ბლოგები

კიდევ ერთხელ სიძულვილის ენის შესახებ

×
Keti Kantaria
ავტორის გვერდი ქეთი ქანთარია 2018-08-14 12665
გრაფ ოლდენბურგს, რომელსაც კურორტი გაგრა აქვს დაარსებული, ძალიან უყვარდა ცხენები. ერთ მის ცნობილ თანამედროვეს აღწერილი აქვს სცენა, რომელსაც თავად შეესწრო: ოლდენბურგი თავის მეჯინიბეს ელაპარაკება. რაკი ცხენები უყვარს, ყველაფერი აინტერესებს მათზე: ყურადღებით უსმენს მეჯინიბეს, თან წამდაუწუმ წითლდება. ეს მონაკვეთი ძალიან დამახსომდა ოდესღაც წაკითხული წიგნიდან და გუნებაში ხშირად მივბრუნებივარ ამ ეპიზოდს, უფრო იმ საინტერესო განცდას, რაც ამ დამორცხვების მიზეზი უნდა ყოფილიყო.  ჩემთვის საინტერესო იყო,  რატომ წითლდებოდა ეს გრაფი მეჯინიბესთან საუბრისას. რა თქმა უნდა, არანაირი მიზეზი არ არსებობდა, თავი  მასზე უღირს ან უარეს ადამიანად ეგრძნო. ამაზე პასუხი მაშინვე მჭირდებოდა და ამაზე უკეთესი პასუხი დღემდე ვერ მოვიფიქრე: ჩემი აზრით, მას იმ დიდი განსხვავების რცხვენოდა, რომელიც მათ შორის იყო - რომელსაც, რასაკვირველია, ყველაზე უკეთ თვითონ გრძნობდა. უხერხულობას გრძნობდა იმ დაუძლეველი კონსტრუქტის გამო, მათ შორის რომ იყო აღმართული. ყველაფერი იგულისხმებოდა ამაში:  განსხვავებული ქცევა, აღზრდა, მეტყველება. უთანასწორობა, ერთი სიტყვით - გადაულახავი რაღაც ადამიანთან, რომელსაც ღირსება დაბადებიდან დაჰყვა და სიკვდილამდე ეკუთვნოდა - ზუსტად ისევე, როგორც მას. და ჩემი აზრით, როგორც პატიოსან ადამიანს, სწორედ იმის რცხვენოდა, რაც მას სიცოცხლის განმავლობაში თავისთავად ერგო და ემატებოდა, და აკლდებოდა მეჯინიბეს - რომელიც, ამ სცენიდანაც ჩანს, როგორც ადამიანი, მას ძალიან მოსწონს, საინტერესო ეჩვენება, ან, შეიძლება, პატივისცემას უკვე იმით იმსახურებს, რომ ადამიანია. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ იგი ადამიანისადმი უპირობო პატივისცემით იყო აღზრდილი. 
 
სიძულვილის ენა, როგორც ცნება, მეოცე საუკუნის მიწურულის პროდუქტია. Hate speech, ეს სიტყვათშეთანხმება,  პირველად ამერიკელმა მეცნიერმა იურისტმა, მარი მაცუდამ (Mari Matsuda) გამოიყენა, სტატიაში ,,საზოგადოებრივი რეაქცია რასისტულ მეტყველებაზე“ (1989), და ტერმინადაც მისი თეორეტიკოსი კოლეგების მიერ ხშირმა გამეორებამ აქცია [U1] . მარი მაცუდა სამოციოდე წლის აზიური წარმოშობის ამერიკელი ქალია და ადვილი წარმოსადგენია, რომ 80-იანი წლების ამერიკაში გარკვეული ჯგუფების, მათ შორის, სხვა რასის ადამიანებისადმი დაუფიქრებლად ნასროლ გამონათქვამებზე, - ეს კი ყველაზე ხშირად და მწვავედ სასამართლოს დარბაზებში ხდებოდა - გამორჩეული მგრძნობიარობა ექნებოდა. პოლიტკორექტულობა, როგორც მოვლენა, ხომ დაახლოებით ამ პერიოდში ისახება ამერიკაში. ორივე ტერმინი თავიდანვე ასცირდებოდა ლიბერალ პროგრესისტებთან, ლიბერალურ განათლებასთან. ორივე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა ამერიკელ მემარცხენე ლიბერალებსა და კონსერვატიულ ძალებს შორის კულტურულ ომში.
 
რასაკვირველია, ვერანაირი კანონი ან სისტემა ვერ აგვიკრძალავს, გვძულდეს  - მარტივად, ვერ ჩაერევა და ვერ განკურნავს ჩვენს ემოციურ არმდგრადობას, - სურვილს, უცხოს, დაუცველის ( ადამიანის, ჯგუფების) ხარჯზე დავიმკვიდროთ თავი. თუმცა, კანონი  ბევრ ქვეყანაში კრძალავს სიძულვილით, ათვალწუნებით, აბუჩად აგდებით ადამიანისათვის უხერხულობისა ან პრობლემების შექმნას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კანონი ვერ აღზრდის ადამიანში ღირსების გრძნობას, რომლის ნაკლებობაც, თითქმის ყოველთვის, სხვა ადამიანის ღირსების შელახვის წყარო ხდება - ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს: რაც ნაკლებად ფასობს ადამიანისათვის ღირსება, როგორც ფასეულობა, მით მეტად გვევლინება ასეთი ადამიანი სხვის დამთრგუნველად.
 
აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება გაცილებით ორაზროვანია იმის განსაზღვრისას, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის.  ეს ზღვარი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წოლ სივრცეს უტოვებს ორივე მოვლენას, ერთნაირად არც სიძულვილის ენა  ინტერპრეტირდება.
 
 ამ ნაირგვარობაზე განვცრობილ საუბარს მოვერიდები, მაგრამ სიძულვილის ენის ის ასპექტი კი მნიშვნელოვანი მეჩვენება, რომელიც იმ ადამიანის შინაგან მდგომარეობას უკავშირდება, სიძულვილის ,,სუბიექტიც“ რომ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ალბათ არავის გვჯერა, რომ სიძულვილის წყარო კომფორტულად და ჰარმონიულად ცხოვრებს ამ სამყაროში.
 
ენა - მხოლოდ გამოხატულებაა ამ მდგომარეობისა; უფრო - ხერხია სწორედ იმის საქმნელად, რასაც ხან ეთიკური ნორმები, ხანაც კანონი ,,არ გვირჩევს“.
 
ჩვენ ეკლექტიკურ და პარადოქსულ დროშ ცხოვრობთ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ა) ადამიანმა ბევრი რამე ისწავლა; ბ) ადამიანმა ბევრი ვერაფერი ისწავლა. ჩვენი სამყარო არის ის, რაც ევროპული ცივილიზაციის ნანგრევებიდან წარმოდგა, როგორც მისი თვითრეგენერაციის, მისი მარცხის, კატასტროფის გააზრების შედეგი.  სიძულვილის აულაგმავი მარში დღეს ვითომ მხოლოდ მუზეუმებსა და წიგნებშია ,,დაფიქსირებული“, მაგრამ პარალელურად არსებობს სამყარო, რომელიც რატომღაც მაინც მიიწევს თვითგანადგურებისკენ.
 
ევროკავშირმა ექვსიოდე წლის წინ წამოიწყო კამპანია სიძულვილის ენის წინააღმდეგ   - აქ არის მისი საიტიც https://www.coe.int/en/web/no-hate-campaign -  ზედაპირული დათვალიერებით, რთულია თქმა, რამდენია ამ წამოწყებაში ნიჭიერება, აღწევს თუ არა კამპანიები მათ რეალურ ადრესატებამდე. ჩემი აზრით, უფრო მკაფიოდ ის ჩანს, რომ ასეთი კამპანიები ხანდახან ჩვენი სამყაროს უძლურებას უფრო ნიღბავს, თან ნიღბავს ცუდად - უძლურებას ან მარცხს ერთი უბრალო სიმართლის დამკვიდრებაში: თითოეული ადამიანი დაბადებულია ღირსების გრძნობით; ადამიანმა სიცოცხლე ღირსების წაურთმევლად უნდა განვლოს და მის დაუკარგავად მოკვდეს. სახელმწიფოების, მთელი ცივილიზაციის არსებობას ამის გარდა სხვა დანიშნულება თითქოს არ აქვს.
 
  როგორც საქართველოს მოქალაქეს, ყველანაირი საფუძველი მაქვს, დავფიქრდე, საიდან უნდა დაიწყოს სამუშაო ამ სიმართლის დასამკვიდრებლად - ვითომ იმ სოციალური სივცრეებიდან, სადაც, მაგალითად, ზემოთ მოტანილი საიტის მასალას ისე წაიკითავენ, რასაც წაკითხვა ჰქვია, თუ,  პირდაპირ ვთქვათ,  ,,ასავალ-დასავალის“ ( რაღაცის, რასაც  სიძულვილის, ცილისწამების გავრცელება, სექსისტური, ჰომოფობიური სტერეოტიპების დამკვირდება თითქოს თავისი არსებობის ერთადერთ მიზნად გაუხდია).  რეგულარული მყიდველისგან. დასაფიქრებელია აგრეთვე, სახსრების დახარჯვა ამნაირ კამპანიებზე უფრო ღირს, თუ, იქნებ, სულ სხვა ტიპის საზოგადოებრივ დისკუსიებზე და კარგ განათლებაზე. სიტყვა ,,კარგს“ გააზრებულად ვიყენებ. სხვანაირი სახელდება მისთვის არცაა საჭირო, თუკი მის ,,ცენტრში“ თავისუფალი ადამიანის ღირსება იქნება.
 
 უკვე ბევრისთვის არის ცხადი, რომ სამყარო მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის პოლარიზებული - ანუ, ,,მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები უფრო ღარიბდებიან“ მოდელს ცნობიერების ხარისხის თვალსაზრისითაც აქვს ანალოგი და აქ მატერიალურ მხარეს სულაც არ ვგულისხმობ: სანამ ლიბერალური ჯგუფები მეტად და მეტად იწაფებიან პიროვნების თავისუფლებასა და დაცულობაში, მათი გავლენა კონსერვატიულ ან რადიკალურ ჯგუფებზე თითქმის არ იზრდება. პირიქით, მსოფლიოში სულ სხვა სურათია. შეერთებული შტატების შემთხვევის ხსენებას უკვე ზედმეტად ვთვლი. შარშან საქართველოში პირველად მოგვიკლეს ადამიანი სხვადსასხვა ვერსიით ა) ებრაელობის; ბ) რუსულ ენაზე მეტყველების გამო.
 
    პირობითად მეორე ნაწილში სიძულვილი დუღს და ადამიანები მასში იხარშებიან. და ეს დუღილი ისეთი რამეა, რასაც ვერანაირ ინტერპრეტაციებიანი კანონი გვერდს ვერ აუვლის და რაც ,,ჩახდის“ ყველანაირ მითს ამა თუ იმ ხალხის ტრადიციულ ,,შემწყნარებლობაზე“, სრულიად კომიკურს და აბსურდულს ხდის ყველა მსგავს მტკიცებას.
 
გონიერი ადამიანისთვის ბუნებრივად მეჩვენება, არ დასჯერდეს მხოლოდ ფაქტების კონსტატირებას, პრინციპში, არც ამ საერთო სურათზე წერას და მითითებას დასჯერდეს.  ყველანი ვიმსახურებთ, სიცოცხლის ბოლოს უკეთეს სამყაროში ვცხოვრობდეთ, ვიდრე მის დასაწყისში იყო.
 
მე თვითონ ვამჯობინებდი, კონსერვატიულ ( ზოგჯერ სტერილურად კონსერვატიულ) ჯგუფებსა თუ საზოგადოებებში სხვა ტრაექტორიით და ხერხებით შეეღწია წარმოდგენას, რომ სამყაროს ცენტრი ადამიანია.  ასეთ ადამიანებთან საუბარს ღირსების უზენაესობით დავიწყებდი. ყველა ტრადიციულ საზოგადოებაში ვერა, მაგრამ ბევრ, მათ შორის, კავკასიურ საზოგადოებებში მგონი ეს ერთადერთი ღირსებულებაა, რომლითაც მათ კარზეც შეიძლება მიკაკუნება და ამის საილუსტრაციოდ ერთი კონკრეტული, საკუთარი დაკვირვება, უფრო კი - ამბავი მაქვს, თან იქნებ ცოტა ეს ნაწერიც გამოვაცოცხლოთ ცოცხალი ისტორიით.
 
2008 წლის აგვისტო იყო, სწორედ იმ დღეების მომდევნო პერიოდი, ახლა რომ დგება. ბევრმა ჩვენგანმა პირველად მაშინ აღმოაჩინა, რომ ინტერნეტს კიდევ ერთი ფუნქცია ჰქონია - სამყაროს სხვადსხვა ნაწილებში მყოფი ადამიანების გაერთიანება ერთ სადისკუსიო სივრცეში: ჩვენ ხომ ყველას გვაინტერესებდა, რას წერდნენ ჩვენს ომზე სხვადასხვა ადგილებში, რას ფიქრობდნენ ადამიანები. მეც იგივე დამემართა, და ბევრ სხვა საშუალებასთან ერთად, რაღაც კავკასიური ფორუმი აღმოვაჩინე, რომელსაც თავიდან მხოლოდ ვკითხულობდი, მაგრამ კარგა ხანს არ ვერთვებოდი. ის იყო რეგიონის (ფართო გაგებით) პატარა მოდელი. ძალიან გამოკვეთილად იყო ,,წარმოდგენილი“ ცალკე სამხრეთ-, ცალკე - ჩრდილოეთ კავკასიაც - შესანიშნავი დაკვირვების არეალი ადამიანების ქცევის ნორმებზე და ა.შ. და იყო ინტელექტუალური ცნობისწადილის ქარით შემოგდებული ფინელი ბიჭი, მგონი 19 წლის - რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რუსული და ,,ნიკად“ აპრელ“-ი ჰქონდა. ,,აპრილი’’ იყო ყველა დისკუსიაში სიცოცლის შემტანი, თავქარიანი, მცოდნე, ადამიანის მაღიარებელი, კეთილი, თავაზიანი ვინმე, - იმავე ფორუმზე მხიარულად ,, დაქამინგაუთებული“ გეი.
 
მგონი ყველას უყვარდა ,,აპრილი“, ძნელი იყო, სხვა დამოკიდებულებისთვის მიზეზი მოგეძებნა. უყვარდათ ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს - და ჩრდილოკავკასიელებსაც. ოღონდ ძალიან საინტერესოდ იშლებოდა თვალწინ ყველას ეთიკა. სამხრეთკავკასიელების დამოკიდებულება იყო მეგობრული, თბილი და ცოტათი ,,მასხრული“. ჩრდილოეთკავკასიელები, თუ სწორად მახსოვს, ორნაირად იქცეოდნენ. ან დიდად არ შედიოდნენ ურთიერთობაში ( რაც სხვადასხვა მიზეზითაც შეიძლება მოხდეს), მაგრამ როცა ერთმანეთთან ელექტრონულად ,,საუბარი“ უწევდათ, ერთხელაც არ მიუციათ თავისთვის უფლება, მისი ღირსება რამით შეელახათ. ცხადია, დამოკიდებულება, აღიარება, რომელიც იქ იგრძნობოდა, აპრილს სრულიად დამსახურებული ჰქონდა, მაგრამ კარგად ჩანდა, რომ რეგიონის იმ ნაწილში, სადაც ადამიანებმა საუკუნეები თავისუფლად იცხოვრეს და სადაც ღირსება ცოცხალი ღირებულება იყო, თითქოს ყველა წინაპირობით ჰომოფობიურ ტიპაჟებსაც არ შეეძლოთ, ჩვევა არ ჰქონდათ სხვა ორინტაციის ადამიანის შეურაცხყოფის.
 
მე კარგად ვაცნობიერებ, როგორ რეგიონზე ვსაუბრობ, მაგრამ მხოლოდ იმ რეალობაზე ვყვები, რომლის შექმნაც, გარკვეული თანხევდრების წყლობით, შეუძლებელი არ აღმოჩნდა.   იქნებ არცაა ძნელი მისახვედრი, რომ ამ ბლოგის წერა,,კონსერვატიულად“, ტრადიციული წარსულის ამბითსწორედ ამიტომ დავიწყე.
 
განიცდის თუ არა ადამიანი უპირატესობის ქონას იმათ მიმართ, ვინც მასზე უძალო და დაუცველ ჯგუფებში დაიბადა - როგორ ავსებს განსხვავებულობის უფსკრულს, ირგებს უპირატესობას ( ნებისმიერს, მათ შორის, ცრუს) თუ უარს ამბობს მასზე - როგორ უფარდებს ერთმანეთს თავისსა და სხვის ღირსებას - მგონი სულ ესაა, რაც ადამიანში, როგორც სოციალურ არსებაში თუ საზოგადოებრივ ცხოველში მაინტერესებს.
 
თავისუფლების მოედანზე რაღაც მოწყობილობა დგას, ბოქსიორის ,გრუშა’ აქვს შებმული. ადამიანები, უფრო კაცები, იქ საკუთარ ძალას ზომავენ. ღამით ჩავუარე ამ ადგილს. ჩემს გვერდით, ახალგაზრდა კაცმა ,,გრუშა“ ჩამოსწია, ძალიან ხმაურიანად და მთელი ძალით უთავაზა მუშტი და თან გინების უგრძესი ფორმა გამოცრა. მაშინ არ გამიფიქრებია, მანამდეც ასე მეგონა და ახლაც, ის ადამიანი, მისი მსგავსნი, თვით ამ მუშტის სარტყმელი აპარატის მიმზიდველობა, არის ანთებული სიგნალი, რომელიც უშედეგო ძალისხმევების ამბავს გვიყვება.  
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები