განცხადებები

საერთაშორისო პენცენტრი: საქართველო - დასრულდეს ძალადობა ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ!

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-12-11 319

 

 

„უდიდესი პრობლემაა ქართველი სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე გახშირებული თავდასხმები, მათ შორის,  ზღვარგადასული ფიზიკური შეურაცხყოფა და უმიზეზო, შემთხვევითი დაკავებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა უფლებები, უზრუნველყოს უსაფრთხო უფლებრივი გარემო პრესის წარმომადგენლებისათვის და მოუწოდოს პასუხისმგებლობის აღებისკენ წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის ჩამდენ ბოროტმოქმედებს“, - აცხადებს მა თიდა, საერთაშორისო პენცენტრში პატიმარი მწერლების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

 

2024 წლის 4 დეკემბერი. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოუღოს ბოლო სასტიკ ქმედებებს მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ და სრულად დაიცვას ადამიანების გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება, - განაცხადეს დღეს საერთაშორისო პენცენტრმა და პენსაქართველომ მას შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდობიან პროტესტს პოლიციის მხრიდან ძალადობა დაუპირისპირდა. PEN International და PEN Georgia ითხოვენ წამებისა და ბოროტმოქმედების გამოვლინების სხვა შემთხვევებში გამოყენებული ყველა ტიპის ძალადობის დაუყოვნებლივ, მიუკერძოებელ და საფუძვლიან გამოძიებას და პოლიციის მიერ უკანონო ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობის აღებას. ყველა ეს ფაქტი, რაც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი, სწრაფად და უპირობოდ უნდა იქნეს გასაჯაროვებული.

 

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს. ეს აღმოჩნდა საპასუხო რეაქცია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან დაგმო 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები „უამრავი სერიოზული საარჩევნო დარღვევის გამო, რომლებსაც [არ შეიძლება] ეწოდოს თავისუფალი და სამართლიანი“. ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებით ითხოვდა ერთი წლის ვადაში არჩევნების ხელახლა ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ.

თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ათასობით მომხრე გამოვიდა და მთელ ქვეყანაში გავრცელდა საპროტესტო აქციები. მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, საპროტესტო მიტინგებს ძალადობრივად არბევენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები; მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს; ბალაკლავებით შენიღბული მამაკაცები ხალხს ჯგუფურად ესხმიან თავს და გამიზნულად სცემენ ადამიანებს. ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ ისინი  უშიშროების ძალების სამიზნედ იქცნენ; რამდენიმე ჟურნალისტს თავს დაესხნენ და იმდენად სასტიკად გაუსწორდნენ, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. ომბუდსმენმა სამართალდამცავ ორგანოებს „შურისძიებისა და დაშინების“ შეწყვეტისკენ მოუწოდა და დაგმო წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

PEN Georgia-მ 29 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა პოლიციის მიერ პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის, სასტიკად ცემის შესახებ. რატიანს, რომელსაც ცემის შედეგად მძიმე დაზიანებები, მათ შორის, ცხვირისა და ხერხემლის მალის მოტეხილობა აქვს, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის ადმინისტრაციული კანონის 166-ე და 172-ე მუხლებით. 2 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ბრალდებით დაკავებული ჰყავთ 224, სისხლის სამართლის ბრალდებით კი - 3 მომიტინგე. დაკავებულთა შორისაა პოეტი და მასწავლებელი თორნიკე ჭელიძე, რომელიც პოლიციამ რამდენჯერმე სცემა და შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯა  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

ბოლოდროინდელმა საპროტესტო აქციებმა საქართველოში იმ რეპრესიული რუსული ტიპის კანონის გამო იფეთქა, რომელიც ბოლო თვეებში რამდენჯერმე წამოაყენა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც, ასევე, ზედამხედველობდა განსხვავებული აზრის მქონე დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევას.

2024 წლის სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ოჯახურ ღირებულებათა შესახებ, რომელიც უკრძალავს ჟურნალისტებს ლგბტქ-თემების გაშუქებას და კრძალავს საჯარო შეკრებებს, რასაც კანონი „ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას“ უწოდებს. 2024 წლის მაისში მიღებული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მიუხედავად პოლიციის ძალადობით გამოწვეული მასობრივი პროტესტისა, აიძულებს ორგანიზაციებს (მათ შორის, PEN Georgia-ს), რომლებიც წლიური დაფინანსების 20%-ზე მეტს საქართველოს გარეთ არსებული წყაროებიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ უცხო ძალის ინტერესებს“ და სავალდებულო მოხსენებების წარდგენისას სასტიკი მოთხოვნების შესრულების წინაშე დგანან.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი შეკრებების ჩატარებას; ძალის გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილისა და არადისკრიმინაციულობის ფუნდამენტურ პრინციპებს, ხოლო ძალის გამოყენების განმახორციელებლები პასუხს უნდა აგებდნენ ძალის გამოყენების თითოეულ შემთხვევაზე. PEN International და PEN Georgia მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობა პოლიციის მხრიდან და გამოიძიოს ძალის უკანონო გამოყენების შემთხვევები; ასევე, უპირობოდ გათავისუფლდეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენებისთვის დაკავებული ყველა პირი, მათ შორის პოეტები: ზვიად რატიანი და თორნიკე ჭელიძე.


5 დეკემბერი 

 

ფოტო: პუბლიკა

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები