ბლოგები

მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის (თეზისური მონახაზი)

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-07-02 1835

როსტომ ჩხეიძე

მწერლობა სხვა რა არის - თავისუფლებაა.

არა მარტოდენ გამომხატველი თავისუფლების, არა მხოლოდ სიმბოლო თავისუფლების, არამედ თვითვეა თავისუფლება - მისი არსის გამხსნელი, მისი მთავარი ნიშნების წარმომჩენი, მისი გზის განმსაზღვრელი.

ამიტომაც თავის უკეთესი გამოვლინებისას შეუბოჭველია ყოველგვარი დოგმისაგან, ჩარჩოსაგან, შაბლონისაგან, სტერეოტიპისაგან - პოლიტიკური იქნება, საზოგადოებრივი, რელიგიური, ფსევდომორალური თუ ფსევდოლიტერატურული...

მოვალეობადაც ეს დაჰკისრებია მწერალს:

ამოზიდვა თავის სულში არსებული თავისუფლებისა და მისი დამკვიდრება ესთეტიკურ მოვლენად.

დაპყრობილ ქვეყანაში მწერლის დანიშნულება ამიტომაც გაუიგივდება ხოლმე ერის წინამძღოლის მოვალეობას, პოლიტიკური ლიდერობაც რომ უნდა შეითავსოს:

სოლომონ დოდაშვილისა არ იყოს, და ალექსანდრე ორბელიანის, და ილია ჭავჭავაძის, და...

ვრცელი სია გამოგვივა, ბოლომდე რომ ჩამოვყვეთ წინამძღოლებად გარდასახული მწერლებისა თუ წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიურ მონაწილეთა სახელებს, ეს პანორამა რუსეთის იმპერიის ძალმომრეობის დასამხობად შემართული მწერლებისა ზვიად გამსახურდიას რომ უნდა დაეგვირგვინებინა და კიდეც ამოეზიდა წყვდიადიდან ნანინანატრი თავისუფლება საქართველოს ამოგებული სახელმწიფოებრიობის სახით.

მწერლობა რომ თავისუფლებაა, ამ ჭეშმარიტებას თვალნათლივ ადასტურებს საკაცობრიო ცხოვრების მდინარება ერთადერთი გამონაკლისის გარდა - რუსული მწერლობისა.

მათთვის ცოტა სხვაგვარად განიმარტება თავისუფლების ცნებაც და არსიც:

არა კაცობრიობის ბუნებრივ ყოფად, მთელი მისი მომხიბლაობაც და ძალმოსილებაც ხალხთა მრავალფეროვნებას რომ გულისხმობს, არამედ ყველასა და ყველაფრის მოქცევად რუსულ კაბალაში, გადაგვარებად და გადაჯიშებად; მათი ხელისუფლებებისა არ იყოს, ვერც მწერლები მოშვებიან მესამე რომად დამკვიდრების იდეას და რუსი ხალხის სრულ თავისუფლებას ესწრაფიან... სხვა ხალხთა თავისუფლების წართმევის ხარჯზე.

მწერლობა თავისი არსით ელიტარული მოვლენაა, მკითხველთა მხოლოდ მცირერიცხოვან ნაწილს რომ გაეგება მისი ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებაც და მისი სიღრმეების ზემოქმედების ძალაც.

და მაშ... ერის წინამძღოლობას როგორღა კისრულობს მწერალი?

და მაშ... სახალხო ზეგავლენის იმედი არ უნდა ჰქონდეს?

და მაშ... დემოკრატიზმისაგან დაშორება უწევს?

ნუ შევშფოთდებით:

რაკიღა იდუმალია გზანი ლიტერატურისა, მის გავლენასაც ფარული გზასავალი მოეპოვება.

და ეს ჭეშმარიტება ტომას სტერნზ ელიოტს უნდა აღმოეჩინა, ხელისგულზე რომ ედებოდა მწერლობის მონაპოვრები იმთავიდან ამთავამდე, და მძლავრი გონებაც და იშვიათი ალღოც მიაგნებინებდა, რომ:

უკეთესი თხზულებანი მაშინაც კი ახდენდნენ სასიკეთო ზეგავლენას, როდესაც იკარგებოდნენ...

ოღონდ ერთი პირობით:

ლიტერატურის დინების ძაფი არ უნდა გაწყვეტილიყო.

და რაღა უნდა ითქვას იმ მხატვრულ ქმნილებებზე, რომელნიც  გამოსდევენ ამათუიმ ერის ცხოვრებას - იმ ნამდვილი მკითხველების წყალობით გაიშლებიან ხოლმე მთელს ქვეყანაში, აღწევენ მეტ-ნაკლებად ყველა სახლში, ყველა ქოხში, მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანის სულში და კიდეც ჰპოვებენ იმ სახალხოობას, რაც გარეგნულად იქნებ არ ჩანდეს, მაგრამ ერის ფსიქიკის ყველაზე ღრმა შრეებში, ყველაზე ღრმა კუნჭულებში კი ჩააღწევენ, ბინადრდებიან და ამოასხივებენ იმ იდუმალ ძალას, რაც ხალხებს უნარჩუნებს კულტურისა და სულიერების უწყვეტობას, უწყვეტობას სიმხნევისა და უშრეტობას ენერგიისა.

და ამიტომაც:

არც თავისებურებასა და თვითმყოფადობას ჰკარგავენ  და უშუალო  მონაწილენიც არიან საკაცობრიო ცხოვრებისა.

რომელი ხალხებიც გადაშენებულან მსოფლიო ასპარეზიდან, იმიტომ და მხოლოდ იმიტომ, შესაფერისი მწერლები რომ აღარ გამოსჩენიან, და აღარც შესაფერისი მკითხველები, იმ უკეთეს თხზულებათა სუნთქვა რომ შემოენახათ და იდუმალი გავლენა ხალხზე ახალ დროებათა შენამატებითაც დაედასტურებინათ და განემტკიცებინათ.

მკაცრია გზანი ლიტერატურისა, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, როგორც თავისუფლება  თავის ჭეშმარიტ გამოვლინებაში... თავისუფლება არა სიმბოლო თუ გამოხატულება მწერლობისა, არამედ თვითვე მწერლობა!..

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია. მხარდამჭერი: ღია საზოგადოების ფონდი.

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები