ბლოგები

მიმართვა ბატონ მინისტრს

×
datia
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-06-26 2258

დათია ბადალაშვილი

                                                 

ბატონო მინისტრო, თქვენ სულ რამდენიმე წლით იქნები ჩემზე უფროსი. ამიტომ ვკადნიერდები და გწერთ იმას, რასაც ვფიქრობ. თქვენ თვალებში ციცინს ხართ ჩვეული და ჩემი გულწრფელი წერილი ალბათ გაგაბრაზებთ, იტყვით, რომ მე თავხედი ვარ. თავხედი არა, დაღლილი ახალგაზრდა კაცი ვარ, რომელიც ჭაობში ცხოვრებამ და თქვენნაირების  ყურებამ დაღალა.

ჩემს გაჩუმებას  ტყუილად ნუ ცდილობთ, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე თქვენნაირების შემეშინდეს. ყურებზე ის ხახვი არ დამაჭრათ, არჩევნების წინ რომ არიგებთ ხოლმე.

1 ივნისს თქვენმა სამინისტრომ ბავშვებს მათი დღე მიულოცა. მზით გამთბარ გზაზე გოგონა და ბიჭი სეირნობენ. თქვენი ეს მილოცვა ბავშვებისადმი ისეთივე ყალბია და ფარისევლურია, როგორც როგორც საპატრიარქოსგან,  სიწმინდის ქადაგება.

 საქართველოში 230880 ბავშვი საარსებო მინიმუმს იღებს, საუბარია  ყველაზე მოწყვლად 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ეს 2023 წლის მონაცემებია. თქვენ, რა თქმა  უნდა, არ გეცოდინებათ და მე გეტყვით, საარსებო მინიმუმი შიმშილობას ნიშნავს, მას იქით უკვე სიკვდილია. მათი დიდი ნაწილი სკოლაშიც შიმშილობს. ჩვენი „წილხვედრი“ მსოფლიოში ქვეყნების იმ 10%-შია, სადაც ბავშვებს სკოლაში არ აჭმევენ. თქვენივე ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის მონაცემებით სკოლაში კვება მხოლოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებშია. ის ბუფეტი კი არა „ბუდკებია“, სადაც ბავშვების მათი ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებს ყიდულობენ.  ისიც სკოლების 30%-ში. სოფლის სკოლებში ბუფეტი 90 % არ აქვს. საკვებს ვინ ჩივის, ბევრი სოფლის სკოლაში წყალი წყვეტით მიედინება.

სასკოლო საათებში ყოველდღიურად მოსწავლეების მხოლოდ, 27% იკვებება. ეს საქსტატის მონაცემია. მშიერი ბავშვი საჭმელზე ფიქრობს და არა – სწავლაზე.  

ბატონო მინისტრო, „წილხვედრში“  ბავშვების 45%-ს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც აკლია. აქედან 29%-ს არ აქვს კომპიუტერი, 18%-ს – სახატავი მასალები, 16%-ს – წიგნები, 10%-ს – მუსიკალური ინსტრუმენტები. ამის წამკითხველს, ბატონო მინისტრო, ენა წაგდებული კიდევ როგორ გაქვთ?! თქვენ ღარიბი ბავშვების მინისტრი ხართ. ისე, შეგიძლიათ, ამ სტატისტიკას არ დაუჯეროთ, ის ხომ უცხოური გავლენის აგენტების მიერ არის შედგენილი.

ახლა არჩევნების წინ გამოაცხადეთ, რომ სასკოლო კვების დანერგვაზე მუშაობთ. ამით თქვენ მშიერი ბავშვების მშიერ მშობლებს უთხარით, ხმას თუ მოგვცემთ, თქვენს შვილებს ვაჭმევთო.

  არჩევნების წინ თქვენმა მთავრობამ ღარიბ სტუდენტებს დავალიანება გაუნულა. ეს ნამდვილად საშური საქმეა. მაგრამ მადლობა არ გეკუთვნით. თქვენ „ააშენეთ“ ისეთი ქვეყანა „სისხლიანი ცხრა წლის“ შემდეგ. სადაც  მშობლები შვილებს სწავლის ფულს ვერ უხდიან. ზრუნვა მაშინ გამოჩნდებოდა, როცა დაინახავდით, როგორ იდგნენ გაზაფხულის წვიმასა და სიცივეში ეს ახალგაზრდები.

სამწუხაროდ. მინდა იმედი გაგიცრუოთ. ისინი არ იყიდებიან. ჩემი მწირი მასწავლებლური გამოცდილებით მივხვდი, რომ ამ ბავშვებს თუ რამე არ უნდათ, ვერც მუქარით გააკეთებინებ და ვერც დაყვავებით. ისინი თავისუფლები არიან და არა გაუბედაობით დაღდასმულები.

ასე ყინჩად რომ ხართ, რას სთავაზობს თქვენი უნივერსიტეტები და სახელმწიფო სტუდენტებს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ?! რომელიმე ბენზინგასამართ სადგურზე, დაცვის სამსახურში და თქვენს მიერ „დაკრიშულ“ სავაჭრო ქსელში მონურად მუშაობას?! კიდევ თქვენ გაქვთ დიდი გული?!

განათლებული კაცი ჩანხართ, აბა, მაგ ადგილად ვინ დაგნიშნავდათ, ანდაზა გეცოდინებათ: „ისეთი ფურმა დამწიხლოს, რომელიც სათლს რძით  გამივსებსო“. გავსებას ვინ ჩივის,  სულით  ხართ გაბერწებულები.

ის ბავშვები ღამე მუშაობენ, რომ იკვებონ და რა კვება იმას ჰქვია?! მუშაობენ, იმიტომ, რომ ბინის და სწავლის ქირა იხადონ. მშივრები და უძილოები ლექციებზე სხედან. ეს არ აკმარეთ და  „ტიტუშკები“ მიუქსიეთ, ქარ-წვიმაში სცემდით.

ასეთი რა ცომით მოიზილეთ, რომ მათ ცრემლიანი თვალები  ვერ დაინახეთ?! ვისურვებდი, რომ იმ ახალგაზრდებიდან რომელიმე მაინც თქვენი, მთავრობის ექიმი, მესაფლავე და ანდა კატაფალკის მძღოლი იყოს.  მტერს არ ვუსურვებ თქვენ ადგილას ყოფნას.

ახლა ის უნივერსიტეტების საერთო ბრტყელი და ადამიანურობისგან დაცლილი განცხადება?! ზიზღით გულიც ამერია. 

ახალგაზრდა კაცი ხართ, არ შეგრცხვათ, იმ სიცხეში თავისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლების ასაკის ხალხი, ცხვრებივით რომ გაირეკეს?!  მანამდე სიები რომ შეადგინეთ, შემდეგ ეს ქელეხის სიასავით ჩაწერილი ხალხი სამარშრუტო ტაქსებში რომ შეყარეთ. შემდეგ გადათვალეთ თადარიგიანი მენახირესავით, ვინმე სათვალავში ხომ არ გაკლდათ. ამ ფარსავით გარეკილ ხალხს წინ მიუძღოდათ ხელმწიფის მაძღარ-ნებიერი შვილი და ხელმწიფე ტრიბუნიდან დასცქეროდა. თქვენც იმ ტრიბუნაზე ხომ არ იდექით?! თავადი ამილახვარი ხართ და შეგეფერებოდათ!

ის თუ იცით, ბოლოს მშივრებს და დასიცხულებს  საჭმლის ფულად 20-20 ლარი რომ დაურიგეს? ბოდიშს გიხდით, ზოგან − 50.

ყველაზე ცუდი ისაა, პირად საუბრებში ამბობენ − რა ქნან?! ყველა მთავრობა ასე ექცეოდათ და მის ნებას დაჰყვებიან, შეეგუვნენ და გული გაუტყდათ. გაბეჩავებული მასწავლებელი ბავშვს ბეჩავობას ასწავლის, იმას ასწავლის, რომ არაფერი შეიცვლება და არა უფლებებისთვის ბრძოლას.

ალბათ თქვენამდე ამ ამბავმა არ მოაღწია. ერთი პირში მთქმელი როგორ არავინ გყავთ, რომელიც გეტყვით, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. თქვენ, ალბათ, არც ბაღის მასწავლებლების ჩატის შესახებ გსმენიათ რამე. აბა, რა გსმენიათ?! სამ წელში ერთხელ რეფორმებს ატარებთ, სამ წელში აუქმებთ. ვერ ვხვდებით, რომ ასე ბავშვებს ვკარგავთ. ეჭვი მაქვს, ჩვენი სასწავლო გეგმა რომელიმე წარმატებული ქვეყნიდან გადამოთარგმნეთ და მორგებას ვინ ჩივის, ცდილობთ რომ განუხრელად გაატაროთ. კომპლექსურებითა და მატრიცებით თვალები ჩააწყალებინეთ მასწავლებლებს და წელს გააუქმეთ. თქვენც ალბათ ისიც არ გსმენიათ, როგორ  შეუწყო თქვენმა სამინისტრომ ხელი იატაკქვეშა განათლებას. ბატონო მინისტრო, იყვნენ ადამიანები, რომლებიც სოლიდური თანხის სანაცვლოდ ამ კომპლექსურებს წერდნენ, ისევე, როგორც მასწავლებლის პორტფოლიოს. ერთი რომელიმე მასწავლებლის კომპლექსურმა დავალებამ თითქმის ასი სკოლა მოიარა. რა ჰქვია ამას?! მასწავლებლები ისე დაიტვირთნენ ქაღალდომანიით, რომ გაკვეთილის დაგეგმვაზე ფიქრის დრო აღარ რჩებათ. 

გირჩევდით, მრჩევლები აგეყვანათ, პირუთვნელები, რომლებსაც „ქოცობის“  და ლიქნის გამოცდილება კი არა, მასწავლებლობის გამოცდილება ექნებათ.  რომლებიც გირჩევდნენ, რომ ერთი თარგით არ უნდა მიუდგეთ მცირე კონტინგენტიან მაღალმთიან სკოლას და რომელიმე სხვა სკოლას, დიდ ქალაქში. თქვენც დაუჯერეთ, თქვენზე ჭკვიანებიც უჯერებენ კეთილ რჩევებს, თუ მართლა ნერონი არ ხართ.

თქვენ მიპასუხებთ, რომ სასკოლო მდგომარეობის შესახებ გამოკითხვებს ატარებთ, სადაც ანონიმურობა დაცულია. გულწრფელ პასუხს კი მაინც ვერ იღებთ, იმიტომ, რომ მასწავლებლებს უარყოფითი პასუხის დაფიქსირების ეშინიათ. მათ იციან, სასკოლო სისტემაში მასწავლებლის დანიშვნა-განთავისუფლებაში გადაწყვეტილებას სუსი იღებს. რომ სკოლა დამლაგებელს ვერ დაიმატებს, თუ სუსმა მისი პოლიტიკური საიმედოობა არ შეამოწმა.

არჩევნების წინ მასწავლებლის ხელფასს რამდენიმე ასეული ლარი დაუმატეთ. შეგახსენებთ, რომ ამ ფასებში თქვენი ლარი „გათეთრდა“ , ორი ჯიბიდან ამოცლილს ერთ ჯიბეში გვიდებთ. არ  მინდა, როცა წახვალთ, თქვენზე თქვან, რომ უფერული მინისტრი იყავით და კარგი მარტო ხელფასის მომატება გააკეთეთ. თუ გინდათ, ამ ქვეყანას რამე ეშველოს, მასწავლებლებს ღირსება დაუბრუნეთ. ნუ აიძულებთ, მორჩილი იარაღები იყვნენ, ყველა ხელისუფლის ხელში.

 დაახლოებით ერთი თვის წინ,  აჭარელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მასწავლებელი რომელიც პოლიტიკაში ჩაერთვება და ბავშვებთან პოლიტიკაზე ისაუბრებს, დაისჯება. სამწუხაროდ იმ „ჩინოვნიკის“ სახელი არ მახსოვს, ვერ დავიმახსოვრებ, რადგან ყველა ერთმანეთს ჰგავხართ. რაც შეეხება ჩარევას, ბატონო მინისტრო, მე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ და ვასწავლი განსხვავებას სამართლებრივ და ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის. და ვალდებული ვარ, რომ მოსაზრებები ფაქტებით გავაჯერო. ჩვენ არაფერი გვაქვს სამართლებრივი სახელმწიფოსი და რისიც გვაქვს,  ყველა ვხედავთ.

და რაც შეეხება პოლიტიკაში ჩარევას, არც ვაპირებდი. მინდოდა მესწავლებინა, მეწერა და მიწა დამემუშავებინა. მაგრამ გაჩუმება ვერ შევძელი. აგენტად რომ გამომაცხადეთ, იმას არ ვჩივი, ბავშვებს  ემუქრებოდნენ და სცემდნენ და ვერ გაჩუმდი.  რაც შეეხება აგენტობას „ქართული კოშმარი“ რას დამიძახებს, არ მადარდებს.

როცა ამას ვწერდი, გამახსენდა, როგორ სცემეს მამა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ. გამახსენდა მისი პატარა შვილის ცრემლიანი თვალები, გამახსენდა, როგორ უთხრა ნაცემ მამამისს „ნუ გეშინიაო“. ის ბავშვი, ალბათ, რომელიმე სკოლის მოსწავლეა და თუ უყურეთ, არ შეგრცხვათ, ან ბავშვი არ შეგეცოდათ?! ეს შემთხვევა ხომ მთელი ცხოვრება ემახსოვრება, თუ წამლების სმასა და ექიმებს გადაურჩა. თქვენ ხომ მისი განათლებისა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად გიხდით ხელფასს ჩვენი ჯიბიდან და რა ასწავლეთ იმ ბავშვს?!  როგორც უცემთ მამას, იმის გამო, რომ მის მომავალს იცავს, თქვენგან განსხვავებით.

ისე, არც უნდა იდარდოთ. ჩვენი ბავშვები ხომ „წილხვედრში“ ცხოვრობენ, ღვთისმშობელი დაიცავს, ღვთისმშობელი დააპურებს და შემოსავს.

თქვენც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას შეადგენთ. ჰოდა, ჩაწერეთ იქ რომ წილხვედრიდან ვართ და გაბერეთ ბავშვები ზღაპრებით ღვთის რჩეული ხალხის შესახებ – ხელი სულ  რომ არ გაანძრიონ, ზეციდან დაეხმარებიან.

ბოლოს, გავკადნიერდები  და გირჩევთ  თქვენი დიდი წინაპარივით ხელმწიფის გადასარჩენად, ხელმწიფის საწოლში ნუ წვებით. ის არაა თემურ-ლენგთან მებრძოლი მეფე, ის ქორვაჭარია მეცენატის სახელით, რომელიც დარწმუნებულია რომ ყველას იყიდის, თქვენ კი ბევრ ცუდს გაგაკეთებინებთ და მოგისვრით. თქვენ  დიდი გვარის, თანამდებობებს ნაჩვევი კაცი ხართ და გეტკინებათ.

და ბოლოს გკითხავთ: “მასონების გჯერათ“?!  თუ გჯერათ,  მე დიდი თონეთის გლობალური ომის პარტიის თავმჯდომარე და მასონთა ლოჟის მაგისტრი ვარ. 

P.S. ვაცნობიერებ იმას, თუ რა ქვეყანაში ვცხოვრობ და იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა კაცს „ადამიანობა“ გეყოფათ და ჩემს დირექტორს არ შეეხებით. ის კარგი დირექტორი და კარგი მასწავლებელია. საერთოდ არაფერი იცის ამ წერილის შესახებ. და იმედს ვიტოვებ როგორც გჩვევიათ, „ წილხვედრში“ გულს არ გაუხეთქავთ.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.

პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები