განცხადებები

პენცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე მზია ამაღლობელის მიმართ!

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2025-01-14 106

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მან არ გაიზიარა დაცვის მხარე შუამდგომლობა, რომელიც მზად იყო ~100 000 ლარიანი გირაო გადაეხადა.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციისას ორჯერ დააკავეს. ამჯერად მას სასამართლო პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

საქართველოს პენცენტრის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯა მედიის დაშინებას და თავისუფალი ჟურნალისტების გაჩუმებას ისახავს მიზნად. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაში დაიწყო რეპრესიები, რომლებიც თანმხლები ლექსიკითა და სამართალდამცავი ორგანოების აღვირახსნილი ქმედებებით 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ღონისძიებებს მოგვაგონებს. 50-ზე მეტ პროტესტის მონაწილეს სისხლის სამართლის წესით სჯიან, ხოლო 400-მდე ადამიანი სამართალდამცავებმა აწამეს.

ქვეყანაში გაყალბებული არჩევნებით მიტაცებულია როგორც საკანონმდებლო და  აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე სასამართლოც. თავისუფლების ერთადერთ დამცველად დღეს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები ვართ დარჩენილნი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს როგორც მზია ამაღლობელი, ასევე სხვა სინდისის პატიმრები; ქვეყანაში დააბრუნოს კონსტიტუცია და სამართალი, რაც მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნითაა შესაძლებელი.

თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპარიმარს!

 

ფოტო: "პუბლიკა"

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები