მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

მე ოპტიმისტი ვარ

×
ხათუნა ცხადაძე
ავტორის გვერდი ხათუნა ცხადაძე 2020-05-30 41534
თითქმის ათი წელი ვიმუშავე დასაქმების საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ განათლების სფეროში. ხუთი წელი ვხელმძღვანელობდი სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ისე, ცნობისათვის, მათ რომ არ გაუკვირდეთ, ვინც მთარგმნელად მიცნობს. ძნელია მხატვრული თარგმანით  თავის გატანა. მთარგმნელთა უმრავლესობა სულ სხვა საქმეს აკეთებს კვირაში 40 საათი და ელის დასვენების დღეებს, რომ კარგად იმუშაოს. 
 
დასაქმების საკითხს ეკონომისტები, იურისტები, ფსიქოლოგები, შრომის ბაზრის, სამუშაო ძალის განვითარების, ადამიანის უფლებების, გენდერის მკვლევარები იკვლევენ. მე მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტის გაზიარება მინდოდა ჩემი გამოცდილებიდან და თან რაღაცნაირად იმ სტუდენტებთან დამშვიდოებებაც, რომლებთანაც მომწევია ურთიერთობა ამ წლების მანძილზე და რომლებსაც ვერ დავემშვიდობე, როცა სამსახურიდან წამოვედი. სოლიდარობაზე, ემპათიაზე მინდოდა დამეწერა, თუ მათ უქონლობაზე; ახალგაზრდებთან ურთიერთობაში გულწრფელობის მნიშვნელობაზეც, მაგრამ რაღაც არ გამომივიდა. 
 
ხათუნა ცხადაძე 
---------------------------------------------------------
 
განათლება დასაქმებისთვის
 
ჩემმა თაობამ არც იცოდა, რომ განათლება დასაქმებისთვის იყო საჭირო. საბჭოთა კავშირში სკოლადამთავრებულებს ოთხმოცდაათიანებმა ის ბუნდოვანი წარმოდგენაც კი წაგვართვა პროფესიულ თვითრეალიზაციაზე, რაც გვქონდა. მერე ზოგს უბრალოდ გაუმართლა, ზოგს - არა. ზოგმა იყოჩაღა, ზოგმა - ვერ. ზოგი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, ზოგი - ნაკლებად. მერე, გვიან მივხვდით, რომ უნივერსიტეტის დამთავრება თვითმიზანი კი არ არის, კარგი განათლება დასაქმების შესაძლებლობასაც უნდა აძლევდეს ადამიანს. 
 
ეს კი გავიგეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ უნივერსიტეტი სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის, დასაქმების შესაძლებლობებს დინამიკური ეკონომიკა სჭირდება, წარმატებული, ეფექტიანი პოლიტიკა, ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებაზე მიმართული, გამჭვირვალე მართვა. ახლა კი ვიცით, რომ განათლება და დასაქმება ერთმანეთზეა შეზრდილი და დამოკიდებული, მაგრამ როგორია შესაძლებლობები?
 
დასაქმების დაპირება 
 
უნივერსიტეტები აქტიურობენ აბიტურიენტთა მოსაზიდად. კერძოებმაც იციან და სახელმწიფოებმაც, რომ დასაქმება აუცილებლად უნდა ახსენონ სარეკლამო გზავნილებში და უშურველად ჰპირდებიან მომავალ სტუდენტებს (თუ მათ მშობლებს) დასაქმების მრავალფეროვან შესაძლებლობებს. რას ეფუძნება ეს დაპირებები, ეს ცალკე საკითხია. ან რა კრიტერიუმებით და მასშტაბებით ტარდება კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევები, ვის მოიაზრებენ უნივერსიტეტები „დასაქმებულებში“, გულისხმობენ თუ არა პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს? უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი, ან უკეთ პასუხგასაცემი. რას და რატომ ამბობენ უნივერსიტეტები - ერთია, მაგრამ უფრო საინტერესოა, რას ჰპირდება ახალგაზრდებს შრომის ბაზარი.
 
ჩემი ხუთწლიანი მუშაობის მანძილზე დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული ვაკანსიების 80%-ზე მეტს მომსახურების სფეროს ქვედა რგოლი შეადგენდა. ძირითადი დამსაქმებლები იყვნენ ბანკები და სხვადასხვა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები, მსხვილი სავაჭრო-სადისტრიბუციო ქსელები, ასევე სათამაშო ბიზნესი (რომლის შემოთავაზებების გაზიარება მე პირადად არასოდეს მიმაჩნდა სწორად), ტურიზმი და ზოგადად - მომსახურების სფერო ფართო გაგებით. შემოთავაზებებში ხშირად იყო მითითებული „სასურველი“ ფაკულტეტები, მაგრამ ამ პოზიციების მოთხოვნები სინამდვილეში იშვიათად მიემართებოდა რომელიმე კონკრეტულ სპეციალობას. დამსაქმებლებთან სატელეფონო საუბარში კი, მოთხოვნების დაზუსტებისას, ძირითადად ისმოდა: „ყოჩაღი ტიპი, ცოცხალი, სასიამოვნო, ჩვენ ვასწავლით, რაც საჭიროა“. კი, ასეა, არარსებული ეკონომიკის პირობებში „soft skills” ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “hard skills”, სოციალური უნარ-ჩვევებია მთავარი და არა დარგობრივი ცოდნა. ისევ იმ წრეზე ვართ, თვითგადარჩენის იმავე ფერხულში, რომელშიც ისევ მხოლოდ ყოჩაღები გადარჩებიან, მხოლოდ კაშკაშები, მხოლოდ განსაკუთრებულად სიცოცხლისუნარიანები. სხვები? სხვებმა სად ეძებონ რეალიზაციის შანსი? როგორი საზოგადოება გვინდა, ვიყოთ? ისეთი, რომელიც თავმდაბალ ადამიანს მოუწოდებს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, იკაშკაშოს და ათასნაირ ტრენინგს (ფასიანს, ცხადია) სთავაზობს, რომ ეს გამოკაშკაშება ასწავლოს თუ ისეთი, რომელიც ადამიანების ცოდნას იყენებს, ყველას აძლევს შანსს? საზოგადოება, რომელიც ცდილობს, თითოეული ადამიანის რესურსი გამოიყენოს?
 
ლამაზებსაც. ლამაზებსაც გაუმართლათ. 
 
შრომის კოდექსის ცვლილების გამო ბოლო წლებში დამსაქმებელთა განცხადებებში თითქმის აღარ ვხვდებით მინიშნებებს ადამიანების გარეგნობაზე, წონაზე, სიმაღლეზე, ასაკზე, სქესზე. თითქმის. თუმცა ეს მოთხოვნები არსად წასულან, უბრალოდ „დაუწერელ კანონებში“ გადაინაცვლეს. პირად მიმოწერასა თუ სატელეფონო საუბარში დამსაქმებელთა უმრავლესობა არც კი ცდილობს, დაფაროს საკუთარი მოთხოვნები ახალგაზრდების გარეგნობასთან დაკავშირებით. კარიერული ცენტრის  ყოველდღიურობის ნაწილი იყო განცხადებების ტექსტების „რედაქტირება“ - დისკრიმინაციული მოთხოვნების ამოღება და შემდეგ ამაზე კამათი დამსაქმებლებთან. „ფოტოსურათის მოთხოვნა დისკრიმინაციაა?!“ ერთმა ისიც კი მომწერა, სასურველი გარეგნობის დეტალური აღწერის შემდეგ, სასურველ კანდიდატს ჯანსაღი კბილები უნდა ჰქონდესო! უარით რომ გავისტუმრე, განცხადებას არ გაგივრცელებთ-მეთქი, საშინლად აღშფოთდა, ჩემს საკადრო მოთხოვნებს თქვენ მასწავლითო? მის კომპანიასაც მივწერე წერილი და პრესტიჟულ ბიზნეს-ორგანიზაციასაც, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ის ბატონი ბრძანდებოდა, მაგრამ ცხადია, არავის უპასუხია. როგორც ჩანს, სრულად იზიარებდნენ დიდი საკადრო სტრატეგის პათოსს. მუდმივად მესმოდა: „იცით, ჩვენ ასეთი საკადრო პოლიტიკა გვაქვს“. თითქოს საკადრო პოლიტიკა ხელთუქმნელი ძეგლი იყოს. გინახავთ ადამიანები, რომლებიც თავიანთ დისკრიმინატორობას საკადრო პოლიტიკას აბრალებენ, რომელიც თავად შექმნეს? ძნელია მათთან გამკლავება. „სხვა უნივერსიტეტებთან პრობლემა არ გვქონია!“ - შემომაგებებდნენ ხოლმე. 
 
სტაჟირება?
 
ამ სიტყვის ლექსიკონურ განმარტებას მოვიძიებთ თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისას, სულერთია, ორივე განმარტება გვამცნობს, რომ სტაჟირება განათლებიდან შრომის ბაზარზე გადასვლას, სასწავლებელში შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას, სამუშაო გარემოს გაცნობას ემსახურება. სტაჟირება ადამიანის განათლების შესაბამის სამუშაო გამოცდილებას ნიშნავს და არა ნებისმიერ შრომით საქმიანობას. საქართველოში უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეთავაზებული „სტაჟირებების“ უდიდესი ნაწილი (მწირი) შემოსავლის გენერირების საშუალებაა და არა სტუდენტის განათლებასთან, მის პროფესიასთან, მის მომავალთან დაკავშირებული გამოცდილება. დავაზუსტებ: იურისტის ან ფილოლოგისთვის  მიმტანად, სუპერმარკეტის კონსულტანტად ან „გლოვოსა“ თუ „ვოლტის“ კურიერად მუშაობა სტაჟირება არ არის. ახალგაზრდებს შემოსავალი სჭირდებათ, ცხადია, მაგრამ შეთავაზებისას სწორი სახელდება ხომ აუცილებელია? უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მსურველ დამსაქმებელთა მიზანი ხომ სტუდენტებისთვის პროფესიული, გრძელვადიანი შესაძლებლობების შექმნა უნდა იყოს და არა იაფი სამუშაო ძალის მოძიება? 
 
40 ძვირფასი საათი კვირაში
 
რამდენი სტუდენტი დაასაქმე?“ - ეს იყო ჩემთვის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა უნივერსიტეტში. ვპასუხობდი, რომ კარიერული განვითარების ცენტრი დასაქმების სააგენტო არ არის, რომ მას დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, დამსაქმებლებთან ურთიერთობაში, განათლების შესაბამისი სტაჟირების შესაძლებლობების მოძიებაში დახმარება ევალება. მაგრამ ხალხს რიცხვები სჭირდება. შენ კი იცი, რომ სხვა რამ გევალება და რაც შენ გევალება, იმის რიცხვებში გამოსახვა შეუძლებელია. არ მაინტერესებს, რამდენ სტუდენტს წავეშველე იმაში, რომ „გლოვოს“ კურიერი გამხდარიყო, ის მინდა ვიცოდე, რამდენს გავუწიე ისეთი დახმარება, რომელიც მთელი ცხოვრება გამოადგება: რამდენს ვასწავლე სამოტივაციო წერილის დაწერა, რამდენს დავეხმარე გასაუბრებისთვის მომზადებაში, რამდენს მივაწოდე რჩევები სამუშაოს ძიების პროცესის უკეთ წარსამართავად. მაგრამ ასეთ ადამიანებს ხომ „დასაქმებულად“ ვერ მივითვლი? არადა, რიცხვები გვჭირდება, გუგუნა რიცხვები, „სხვა უნივერსიტეტები“ ხომ გუგუნებენ. 
 
იმის ახნაც კი მიჭირდა, რომ სტუდენტის (მითუმეტეს, ბაკალავრიატის!) სრულ განაკვეთზე დასაქმება პრობლემურია. სტუდენტი მხოლოდ სწავლის ხარჯზე მუშაობს სრულ განაკვეთზე. ეს ფენომენი, თუ ის მასიურია, პირდაპირ ნიშნავს უხარისხო განათლებას. განათლებას დიპლომისთვის. ეს სტუდენტების არჩევანი სულაც არაა, ეს ღარიბი ქვეყნების სპეციფიკაა, მხოლოდ გაჭირვებულ ქვეყნებში მუშაობენ სტუდენტები სრულ განაკვეთზე (მითუმეტეს - არასპეციალობით). 
 
კადრები არაა! 
 
„კადრები არაა“ ქართულად ნიშნავს „ვერ ვშოულობთ პროფესიონალებს (თანაც კოხტებსა და ცქრიალებს), რომლებიც უკიდურესად დაბალ ხელფასზე იმუშავებენ.“ კადრები არის. ხელფასი არაა. „რას ნიშნავს ღირსეული ხელფასი? საერთოდ, რას ნიშნავს „ღირსეული“?“ დამიტატანა ერთხელ დამსაქმებელმა. არადა, სწორედ დამსაქმებლებმა ყველაზე უკეთ იციან, რასაც ნიშნავს. მე რომ არ მოგაწყინოთ თავი, აგერ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დეტალურად განმარტა, რას ნიშნავს და და სიტყვა „ღირსეულის“ სულაც არ შეშინებია. რამდენიმე მაჩვენებელს დავასახელებ, მაგალითად: „შრომის ადეკვატურ შემოსავალს, ღირსეულ სამუშაო გრაფიკს, ოჯახის, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობას, სტაბილურობასა და დაცულობას, თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს, სოციალურ დაზღვევას და.ა.შ.“ ვისაც კიდევ უფრო მეტი უნდა, შეიტყოს, ამ 257-გვერდიან დოკუმენტს ჩაუღრმავდეს. მე კი მარტივად ვიტყოდი: ღირსეული ანაზღაურება ისაა, რაზე დათანხმებასაც საკუთარ შვილსაც ვურჩევდით და არ ვიფიქრებდით, რომ ეს ანაზღაურება წარმოუდგენლად ცოტაა იმ დროისა და ძალისხმევისთვის, რაც მან სამსახურს უნდა მოახმაროს, ასაკში, რომელშიც ადამიანის დრო და ძალისხმევა ძირითადად განათლების მიღებას და მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ სამუშაო გამოცდილებას უნდა ხმარდებოდეს. ჰო, „ღირსეული“ ისაა, რაც საკუთარი თავისთვის მიგვაჩნია ღირსეულად, საკადრისად, სამართლიანად.
 
„ცალ-ცალი კალოშით“
 
„ცალი კალოშით ჩამოვედი და რამდენს მივაღწიე“, „წლები მუქთად ვმუშაობდი და ახლა ამხელა კომპანიას ვფლობ“, „ნამდვილი გაჭირვება ჩვენ გამოვიარეთ“. ასეთებს მინდა ხოლმე, ვკითხო: მერე კარგი იყო ცალ-ცალი კალოში? კარგი იყო უხელფასოდ შრომა? კარგი იყო გაჭირვება? ამ სახეობის წარმომადგენელთა მოსმენას არავის ვურჩევდი.  განა იმიტომ, რომ ტყუიან. არა, ცალ-ცალი კალოშიც ეცვათ, ბევრსაც მიაღწიეს, გაჭირვებაც გამოუვლიათ და უფასოდაც უმუშავიათ. უბრალოდ ის, ვინც საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის ყვება, სხვანაირად ლაპარაკობს. შეუძლებელია, ადამიანმა ვერ იგრძნოს, როდისაა მოსაუბრე მისდამი პატივისცემით, გულშემატკივრობით, სოლიდარობით გამსჭვალული, მაშასადამე - გულწრფელი. ახალგაზრდები ვერ უსმენენ ენაგაკრეფილ ექსპლუატატორებს, გულწრფელობა ძნელი სათამაშოა, მას უტყუარად გრძნობენ სოციალურად ნიჭიერებიც და ნაკლებად უნარიანებიც. როცა ვინმე მოგვიწოდებს, გაიჭირვე და წელებზე ფეხი დაიდგიო, განა არ უნდა გავიჭირვოთ, განა არ უნდა დავიდგათ. უბრალოდ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ძალისხმევა მართლა ჩვენს მომავალში, ჩვენს უნარებსა და ცოდნაში ჩადებული ინვესტიციაა, ჩვენს მიზნებს ემსახურება და არა მხოლოდ დამსაქმებლისას. როცა ვინმე ჩვენს კეთილდღეობაზე გველაპარაკება, ჩვენს კრიტერიუმებს, ჩვენს ღირებულებათა შკალას უნდა იყენებდეს ამ კეთილდღეობის საზომად და არა თავისას. დაბალ ანაზღაურებაზე კი არა, სრულიად უხელფასოდ მუშაობაზეც შეიძლება, დათანხმდეს ახალგაზრდა (რაღაც დროით), მთავარია, ეს მისთვის იყოს სასარგებლო. მხოლოდ ერთი მხარისათვის სასარგებლო შრომა ექპლოატაციაა. 
 
ყველაზე მეტად მაოცებდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი დაბალი ხელფასიც, დისკრიმინაციაც, ათასგვარი უსამართლობაც, მაგრამ როგორც კი თავად მოევლინებოდნენ მათზე სულ რამდენიმე წლით უმცროსებს დამსაქმებლად, ყოველგვარი ემპათიისა და სოლიდარობის გარეშე, უპირობოდ მწკრივდებოდნენ მათ პოზიციებზე, ვინც სულ რამდენიმე წლის წინ მათვე ჩაგრავდა. ვფიქრობდი, რა არის-მეთქი ეს, მეხსიერების არქონა? თავდაცვის ველური ინსტინქტი? შურისძიების წყურვილი, რომელიც ყოფილ მსხვერპლს წამში გადააქცევს ხოლმე მჩაგვრელად? ამ კითხვებზე ფსიქოლოგებმა უნდა უპასუხონ. მე მხოლოდ ვყვები, რაც გამომიცდია.
  
მე ოპტიმისტი ვარ  
 
არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ ქართველი დამსაქმებელები მონსტრები მგონია. წესიერი ბიზნესის აწყობას დიდი ძალისხმევა, შრომა, მსხვერპლი სჭირდება. ამ ქვეყანაში ასეთი ბიზნესებიც არსებობს და მე მწამს მათი. მწამს მათი სოციალური პასუხისმგებლობის. მწამს იმის, რომ მათ სწამთ ახალგაზრდების. მწამს იმ ბიზნესების, რომლებიც ადვილად არ გაუშვებენ სამსახურიდან თანამშრომლებს, მცირე პრეტენზიის გამოხატვისთანავე არ მიახლიან, თუ არ მოგწონს, წადიო!, მოუსმენენ და ეცდებიან, გულშემატკივრად, მოკავშირედ გადააქციონ მათთან მომუშავე თითოეული ადამიანი. მწამს მათი, ვისაც საკუთარი სტაბილურობა სხვათა შიშსა და მორჩილებაში კი არა, სხვათა სტაბილურობაში ეგულება. 
 
„მეც მინდა, გავუგზავნო“ 
 
მეორე კორპუსში, კიბეზე გოგონები სხედან. „გოგო, ის განცხადება ხო გახსოვს, კონსულტანტის, მივედი, მგონი ამიყვანენ“. „რამდენია ხელფასი?“ „რავი ბევრი არა, მაგრამ ჩემი ფული მინდა, მქონდეს. დედას მინდა, გავუგზავნო“. მეორე იცინის: „რა უნდა გაუგზავნო, გოგო, დედაშენი თვითონ არ გიგზავნის ფულს?“ „ის კი მიგზავნის, მაგრამ მეც მინდა, გავუგზავნო!“ 
 
დიახ, კადრები არის. თუ ვერ გაგვირკვევია, როგორია მათდამი სამართლიანი მოქცევა, ეს კრიტერიუმი შეგვიძლია, გამოვიყენოთ: ისე მოვექცეთ მათ, როგორც ჩვენს შვილებს გვინდა, ექცეოდნენ დამსაქმებლები. 
 
მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები