ბლოგები

ტრაქტატი სულის გაუხეშებაზე

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-06-16 493

ალეკო შუღლაძე 

 

წლების წინ, როცა პუტინის რეჟიმს გამოქცეული ვლადივოსტოკელი გოგონას ამაღელვებელ ამბავს ვყვებოდი და, როგორც მწერალი, მისი პიროვნების ამოცნობასა და აღწერას ვცდილობდი, თანამემამულეების ერთი საეჭვო ნაწილისგან წინააღმდეგობას წავაწყდი, დიდ წინააღმდეგობას, ზიზღს და აგრესიას. შოვინისტური ბრალდებები საღ აზროვნებას სცდებოდა და ბოდვითი აშლილობის სანიმუშო მაგალითებად წარმოგვიდგებოდა. მაშინ მივხვდი, რომ ისეთ ფენომენთან მქონდა საქმე, რომლისთვისაც შეიძლებოდა „სულის გაუხეშება“ მეწოდებინა. მასა ეთნოცენტრიზმის ტალღამ დაფარა და სახე დააკარგვინა. ფეისბუკმომხმარებელი გადასწვდა ყველაფერს, ყოფითი პრობლემებიდან დაწყებული, ხელოვნებით დამთავრებული და მიუხედავად საკუთარი არარსებული პოლიტიკური იდეოლოგიისა, დანარჩენი სამყაროს ძირის გამოთხრას შეუდგა. სიძულვილის ვექტორები ერთმანეთში ერეოდათ და ჩემთან კამათისას, ხან რუსეთის იმპერიას ლანძღავდნენ, ხან ევროპას. ჯერ მეზობელ ქვეყნებს მისდგნენ, მერე შორეულ აღმოსავლეთს გადასწვდნენ და იაპონიის ცხოვრება მიწასთან გაასწორეს. ჩემთვის ტკივილის მოყენების მიზნით, ინდოეთი ათრიეს. გაგიკვირდებათ და, ეს სიტყვიერი განუკითხაობა ხმელეთის ისეთ ნაწილების თათხვით დაასრულეს, რომელზეც ხალხი კი არა, მხოლოდ პინგვინები ცხოვრობენ. ასე რომ, მათ თავებში სრული დომხალის დანახვა არცთუ რთული აღმოჩნდა. ჩანდა, რომ უგუნურების ტალღამ მათი გონება მიიტაცა და ასე თუ გაგრძელდებოდა, სილენჩის ნისლეული დანარჩენებსაც დაგვფარავდა და აზროვნების უნარს ძირფესვიანად გამოგვაცლიდა. „სრული გამოცარიელება“ − ეს იქნებოდა „სულის გაუხეშების“ საბოლოო სტადია.

ფრჩხილებს თუ დამაძრობენ, ცხადია, ვაღიარებ, რომ ორჯერ ორი ხუთია. წამებას ვერ გავუძლებ და ასეთ დროს ალბათ ყველაფერს მათქმევინებენ, სახეს შემიცვლიან. მე გავტყდები და მწვალებელი „თავის ნებაზე მომარჯულებს“. თუმცა გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ სისუსტეს მაპატიებენ, გამიგებენ. მე არ ვიქნები გმირი, უბრალოდ, იქნებ როგორმე მოვახერხო და შინაგანად არ დავიჯერო, რომ ორჯერ ორი ხუთია.

მთლიანობაში ზეწოლის ფორმებს გააჩნია, რაღაცის ატანა მაინც უნდა შეგეძლოს. ცუდი ის არის, მოქალაქეები თავისი ნება-სურვილით რომ „ტყდებიან“ და მტრის იდეოლოგიის გამტარებლები ხდებიან. ამით არ კმაყოფილდებიან და მთელი დარჩენილი ცხოვრება საკუთარ ქმედებებს ამართლებენ და ჩადენილით ამაყობენ კიდეც.

მაგრამ დამანგრეველი იდეოლოგიის გამტარებელი ვერ იქნები, თუ საკუთარი სული რაღაც „კეთილითაც“ არ კვებე. ზოგიერთი კანონი და წესი იმდენად შეუბრალებელია, რომ თუ რაღაც ხერხებით არ გაამართლე, შენც ბოლოს მოგიღებს. დაუნდობელ საქმეს საეჭვო ჭეშმარიტების სარჩული მაინც უნდა ჩაუფინო, რომ დიქტატორის პიჯაკი მყარი გამოგივიდეს და იღლიაში არ გაგეხეს.

მაგალითად, ნაცისტები თავს არიულ რასად წარმოგვიჩენდნენ, არაცისფერსისხლიანებს კი გავარვარებულ ღუმელებში ჰყრიდნენ; ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს, მთელი თავისი დღე და მოსწრება, ღმერთის გამო ჟუჟავდნენ; შუა საუკუნეების ინკვიზიცია თავის სისასტიკეს ალქაჯებისა და შავი მაგიის განადგურებით ამართლებდა და ა.შ. ხომ გესმით, ადამიანს ცოცხლად ვერ დაწვავ და მის წივილს ისე ვერ მოისმენ, თუ ცნობიერების სპეციალური რეჟიმი არ ჩართე. სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაჯარიმებას, გაუქმებას, პერსონალის ქუჩაში გაყრას და აგენტთა სიების ჩამოწერას არანაკლებ ძალისხმევა სჭირდება. „ობშორული“ ქვეყანა რომ გახდე, ჯერ „ვერხუშკას“ უნდა დაუმტკიცო, რომ ამ საქმისთვის გამოდგები. ამისთვის კი რაღაც ეფექტურ-დაუჯერებელი უნდა შეძლო, მაგალითად, ევროკომისარი მკვლელობის დაგეგმვაში დაადანაშაულო. 

ერთ ფილმში მთავარი პერსონაჟი, გამოცდილი აფერისტი, დამწყებ თაღლითს ყალთაბანდობის გაკვეთილს უტარებს და ასწავლის, რომ მთავარია ტყუილი თავად მან დაიჯეროს საფუძვლიანად, რის მერეც, სხვების გაცუცურაკება საერთოდ აღარ გაუჭირდება. ფილმში ადგილობრივი მაფიოზების გაცურება  ნიბელუნგების საგანძურით ხდება, მაშინ როცა, საქართველოში ყოველი მეორის გაბრიყვება პატრიოტიზმით ხერხდება. მითუმეტეს, რომ მტრის ხატი რეალურად არსებობს. ეს უღალატო ფორმულაა, ყველა წამოეგება.

მაშ ასე, „საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად“ მტერთან გარიგებაზე მიდიხარ, მის იდეოლოგიას იზიარებ და მთელი სული ამ აზროვნებით გიჯერდება. ილუზორულ კანონებს ისე მარტივად იჯერებ, რომ თავი გმირი მამულიშვილი გგონია. ეს დროებითი მოვლენაა, რადგან ამ თეორიას ბევრი ნაპრალი აქვს და ერთ მშვენიერ დღეს ის გაფართოებას იწყებს და ცრუ თეორიის ჩამოშლით მთავრდება. ეს მომავალში მოხდება, დღეს კი „სამშობლოს გადარჩენის“ გეგმა მთლიანად გათავისებული გაქვს, დარწმუნებული ხარ, ვერაფერი მოგერევა. ამ მანტრას საჯაროდაც გაიძახი: „ვერ მოგვერევიან“. არასწორ თამაშში ებმები: მტრად ვინც გამოგყავს, ის შენი მეგობარია და ვინც ნამდვილი მტერია, იმან უკვე დაგამარცხა.

მთავრობისთვის, ჩინოვნიკებისთვის რამდენიმე უპატიებელი დანაშაული არსებობს, მათ შორის ორი მთავარია: ა) ხალხის დოვლათის მიტაცება და  ბ) საზოგადოების მტრულ ნაწილებად დაყოფა, გახლეჩა, დაპირისპირება, ერთმანეთის მიმართ შუღლის გამძაფრება და სამოქალაქო ომში ჩათრევა. ანუ სახელმწიფოს კი არ აძლიერებ და შენზე მონდობილ თანამემამულეებს კეთილდღეობაში კი არ ამყოფებ, არამედ ქვეყანას აქუცმაცებ, ხალხს აბოროტებ, დასცინი მათ, ცნობიერებას უმღვრევ, ტყუი გაუთავებლად, ცდილობ გააყალბო არჩევნები და მშვენივრად იცი, რომ ეს სიყალბე სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი გახდება. ეს დიდი დანაშაულია. წამების შედეგად ამოგლეჯილი ცალკეული ინდივიდის ღალატი, სისუსტე და გამყიდველობა არაფერია მთავრობის ამ ნებაყოფლობით დანაშაულთან შედარებით.

და მაინც, ჩვენ შევდივართ თავგზააბნეულთა მდგომარეობაში და ვცდილობთ, მათი ღალატი ზემოქმედების სამი ფორმით ავხსნათ:

ა) ფულით ყიდვა;

ბ) კომპრომატების არსებობა მათზე, მათ ახლობლებზე, შანტაჟი და გამოჭერის სხვა ფორმები;

გ) ეროვნულ-პატრიოტული  სულისკვეთების გაღვივება და მათი ამგვარად მართვა.

ამ სამიდან ერთიც თუ დაგმართეს, წასულია შენი საქმე. რაღა უნდა ვთქვათ მათზე, ვინც სამივე პუნქტშია გახლართული? პირველი და მეორე პუნქტების საჯაროდ აღიარების უფლებას მტერი არ მოგცემს და ალბათ თავადაც ვერ შეძლებ, აი, ეროვნული კეთილდღეობით სპეკულაცია კი ნამდვილად გამოგივა და შემდეგ იწყება ის პროცესი, რაც ზემოთ უკვე ავხსენით.

თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი ამით არ მთავრდება, შემდეგ უფრო საოცარი ამბები იწყება. როცა ძალიან იჯერებ, რომ ნამდვილად თავდადებული მამულიშვილი ხარ, მალევე გიჩნდება სურვილი, რომ სხვა ქვეყნებს დაუპირისპირდე, გაწყვიტო მათთან კავშირები, გახდე ყველასგან დამოუკიდებელი. ამით საკუთარ მნიშვნელობასაც იმაღლებ: თუ აქამდე ამერიკა შენს პიროვნებას არ იცნობდა, ახლა ისეთ რამეებს ჩაიდენ, რომ ოკეანის გადაღმა შენზე ალაპარაკდებიან. ჩინოვნიკი ფიქრობს, რომ ახლა ის და დანარჩენი მსოფლიო უკვე ერთ დონეზე იმყოფებიან, ვიღაცებთან შედარებით უპირატესობაც კი აქვს. აქამდე ვერ იჯერებდა, მაგრამ უკვე იცის, რომ ამერიკის პრეზიდენტი, ის მოხუცი და ავადმყოფი კაცი, მასთან შედარებით არავინაა. ჩინოვნიკი ყოჩაღია, ახალგაზრდაა, ჯანმრთელია, სპორტსმენია... ბებერი პრეზიდენტი კი ძლივს დადის და თან რაღაცები ავიწყდება, აუ, ის საწყალი. როცა იზოლაციაზე იწყება საუბარი, დამოუკიდებლად არსებობაზე, როცა ქალაქის მერი ნეიტრალიტეტზე საუბრობს, იცოდეთ, რომ მას საკუთარი ფულის იმედი აქვს. იცის, რომ სხვა ქვეყანაში გადახვეწის შემთხვევაში იქ მშვიდად იქნება, ოჯახს ფუფუნებაში ამყოფებს. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ჩვენი შვილები ხომ უცხოეთიდან შემოსულ სხვადასხვა გრანტებზე და დახმარებებზე არიან დამოკიდებულნი. რამდენი ახალგაზრდა შეძლებს მშობლების ხარჯზე სწავლას, ასეთი დიდი თანხების გადახდას ევროპაში ან ამერიკაში.

ამასობაში სულის გაუხეშების პანდემია სწრაფდება, ფართოვდება, მთავრობის წევრების შემდეგ ის მათ ერთგულ მომხრეებს აინფიცირებს. მიმდევრები ცდილობენ, იმავე ილუზიაში გაეხვნენ, რომელშიც მთავრობა იმყოფება. ასე გაიზიარა პროლეტარიატმა ლენინის ილუზიები, სტალინის სისასტიკე, კომუნისტური ფანტასმაგორია. დიადი გერმანელი ერი კი მოულოდნელად ნაცისტურმა მსოფლხედვამ დააბრმავა, - ვინ იფიქრებდა.

გაუხეშებული ცნობიერებისგან ორი ტიპის ცოცხალი არსებები ყალიბდებიან. პირველი: კუნთმაგართა, უკიდურესად აგრესიულთა, უსაქმურთა, − ჯვრების არასწორად (საბრძოლო იარაღად) გამომყენებელთა დივიზია. გზად ისინი ლეწავენ ხეებს, გლეჯენ ბუჩქებს, პუტავენ ჩიტებს, ანგრევენ კედლებს, ბურღავენ მიწას. მთავრობისგან დაგეშილებს ერთი სული აქვთ მუშტი-კრივში შევიდნენ და თავ-ყბა გაუერთიანონ ქართველებს. ხელისუფლება მათ მიტინგების დასაშლელად და საკუთარი მოქალაქეების დასაშინებლად იყენებს. ამ ბრბოს მარტივი და ცვალებადი იდეოლოგია აქვს, ისინი გადაჯაჭვულნი არიან კონკრეტულ დროში და სივრცეში არსებულ მმართველ პარტიასთან. კუნთმაგართა მეთაური რაღაც დროის მერე მთავრობას ემიჯნება, ცალკე პარტიას ქმნის, მამა აბრამის ბატკნად გვევლინება, განსხვავებულ მრევლს აბრიყვებს (მასზე სხვა ნაშრომში მოგიყვებით).

გაუხეშებას კიდევ ერთ ფენომენამდე მივყავართ. თანდათანობით ბრბოს შედარებით მაღალი IQ-ს მქონე ინდივიდუალური პერსონაჟები გამოეყოფიან, მათ თანამედროვე პავლიკ მოროზოვები ჰქვიათ და ისინი რევიზორული სულით არიან აღტყინებულნი. როგორ სულზე მიუსწრო რუსულმა კანონმა შემმოწმებლებს და მაკონტროლებლებს. თუ აქამდე მიტაცებაზე და უკანონობაზე თვითონვე ოცნებობდნენ, ამიერიდან ნურას უკაცრავად, ისინი თავად გახდებიან რევიზორები, დაამყარებენ იდეალურ წესრიგს, ჩხრეკის ეშხშიც შევლენ, ფილმებიდან და რომანებიდან ეროტიკულ სცენებს ამოჭრიან, ყვითელი ავტობუსების დარბევის რიტუალს აღადგენენ. სიმართლისა და ჭეშმარიტების მაძიებლები დააჯარიმებენ ყველას, თუ საჭირო გახდა, განაჩენს თვითონვე მოიყვანენ სისრულეში.

მოროზოვს მცირე ხანი დასჭირდა, შეუბრალებელ ბავშვად რომ ჩამოყალიბებულიყო. ახლა ამბობენ, მამა მას არ დაუბეზღებია, მოუგონეს, დამნაშავენი სხვები იყვნენ, მან მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს თქვა სიმართლე, მამა კულაკებს რომ თანაუგრძნობდა, აბა, რა უნდა ექნაო. მაგრამ ახლაც ასე არ არის?  საბოლოოდ გაურკვეველი რჩება, ვინ მსხვერპლი და ვინ ბოროტმოქმედია; ვინ დააბეზღა და ვინ დაიბრალა. ვინ უნდა ეცემათ და ამ დროს ვინ მოკვდა. მთავარი კი შედეგია, პავლიკ მოროზოვის მამა 10 წლით ჯანდაბაში გადაასახლეს. კომუნიზმის ილუზია კი ისე სასწაულებრივად კოხტად ჩაიდო 13 წლის პაველ მოროზოვში, რომ მშობლიური მამის ადგილი იქ აღარ დარჩა. ინუსხებიან არა მხოლოდ ყმაწვილები, არამედ ზრდასრულნი უფრო. თანამედროვენი სულ მალე სისასტიკეში გადაასწრებენ თავიან საბჭოელ წინამორბედებს. ეს ამბავი შეიძლება მოგონილი მგონებოდა, რომ არა ჩემი საუბარი ერთ ძველ ნაცნობთან, რომლის წინაპრები, მთელი ოჯახი, ბერიას ბრძანებით დახვრიტეს. სტალინზე რას ფიქრობ-მეთქი, ვკითხე ნაცნობს, და იდეალური ბელადი იყო, ჩვენს ქვეყანას დღესაც არ აწყენდაო. პაპები და ბებიები რომ დაგიხვრიტა, მაგაზე რას იტყვი-მეთქი და იცით, რა მიპასუხა: „ღირსები იყვნენ და იმიტომაც დახვრიტესო“.

წავიდა და გაბრაზებულმა მივაძახე: ჰეი, მაროზოვ!

და მოიხედა თანამედროვე პაველ ტროფიმოვიჩ მოროზოვმა, მამის დამბეზღებელმა და თბილად, ეშმაკურად გამიღიმა.

გვასწავლიდნენ, რომ პავლიკი კარგი ბიჭი იყო, ბაბუამისი კი − დემონი. სინამდვილეში სიმულაციურ რეალობაში გვამყოფებდნენ. ადამიანებს ხომ სულ ასე გვატყუებენ. ისე კოხტად გვაბრიყვებენ, რომ ეგრევე ვბრიყვდებით. გვეუბნებიან, რომ ყველა წესი და კანონი ჩვენს სასარგებლოდაა მიღებული. მაგრამ სინამდვილეში მათ სახეიროდ და საკეთილდღეოდაა.  სიმულაცია ისეთი მძაფრია, რომ ძველი ბოლშევიკები ახლაც კეთილი ხალხი მგონია. მაგალითად, პაველ კორჩაგინი. კორჩაგინი ხომ მართლა გულმართალი ადამიანია, ის ჩემს ცნობიერებაში ახლაც დადებითი წითელარმიელია.

რა ბადებს ასეთ სიყვარულს წარსულის აჩრდილებისადმი? საიდან ასეთი სიმპათია მტრისადმი, დიქტატორისადმი, რა ხდებოდა წარსულში: რუსულ სკოლებში სწავლობდნენ? რუსეთის ქალაქებში გრიალებდნენ, „ემგეუ“ აქვთ დამთავრებული, რუსული სპორტი უყვარდათ, თუ რა? რა ბადებს ტაგანროგის სიყვარულს? რატომ არ მთავრდება ეს მიჯაჭვულობა? კი, ბატონო, საბჭოთა ჯარში ნამსახურებ ქართველ კაცებს გენერლების ცოლებთან ჰქონდათ რომანები, და გვესმის, რომ ეს წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს მაჩოებზე. მაგრამ ყველას ხომ არ ჰქონდა ჩრდილოეთში სექსი და დროსტარება. ვიცით, მათ უყვართ ორენბურგი, თუმცა აუხსნელია, რატომ სძულთ ედინბურგი? მაგალითად, რატომ სძულთ შოტლანდია, უელსი, იქ ხომ მამაცი ხალხი ცხოვრობს, სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ვაჟკაცები.

დღეს ადამიანის ინტელექტს, გრძნობებს, აზროვნების წესს, სიცრუე და ილუზია კვებავს. აჩრდილები, ლანდები, ძალადობის ფორმები უფრო ზემოქმედებითია, ვიდრე რაღაც ჭეშმარიტება. ზენიტშია ნახევრად სიმართლის თეორია. უფრო მეტიც, ახლა ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის, ის ამბობს 99 პროცენტ ტყუილს და მხოლოდ 1% სიმართლეს და ეს მუშაობს. მთელი კატასტროფა იმაშია, რომ თუ მოქალაქეს სიუხეშე-სიბრიყვის სინდრომი შეეყარა, წასულია მისი საქმე, ამ ცხოვრებაში ის ვეღარ მორჩება. ამიტომაც ჩვენ გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის არასწორ გზას ირჩევენ. მათ ეძლევათ და ეძლევათ შანსი, ისინი კი, თითქოს ჯიბრზეო, ყოველ ჯერზე საწინააღმდეგო მხარეს ირჩევენ.

ბნელეთის მეუფე ვოლდემორი თავის სულს მკვლელობებით ხლეჩდა. ჩვენ დროში სულის დაგლეჯა ნაწილებად „კეთილი საქმეებით“ ხდება. სამშობლოს გაჭირვებას თავის სასარგებლოდ იყენებენ და ოკუპანტები თავად ხდებიან.

მაშ ასე, პაველ მოროზოვმა სიკეთის გაკეთება სცადა და საშინელი ბოროტება გამოუვიდა. იქმნებოდა საშიშროება, რომ მისი ეს ულმობელი და სასტიკი ქმედება ნორმად გადაიქცეოდა და კოშმარული მომავალი დადგებოდა. მაგრამ არა, კომუნიზმის მშენებლობა ისე დასრულდა, რომ მგონი, არც დაწყებულა. პავლიკ მოროზოვი ცუდ წარსულს ჩაბარდა. 21-ე საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა, სულ სხვა თაობა მოვიდა. დღევანდელ თინეიჯერებს არანაირი კავშირი არა აქვთ სისხლიან მე-20 საუკუნესთან. ალბათ, პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ ახლა უკვე შვილები არიგებენ მშობლებს ჭკუას და ესენიც მორჩილად უჯერებენ. მამებმა აღიარეს, რომ შვილები მათ სჯობიან.

და რაც მთავარია, GEN – Z თაობა სიკეთეს აკეთებს და სიკეთეს გამოსდის.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები