PENVIRONMENT

კინო ყაზბეგი

×
ავტორის გვერდი გაგა ნახუცრიშვილი 2020-12-09 14697
- თქვენი ბილეთები, გეთაყვა, - ელენე ბებო ასე გვეტყოდა და ხელში გაცრეცილი ქაღალდები ეჭირა.
 
რის ბებო, საშუალო ასაკს გადაცილებული ლამაზი ქალი იყო, წაბლისფრად შეღებილი, უკან გადავარცხნილი თმით, ჭრელი ჯემპრითა და ჩვენთვის ძველმოდური სათვალით. იმ სათვალიდან კი მისი თვალები განსაკუთრებულად კეთილად ჩანდა. 
 
პირველად კინო ყაზბეგში ვნახე "თავგადასავლების მაძიებლები". ვერაფრით მივხვდი, იმ ლამაზ გოგოს რატომ უყვარდა მსუქანი და მოუხეშავი ლინო ვენტურა და არა ალენ დელონი, იქამდე ხომ ყველა ფილმში გოგოებს ალენ დელონი მოსწონდათ. 
 
დრო გავიდა და ნელ-ნელა გავიგე, რომ ეს გასართობი ფილმი მეგობრობისა და სიყვარულის ტრაქტატია, ხშირად ასეთი სათავგადასავლო ფილმები უფრო მეტად ჩაგვაფიქრებენ, ვიდრე მრავალსაათიანი "ზაუმნი" ისტორიები.
 
რამდენ შატალოზე შემიფარა კინო ყაზბეგმა. შატალოც ხომ თავისებური თავგადასავალია, გინდა სადღაც გაიქცე და დაიმალო, კინო ყაზბეგზე უკეთესი სამალავი კი სად გვეგულებოდა, სადაც სიყვარულსაც და მეგობრობასაც სხვანაირად  სწავლობდი, ჩაბნელებულ დარბაზში ეკრანი სულაც რომ არ ყოფილიყო. 
 
იყო დარაჯიც, ომარი თუ ანზორი ერქვა, "კლეჩატი" პერანგით, - შემოდით ბიჭებო, - გვეუბნებოდა. 
 
ერთხელ  შატალოზე ფელინის "რვანახევარს" გადავეყარეთ, სამი ბიჭი ვისხედით და საშუალო ასაკს გადაცილებული კაცი ბულდოგით. ის კაცი მაშინ, რა თქმა უნდა, ბებერი გვეგონა. ფელინის სულიერი კრიზისი გულთან ყველაზე ახლოს  ბულდოგმა მიიტანა, მორჩილად უყურებდა ეკრანს და ერთხელაც არ დაუყეფია, ჩვენ კი კინო ყაზბეგიდან გარეთ რომ გამოვსულიყავით, აუცილებლად დაგვიჭერდნენ, თან ვერც ომარი თუ ანზორი გვიშველიდა.
მერე ცისფერ ეკრანებზე ეროტიული ფილმი "ცხრანახევარი" გამოჩნდა, რომელიც დიდხანს ეგონათ "რვანახევარის" მეორე სერია, თუმცა ბულდოგი ამ შეხედულებას ვერაფრით ეთანხმეოდა.
 
ამასობაში კაფკა და კამიუც მოდაში შემოვიდა, ვერელ-ვაკელი უცხოები და მწერებიც გამოჩდნენ.
 
აქ  შეიძლება მოვიტყუო, რომ კინო ყაზბეგში გოგო შემიყვარდა, მაგრამ მოტყუებას რა აზრი აქვს.  "კინო ყაზბეგის" კინო ისედაც უამრავ მოგონებას იტევს.  ეკრანის რამდენ გოგოზე ვყოფილვარ შეყვარებული, თან მინდოდა, რომ იმათაც ვყვარებოდი, თუმცა თანდათან დროც გაიპარა და "კინო ყაზბეგიც" დაიხურა. 
 
არამოგებიანი იყო და ბაზარმა დაარეგულირა, თუმცა ბაზარი ვერაფერს არეგულირებს, ყველაფერს დრო ალაგებს, თავის ჭკუაზე მოჰყავს,  ჩვენც  ვეგუებით და გულგრილები ვხდებით.
 
მერე "კინო ყაზბეგი" გაუქმდა და მის ადგილას ღამის ბარი გაიხსნა, ჩემი მეგობრების იყო და ფულს არ ვიხდიდი, ათასში ერთხელ ძალიან მთვრალი თუ შევეხეტებოდი ორმაგი ვისკის დასალევად. მერე დაიკეტა, თურმე ჩემ მეგობრებს კიდევ ბევრი სხვა მეგობრებიც ჰყავდათ.
 
ჯაზ-კლუბიც ამუშავდა, კარგი კოქტეილებითა და გაჯაზებით, მაგრამ ეტყობა აღარ  გვეჯაზებოდა და გაჩერდა. 
იმ დროს ბევრი კაფე-ბარი გაიხსნა და ისევ დაიხურა. 
 
კინო ყაზბეგი ახლაც გლამურული კაფეა, ყავას თუ დალევ, თორემ ორმოცდაათი გრამი ვისკი მაჟორიტარის ხელფასსაც უდრის... 
 
ჩემ წინ  ქალი ზის. იმ ქალს ჰგავს, ალენ დელონი რომ არ უყვარდა. მეც ვზივარ "სინემა პარადისოს" ფილმის მთავარი გმირივით, მშობლიურ პატარა ქალაქში რომ ბრუნდება და ფირიდან ამოჭრილ აკრძალულ კოცნებს უცქერს. 
"კინო ყაზბეგი" ახლაც ჩემი "სინემა პარადისოა“, თავის ამოჭრილი მოგონებებითა და გრძნობებით, დაძველებული ეკრანივით რომ ჩააქრეს, თუმცა იმ ფირიდან ამოჭრილ კადრებს სულ ვხედავ.
 
პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები