე მანქანა მისთვის მინდა, რომ აკაკის ვმსახურობდეო!  

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას. დიდი სამეულიდან ყველაზე მცირე დრო თბილისში ვაჟას აქვს გატარებული, ალბათ ამის გამოა, რომ ძეგლის დადგმა დაუგვიანეს. ვაჟა-ფშაველას ძეგლი (თუ არ ჩავთვლით უნივერსიტეტის სავანეს)  მხოლოდ 1973 წელს დაიდგა.

„ამ დღეებში გენიალური მგოსანი-მოაზროვნე თბილისის ქუჩებშიც ჩამოსახლდა თავისი სახელობის პროსპექტზე, თბილისელთა თანამოქალაქე გახდა და, რაც მთავარია, ჭეშმარიტი ღირშესანიშნავი მონუმენტით დამკვიდრდდა იგი დედაქალაქში“, - წერდა მაშინდელი პრესა, რომელმაც არც მოქანდაკისათვის, გიორგი ოჩიაურისთვის დაინანა საქებარი სიტყვები:

„გოგი ოჩიაურის ვაჟა-ფშაველა ღრმად რეალისტური და, რაც აგრეთვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეროვნული მონუმენტური  სახის შექმნის უაღრესად საინტერესო და თავისებურ ცდას წარმოადგენს. იგი მასთან დაკავშირებულ  სათუთად გამოძერწილ  კომპოზიციურ  მოტივებთან ერთად, უთუოდ გვაგრძნობინებს  ვაჟას „მეს“ და პოეტის მშობლიური კუთხის თავისებურ კოლორიტსაც“ (ავტ. მ. დუდუჩავა).

მცირე ურბანული ლეგენდა ამ სკულპტურამაც შვა, უფრო სწორად, შვა მისმა გაშვერილმა ხელმა, რომელიც, თითქოსდა, ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქანდაკის სახლის მიმართულებას უჩვენებს, სერიოზულად კი ვაჟას, ილიას და აკაკის ბრინჯაოს სკულპტურები ვაჟა-ფშაველას  იმ ფრაზის ერთგვარ სამგანზომილებიან ილუსტრაციებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომლის მიხედვითაც, „ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი“.

ყოველ შემთხვევაში, თბილისი და მისი ქუჩები ნამდვილად ვერ ივიწყებენ...

 

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები