PENVIRONMENT

90-იანი წლების თბილისის პოეტური ილუმინაციები

×
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 2020-12-11 16778
ყოველ ქალაქს აქვს თავისი ტრანსფორმაციების პერიოდები. როდესაც რაღაც მთავარი კარდინალურად იცვლება მასში. სულ ბოლოს, თბილისისთვის, ჩემი აზრით, ეს 90-იანი წლები იყო. თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ამ დროს ქალაქი ინგრეოდა და პარტახდებოდა და პარალელურ რეჟიმში უსასოოდ ცდილობდა ფერფლიდან აღდგენასაც, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კატასტროფას გადარჩენილი შენობებიც იცვლიდნენ იერს და ფუნქციას, სხვანაირი ადამიანები იწყებდნენ იქ ახალი საქმეების კეთებას, და საერთოდ, სხვანაირად იწყებდნენ ადამიანები ამ ქალაქში ცხოვრებას, შეცვლილი წესებით და აღქმით... ასეთ მეტამორფოზებს ყველაზე ადრე და მძაფრად ალბათ პოეტები გრძნობენ და ასახავენ, და მეც ახლა სურვილი გამიჩნდა, იმ პერიოდში დაწერილი რამდენიმე ლექსი გავიხსენო, ის სტრიქონები, საიდანაც მოჟონავს გადასხვაფერებული თბილისის დრამატული სახე, იგრძნობა ის სული, რომელიც დაბნეულია - ძველი ახსოვს და არ ეთმობა, თან ახლისკენაც მიუწევს გული, და თან ცდილობს გაერკვეს, რა მდგომარეობაა ეს, რომელშიც ახლა ჩავარდნილა, და ამიტომ დაჭყეტილი თვალებით მისჩერებია იმ უცნაურ კადრებს, რომლებიც თითქოსდა ასე კარგად ნაცნობ მის მშობლიურ ქალაქს აჩვენებენ და ამავე დროს, რაღაცით აბსოლუტურად აღარ ჰგვანან მას... 
 
„რაღა დამრჩა ამ ცხოვრებაში, სადაც არ არის კონკა?
საცოლენი და საქმრონი მიმოდიან ელვის სისწრაფით გარიჟრაჟზე;
დღეს შალვა ავიდა შიომღვიმეში და ამ ზაფხულს იქ შეხვდება;
დღეს კარლოს ორჯერ ახადეს თავის ქალა მის საყვარელ
და საზარელ თბილისში 90-იანი წლების, ღარიბულ
კვარტალში ფაბრიკებისა და მსოფლიო ინდუსტრიის სანაგვის.“ 
 
ასე იწყება დავით ჩიხლაძის ლექსი „თბილისი“, რომელიც 1994 წელს დაიწერა და სადაც ის ადამიანები ჩანან, რომელთან ერთადაც ახალგაზრდა ავტორი ამ თავგზააბნეულ ქალაქში ცხოვრობდა და ცდილობდა თავის გადარჩენას... არა, ცოტა უფრო მეტს - თავის რეალიზაციას... მუსიკოსი შალვა ფანცულაია, მხატვარი და პოეტი კარლო კაჭარავა, უბრალოდ, მეგობარი სანდრო კობაური... და მეც ვარ მათ შორის: 
 
„ღრმაღელე - რაღაც ძალიან ჰგავს ეს სიტყვას: „იმღერე“,
თუნდაც შოთას სიმღერა მისი და შენი ავადმყოფი ქალაქის,
რომელშიც აღარაფერი დარჩა - არც ქვეყანა,
არც საცხოვრისი ადამიანთა და თითქმის აღარც ეს
უმწეო ძაღლები ვაგზლის მოედნიდან გასაპნულ ღამეში გადასულნი
ან ასეთივე გოგონები გასაპნულ სარკეში
ტუალეტ-საშხაპე-აბაზანების.“
 
ეს ლექსი ისეთია, ძალიან რთულია მისი დაგლეჯა და ციტირება, ვინაიდან ერთი ღრმა ემოციური ამოთქმაა იგი მთლიანობაში, და მეც ახლა დიდი გაჭირვებით ვჩადი ამ საქმეს. მაგრამ რაცაა ეგაა, აი, მორიგი ფრაგმენტიც:
 
„ყოველი კაცი არის
მარტო და უსასოო ანგელოზი;
თბილისი, საიდანაც გარბის ბუნება, პეიზაჟები, სანახები
ოდესღაც ძვირფასი მოპყრობების და ურთიერთობის.
საიდანაც გარბის წუთები, სახეები, და თვით ხსოვნაც ამ სახეების.
სადაც მინისტრი არის გიჟი, ასეთივეა კოცნა, ფული,
ზრუნვა, მგზავრობა და შენც
გიჟი ხარ ამის მერე;
სადაც ნაგავი სანაგვეებს მილიარდჯერ აღემატება
და ცის ლაჟვარდებს თავს ვერ აფარებს
ვერც ერთი ჩიტი.“
 
ის სევდა თუ ნოსტალგია, ის ლამაზი პესიმიზმი, რაც ამ ლექსშია, არაა იშვიათი დავით ჩიხლაძის პოეზიისთვის. საერთოდ, ის რამდენადაც ავანგარდისტი და ექსპერიმენტატორია, იმდენად არის გამოკვეთილად თბილისელი აშუღი, ძველი ესთეტიკის სიყვარულით და მისი ახლებურად გამოყენების ორიგინალური მცდელობებით. მის ლექსებში ხშირად ჩანს დედაქალაქი და ხშირად მოძრაობენ კოლორიტული თბილისელები. თუმცა კი განწყობილება ამ ლექსებში იცვლება და ხანდახან ირონიული თუ სარკასტულიც კი ხდება, როგორც მაგალითად „ყოველდღიურობის სიცხადეში“:
 
„ო ლენა ო ელენე ო მარმარილო ო შამპანური საძინებელი
ტელევიზორი ო ჭაბუას ფილმები ტელევიზორში ო 
თანამედროვე
 
საქართველო მოდა და სიბრძნე ო ხელშეუხებელი ნიჭი
გამრავლებული 35 მმ. ოქროს ფირებზე ო კინომსახიობთა თეატრი ო ბილეთები ო
თუმანიშვილი ო
 
ჩაის სმა კონიაკით ო ხელოვნება ო სინატიფე ო-ო
მკვდრები ო ძლიერები ო 
ინტელიგენცია ო ვაკე ო პარიზი ო თურქეთი -
(სერგო
ფარაჯანოვი მიდის
ვირთან ერთად, ვირი ჭამს მწვანე ბალახს მდელოზე)
– მაგრამ ო
მონუმენტური წერეთელი ო ძარღვიანი ამაშუკელი ო
ჩუქურთმა – (გელა პატიაშვილი
 
აფურთხებს სენაში – მე ვაფურთხებ ურნაში
მარჯანიშვილზე) – ო
 
ჯანსუღ ჩარკვიანი ო ლიანა ისაკაძის ვიოლინო მერსედესში
სარეკლამო
სააგენტო მი–მი–ნო ბ. კიკაბიძის სახელობის – ო მე-10
კლასელი ქერას სექსი – ო
 
მშვენიერება ო ელდარ შენგელაია გადასაღებ მოედანზე ო
გიორგი
 
შენგელაია გადასაღებ მოედანზე ო ქეთი დოლიძე ო ლანა ო
სცენარზე
 
თავდახრილები ო წვა ო მუზა ო რუსული და ინგლისური ო
სიმჟავე ო ხელოვნება ო
დათა
 
თუთაშხია ო ქართველი ფანტასტი გურამ ფანჯიკიძე ო
თენგიზ
 
აბულაძის გმირობა ო პიკო ო მოზაიკა ო ქეიფი ო ტელევიზია
ო ორჯონიკიძე იზა.“
 
მეორე პოეტი, რომელთანაც 90-იანი წლების თბილისი ახალი თვალითაა     დანახული, ეს კარლო კაჭარავაა - ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი დავით ჩიხლაძის იმ პერიოდის ლექსებისა. და აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდახან კაჭარავას ლექსებშიც იგივე ადამიანები გაკრთებიან ხოლმე, რომლებიც ჩიხლაძისაში. მაგალითად, შალვა (ფანცულაია) ლექსში „სიყვარული კომენდანტის საათის დროს“:
 
„შალვას გრძელი ლაბადა ეცვა, ის მღეროდა ორ ბოთლ არაყზე, 
რომელიც უნდა წაეღო გაზაფხულის წვიმაში პატრულთა მიღმა, 
ქართველ და რუს ქალებსა და მამაკაცებზე. ჩაშლილ როკ-გასტროლებზე.“
 
ეს პერსონაჟი, გარემო კი კარლო კაჭარავასთან აი, როგორ იხატება:
 
„სამედიცინო ინსტიტუტთან პატრულები მანქანებს აჩერებდნენ. 
მოგვიახლოვდა კომენდანტის საათისა და ერთგულ მეუღლეთა ღამე. 
ძაღლი წვიმაში სადღაც ეკლესიასთან და უმიზნოდ გადაყრილი ნიშნები. გადაღებული პოლიტიკური გრაფფიტის არითმია. 
ვერაფერი გვიწესრიგებს ყოფას.“
 
მაგრამ კარლო კაჭარავას 90-იანების ლექსებში მხოლოდ იმ პერიოდის რეალური, თანამედროვე თბილისელები არ მოძრაობენ. მას ქალაქის სულის საჩვენებლად თავისი მეთოდები აქვს. პოეტს ძველი ეპოქიდან გადმოჰყავს თბილისის ქუჩებში ის ადამიანები, რომლებიც ქალაქის ცხოვრების ახალ წესებს საკუთარი არსებობით უფრო კონტრასტულს და მკაფიოს გახდიან:
 
„ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი ებრძვის პურის რიგში მდგომთა ღამეს. 
ყველა მის სამხილი ცუდად შემჩნეულია და იაფად ეწირება რამეს: 
ავტომატს ან თურქულ შარვალს.“
 
ეგნატე ნინოშვილი, რომელიც ლექსიდან ლექსში მოძრაობს XX საუკუნის დასასრულის გასაცოდავებული მშობლიური პროლეტარიატის დასახმარებლად, კაჭარავას შემოქმედების განმსაზღვრელ ორიენტირთაგან ერთ-ერთის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ. აი, ფრაგმენტი კიდევ ერთი ლექსიდან, სახელწოდებით „როცა სინათლე კლებულობს“:
 
„როცა სინათლე კლებულობს, როგორც ჩანს, საღამოვდება. 
როცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ასთმიანები ცუდ სიგარეტს ეწევიან 
მეექვსე სართულზე კიბეების მარშთან. 
როცა შეშინებული, შეუხედავი და ცუდად ჩაცმული ქალიშვილები 
გარბიან სადღაც - ალბათ მეტროსაკენ. 
და "გარე განათება" ისევ არ ირთვება, ან საერთოდ არ ჩაირთვება. 
ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი საკმაოდ სწრაფი ნაბიჯით მიდის 
სამედიცინი ინსტიტუტის გასწვრივ 
და გვერდზე ძაღლი მისდევს ქარისგან ბალანაშლილი.“
 
რა უნდა აქ ეგნატე ნინოშვილს? რა უნდა 90-იანი წლების გაუბედურებულ ქალაქში? რატომ გამოიძახა კარლო კაჭარავამ იგი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, როგორც ექსპერტი მისი ეპოქისა? აი, ამ სტრიქონებში ჩანს ყველაზე კარგად პოეტის განზრახვა:
 
„ო, რიხტერისეული ფირფიტებსაკრავი 
ჯადოსნური ფლეიტის ნაცვლად, 
იქნებ ამ მუსიკით გამოიტყუოს ნინოშვილმა მიმალული 
ენაწართმეული პროლეტარიატი? 
და ატაროს ის ინფექციური საავადმყოფოდან, 
ონკოლოგიური საავადმყოფოდან რესპუბლიკური საავადმყოფოსაკენ - 
და ისევ ინფექციურისაკენ, თუ სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიც 
გაიარონ, რომ იქვე შეიერთონ პურის ქარხანასთან საათობით 
მომლოდინეთა დიდი, დაოსებული რაზმი?“
 
კიდევ ერთი პოეტი, რომელიც იმ პერიოდის თბილისს გამძაფრებული მზერით
აკვირდება, ანდრო ბუაჩიძეა. მასთან თბილისი რაღაც ერთი ზოგადი მთლიანობა              
არაა საერთო თვისებებით. პირიქით, ესაა კონკრეტული ადგილებისა და  
უბნების ფენომენი, და ამ კონკრეტულ ადგილებს განსაკუთრებული კაეშანი მოაქვს. ესაა ჯერ დიღომი, ცოტა მოგვიანებით კი - ნუცუბიძის პლატო. ესაა სოლოლაკი, ვარაზისხევი... ესაა საბურთალოს, ვერის თუ ვაკის სასაფლაოები, სადაც იგი თავისი მძიმე ფიქრებით დაეხეტება გარდაცვლილი მეგობრების საფლავებს შორის... და რაც მთავარია, ანდრო ბუაჩიძეში მუდამ ფეთქავს გარეუბნების ესთეტიკის შეგრძნების და ათვისების აუტანელი სურვილი, და არცაა შემთხვევითი, რომ 90-იანებში გამოცემულ მის ერთ კრებულს „გარეუბანი“ ჰქვია. მის ლექსებში ადამიანები საშიშ, ჩაბნელებულ ქუჩებში დაეხეტებიან, ან ფილაქნებზე ყრიან, ან ელნათურებს ესაუბრებიან („ელნათურები რომ აიკრიფონ / და რომ წავიდნენ ამ ქალაქიდან, / მაშინ ვერაფერს ვეღარ გაიგებ / ჩემი ჩამქრალი ლაპარაკიდან“). ეს ვიზუალური, ნახევარტონების პოეზიაა და პოეტი ამ სამყაროს ერთნაირი ოსტატობით აღწერს როგორც ვერლიბრის მეშვეობით, ისე კონვენციური ლექსით. აი, ამ კონტრასტის საჩვენებლად, 
როგორ ჟღერს მაგალითად, „ღამის ქალაქი“:
 
„ღამის ქალაქო, ღამის ქალაქო, განათებულო თეთრი სხივებით, 
აი, მე ვწევარ შენს ფილაქნებზე, აი, მე ვწევარ და ვიღიმები. 
ღამის ქალაქო, მე არ ვიცოდი, შენი დამზრალი ქვაფენილიდან 
ვარსკვლავებს თვალს თუ ავაყოლებდი და ავხედავდი ასე ირიბად. 
ღამის ქალაქო, ღამის ქალაქო, განათებულო სუსტი სხივებით, 
აი, მე ვწევარ შენს ფილაქნებზე, აი, მე ვწევარ და ვიღიმები. 
ვერ გამიგია, ვერ გამიგია, ჯოჯოხეთია ეს თუ ედემი, 
როგორ ანთია ქვაფენილებზე ელნათურების ნიშანსვეტები. 
როგორ გადატყდა ჩემი ბავშვობა, როგორ განერთხა მიწას ლერწივით 
და როგორ დავრჩი ღამის წიაღში შუქ-ჩრდილებისგან გამოძერწილი.“
 
ლექსში „ასე დამთავრდა მთვარის შუქზე ბანქოს თამაში“ კი აი, რა ხდება:
 
„ბიჭი, წადი სახლში, 
რას დაწანწალებ ამ ექოებით სავსე კვარტალებში, 
სადაც დადიან მოწყენილი სუტენიორები, 
ჯიბეებში ხელჩაყოფილნი და უსტვენენ ძველ მელოდიებს. 
ბიჭი, წადი სახლში, ძალიან გთხოვ, 
გუშინწინ აქ მოკლეს კაცი და მოისროლეს 
თითქოს იქ დააბრუნესო, საიდანაც იშვა. 
ასე დამთავრდა მთვარის შუქზე ბანქოს თამაში 
და ბანქოს ფურცლები ქარმა წაიღო, 
როგორც სინანული მოკლულის გამო... 
ბიჭი, წადი სახლში, 
თუ გაქვს სახლი, რა თქმა უნდა, 
ხოლო თუ არ გაქვს და მთლიანად ეს ქვეყანაა შენი ადგილი, 
მაშინ რას იზამ, 
გაჩერდი ხიდზე, მტკვარს გადახედე, 
უძღებ შვილთა ძვლებით გავსებულს, 
დააკვირდი, რა ნელა შლის თავის გრძელ ტალღებს 
ხიდქვეშ მდინარე. 
რას გიქადის? დამარხვას თუ ბედნიერებას?“
 
შეიძლება ითქვას, რომ ეს ციტატები ძალიან პირობითადაა შერჩეული, ვინაიდან ანდრო ბუაჩიძის წიგნებში თბილისი მთლიანადაა გაფენილი. ისინი უნდა იკითხო და იკითხო და თავიდან ბოლომდე უნდა განიმსჭვალო იმ ქალაქით, რომელსაც პოეტი თავისი სულშიჩამწვდომი ესთეტიკით გადმოსცემს.
 
და ბოლოს, კიდევ ერთი ავტორი: ზაზა თვარაძე. როგორც რაღაც საერთო იგრძნობა დავით ჩიხლაძისა და კარლო კაჭარავას ხედვასა და ესთეტიკაში, ასევე შეიძლება ანდრო ბუაჩიძისა და ზაზა თვარაძის პოეტიკათა შორის პარალელების გავლება. ის მდიდარი, არქაიზმებითაც კი დატვირთული ენა, რომელსაც ორივე იყენებს ლექსებში - გინდ ვერლიბრში და გინდ კონვენციურში - უკვე აჩენს კავშირს მათ პოზიციათა შორის. ორივეს აქვს ვნება, ბოლომდე დახარჯოს ენის მარაგი, მაგრამ ისე, რომ მისი გამოყენებით შექმნას არა მოძველებული ესთეტიკის, არამედ პირიქით, სრულიად თანამედროვე ჟღერადობის მქონე პოეზია. ისინი ერთნაირი წარმატებით ახერხებენ ამას, თუმცა მათი ლექსების განწყობილებები სადღაც იყოფა: ის, რაც ბუაჩიძესთან კაეშანში ბოლომდე იძირება, თვარაძესთან გროტესკულ სახეს იღებს, გაჩენილი განწყობილებების აბუჩად აგდების, გამასხარავების ჟინი იჩენს ხოლმე მასში თავს.
 
„თბილისის გამხმარ ხეივნებში, დამშრალ ტბორებში
მთვარე ვერაფრით შეამოწმებს თავის სისრულეს;
ქარი კი ზანტად შეირწევა, გაიზმორება,
უცებ დაწვდება, წამოიღებს მთვარეს კისრულით,
 
დასცემს ასფალტზე, გამოღადრავს წამში ყანყრატოს,
რადგან ცხოვრების მოზიარე სულ არ სჭირდება,
მერე იწივლებს, გზაზე ვიღაც ეულ ქალბატონს
კაბის ქვეშ შეშლილ კურდღელივით ჩააფრინდება.“
 
აი, ასეთი კომიკური სურათით იწყებს იგი ქალაქის აღწერას ლექსში „ტბორები“, დასრულებით კი ასე ასრულებს:
 
„აქ, ამ ქალაქის ხეივნებში, ამ სანახებში
მე შემამწუთხებს უჩვეულო განურჩევლობა.
წავალ, ჩავჯდები ჩემს სიაბანდ ამხანაგებში,
ზანტად გავარჩევთ წუხელღამით მომხდარ მკვლელობას.“
 
ის ატმოსფერო, რაც ზაზა თვარაძის ლექსებში ხშირად ჩნდებოდა ხოლმე, ის ხულიგნური პოლარულობა - დრამატულობისა და ლაზღანდარობის მუტაცია, წამყვანი ესთეტიკური ხერხია იქაც, როცა იგი 90-იანი წლების თბილისს ხატავს. მაგალითად, პაროდიულ ლექსში „ლურჯი მერანი“, ის სასაცილოდ აღწერს, თუ როგორ მიჰქრის თბილისის ქუჩებში ბარათაშვილის მერანისა და გალაკტიონის ლურჯი ცხენების რაღაც ნაჯვარი:
 
„მირბის ლურჯი მერანი
მირბის და თან ჭიხვინებს,
მისი ფლოქვის თქარუნი
ზაფრავს ღამის ვიტრინებს.
ვიტრინების ნათელში
იცრიცება სისხამი
და კვარტლები ჭადრაკის
თალხ ფიგურებს ისხამენ.
მიჰქრის ჩემი მერანი,
შეშლილივით ხრჭიალებს,
ჩანს მქისე რესტორანი,
მქისე სუნიც ტრიალებს.“
 
საერთოდ ზაზა თვარაძეს უყვარს ფანტომები. მისეულ თბილისს სულ სხვადასხვანაირი ფანტომები არიან შესეულნი. ხან „ეს ბედკრული მერანი, / თარსი, როგორც ყორანი, / ცხოვრების ვეტერანი, / მგოსანთ ნაფანტომარი, / ლურჯი ფანტომასივით / და მთლად გადარეული, / როგორც დიღმის მასივი / ან საერთო რვეული“, ხან კიდევ, ვთქვათ, „მანიაკი ინკასატორი“, რომელიც „ქალაქის ბინძურ, ჩამოფლეთილ ქუჩებში“ დაძრწის, ანდა სულაც ის (ვითომ) „მხიარული ლანდები“, მის ასგვერდიან დაუსრულებელ პოემაში ყველას და ყველაფერს რომ არიან მოდებულები. ზაზა თვარაძის პირველ კრებულში, „ტან-ცზი სიცივეში“ არის ლექსი სახელწოდებით „ფრაგმენტი“, და ეს ფრაგმენტი მოგვიანებით „მხიარულ ლანდებში“ შევიდა. აქ მას სიზმარში გამოცხადებული ქალი თბილისის ქუჩებში ზემოთ-ქვემოთ დაატარებს და ქალაქის შესახებ ესაუბრება:
 
„...სიზმარში მითხრა: 
"პრივეტ!" 
მაკოცა. 
როგორ უხდება ამ ქალს ღიმილი. 
კოცნისას მკერდი ოდნავ შემახო: 
"სად დამეკარგე?!" 
- არსად. აქა ვარ. 
მკლავგაყრილებმა გავისეირნეთ 
ამ ლანდებიდან იმ ლანდებამდე,
მეუბნებოდა (კვლავ იმ სიზმარში): 
"ეს სამყაროა. ეს კი - თბილისი" 
- მახსოვს თბილისი. აქ დავიბადე. 
ჭონქაძის ქუჩას ავყევით აღმა: 
"ეს სახლებია, ეს - მანქანები" 
- ესენიც ვიცი. 
"აბა რა გითხრა?"
- მითხარი რამე მნიშვნელოვანი!
"მნიშვნელოვანი!" - მითხრა დუმილით.
- დიდი მადლობა.
ხეთა ჩრდილებში
გავყევით ქუჩას, როგორც ჩრდილები.
"ეს ხეებია, ეს - ხალხი დადის,
ამ სახლში ჩაიკოვსკი ცხოვრობდა"...
- ვინ ჩაიკოვსკი?
"კომპოზიტორი"
- ჰო, ეგეც მახსოვს.
გავუხვიეთ ცხაკაიაზე.
"ამ სახლში ცხოვრობს თამაზ ჩხენკელი"
- თამაზიც ვიცი. მეც მაგ სახლში ვარ დაბადებული.
დავეშვით ქვემოთ, რუსთაველისკენ.
"ეს სიზმარია. აქ ცეკა იყო.
ამ შენობაში პარლამენტია".
- რის პარლამენტი?
"საქართველოსი...
ეს სიზმარია!" –
მითხრა მეორედ.
- ვიცი სიზმარიც. არ დამვიწყნია,
მეც მაგაში ვარ დაბადებული.“
 
თბილისი, როგორც სიზმარი... 90-იანი წლების თბილისი მართლა სიზმარივით იყო, ოღონდ ცუდი სიზმარივით, კოშმარივით... და კარგი პოეტებიც მისგან გამოყოლილ სახებებს აფიქსირებდნენ... ამ პატარა წერილში შეუძლებელი იქნებოდა იმ პოეზიის მეტ-ნაკლებად სრულად ჩვენება, რომელიც მაშინდელ დედაქალაქს ყველაზე შთამბეჭდავად აღწერდა. ამიტომ მე უბრალოდ ვცადე, ის ილუმინაცია მეგრძნობინებინა თქვენთვის, რაც თბილისზე დაწერილი იმ პერიოდის ლექსებიდან გამოსჭვიოდა. ბევრ ავტორს შორისაც ამიტომ არ გავიფანტე. მხოლოდ ოთხი შევარჩიე. თორემ იმ დროს ბევრი პოეტი იყო, თბილისზე რომ წერდა და ძალიან თავისებურადაც.
 
 
პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები