ბლოგები

უცნაური ხალხი

×
irakli lomouri
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-06-21 2201

ირაკლი ლომოური 

 

უმწეობის განცდა − როგორც სტიმული, მარცხი − როგორც წარმატება

 

ეს ვითომ ბლოგი, თავისი არსით, უფრო ბოთლში ჩადებულ წერილსა ჰგავს, რომელსაც ნახევრადჩაძირული გემის მგზავრი შუა ზღვაში აგდებს... SOS-წერილს!.. ეს მეტაფორა, ალბათ, ბანალურად ჟღერს, ანუ საკმარისად გაცვეთილია, მაგრამ რა ვქნა, ნამდვილად ასეთი განცდა მაქვს, განსაკუთრებით, ბოლო ორი წელია: რომ ვიღუპებით, საშველი კი არ ჩანს... თუკი რამე სათქმელი მაქვს არსებითად და თან, ემოციურად − მხოლოდ ეს. არადა, ახალს, ცხადია, ვერაფერს ვიტყვი... მოჯადოებულ წრეზე დავცურავთ თითქოს... უფრო სწორად, მოჯადოებულ წყალზე ვტივტივებთ...

ახალგაზრდობაში არაერთხელ მიფიქრია, რას ვიზამდი, 1921 წელს რომ მეცხოვრა? რა არჩევანს გავაკეთებდი?  პიესის წერაც კი დავიწყე ამ თემაზე, მაგრამ ვერ დავწერე... აქედან ჩანს − მაშინ რომც მეცხოვრა, მაინც ვერაფერს ვიზამდი, სურვილისდა მიუხედავად... თუმცა, პიესა რომც დამეწერა, მაინც ხომ არაფერი შეიცვლებოდა? არც მაშინ და არც ახლა? ცხადია...

როდესაც ჩვენდა მოულოდნელად საბჭოთა იმპერია დაიშალა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა - მეგონა, გადავრჩით. გვეშველა! ახლა დაიწყება ბედნიერი ნაოსნობა, თავისუფალი! მაგრამ... მერე რაც მოხდა, იმაზე არ ვილაპარაკებ, მწარედ გვახსოვს ყველას... ერთადერთი, რითიც თავს ვიმშვიდებდი მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო ფიქრი: რუსეთის დრედნოუტს მაინც ხომ დავაღწიეთ თავი! მაინც ხომ მივცურავთ ევროპისკენ! მართალია, ძალიან ნელა, ტაატ-ტაატით, მაგრამ მაინც ხომ მივტივტივებთ - ვექტორი სრულიად გარკვეულია, კურსი არასოდეს შეიცვლება! დარწმუნებული ვიყავი, მეგობრები ბუქსირზე აგვიყვანდნენ, მოგვეშველებოდნენ... ადრე თუ გვიან ცივილიზებული სამყაროს ნავსადგურში შევცურდებოდით...

და უცებ ყველაზე მდიდარმა მგზავრმა, რომელმაც შეისყიდა ჩვენი ნახევრადჩაძირული გემი და არააფორმალური კაპიტანი გახდა, გამოაცხადა: კურსი იცვლება! დასავლეთის ნაცვლად მივცურავთ ჩრდილოეთისკენ!

ეს მანევრი აისბერგთან შეჯახების ტოლფასია.

ჩვენს ნახევრადჩაძირულ გემს კიდევ აისბერგი უნდოდა? ასე ხომ ნამდვილად ჩავიძირებით!

SOS!.. გვიშველეთ! გვიშველეთ! გვიშველეთ!

არ მოდის საშველი. კი, გვამხნევებენ მეგობრები, მაგრამ შორიდან. ყინულიანი წყლიდან თქვენ თვითონ უნდა ამოხვიდეთო. თქვენ თვითონ!

26 ოქტომბერს.

უნდა ვცადოთ. მაგრამ ჯერ-ჯერობით, უმწეობის გრძნობა მახრჩობს.

...უმწეობის გრძნობა ჯერ კიდევ 2022 წლის 24 თებერვალს დამეუფლა, როდესაც რუსულმა დრედნოუტმა უკრაინული სამგზავრო გემის წინააღმდეგ მეკობრული რეიდი წამოიწყო. სრულიად უმწეოდ ვიგრძენი თავი, როდესაც დავინახე, უკრაინულ გემს საკმარისად არ ეხმარებიან ძლიერი სამხედრო ფლოტილიები, და გავაცნობიერე, იგივე მოგველის ჩვენც...

რაღაც უნდა გავაკეთოთ სასწრაფოდ, მაგრამ რა? რა შეგვიძლია? სრულიად უმწეონი ვართ.

სწორედ უმწეობის განცდამ ჩემს დას, მარინას გაუჩინა იდეა, შეგვედგინა წიგნი ბორის აკუნინის ცხრატომეულის - „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ მიხედვით, რომ საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს ჩვენი ჩრდილო მეზობლის მტაცებლურ-დერჟავული არსი, ბოლოსდაბოლოს გაიგოს,  ვისთან გვაქვს საქმე - წიგნს დავარქვით „რუსეთის საბედისწერო პარადიგმა“ (გზამკვლევი−კრებული).

წიგნი  2023 წელს გამოიცა. შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ივერიელის ციფრული ბიბლიოთეკიდან.

მავანმა შეიძლება თქვას, ეგ თქვენი წიგნი არაფერს  შეცვლის − წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებითო...

ალბათ, ასეცაა. ვერაფერს შევცვლით. უმწეობის განცდა დაგვიმძიმდება მხოლოდ.

უმწეობამ, ეტყობა, ისევ გვიბიძგა და წელს გამოვეცით მოთხრობების კრებული „პარალელური საქართველოს ქრონიკები და ნარატივები“. წიგნში შესული მოთხრობები ერთად არ დაგვიწერია, არამედ − ცალ-ცალკე, მაგრამ მათ მსგავსი განწყობა აერთიანებს, რამაც მარინას გაუჩინა იდეა, ერთად გამოგვეცა −ორი წიგნი ერთში, საერთო სათაურით.  შეიძლება ითქვას, რომ ესაა სოციალურ-ირონიულ-აბსურდული ფანტასტიკა. სიურეალიზმი. ანდა - საქართველოს ალტერნატიული ისტორიის ეპიზოდები.

უცნაური ხალხი ვართ − გუშინ იყო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაში, რომელიც თურქეთის ნაკრებთან წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხი წარმატებად აღვიქვით ყველამ. უპირობოდ. მთელმა ქვეყანამ.

დამარცხებამ გაგვაერთიანა, სტიმული მოგვცა. თითქოს ახალი ფრთები შეგვასხა. 

რატომ? რადგან ვიბრძოლეთ! თავგამოდებით. ბოლომდე.

მართლაც უცნაურია.

დღეს დილით ფეისბუქში ბესიკ ხარანაულის ლექსი წავიკითხე:

უცნაურია ჩემი ხალხი

უცნაურია ჩემი ხალხი,

დაცემულ მტერს წამოაყენებს,

რადგან იცის, რა ძნელია დაცემულისთვის.

 

უცნაურია ჩემი ხალხი,

ტყვეს ინახავს კარგ სტუმარივით,

რადგან იცის, ძნელია ტყვეობა.

 

უცნაურია ჩემი ხალხი,

ცარიელ კარში ბურთს არ გაიტანს,

რადგან რისთვის?

ადამიანი ხომ მეტია სინამდვილეზე.

 

უცნაურია ჩემი ხალხი,

მხატვრულია და ამჯობინებს.

უცნაურია ჩემი ხალხი,

წაგებულით მოგებულია.

უცნაურია ჩემი ხალხი, რადგან კოკისპირულ წვიმაში ცეკვავს, თამაშობს! თავგამოდებით! სულით და გულით!

ეს ხალხი გაიმარჯვებს 26 ოქტომბერს და ეს ნამდვილი გამარჯვება იქნება, „მარცხი-წარმატება“ კი არა!

 

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.

 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები