ბლოგები

ჩვენი ტფილისი

×
ავტორის გვერდი მოწყვლადი 2019-12-10 16881

თბილისის ისტორია მის დაარსებამდე იწყება და სათავეს ბიბლიური შრეებიდან იღებს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, ქართლოსიანები, ფარნავაზიანები და გორგასლიანები დაფარულად ფლობდნენ ნებროთის წიგნს და იწოდებოდნენ კიდეც ნებროთიანებად. სწორედ ამ წიგნთან შეაჯერა მირიან მეფემ მცხეთის მღვდელმთავრის, აბიათარის, ძველი წიგნები და მათი შინაარსის ერთმანეთთან დამთხვევა გახდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი.

ნებროთი, როგორც ცნობილია, ქამის შტოს წარმოადგენს, ის ზუსტად იმ დროს ცხოვრობდა, როცა იაფეტიდი ქართლოსიანები. წარღვნის შემდეგ ნებროთი პირველ გმირად და მეფედ მოიხსენიება. მისი ძალის გამო შევიწროებულმა ქართლოსიანებმა უფროსი ძმის, ჰაოსის, რჩევით გადაწყვიტეს ნებროთის უღლისაგან გათავისუფლება და შეებრძოლნენ კიდევაც, მაგრამ ჰაოსის ისრით დაჭრილი ნებროთი გადარჩა. საბოლოოდ კი ის ესავმა მოკლა და წაართვა ადამის მოსასხამი სწორედ იმ დღეებში, რა დროსაც იაკობმა იყიდა პირმშოება ესავისაგან. მოსასხამის კვალი დროთა განმავლობაში იკარგება, მაგრამ ნებროთის ნაქონი სხვა რელიქვიებიდან მისი წიგნი უდავოდ საინტერესოა, რამდენადაც დინასტიური დანათესავების ფონზე შთამომავლობით გადმოეცემოდათ და დაფარულად ეპყრათ ქართლოსიანებს, მათ შორის  თბილისის დამაარსებელ ვახტანგ გორგასალს.

ვახტანგი თავად ედრება ნებროთს და თავსაც ნებროთიანად მიიჩნევს. ამავდროულად მთელი შეგნებით იბრძვის ქრისტიანობის განსამტკიცებლად. არსებობს გადმოცემა, რომ ბაბილონის გოდოლზე ასული ნებროთი მიქაელ მთავარანგელოზმა გამოცხადებით მიწაზე დააბრუნა და უთხრა, რომ ვერ იხილავდა მას ვისი ხილვაც ეწადა, ვიდრე არ გამოჩნდებოდა ცათა მომდრეკი და მის წყლულებს განკურნავდა. საუბარია იესო ქრისტეზე და, ბუნებრივია, ქრისტიანობის გავრცელების ხელშეწყობით ნებროთიანები ცდილობდნენ ძველი აღთქმისეული წყევლა მოეხსნათ თავიანთი წინაპრისთვის.  

გოდოლზე ასვლისას ნებროთი გრძნობდა, რომ სიმხურვალე იმატებდა, ამიტომ სიმხურვალე ცეცხლად ჩათვალა, ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფ სუბსტანციად მიიჩნია და აბრაამიც კი შეაწუხა, რომ ცეცხლისთვის თაყვანი ეცა. ამ საკითხზე ცნობილია მათი დიალოგი, სადაც გოდოლის აშენების მოწინააღმდეგე აბრაამი ცეცხლის თაყვანისცემაზე უარს ამბობს, თუმცა ეს ვერ შეუშლიდა ხელს ცეცხლთაყვანისმცემლობის ძლიერებისა და მეფობისადმი ლტოლვას მაშინდელ სამყაროშიც. აკი თბილისის დაარსებაც ცეცლთაყვანისმცემლებთან და მონოფიზიტებთან ბრძოლას უკავშირდება, ეს ბრძოლები, ფიზიკურის გარდა, ერთმანეთის წიგნების განადგურებითაც არის ცნობილი და ნიშანდობლივია ისიც, რომ თბილისის დაარსებასთან ერთად, პირველი ქართული ლიტერატურული ძეგლი თემატურადაც ამ პერიოდს მიეკუთვნება.

ახალი დედაქალაქის საფუძველი, ერთ-ერთი ვერსიით, ხოხობზე ნადირობის ლეგენდარულ შემთხვევას უკავშირდება. თუ ამ შემთხვევას ტოპოგრაფიული სივრცის თვალსაზრისითაც წავიკითხავთ და ზედ ამბავსაც დეტალივით მოვარგებთ, მათი თანხვედრა, გარემოსა და ადგილის გათვალისწინებით, უფრო საინტერესო აღმოჩნდება.

ლეგენდის შინაარსი იმდენად მარტივია, ცოტა შეიძლება ვიხუმროთ კიდეც, უპილოტო ფრინველის მმართველი მეფე ნადირობს და ტერიტორიის დისტანციური ზონდირებისას ამჩნევს თავისუფლად გაშვებულ უპილოტო ფრინველს-პირობითად დრონ-ხოხობს. შესაბამისად რეაგირებს, თუმცა ორივე აპარატი, კლასიფიკაციით წმინდა და არაწმინდა მტაცებელი ფრინველი, ცხელ წყალში ცვივა და იფუფქება. მაგრამ რატომ უნდა გამხდარიყო ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შემთხვევა დედაქალაქის მცხეთიდან თბილისში გადმოტანის საფუძველი?

ქრისტიანი მეფის წინაშე იმ მომენტში რამდენიმე მოცემულობა იკითხება, რასაც მთელი სიცხადით აცნობიერებს. ვახტანგი  მიწაზე დგას და საჰაერო ძალების შეჯახების შედეგად გამოწვეულ მარცხს ხედავს. მიწისა და ჰაერის სტიქიების გარდა ბუნებრივად ჩანს ორი სტიქიაც, ცეცხლი და წყალი. მეფე ხედავს, რომ წყალთან შეჭიდებული ცეცხლი აალებად თვისებას კარგავს, მწვავე კვამლის ნაცვლად კი უწყინარ ორთქლს აფრქვევს. ამდენად ადგილი, როგორც სარწმუნო მნიშვნელობის წყარო და ცეცხლოვანი არგუმენტი, ბუნებრივად ითავსებს დიპლომატიურ მომენტსაც ცეცხლთაყვანისმცემელი და მონოფიზიტი ნათესავების დასაოკებლად. ამასთან, მეფე ძველი დედაქალაქიდან უფრო წინ, სამხრეთ აღმოსავლეთისკენ  იმყოფება, სადაც ლეღვთახევში ჩამომავალი წავკისისწყალი მარჯვენა მხრიდან შეერთვის მდინარე მტკვარს.  ამ პოზიციიდან კი ძველი დედაქალაქის დაცვა უფრო საიმედოა.

მომავალი დედაქალაქისთვის სახელი ტფილიც განმსაზღვრელია. სამხრეთული ცხელი ტემპერამენტის მიუხედავად, კავკასიის ეს მარგალიტი ცხელი კი არ არის, არამედ ტფილია და რაღაცნაირად ამ მხრივაც აბალანსებს და აზავებს სამხრეთულ სიმხურვალეს ჩრდილოურ სიგრილესთან.

ამ ორ სტიქიას, გნებავთ ხილთას ან ტემპერამენტს, რელიგიური, სამედიცინო და კულტუროლოგიური თვალსაზრისით უამრავი პარადიგმა, სიმბოლო და ნიშანი შეესაბამება, ანტიკური ხანის ბარელიეფებიდან დაწყებული, თანამედროვე კვანტური ელექტროდინამიკისა და ქრონოდინამიკის ჩათვლით. წყლისა და ცეცხლის სტიქიის ძირითადი და ყველაზე ცნობილი აღმნიშვნელები კი ხარი და ლომია, მათ შორის ჭიდილიც მუდმივი და რთულად პროგნოზირებადია, რაც დაახლოვებით  სმენით და მხედველობით აქტებს შორის გამუდმებულ ჭიდილს ჰგავს, თუმცა ქართული ენა აქაც უნიკალურ გამოსავალს გვთავაზობს სიტყვა ყურების სახით, რომელშიც მხედველობითი და სმენითი ფუნქციები შეთავსებით ურთიერთმყოფობენ. ყურის ფუნქცია შესმენაა და არა ხედვა, მაგრამ ყურება ხედვასაც ნიშნავს. მხედველობის ორგანო კი თვალია, შესაბამისად თვალსაც შეუძლია უყუროს.

აი, ასეთია ჩვენი ტფილისი, ანთროპოლოგიური თვალსაზრისითაც უნიკალური, რადგან ცხელ მიწაში გამოვლილი ცივი წყალი გზად გოგირდსაც ამოიყოლებს, როგორც ადამიანის ორგანიზმიდან ყური გამოჰყოფს ამ ნივთიერებას. ჩვენი ტფილისი ცოცხალი ორგანიზმია არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით. ის დიდი წარსულის გარდა, დიდი მომავლის მქონე დედაქალაქია და საინფორმაციო ეპოქით აჭრელებულ აუდიო-ვიზუალურ მოცემულობებშიც თავისი სიტყვა ეთქმის.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები