- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
მას მერე რაც ტფილისის შუაში, პასკევიჩ-ერივანსკის მოედანზე, თამამშოვის თეატრის აგება მოიფიქრეს, ბაზარი იქ მოშალეს და რაც მოეკრიბათ, დაელაგებიათ, ქვევით წაიღეს და დახლები იარმუკაში გაშალეს. რას არ ნახავდი აქ, ფლავის ქვაბსა და ტოლჩას, ანჯამებსა და ბილიარდის შარებს, მოპარულ საათსა და „შაჰ ნამეს“ ფურცლებს. აქეთ სალდათები ყიდდნენ ჩექმასა და ხიშტს, რევოლვერსა და უზანგს. სალდათის ბაზარიც ამის გამო დაერქვა. ვინ იარმუკას იტყოდა, ვინ სალდათის ბაზარს. ხილსაც ნახავდი, თევზსაც, რუმბებით ღვინოს, კასრებიც გამოერია უკვე, არც თუ ბევრი და თვალში საცემი, მარა გერმანელებმა ამის დამზადებაც დაიწყეს. ერთი მეორის გვერდითაა მაიერის დუქანი, საიათო-ბელიამინ-ოღლის საჩაიე, „ვარშავის ტრაქტირი“, კუკუჯანოვის დუქანი. იქით სპარსელი მოდის, წვერი ინით გაუღებავს, ებრაელს მოაქვს ალიში და ტერნო, იტალიელი კაპელმეისტერი, რუსი პოლიცმაისტერი, ბერძენი ყალიონით, ოსმალო წითელი ფესით. ხმაური ყოველ ნაბიჯზე, გაკვრა, მუჯლუგუნი, ოინი, ჯიბის მოჭრა, ათასი ხმა შერეული და ცალკე მოარული. ენის ოდენობა მოუთვლელი. თითქოს ბაბილონის გოდოლი დაიქცა ერივანსკი პლოშადზე და იმის ნამსხვრევები აგე იარმუკაზე დაყრილა. აქეთ ნერსესოვის სემინარიის კუთვნილი შენობა, შიგ ხელაძის სტამბით, იქით გერმანელთა ეკლესია, ფაკლენოვის სახლთან ჩაცუცქული კინტოები კედელზე აბაზის მირტყმას თამაშობენ, გარადავოი ხმლით, ბუკინისტი წიგნით, აშუღი თარით, ზარაფი ქისით, ქურდი კატით და ამ ყველაფერს შუა საზამთროს გამყიდველი მებაიათე აბლულ-ბაღივით ამღერებს.
აქედან სულ ცოტას გაივლი, ორბელიანის ქუჩას დაადგები და ორ რასკოშნი სასტუმროს მიადგები. ერთია უფრო ძვირიანი, მეორე უფრო მუქთი. ერთში გაჩერებულა ჩაიკოვსკი, ჰამსუნი, მეორეში ავსტრიელი მხატვარის საყვარელი და ღარიბი და ჯერ ყრმა და სტუდენტი გულბექიანი. შემდგომ უმდიდრესი და მენავთობე, „ნავთობის ტალეირანად“ სახელ შერქმეული, პორტუგალიაში მუზეუმთა გამხსნელი და კოლექციონერი. ის სასტუმროს აივანზე დგას და იქიდან უცქერს საღამოს მტკვარზე დაშვებულ ტივებს, ზედ ქორწილით, ღვინის სმით, ცეკვით, რევოლვერის სროლითა და სიმღერით. ღამე კი ფეიერვერკია და ცას ნაირგვარი შვერმერი, ფარშევანგის კუდი თუ ჩინური ბორბალი ანათებს.
„გრანდ ოტელის“ პირდაპირ, უფრო იერიან „ლონდონში“ კი ბრიტანელი ჯაშუში და არქეოლოგი გერტრუდ ბელი, თანამოაზრე ცნობილი „ლოურენს არაბის“, წერს თავის დღიურს. ფანჯრიდან მადათოვის კუნძულს უცქერს, სამხერხაოებს, ოღონდ უფრო მეტი აზიისკენ, სპარსეთისკენ აქვს ფიქრი.
აქ მცხოვრებ ფრანგ ვიკონტს, ირლანდიელ ინჟინერს და ამუ დარიაზე ხიდის ამგებ პოლონელს ახსენებს სპარსეთში მიმავალი „ტაიმსის“ სპეციალური კორესპონდენტი და შემდეგ ინდოეთის ვიცე-მეფე, ბრიტანეთის მარკიზი და პრემიერ მინისტრი ჯორჯ კერზონი.
საღამოს მასაც გადაუწყვეტია ქალაქში გასეირნება. სელტერის წყალი უკვე მოსვა. ხედავს დურგალს, მჭედელს, მექისეს, მეწაღესა და ყაჯარდუზს, ღამის შუკაში კი იმას უდარაჯებს ავლაბრელი სპარაპეტა, მოღულების ხალიჩის ქურდი, ბანჯგვლიანი გულისპირით, ორი ანგელოზით მხრის ბეჭებზე, ფართო ბებუთითა და ფიქრობს ქისა როგორ ააჭრას. ერთი გოჯით, ერთი დიუმით ღრმად რომ მოუვიდეს მოქნევა და მთელი ბრიტანეთის ისტორია იცვლება და ყირამალაზე გადადის. თითქოს ტფილისის ჯადობაზი და ფოკუზნიკი, დაჭრილი სტაფილოს ოქროს ფულებად, ქვის ნატეხების კრუხად და წიწილებად გადამქცევი, ოჩოფეხებით მოარული აბელა, მალაყებს რომ გადადიოდა, ასეა პლანტაგენეტებისა და ტიუდორების, შექსპირისა და მარლოს პიესებში დატეული ბრიტანეთის ამბავი. წკიპზეა. წკიპზეა ტაჯ-მაჰალიც, რომლის მიწასთან გასწორება სწორედაც ლორდ კერზონის კალმის გაჩხაპნამ გადათქვა და გადაარჩინა და ის დღესაც დგას და უთვალავ მოარულს აოცებს. სპარაპეტას ბებუთი ქირურგი ფიფიასავით ზუსტად ჭრის ჯიბეს და „ბუმაჟნიკი“, შიგ ასიგნაციებითა და ქვრივი დედოფალი ვიქტორიას სახითა და გირვანქა სტერლინგის აღნიშვნით, ვარდება იმის მუჭში. კერზონი ცოცხალია, მსოფლიო არ გამოიცვალა. ის ისევ ჩვეულ რიგზე მიჰქრის. სპარაპეტა კი უკვე ზახაროვის დუქანშია, საცა სისუფთავეა და მერიკანული კლეონკები. აუღია პატარა ზაკუსკა, პატარა ალაბულახი, ჩიჟი-პიჟი, მწვანილი, ბოლოკი და კარტოჟნიკ „ძროხასთან“ და ცერა თითის წკიპურტით აბაზის მირტყმის ყომარბაზ „კურკასთან“ ერთად სვამს წითელ ღვინოს.
ამათ სულ არ იციან, რომ ტაჯ-მაჰალი მადლიერებით უცქერს ინდოსტანიდან ამათ ქეიფს და ღვინის სმას და ასე იქნება ვიდრე სიფილისის ან რომელიმე უფრო ჩუბინი ავაზაკის დაკრული ყამით ისინი არ გაქრებიან ტფილისიდან.
ტფილისი კი დარჩება. თუ ყველა სახლითა და აივნით არა, ხმით, აძახებით, გიორგობისთვით, დამწიფებული „ადესის“ სუნით, პლეხანოვისა და სოლოლაკის შიდა ეზოებით, მთაწმინდის კარალიოკებით, ვერის ბროწეულებით, პუსტა პუსტა დომინოს ფაბრიკით, ზემელის კატებით, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებით, „ვისი სული გსურს“, სტო პიატით, მინუს პიატით, კრედიტით ნაყიდი „იქს პიატით“, რეზინობანით, მოპარული გლუშიტელით, ვერაგი გოგოებით, ერთგული გოგოებით, აქტრისა მარგარიტათი და ვნების კვირის ოთხშაბათს ეზოებში დანთებული დიდი ჭიაკოკონით.