განცხადებები

ლიტერა ჩატარდება

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-10-05 10922
პრემია „ლიტერა“ სსიპ მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. ქვეყანაში არსებული ორი მასშტაბური ლიტერატურული პრემიიდან ერთ-ერთი „ლიტერაა“. 2016-2020 წლებში „ლიტერა“ ყოველწლიურად გაიცემოდა 6 ნომინაციაში, გამარჯვებულ ავტორებს გამოავლენდა დამოუკიდებელი ჟიური, რომელსაც არჩევდა მწერალთა სახლი.
 
2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალების შეზღუდვის საფრთხის წინაშე. კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. ეს პროცესი მწერლებმა აღიქვეს, როგორც ტოტალიტარულ დროში  გამართული კონკურსების ჟიურიში საბჭოთა სამთავრობო „ოდეერის“ მივლინება, რომელსაც შეეძლო დაეწუნებინა პარტიულ სულისკვეთებასთან შეუსაბამო ტექსტები. 
 
მწერლებისთვის ასეთი კონკურსები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ფინანსური ხელშეწყობისა, ცოცხალი პროცესის შიგნით ყოფნა ყველა მწერლისთვის მნიშვნელოვანია. 
 
და მიუხედავად ამისა...  
 
მწერლებმა, პროტესტის ნიშნად, თავიანთი წიგნები ჩახსნეს კონკურსიდან. 
 
მწერლებმა აჩვენეს, რომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ყველა ერთად დგას, როცა საქმე წერის თავისუფლებას ეხება. 
 
მწერლებმა აჩვენეს, რომ აქვთ პრინციპები, რომელთაც არ გაცვლიან ჩინოსნების კეთილგანწყობაზე.  
 
და მწერლები აჩვენებენ, რომ შეუძლიათ ლიტერატურული კონკურსი სამინისტროს გარეშეც ჩაატარონ. 
 
საქართველოს პენცენტრი მწერალთა გაერთიანებაა, რომელიც ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება. ჩვენი მიზანია შეიქმნას ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მხარდამჭერი კონკურსი, რაც გულისხმობს ერთჯერადი კონკურსის შექმნას. ეს კონკურსი 2021 წელს ჩავარდნილი „ლიტერას“ ფორმატს გაიმეორებს, გამოავლენს პრემიის ლაურეატ ავტორებს და დააჯილდოებს მათ. 
 
„ლიტერას“ მხარდამჭერი ერთჯერადი კონკურსის შექმნის მიზანია, მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება. 
 
ამ პროექტის განხორციელებით გავაძლიერებთ იმ აზრს, რომ ცენზურისადმი დაუმორჩილებლობას და დემოკრატიული პროცესების დაცვას აქვს აზრი.
 
პროექტს მხარს უჭერს „ღია საზოგადოების ფონდი“. ამ ორგანიზაციამ უკვე დაგვიფარა კონკურსისთვის საჭირო ხარჯების  დიდი ნაწილი. კონკურსის სრულყოფილად ჩასატარებლად გვესაჭიროება დამატებითი 24 260 ლარი. 
 
ჩვენ, მკითხველებმა და მწერლებმა, უნდა ჩავატაროთ ეს კონკურსი, რადგან ის ჩვენია - მკითხველებისა და მწერლების.
ჩვენი რეკვიზიტებია: 
 
ეროვნულ ვალუტაში:
მიმღების ბანკი ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში GE96TB7365036080100001
 
 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები