მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

წიგნები, წიგნები, წიგნები ჩქარა!

×
გვანცა ჯობავა
ავტორის გვერდი გვანცა ჯობავა 2020-03-27 10006

(მათთვის, ვინც მედგრად დახვდება კორონას რისხვა-მუქარას...)

ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს გავიღვიძებდით და თავს ჩვენი წარმოდგენებისგან ძალზედ დაშორებულ, ირეალურ სამყაროში ამოვყოფდით. სამყაროში, სადაც დიდი თუ პატარა მხოლოდ იმას მოგვიწოდებს, რომ ადამიანი მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის! ამიტომ უპრიანია, დავიცვათ დისტანცია, ან უკეთეს შემთხვევაში, არსად გადავეყაროთ

არცთუ იშვიათად ასეთ ფრაზასაც მოისმენთ: „ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება, მაგრამ სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო“. თუმცა, ალბათ, თუ უფრო ღრმად ჩავეძიებით, დარწმუნებით ვერავინ ახსნის, კონკრეტულად რა იმალება ამ ფრაზის მიღმა, რისთვის გვამზადებს იგი, კარგისთვის თუ ცუდისთვის? როგორი აღარ იქნება სამყარო? ისეთი კარგი, როგორიც იყო, თუ ისეთი ცუდი? ისეთი ჯანსაღი თუ ისეთი ჭუჭყიანი, როგორიც სულ იყო? ისეთი მდიდარი თუ ისეთი ღარიბი, როგორიც ყოველთვის იყო? ისეთი ეგოისტი, ისეთი დაუნდობელი, ისეთი სასტიკი, თუ პირიქით, ისეთი კეთილშობილი, ტოლერანტული, მეგობრული, მოსიყვარულე... მაინც როგორი აღარ იქნება სამყარო, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება?

დღეს შეკითხვების დასმის ჟამი დაგვიდგა, შეკითხვების - საკუთარ თავთან, სხვებთან, ჟამი უპასუხო შეკითხვებისა. დრო, როდესაც სამყარო, ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ, შემოგვიბრუნდა გადიდკაცებულ კაცობრიობას და გვითხრა, რომ არაფერია ჩვენს ხელში, მოგვიანებით კი კიდევ უფრო დააკონკრეტა და განგვიმარტა, რომ უფრო მეტიც,  ყველაფერი მის ხელშია.

და ამ მაქსიმალური იზოლაციის, დისტანცირების დროს, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება, როდესაც ყველაზე მთავარი, რასაც უნდა ვუფრთხოდეთ და გავურბოდეთ, ეს ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტია, ცხადია, მაშინვე ამოქმედდა ადამიანისთვის ასე ძლიერ დამახასიათებელი თვითგადარჩენის ინსტინქტი და ყველა თავისებურად მიუდგა საკითხს:

ხუმრობით - „იუმორი თუ გადაგვარჩენს“ - ბევრგან მოისმენდით მსგავს ფრაზასაც და არის კიდეც ალბათ მასში სიმართლის მარცვალი. თუ მაინც რამემ უნდა დაგვამარცხოს და ეს გარდაუვლია, ბარემ სახეს მაინც ნუ დავკარგავთ, ღიმილით შევხვდეთ, ღირსეულად. თუ სადღაც, გვირაბის ბოლოს მაინც უნდა გავიმარჯვოთ, ბარემ სახესაც ნუ დავკარგავთ, ღიმილით შევეგებოთ მოსალოდნელ გამარჯვებას.

პანიკით: და ისევ ყველგან მოისმენთ, რომ მთელ მსოფლიოში უსაშველო რიგებია ტუალეტის ქაღალდზე, მაკარონზე, შაქარზე, ფქვილზე და ეს ტოპ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები კორონავირუსის დროს (ნუთუ ჯერ ამ სათაურით ბლოგი ჯერ არ დაწერილა?!)  იდენტურია მთელ მსოფლიოში, უბრალოდ, მაგალითად, ჩვენ ყველგან მაკარონს დავეძებთ, ევროპელები კი იმას გეტყვიან, რომ პასტა, პასტა გაქრა სუპერმარკეტებში. 

უგულისყუროდ ან უშიშრად: და ისევ ბევრგან მოისმენთ და წაიკითხავთ, „90-იანებ გამოვლილ ხალხს, რისი გეშინიათ, მაინც ვერ გავიგე?!“ და შემდეგ, უშუალოდ ფეისბუქ სტატუსში თუ არა, სადმე კომენტარებში მაინც გადააწყდებით, როგორი თავდაჯერებით, უშურველად დავცინით ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი ოდენობით ტუალეტის ქაღალდი, შაქარი და სხვა პროდუქტი მოიმარაგეს - „რა ღორობაა, ცოტა სხვებსაც დაუტოვეთ! თუ ჩემი თანამოქალაქეები მშივრები დარჩებიან, მე რად მინდა ასეთი გადარჩენა?!“ და მრავალი სხვა. იმასაც ამბობენ, რომ უგულისყუროდ მიუდგა ამ საკითხს არაერთი დიდი სახელმწიფოს მთავრობაც, უამრავი მეილი მივიღე ჩემი მეგობრებისგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც მწერენ, „მძულს ჩემი მთავრობა, ყველაფერი ფეხზე დაიკიდეს! სანამ ვირუსმა არ იფეთქა, ხელი არ გაანძრიეს, და ყველაფერი ფულის გამო! ან (მეორე ვერსია) ყველაფერი მათი უუნარობის გამო, ამ ქევყანას ხომ მთავრობა არ ჰყავს...“ და მრავალი სხვა. ორი-სამი კვირის წინ ისეთ წერილებსაც ვიღებდი, სადაც, მაგალითად, ჩემი იტალიელი მეგობარი ჩიოდა, რომ სახლში იჯდა იძულებით და რომ თავისუფლება შეეზღუდა, თუმცა, ძალიან მალე, ალბათ მთელი სამყარო მივალთ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ჯანდაბას ყველაფერი, მთავარია დღეს გადავრჩეთ!

ფილოსოფიურად - და დაიწყეს ადამიანებმა იმ ურთულეს ამოცანასთან შეჭიდება, როგორმე ამოხსნან, მაინც რა სიგნალი მოგვცა სამყარომ კორონავირუსად წოდებული პანდემიის მოვლინებით, რომლის შედეგადაც, ალბათ ძალიან მალე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა საგულდაგულოდ ჩარაზავს სახმელეთო თუ საჰაერო საზღვრებს (რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ) და დროებით თავის ნაჭუჭში გააგრძელებს არსებობას. როგორ შეიძლება, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც ასე ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, ცხადია არა, ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი მოვლენაა, რომლის ამოხსნასაც არაჩვეულებრივი გონება სჭირდება.

და აი, ამ უნიკალური გამოცდილების ჟამს, როდესაც სამყარო, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, თავდაყირა დადგა, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უახლოვდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: წიგნები, წიგნები, წიგნები ჩქარა! ალბათ ის ფაქტი, რომ მთელი სამყაროს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, რომელმაც შესაძლოა დღევანდელობის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი, სწორედაც რომ წიგნებშია თავმოყრილი, ყველამ არ იცოდეს, მაგრამ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, სახლებში საკუთარი თავის ამარა დარჩენილმა ადამიანებმა, ხშირად სახლის დიზაინის ნაწილად ქცეულ წიგნების თაროებს მიაშურეს და წიგნების პრაქტიკული დანიშნულება გაიხსენეს. და უცებ, ყველგან შეგხვდებათ ინტერნეტში მიმობნეული ბლოგები ამ თემაზე: „კარანტინში წასაკითხი წიგნები“, „რა წავიკითხოთ თვითიზოლაციაში?“, “რომელი წიგნები აღწერს ეპიდემიებს?“, სულ უფრო ხშირად გვიკავშირდებიან ჟურნალისტებიც შეკითხვით: რის წაკითხვას ურჩევდით ადამიანებს კორონავირუსის დროს? და მაშინვე ყველას ახსენდება მარკესის მსოფლიო კლასიკა, „სიყვარული ჟამიანობის დროს“, კამიუს „შავი ჭირი“ და სრულიად დაუგეგმავად, სწორედ ეს წიგნები ხდება ყველაზე პოპულარული, ყველა ამ წიგნებზე იწყებს მსჯელობას. თუმცა, იქვე ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც სულაც არ უნდათ ჭირს კიდევ „შავი ჭირი“ დაუმატონ და ფეისბუქ სტატუსებით გვთხოვენ, ისეთი წიგნი ვურჩიოთ, რომელიც დიდტანიანიც იქნება და თავაუღებლად საკითხავიც, რომ დიდი ხნით შეძლონ მოწყდნენ შიზოიდურ გარე სამყაროს. და უცებ ყველას ერთხმად ახსენდება ნინო ხარატიშვილის 1200 გვერდიანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“. ის კი არა თომას მანის „ჯადოსნურ მთასაც“ კი ახსენებს არაერთი, წიგნს, რომელიც, როგორც ამბობენ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს აქვთ წაკითხული საქართველოში და რომელსაც ყოველთვის ყველა გაურბოდა. ზოგი, ცალსახად „ჰარი პოტერს“ უჭერს მხარს, წიგნს, ფილმს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, აქაურობას მოვწყდეთ და ფანტასტიკურ სამყაროში გადავეშვათ. ჰარი პოტერის „მომხრეების“ რიგებიდან ქართველი მწერლის, ტორესა მოსის სიტყვები დამამახსოვრდა ყველაზე მეტად, ასეთ რთულ დროს, ჰარი პოტერის კითხვას ვარჩევ, რადგან ის ფაქტი, რომ პატარა ჰარის ამხელა ბოროტების, ვოლდემორის დამარცხება შეუძლია, მაფიქრებინებს, რომ ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელიაო. მოკლედ, შეუძლებელია ფეისბუქი ჩვენებურად, გემრიელად „ჩამოვსქროლოთ“ და რამდენიმე სტატუსს მაინც არ წავაწყდეთ წიგნების თემაზე, რასაც ისიც დაემატა, რომ ელექტრონული წიგნების ქართულ პლატფორმებზე, ქართველი გამომცემლების მხარდაჭერით, უკლებლივ ყველა წიგნი დროებით, სანამ ამ ვირუსს დავამრცხებდეთ, ხელმისაწვდომია სრულიად უსასყიდლოდ. თუმცა, ორივე პლატფორმაზე, „საბაზე“ თუ „lit.ge”-ზე, როდესაც ეს აქცია ძალაში შევიდა, თურმე იმდენი მომხმარებელი შეესია, პირველ დღეს სისტემამ გაჭედაო - ამას ვინ იფიქრებდა?!

ალბათ ახლა იმასაც უკეთ გავიგებთ, რატომ კითხულობდნენ ჩვენი წინაპრები ასე თავგამოდებით გასულ საუკუნეში, როდესაც ჩვენი საზოგადოება თავისებურ ვირუსს ებრძოდა „დიდი საბჭოეთის“ სახით, გაცილებით უფრო მძიმეს, ვიდრე ეს ჩვენი კორონაა, იმიტომ რომ იმ ვირუსის მთვარი გამოხატულება იდეოლოგიური წნეხი იყო, მიმართული ადამიანების ტვინების სრული დემორალიზებისკენ. მაშინაც ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა მიაგნო გადარჩენის ჭეშმარიტ გზას, წიგნების კითხვით დაიცვა საკუთრი გონება „საბჭოური ვირუსის“ შემოტევისგან და შესაძლოა ფიზიკურად ვერ, მაგრამ მენტალურად ნამდვილად გადარჩა (ესეც ხომ საქმეა?! ზოგჯერ ძალიან დიდი საქმეც კი!). თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნების კითხვაც შედარებითია, რადგან როგორც ლევან ბერძენიშვილმა თავის წიგნში „ჰო და არა“ დაწერა, სტალინმა თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ „ოცი ათასი წიგნი კი წავიკითხე, მაგრამ გაუნათლებელი დავრჩიო“. ამიტომაც ერთია კითხვა და მეორე სწორად კითხვა, თუმცა ახლა ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს.

დასასრულ კი, დავძენდი, რომ სულ უფრო ხშირად ვფიქრობ ინტერნეტში გამოკეტილ საკუთრ თავებზე - დისტანციური მუშაობა, ელექტრონული გაკვეთილები - იმაზეც, რომ ხშირად მხვდება ადამიანების ნახევრად იუმორით ნათქვამი მოსაზრებები იმის შესახებ, რომ თუ ეს მოდელი ახლა გაამართლებს, სულ სახლიდან ხომ არ გვემუშავაო, და სულ უფრო მეტად არ მასვენებს იმის გააზრება, რომ უკიდურესად ტექნოლოგიზებულ სამყაროში, ადამიანებმა, რომლებმაც რა ხანია, ჩვენი ნებით, ძალიან დიდი დოზით გადავინაცვლეთ ვირტუალურ სამყაროში, ამ ბოლო დღეებში საერთოდ დავკარგეთ ფიზიკურად ერთად ყოფნის შესაძლებლობა და ინტერნეტის ერთ დიდ სახელმწიფოდ გადავიქეცით. თუმცა, მედალს ხომ ორი მხარე აქვს და ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, რომ არა ინტერნეტი, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად იქნებოდა.

...და მაინც, როგორი აღარ იქნება სამყარო, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება? ალბათ, დღეს, დიდი პანიკისა და მხოლოდ ცუდისა და უარესის მოლოდინში გაყინულ დროში, ვერავინ გაგვცემს სრულყოფილ პასუხს ამ შეკითხვაზე. ალბათ ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ უბრალოდ დაველოდოთ და ვინც ამ სასტიკი პანდემიის კლანჭებისგან თავის დახსნას მოვახერხებთ, ჩვენი საკუთარი თვალით ვნახოთ, თურმე როგორი სდომებია სამყაროს, რომ ყოფილიყო, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდებოდა.

თუმცა ერთი რამის განჭვრეტა ნამდვილად შემიძლია, თუ ეს ჩვენი აუცილებელი და გარდაუვალი იზოლაცია ძალიან გაიწელა, მე პირადად ადამიანები მომენატრება და როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ძალიან მენდომება, რომ იმ სხვანაირ სამყაროში, რომელიც აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე, ადამიანი იყოს სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რომ შევძლო, ბევრი - ნამდვილი და არა ვირტუალური - ადამიანის გვერდით გავაგრძელო სიცოცხლე.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები