- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
თვეზე მეტია, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი, საერთო-სახალხო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს. აქციებს შეუერთდნენ უნივერიტეტების გაფიცული სტუდენტები და ლექტორები. სამართალდამცავებმა დააკავეს ათეულობით ადამიანი, მათგან რამდენიმეს წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
უსაფრდებიან ღამე და შეურაცხმყოფელ პოსტერებს უკრავენ პროტესტის ორგანიზატორებსა და ხელმძღვანელებს, მათ შორის პოეტ რატი ამაღლობელს და მწერალ ლაშა ბუღაძეს, ასევე ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილს და გელა მთივლიშვილს. მათ სახლებთან ჩნდება წარწერები „ერის მტერი“. ასეთივე წარწერები გაჩნდა აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადნელთა სახლებთან და პოლიტიკური პარტიების ოფისებთან.
რამდენიმე დღის წინ აქტივისტებს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის მწერლებსა და ჟურნალისტებს უცნობი ნომრებიდან ურეკავენ და აგინებენ. რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ადევნებასაც.
დაიწყო ფიზიკური ძალადობაც აქტივისტებისა და პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ. მათ უცნობი პირები უსაფრდებიან და სცემენ. ჯერჯერობით პოლიცია არაფერს აკეთებს ამ თავაშვებული ძალადობის წინააღმდეგ და არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი სწორედ ხელისუფლების დაკვეთით ხდება.
ხელისუფლება გასული საუკუნის 30-იანი წლების კომუნისტური მეთოდებით და ლექსიკით უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქეებს, მათ შორის - მწერლებსა და ჟურნალისტებს. ესაა თავდასხმა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, რაც თანამედროვე სახელმწიფოში, რომელიც ევროინტეგრაციის გზას ადგას, სრულიად დაუშვებელია.
მიუხედავად სახალხო მღელვარებისა, პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო ზემოხსენებული კანონი. საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტობრივად, ავტორიტარიზმის დაკანონებას ნიშნავს და საქართველოს უსპობს თანამედროვე დამოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების და ევროინტეგრაციის შესაძლებლობას.
ფოტო: სოფო სიხარულიძის