ბლოგები

რა თქვა ჰერტა მიულერმა

×
tamta
ავტორის გვერდი თამთა მელაშვილი 2024-04-13 524

რა გასაკვირია და, ჰერტა მიულერმა თავისი გამოსვლა შიშზე ლაპარაკით დაიწყო. შიშზე, რომელსაც არადემოკრატიული რეჟიმები ინსტრუმენტად იყენებენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და რეპრესიის იარაღად აქცევენ. ამ შიშზე უკეთ წერა დედამიწის ზურგზე არავის გამოსდის, ვიდრე  ჰერტა მიულერს. ეს შიში მასზე უკეთ არავინ იცის. ჩაუშესკუს დიქტატურის ყველა საშინელება მან თავის თავზე გამოსცადა და ახლაც, სამოცდაათი წლის ქალი, თავის წარსულს თითქოს სხეულით დაატარებს. მერე რა, რომ ლამის ორმოცი წელია გერმანიაში, თავისუფლად ცხოვრობს, ნობელის პრემიის ლაურეატია, აღიარებული და დიდი მწერალი.

იმ ლიტერატურულ ფესტივალზე, იტალიაში, სადაც მან შიშზე ილაპარაკა, მეც ვიყავი და ერთი ხელის გაწვდენაზე მყოფი, ეს ერთი ციდა ქალი, პირველად ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაგრძნობინებდა ამ შიშის განცდის საშიშროებას. ათასობით კილომეტრს  იქით მყოფს, პირისპირ მაყენებდა აქაურ რეალობასთან, საფრთხესთან, რომ ეს შიში ჩვენი ცხოვრების თანმდევი შეიძლება გახდეს, რადგან "ქართული ოცნებისგან" კიდევ ერთხელ ინიცირებული რუსული კანონი სხვა არაფერია თუ არა მოცემულობების შექმნა, სადაც შიში, სიძულვილი და უნდობლობა ყველაფერს გადაფარავს ისე, რომ ადგილი აღარაფრისთვის დარჩეს; სხვა არაფერია, თუ არა თავისუფლების წართმევა, რომლისთვისაც ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ, ვისწავლეთ, ვასწავლეთ; რომლისთვისაც ვცდილობდით უკეთესი გავმხდარიყავით და ხანდახან გამოგვდიოდა კიდეც; სხვა არაფერია, თუ არა იმ შიშში დაბრუნება, რომელსაც თავი ძლივს დავაღწიეთ და რომელმაც ტოტალიტარიზმში გაზრდილი ჩვენი წინა თაობები სამუდამოდ დაასნეულა.

ჰერტა მიულერმა  იმ შეხვედრაზე სამშობლო და სამშობლოს მონატრებაც ახსენა.

ბერლინში ლტოლვილი თავისი ირანელი მეგობრები გაიხსენა. მათმა ცხოვრებამ სამშობლოში დაბრუნების ლოდინით და ოცნებით გერმანიაში გაიარა და იქვე დასრულდა. „ლოდინში და ოცნებაში მოკვდნენ“ - ასე თქვა.  მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ამაზე მტკივნეული გამოცდილება არ არსებობს. გულის სიღრმეში ისიც კარგად ვიცით, რომ სამშობლოს ვერსად, ვერცერთ მდგომარეობაში გავექცევით, „მიცდია და უარესია“, − ეს ზვიად რატიანმა თქვა და ეს მდგომარეობაც − დავიწყების მცდელობაც და ამის შეუძლებლობაც ბევრმა ჩვენგანმა კარგად იცის.

მაშინ რა არის გამოსავალი, როცა, ერთი მხრივ, ტოტალურ შიშში შებრუნების, თავისუფლების მოსპობის საფრთხე არსებობს და მეორე მხრივ, გაქცევა, თავის არიდება და მითუმეტეს, დუმილი გამოსავალი არაა?

რადგან ახლა გადამწყვეტი მომენტია − რჩება მხოლოდ დარჩენა, ბრძოლა და ხმამაღლა ლაპარაკი.

რადგან უკვე ვიცით უშიშრად ცხოვრების გემო.

რადგან ამ ქვეყანაზე შეყვარებული, ამ ქვეყნისთვის მშრომელი ადამიანები გონებით და სხეულით უკვე დავატარებთ შიშისგან თავისუფალ, ჯანმრთელ უჯრედებს, რომელმაც შეუძლებელია ეს ბოროტება არ დაამარცხოს.

რადგან სხვა გზა და მითუმეტეს, სხვა ხსნა − უბრალოდ არ არსებობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები