საპატიმროდან ახალგამოსულ პოეტსა და მთარგმნელს, ზვიად რატიანს 12 დეკემბერს სადარბაზოსთან ოთხი პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ფეხი დაუდეს, წააქციეს, მერე ზედ გადაუარეს და გაიქცნენ. ზვიადი ამბობს, რომ თავდამსხმელებს ნიღბები არ ეკეთათ.
ზვიად რატიანი პოლიციამ 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ძალადობრივად დააკავა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელთა ბრბო ერთ ადამიანს. ზვიად რატიანის ცემა პოლიციელებმა მანქანაშიც გააგრძელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ზვიად რატიანს, რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 დეკემბერს შეუფარდა.
გახშირდა ამგვარი თავდასხმები საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ, ამოუცნობი პირები ქუჩაში ხვდებიან და სცემენ აქტივისტებს. ჯერ არც ერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული.
პენცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ზვიად რატიანზე და სხვა აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტები და დასაჯოს დამნაშავეები.