ბლოგები

ნუ შეუშინდებით სოციალური კაპიტალის შერყევას, დაგმეთ ძალადობა

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 2019-06-20 12926

ჯინი ამოშვებულია. მოძალადეები უკვე არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოების, არამედ ნებისმიერი მათთვის არასასურველი ადამიანის დატერორებაზე გადავიდნენ.

დღეს ჰომოფობიურმა დაჯგუფებამ მოქალაქეს სახლში ფერადი ფარდა ჩამოახსნევინა, რადგან ლგბტ დროშა ეგონა.

დღესვე მეტრო “რუსთაველში” ჰომოფობიური დაჯგუფების წევრებმა ახალგაზრდა მუსიკოსებს სცემეს, რადგან მათ საყურე ეკეთათ.

ხვალ ისინი აპირებენ, სექსუალური უმცირესობების შეკრება დაარბიონ.

მე, როგორც საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, ოფიციალურად ვუცხადებ მხარდაჭერას გამოხატვის, შეკრების და გადაადგილების თავისუფლების რეალიზებას ლგბტ თემისათვის და მოვუწოდებ მწერლებს, მუსიკოსებს, ცნობილ ადამიანებს: გამოხატეთ საჯარო მხარდაჭერა, ნუ შეუშინდებით სოციალური კაპიტალის შერყევას. ძალადობის დაგმობა და თანასწორობის პრინციპი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი სოციალური კაპიტალი. ეს არაა რომელიმე ჯგუფის მხარდაჭერა (თუმცა, მე პირადად ამ კონკრეტულ ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ), ეს არის ისეთი მაღალი იდეის მხარდაჭერა, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება. ამ იდეისთვის იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა (იხილეთ მისი პუბლიცისტური წერილები, იხილეთ ალუდას საქციელი, როცა ის უმრავლესობის დიქტატს არ დაემორჩილა) და ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფუნდამენტი შეუქმნა ქართულ სახელმწიფოს.

ჩვენ გვჭირდება სწორედ ასეთი ადამიანები. იაფფასიანი სადღეგრძელოებით და კომბლებით შეიარაღებული აგრესორები ამ ქვეყანას არ სჭირდება. ჩვენ ისედაც საკმარისზე მეტი აგრესია და ძალადობა გამოვიარეთ, გამოვიარეთ, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რომლის ტრავმებს დღემდე ვეჯახებით.

საქართველოს პენცენტრი არის მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზება თითოეული მოქალაქისთვის. გამოხატვის უფლება არის ის სიკეთე, რომლით სარგებლობის ექსკლუზივი არ აქვს რომელიმე ჯგუფს, ის საერთოა ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს არის მისი პრობლემა, და არა, ამ შემთხვევაში, სექსუალური უმცირესობების.

პაატა შამუგია

პენცენტრის პრეზიდენტი

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები